menu

ექვთიმე თაყაიშვილის და ეროვნული საგანძურის თავგადასავალი

1921 წლის 11 მარტს, ბათუმიდან გავიდა გემი „ერნესტ რენანი“ Ernest Renan, რომელმაც ემიგრაციაში წაიყვანა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და თან წაიღო საქართველოს ეროვნული საგანძური, რუსეთის მიერ ოკუპირებულ თბილისში შემოსულ წითელი არმიის ნაწილებს რომ არ გაეძარცვათ. ეს აზრი, თებერვლის შუა რიცხვებში, თბილისის უნივერსიტეტში, რექტორს ივანე ჯავახიშვილს გამოუთქვამს და მეგობრის, უნივერსიტეტის   ერთ-ერთი დამაარსებლის ექვთიმე თაყაიშვილისთვის გაუნდია: „თუ საგანძური არ გადაიმალა, ბოლშევიკები ყველაფერს გაზიდავენ, რადგან კარგად ვიცით რა დამართეს მათ ქართულ ეკლესიებს“.


ექვთიმე თაყაიშვილი, 1920-ები


ექვთიმე უნივერსიტეტიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ნოე ჟორდანიასთან წასულა და განძ თავადაც  რომ უნდა გაჰყოლოდა ემიგრაციაში იქ გადაწყვეტილა. ქართული ჯარის თბილისიდან უკანდახევის დროს, ექვთიმე   საგანძურის ნაწილს ქუთაისსა და გელათშიც  უყრიდა თავს.  


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრები მთავრობის სასახლის აივანზე (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), მარცხნიდან: კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ქრისტინე შარაშიძე, სვიმონ მდივანი.1 920 წელი.


განძეულის მცველად მიმავალი ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლესთან - ნინო პოლტარაცკაიასთან ერთად სამხედრო გემზე არ აუშვეს. ფორმალური საკითხების მოგვარებას კაპიტანი არ დაელოდა და დროზე ადრე ასწია ღუზა. სასოწარკვეთილი ექვთიმე იძულებული გახდა სხვა გემით გაჰყოლოდა ხომალდს კონსტანტინეპოლამდე, სადაც განძი ახლა სხვა გემზე  - „ბიენ ჰოაზე“ გადაიტანეს. 


ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე - ნინო პოლტარაცკაია


ამ გემით ჩავიდნენ ტუნისში, იქედან მარსელში და ბანკში დააბინავეს 39 დაბეჭდილი ყუთი, რომელშიც ოქრო-ვერცხლის ხატები, თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, უძველესი ქართული ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა  მნიშვნელოვანი ეროვნული საგანძური ელაგა.


თამარ მეფის ჯვარი


სამუზეუმო ქონების შენახვისათვის მარსელის ბანკი წელიწადში 2.500 ფრანკს ითხოვდა. ერთი წლის საფასური კი გადაიხადეს, მაგრამ შემდეგი 13 წელი ეს ამბავი არავის გახსენებია. ეს 13 წელი შედარებით მშვიდად იცხოვრა ექვთიმემ. მერე კი დაიწყო რთული და ხიფათით სავსე განძეულობისა და მისი გუშაგის ექვთიმე თაყაიშვილის ოდისეა. ჯერ აშშ დამოუკიდებლობის 150 წლისთავის აღსანიშნავად ფილადელფიაში საერთაშორისო გამოფენისთვის შესთავაზეს ექსპონატების შერჩევა; მერე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს უნდოდა ქართული მინანქრების კოლექციების შეძენა; ბრიტანეთის მუზეუმი ახალგორის განძიდან (ძვ. წ. V-IV ს.ს.) ერთი ნივთს ითხოვდა,  სანაცვლოდ კი სხვა ექსპონატების დასაცავად თანხის გამოყოფას ჰპირდებოდა ემიგრაციაში მყოფ მთავრობას. ექვთიმე თაყაიშვილმა ყველა ამ წინადადებას უარით უპასუხა და წინ აღუდგა, შვიდწლიანი სასამართლო დავა მოუგო სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულს სალომე ობოლენსკაიას, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. ეს პროცესები კი მოიგო, მაგრამ  ბაზელის ბანკში გადაუხდელი თანხაც გაახსენდათ,  ყადაღა დაადეს და განძეულის 39 ყუთი მარსელიდან პარიზში გადაიტანეს.


ექვთიმე თაყაიშვილი ლევილის ბაღში. 1940-იანი წლები


24 წლიანი გამოდგა ექვთიმე თაყაიშვილის იძულებითი გამგზავრება საფრანგეთში. პარიზთან მდებარე პატარა ქალაქ ლევილში, ემიგრანტული მთავრობის მიერ შეძენილ „შატოში“, ძვირფასი მეუღლის საფლავთან ახლოს ცხოვრობდა ოთხმოცს მიტანებული, უსახსროდ  დარჩენილი ექვთიმე. გადაადგილება უჭირდა, ძირითადად პურით და  მარჩენალი თხის რძით იკვებებოდა. იშვიათად მეზობელი ვინმე, ან ქართველი ემიგრანტი სადილს  მიუტანდა და ზამთარში გათბობის საშუალებას მისცემდა. შეეძლო საგანძურის ერთი მონეტის გაყიდვითაც კი საკმარისზე მეტი ფული ეშოვა, მაგრამ ისე განვლო ეს უმძიმესი დრო, „ერთი ქინძისთავიც კი არ დაუკარგავს“. ის კი არა, ექსპონატების შეძენას ემიგრაციაშიც აგრძელებდა,  სწავლობდა სიძველეებს და აქვეყნებდა კვლევებს. ემიგრაციაში აირჩიეს ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად.


ლევილი


ექვთიმე თაყაიშვილი ლევილში


1934 წელს საფრანგეთის მთავრობამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის ლეგაცია გააუქმა და განძეულობა უპატრონოდ გამოაცხადა. ექვთიმეს უკვე პირადად მოუხდა საფრანგეთის მთავრობასთან, როგორც განძეულის შენახვის მეთვალყურესა და მცველთან, ურთიერთობა. რთული გამოდგა ბიუროკრატიული პროცედურების დაცვა,  იმის  მტკიცება, რომ ეს უნიკალური განძი არ ეკუთვნოდა არც საქართველოს ემიგრანტულ  მთავრობას, მით უფრო არც რუსეთის მთვრობას. იგი ეკუთვნოდა ქართველ ხალხს და მას პატრონობდა, მეთვალყურეობდა კაცი, რომელმაც შექმნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება, საეკლესიო მუზეუმი, მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. უცხოეთში გატანილი საგანძური ხომ ამ მუზეუმების საკუთრება იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არაერთი ექსპედიცია მოაწყო საქართველოს მხარეებში ისტორიული ძეგლების და სიძველეების აღსაწერად, სამჯერ იმოგზაურა ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს უძველესი მხარის - ტაო-კლარჯეთის უნიკალური ძეგლების, მათი წარწერების და ფრესკების შესასწავლად და გამოსაცემად. ამ კაცმა არაერთი უმნიშვნელოვანესი სიძველე და ხელნაწერი გადაარჩინა დაკარგვას და განადგურებას, მარტო ის რად ღირს, რომ ქართლში მოგზაურობისას, ნაგავში იპოვა და გამოსცა უძველესი სამართლის ძეგლის „ხელმწიფის კარის გარიგების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერი. 


ექვთიმე თაყაიშვილი ოშკის ტაძარში. ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. 1917 წ.


I რიგში: დავით კარიჭაშვილი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, სერგი გორგაძე; მათ წინ ზის გრიგორ კეპინოვი; ზედა რიგში: ანატოლი კალგინი; ღაზარ სარქისიანი, გაბრიელ ტერ-მელიქოვი, მადათოვი, იაკობ ნიკოლაძე, სვიმონ კლდიაშვილი; მათ წინ თეთრი „შლაპით” – პიოტრ რესნენკო. მცხეთის ჯვრის არქეოლოგიური გათხრები. 1922 წელი


წლების შემდეგ დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად“  მოიხსენიებს ექვთიმე თაყაიშვილს, ქართული ეკლესია კი წმინდანად შერაცხავს და ექვთიმე ღვთისკაცს უწოდებს (2002), საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებს (2013). მაგრამ საგანძურის სამშობლოში დაბრუნების გზაზე ჯერ ბევრი დაბრკოლება აქვს გადასალახი. არსაიდან რომ ხსნა არ ჩანს, ისევ სამშობლოში  პროფესორ  ვუკოლ ბერიძეს მიმართავს, მიიტანოს ამბავი საბჭოთა მთავრობასთან და საფრანგეთისგან მოითხოვო განძეულის უკან გადმოცემა.

მეორე მსოფლიო ომია, პარიზში ნაცისტები შევიდნენ. მავანთაგან დაბეზღებულ ექვთიმესაც მიაკითხავენ, გაჩხრეკენ, დაკითხავენ. შემთხვევითობა ან ნაცისტების საქმისადმი ნაკლები ინტერესი გადაარჩენს. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ექვთიმე საბჭოთა კავშირის საელჩოში მიდის და არაერთ დასაბუთებულ წერილს აგზავნის. ამას შედეგი მოაქვს. მოსკოვში ინტერესდებიან ქართული განძეულის ბედით და როგორც ამბობენ, ეს სტალინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დე გოლის შეხვედრაზე ხდება. ეროვნული განძი საქართველოში დასაბრუნებლად მზადდება.

მაგრამ, სამშობლოში წამოსვლის დროს აღმოჩნდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს ტანსაცმელი არ გააჩნდა. ჩამოფლეთილი კოსტიუმის ნაცვლად გზად ქაიროში, სასწრაფოდ შეუკერავენ ახალს. გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერი ვერაფერი უპოვეს.


ექვთიმე თაყაიშვილი


პარიზი-მარსელი-რომი-ბენგაზი-ქაირო-თეირანი-თბილისი - ამ გზით, 1945 წლის 11 აპრილს ეროვნული განძეულობის 24 წლიანი ოდისეა დასრულდა. მაგრამ, მხცოვან მამულიშვილს, სამშობლოში, მადლიერების ნაცვლად მარტვილობის გზა უნდა გაევლო თურმე. ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს, აკადემიკოსადაც, მაგრამ მალევე დაითხოვეს, სამჯერ დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტარაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში და ვინც უვლიდა 90-ს მიტანებულ მოხუცს.  სრულიად ავადმყოფი, ამბობენ, რომ საკაცით, არაერთგზის მიიყვანეს დაკითხვაზე სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში.



ექვთიმე თაყაიშვილი


ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. მის ცხედარს 48 კაცი მიაცილებდა, ახლობლები და კოლეგები, რომლებმაც გაბედეს და დაკრძალვაზე მივიდნენ.  თბილისის უნივერსიტეტთან პროცესიის წინ მიმავალი მანქანა, წინასწარ მოფიქრებულად, მძღოლმა გააჩერა და თითქოს ვეღარ დაძრა ადგილიდან. იქ უნივერსიტეტელები დაემშვიდობნენ, საქართველოს  უპირველესი უმაღლესი სასწავლების ერთ-ერთ დამაარსებელს, ბედისგან უწყალოდ დევნილ  ადამიანს, რომელიც უჩუმრად ნაკეთები საქმეებით  მოღვაწედ,  ერისკაცად იქცა.