menu

ქართული ბალეტის დასაწყისი

საქართველოს დედაქალაქის მთავარი მოედანზე, რომელიც დღეს თავისუფლების სახელს ატარებს, ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე  მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენები ვითარდებოდა. რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ქვეყნის ოკუპაციის დღეს აღლუმი რომ გამართეს, იმ დროს მოედანს სულ სხვა იერსახე ჰქონდა და მის ცენტრში ვაჭარ თამამშევის ქარვასლა იდგა.   მავრიტანული სტილის  შენობაში 1851 წლის 12 აპრილს კავკასიაში პირველი   ოპერის თეატრი გაიხსნა.  



ქარვასლის ხედი (ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“)


თეატრის დარბაზი ისეთი ლამაზი ყოფილა, რომ  ალექსანდრე დიუმაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. კავკასიაში სამოგზაუროდ ჩამოსული დიდი ფრანგი მწერალი წერდა: „თითქმის ყველა თეატრი მაქვს ნანახი, მაგრამ სილამაზით ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება თბილისის ოპერის თეატრსო “.



პარიზული გაზეთი “ილუსტრასიონი” (1851 წლის 25 ოქტომბრის ნომერი), სადაც დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თბილისის ოპერის შესახებ   დარბაზის ფოტოებთან ერთად.


ოპერის გახსნა მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და გარკვეულწილად შეცვალა  ქალაქის ცხოვრება. გადმოცემით, თბილისის მცხოვრებნი  თურმე ქუჩებში ვერდის La donna è mobile-ს ღიღინებდნენ „რიგოლეტოდან“; ახალგაზრდები კი, რომლებიც გასაყიდად ხილსა და ბოსტნეულს დაატარებდნენ, გაყვიროდნენ: „ფიგარო აქა, ფიგარო იქა, ფიგარო ზევით, ფიგარო ქვევით“(Figaro qua, figaro lá, figaro su, figaro giú). 


ოპერა   პოპულარული გახდა, მაგრამ საქართველოში ბალეტის არა იცოდნენ რა, სანამ პეტერბურგიდან  გასტროლზე ბალეტის ოთხი მოცეკვავე არ ჩამოსულა და მაყურებელიც უჩვეულო სანახაობის მომსწრე არ გამხდარა. ეს  თეატრის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ მომხდარა.  ოპერაში, რომელიც ქარვასლას შენობაში ფუნქციონირებდა, ბალეტ „სილფიდას“ მეორე მოქმედების ნაწყვეტები წარმოუდგენიათ.  ეს ითვლება პირველ  საბალეტო წარმოდგენად თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. ქართველებს ცეკვა არ უკვირთ და უყვართ კიდეც. ქართული მუსიკალური ფოლკლორი ქორეოგრაფიული მოძრაობების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ზოგჯერ სიმღერაშია ჩართული ცეკვის ელემენტები, ზოგჯერ კი მთელი ცეკვაც სრულდება სიმღერაზე. ამიტომ, ეს   სიახლე არ იყო. სიახლე  მხოლოდ სცენაზე შესრულებული ცეკვა იყო, რაც მანამდე არ ენახათ  და აჰა, ოპერის თეატრში გახსნიდან მალევე მიეცათ საშუალება ენახათ და შეეფასებინათ. თეატრის გემოვნებიანმა, მაგრამ მკაცრმა მაყურებელმა რუსეთიდან ჩამოსული ოთხი მოცეკვავიდან ნაწილის  ცეკვა მოიწონა,  ზოგის კი დაიწუნა. თუმცა, თბილისში გამომავალი გაზეთი „კავკაზი“ იქვე იმასაც წერდა, რომ  მაყურებელი ხელთათმანების დაცვეთამდე უკრავდა ტაშსო.


პირველი საბალეტო პრემიერის დღე თეატრის გახსნიდან ორ წელიწადში დამდგარა. ეს იყო 1854 წლის 18 იანვარს. ბალეტი „გიტანა“, ჰერმან შმიდტის და დანიელ ობერის მუსიკაზე, პირველი სრული საბალეტო სპექტაკლი, რომელიც თბილისში წარმოადგინეს. „გიტანაც“  ფილიპო ტალიონის ეკუთვნოდა. იგი ჯერ სანკტ-პეტერბურგში დაიდგა, თბილისური პრემიერა კი მოსკოვიდან მოწვეული ბალეტმაისტერის, დიდი თეატრის სოლისტის ფიოდორ მანოხინის ბენეფისს მიუძღვნეს.


23 წლის შემდეგ, როგორც დღეს ფიქრობენ, სპეციალურად  გაჩენილმა ხანძარმა ქარვასლას შენობა იმსხვერპლა. თამამშევს კატეგორიულად განუცხადებია,ქარვასლას არ აღვადგენ თუ იქ ისევ თეატრი უნდა იყოსო. ასე დასრულდა ქარვასლაში  თეატრალური ცხოვრება.   



ქარვასლის შენობა. მე-19 ს. 60-იანი წლები (გოგა ქართველიშვილის კოლექციიდან)


თბილისის ოპერამ კი მომდევნო ორი ათეული წელი მუშაობა მუშტაიდის პარკში, „საზაფხულო თეატრში“ გააგრძელა.  თეატრს 22 წელი საკადრისი  სცენა არ  ჰქონია,  საინტერესო დღეები კი ბევრი.  დროებით სცენაზე გამოდიოდა შალიაპინი, კონცერტებს დირიჟორობდა ჩაიკოვსკი... მაგრამ, მე-19 საუკუნის თბილისის კულტურული ცხოვრების მიმომხილველები პრესის ქრონიკებში აღნიშნავდნენ, რომ  ბალეტი უბადრუკ შთბეჭდილებას ტოვებდა და ცარიელ ადგილს წარმოადგენდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. დასში სულ ექვსი მოცეკვავე იყო, ზოგჯერ ეს ციფრი ათამდეც იზრდებოდა.  


ბალეტის მიმართ იმდენად გაიზარდა ინტერესი, რომ მაყურებელი უკვე ორიგინალური ქართული ბალეტის დადგმას ითხოვდა, თანაც ეროვნულ მოტივებზე. მაგალითად, ქართული ქორწილი  რატომ არ უნდა გადმოვცეთ მოძრაობებით ან  ყურძნის დაწურვის რიტუალიო?!   სურვილები კი კარგი იყო, მაგრამ ამ დროს თბილისში არც ქორეოგრაფი იყო და არც დასი, რომელიც  ამის გაკეთებას შეძლებდა. 


შეიძლება ბალეტისადმი ინტერესი თბილისში გასტროლებზე ჩამოსული ვირტუოზი მოცეკვავეების გავლენის შედეგიც იყო. საზაფხულო თეატრში 1891 წელს, იტალიელი მოცეკვავის და ბალეტმაისტერის  ენრიკო ჩეკეტის მოსწავლის, ტურინის სამეფო საბალეტო თეატრის პრიმა-ბალერინას 18 წლის მარია პერინის გამოსვლა გაიმართა. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველ მაყურებელს პერინიმ პირველად აჩვენა   ფუეტე და მოხიბლული დატოვა პუბლიკა. თუმცა, არც ფუეტეს რაოდენობაზე და არც ზოგადად ამ ფაქტზე იმდროინდელ პრესას ყურადღება არ მიუქცევია.



მარია პერინი და მისი საბალეტო სტუდიის აღსაზრდელები (თბილისის ოპერის ადა ბალეტის თეატრის არქივი)


მაგრამ, პერინის ჩამოსვლა და მისი აქ საცხოვრებლად დარჩენაც ბედისწერა იყო ქართული ბალეტისთვის. პერინიმ თეატრში 10 წელი იცეკვა, შემდეგ კი ქორეოგრაფიული სტუდია დააარსა, რომელმაც ქართული ბალეტის პირველი თაობის მოცეკვავეები აღზარდა, მათ შორის ვახტანგ ჭაბუკიანი. ამასობაში საქართველომ  დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ერთი შეხედვით პერინის სამომავლო გეგმებსაც, თითქოსდა  არაფერი უნდა დამუქრებოდა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.  გასაბჭოების მერე, 1937 წელს პერინის მეუღლე - წარმოშობით პოლონელი მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი დააპატიმრეს და დახვრიტეს, თავად კი  იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.


ქართული ბალეტის დაარსება კი 1896 წელს გახსნილ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი შენობის სცენაზე გახდა შესაძლებელი, რომელიც დღესაც ამშვენებს თბილისის მთავარ ქუჩას - რუსთაველის გამზირს. 



თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა  


ამ სცენაზე უცეკვიათ მატილდა ქშესინსკაიას, აისედორა დუნკანს, მაია პლისეცკაიას, მიხეილ ბარიშნიკოვს... ამ სცენაზე  1962 წელს, სამშობლოში პირველად ჩამოსულმა ჯორჯ ბალანჩინმა საკუთარი დასი - „ნიუ იორკ სითი ბალე“ წარუდგინა თბილისელ მაყურებელს.  



ჯორჯ ბალანჩინი თბილისში. ბონდო დვალიშვილის ფოტო (თბილისის ოპერის ადა ბალეტის თეატრის არქივი)


ამ თეატრის სცენაზე შედგა  პირველი ქართული ბალეტის - ანდრია ბალანჩივაძის  „მზეჭაბუკის“ პრემიერა, რომელიც მაშინ უკვე კიროვის (ახლა მარიას თეატრი, სანკტ-პეტერბურგი) თეატრის წამყვანმა მოცეკვავემ ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა. ბალეტში მონაწილე მსახიობთა უმრავლესობა მარია პერინის სტუდიის აღზრდილები იყვნენ.  როგორც ჭაბუკიანი იხსენებს, დავალება ლავრენტი ბერიასაგან მიიღო. მოსკოვში საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა მზადდებოდა. ქართული ბალეტი   პროგრამაში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მაგრამ  „ბოლშოი“ თეატრში ბალეტიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი  „ხორუმი“ - ძველი ქართული საბრძოლო ცეკვა უჩვენეს. 



ვახტანგ ჭაბუკიანი  (ჯარჯი. „მთების გული“. თბილისის ოპერის ადა ბალეტის თეატრის არქივი)


„მზეჭაბუკს“ მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და „მთების გული“დაარქვეს. თუმცა მანამდე,1936 წლის 29 დეკემბერს, ბალეტის პრემიერა „მზეჭაბუკის“ სახელით გაიმართა და ეს დღე ქართული ბალეტის დაბადების დღედ ითვლება!