ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) 1950-იანი წლების ფერმწერია, მხატვართა იმ ახალი ტალღის წარმომადგენელი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური ხელოვნების პარალელურად უზრუნველყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სახვით ხელოვნებაში ახალი ნაკადის აღმოცენება და განვითარება.
ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა.
1964-1971 წლებში იგი სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი იყო, ხოლო 1982-1987 წლებში — ამავე აკადემიის რექტორი.
ზურა ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), ასევე აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტრომ მას წოდება „ხელოვნების ქურუმი“ მიანიჭა.