ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს. ამ დროს საქართველო უკვე აღარ არსებობდა როგორც პოლიტიკური სუბიექტი სუვერენობის მინიმალური ხარისხითაც კი, 1801 წლის ალექსანდრე I-ის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო ოფიციალურად შევიდა რუსეთის იმპერიაში, სულ მალე კი იგივე ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომაც. საქართველოს ტერიტორია დაიყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულად, თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებების ჩახშობისა და განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების ფიასკოს შემდეგ, გაჩნდა ზოგადი განცდა, რომ საქართველოს პოლიტიკური ბედი უკვე სამუდამოდ ჩაბარდა რუსეთს და ერთადერთი რაც ქართველებს კიდევ შეეძლოთ გადაერჩინათ, იყო კულტურულ-ეთნიკური იდენტობა დიდი იმპერიის საზღვრებში. საქართველომ, როგორც სამომავლო პოლიტიკურმა პროექტმა, არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის ბედის სხვის ხელში გადასვლით გამოწვეული სევდა და სინანული ქართული საზოგადოების ლაიტმოტივური თემა გახდა, რაც ლიტერატურაშიც კარგად აისახა. ნიკოლოზ ბარათაშვილი სწორედ ამაზე წერს პოემას „ბედი ქართლისა“, სხვა მწერლები და პოეტებიც ცხადად თუ დაფარულად ამაზე მსჯელობენ: „შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას“, წერს ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთ-ერთ ლექსში, გრიგოლ ორბელიანი კი თავის სასოწარკვეთილ ოცნებას ამ სტროფებში გამოხატავს: „ვინ აღჩნდეს გმირი, რომ მის ძლიერი ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს“. მიუხედავად ამ ტრაგიკული აღქმებისა, იყო ასევე პოზიტიური განცდა და გააზრება ამ ახალი სიტუაციის: ქართველებმა იმპერიის საზღვრებში მოიპოვეს სტაბილური მშვიდობა და შესაძლებელი იყო ამ მშვიდობიანობის ეროვნულ ინტერესებში, ერონვნული კონსოლიაციისთვის გამოყენება, მით უმეტეს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ პირობებში, როცა რუსიფიკატორული პოლიტიკა ქვეყანას არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სრულ კულტურულ ასიმილაციას უქადდა. ამ პირობებში სხვადასხვა კუთხისა თუ წოდების ქართველები იაზრებდნენ ერთმანეთთან სოლიდარობის სრულიად ახალ ხარისხს, რაც აუცილებელი იყო ეროვნული სახის და იდენტობის გადასარჩენად. ამავე დროს, რუსეთის იმპერია ქართველებისთვის, ასე თუ ისე, იყო ფანჯარა ევროპაში.ქართველი ინტელექტუალები რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპულ კულტურას ეზიარებოდნენ და საქართველოში ახალი, პროგრესული იდეები და ცოდნა ჩამოქონდათ. სოლომონ დოდაშვილის გამართული სათავადაზნაურო სკოლა, რომელიც ევროპული განათლების ცენტრად იქცა, ამის ნათელი დასტური იყო.

თბილისი, XIX საუკუნე
სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე. ილიას მიზანია განავითაროს და გააძლიეროს ყველა ის ეროვნული კულტურული წამოწყება და ინიციატივა, რაც მანამდე არსებობდა საქართველოში და, ამავე დროს, შექმნას საქართველოსგან პოლიტიკური პროექტი, რომელიც ქვეყანას დაუსახავს სამომავლო პოლიტიკურ მიზანსაც, მიაღწიოს პოლიტიკურ თვითგამორკვევას და ჩამოყალიბდეს ერ-სახელმწიფოდ, ანუ, შეუერთდეს ზოგად-ევროპულ ტენდენციას, სადაც სხვადასხვა მცირე ერები, უნგრეთი, ჩეხეთი ა.შ., ასეთივე თვითგამორკვევის ამოცანას ისახავენ იმპერიების წნეხის ქვეშ. ილია იყო მეთაური ამ ახალი მოძრაობის მესვეურების, რომლებსაც „თერგდალეულები“ ეწოდათ, რადგან ყველა მათგანმა, იაკობ გოგებაშვილმა, აკაკი წერეთელმა ა.შ. ევროპული განათელება მიიღო რუსეთში და, ასე ვთქვათ, „თერგის წყალი დალიეს“, ანუ თერგი გადალახეს.
_Large.jpeg)
ილია ჭავჭავაძე (1837-1907)
ილიამ იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იქიდან დაბრუნების მერე ცოტა ხანს მუშაობდა მომრიგებელ მოსამართლედ. ამავე დროს ის გამოდის პუბლიცისტურ ასპარეზზე და, ასე ვთქვათ, დუელში იწვევს მთელ ქართულ ინტელექტუალურ ელიტას თავისი პირველივე წერილით „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ ერისთავის კოზლოვის ‘შეშლილის’ თარგმანზე“. გარდა იმისა, რომ ეს იყო ბასრი და ნიჭიერი სატირა საკმაოდ მდარე ლიტერატურული ნაწარმოების უხარისხო თარგმანზე, 24 წლის ილიამ უკვე ამ წერილში გამოხატა მთელი თავისი სამომავლო მოღვაწეობის პროგრამა: პირველი, სტატიაში გამოიყენა არა მიღებული ლიტერატურული ენა, რომელიც არქაიზმების და ხელოვნურობის გამო მარტო ელიტისთვის იყო გასაგები და გაშინაურებული, არამედ ახალი, უფრო ხალხური და ფართო ფენებისთვის მისაწვდომი ენა, რაც საფუძველი გახდა ილიასეული ენობრივი რეფორმის: ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, ყველა კუთხისა და წოდებისთვის, გასაგები და საერთო ჟურნალისტურ-სამწერლო ენა, ურომლისოდაც ეროვნული კონსოლიდაცია შეუძლებელი იქნებოდა; მეორე, ილია ილაშქრებს კოზლოვის პოემაში მოყვანილი მთავარი გმირის ინფანტილური და სხვებზე მინდობილი ფსიქოტიპის წინააღმდეგ და, პირიქით, სამაგალითოდ გამოყავს ევროპული განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი აქტიური, ბაირონული ფსიქოტიპი, „sapere aude”-ს“ სულისკვეთებით: ადამიანი, რომელიც სხვისგან კი არ ელის შველას, არამედ თავის ბედს თავის ხელში გაბედულად იღებს და საკუთარი ძიებებითა და რისკით ცდილობს მიაგნოს ცხოვრების საზრისს; ანუ, ილიას აზრით, ახალი საქართველოს ჩამოყალიბებას და ეროვნული ბედის სადავეების საკუთარ ხელში აღებას სჭირდება ახალი, ევროპულ-ქართული ფსიქოტიპი: ქართველები უნდა გახდნენ პიროვნულად გაბედულები, თავისუფლები, რომ ასეთმა ქართველებმა შეძლონ ეროვნული თავისუფლების პოლიტიკური პროექტის განხორციელება.
ილიას მთელი მოღვაწეობა ამ მიზანს მიეძღვნა. მან შექმნა ახალი ქართული ლიტერატურული ენის ფორმა, რომელიც გასაგები იყო ყველა წოდების და საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველისათვის, და, ასევე, ტიტანური მუშაობა ჩაატარა იმისათვის, რომ შეექმნა მისი თანამედროვე ინტელექტუალური მსჯელობისთვის აუცილებელი ახალი სიტყვები და ტერმინები. ამ ახალი ენით ილიამ დაიწყო ჯერ ჟურნალი „საქართველოს მოამბის“ (რომელიც მთავრობამ აკრძალა დასახელებაში სიტყვა „საქართველოს“ გამო, რომელიც იმპერიული ცენზურისთვის სეპარატისტულ საზრისს შეიცავდა), შემდეგ კი გაზეთი „ივერიის“ გამოცემა. ამ პერიოდიკის მიზანი იყო ყველა ქართველის გაერთიანება ერთი დიდი ქოლგა-იდეის ქვეშ, რაც იყო საქართველოს სამომავლო ავტონომია და შემდეგ თავისუფლებაც. ილია იყო არა რევოლუციური, არამედ ევოლუციურ-თანდათანობითი გზის მომხრე და ქვეყნის საბოლოო პოლიტიკურ თავისუფლებას ერთი საუკუნის პერსპექტივაში ხედავდა.
ილიას და მისი წოდების სხვა პროგრესული წარმომადგენლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო სათავადაზნაურო ბანკის დაარსება. ილია ერთი პერიოდი ამ ბანკის უფროსიც იყო და სპეციალურად პეტერბურგშიც კი გაატარა რამდენიმე თვე საბანკო საქმის შესასწავლად. ბანკს ერთის მხრივ ეკონომიკურად ხელი უნდა მოემართა თავად-აზნაურებისთვის, რომლებიც საქართველოს სულიერ-ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენდნენ, და ამავე დროს უნდა დაეფინანსებინა ეროვნული მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტები, ისეთი, როგორიც იყო ქართველებს შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ეროვნული თეატრი ა.შ. რადგან თეატრი ვახსენეთ, ესეც უნდა ითქვას, რომ ილია ქართულ თეატრს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ხშირად დადიოდა წარმოდგენებზე, სისტემატურად წერდა მათზე კრიტიკულ წერილებს და მეტიც, თავად თამაშობდა როლებს, მაგალითად კრეონის როლს წარმოდგენა „მეფე ლირში“.

სანქტ-პეტერბურგი, XIX საუკუნე
_handwriting__Large.jpeg)
Ilia Chavchavadze's handwriting
_Large.jpeg)
Ilia Chavchavadze (1837-1907)
ილია ქრისტიანობასაც ახლებურად იაზრებს: მისთვის ქრისტიანობა გაცილებით უფრო ქმედითად უნდა დაკავშირდეს სოციო-პოლიტიკურ ამოცანებთან; მარტო მარადისობაზე და სულის ხსნაზე ფიქრი არ არის საკმარისი; არაადექვატური და დაკოჭლებული ქრისტიანობაა საერო სივრცის შეტოვება ბოროტებისთვის და პირადი ხსნისთვის მისგან გაქცევა. ეს მთავარი იდეაა გამოხატული ილიას ალბათ ყველაზე მძლავრ მხატვრულ ნაწარმოებში, „განდეგილში“, სადაც ბერი საბოლოოდ იღუპება იმიტომ, რომ გვიან ხვდება, არასწორი იყო საერო სივრცის მთლიანად გაიგივება ბოროტებასთან და ამ მიზეზით მისგან სრული განშორება. ეს მიხვედრა იმდენად კრიზისული ხდება მისთვის, რომ ბერი ამას ვერ გაუძლებს და მოკვდება. ამავე დროს, ილიასთვის ქრისტიანობა უნდა დაკავშირდეს ეროვნულ საკითხებთან: ეროვნული სახის შენარჩუნებასთან და ეროვნულ პოლიტიკურ ამოცანებთან და ოცნებასთან, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, ანუ მივაღწიოთ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ილიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი „ენა, მამული, სარწმუნოება“ სწორედ ამას გამოხატავს: მისი სიტყვებით, ესაა სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპრებისაგან მივიღეთ და რომლის გაფრთხილებაც ქრისტიანული მოვალეობაა. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ილია მხოლოდ ქრისტიანებს მიიჩნევდა ქართველებად. თავის წერილში ოსმალეთის იმპერიაში გამუსლიმებულ ქართველებზე, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიაში შემოვიდნენ, ილია გმობს მათი სწრაფი და უხეში გაქრისტიანების უგუნურ მცდელობებს, და პირიქით, ხაზს უსვამს მათ ნამდვილ ქართველობას, დანარჩენ ქართველებთან ენობრივ და ისტორიულ ერთობას. იმასაც ამბობს, რომ ხშირად ასეთი ქართველები თავიანთ ქრისტიან თანამოძმეებზე უფრო პატრიოტები და სამოქალაქოდ უფრო აქტიურებიც არიან და, ამგვარად, საქმით უფრო ქრისტიანულადაც იქცევიანო.
_Large_2.jpeg)
Ilia Chavchavadze (1837-1907)
ილიას ეროვნულ-პოლიტიკურ ხედვებს მისი ცხოვრების ბოლო წლებში დაუპირისპირდნენ ქართველი მარქსისტები. ქართველი მარქსისტებისთვის ილიასეული ზოგადქართული ეროვნული ამოცანა, რომლის მიხედვითაც ყველა წოდების ქართველს, თავადს, აზნაურს, გლეხს, ვაჭარს თუ მოჯამაგირეს საერთო ქართული საქმისთვის ერთმანეთთან სოლიდარობით უნდა ეზრუნა, დაუშვებელი იყო კლასთა ბრძოლის მარქსისტული პერსპქტივიდან. ილიას ბოლო წლების რიგი პუბლიცისტური წერილებისა ამ დოგმატიკოს ქართველ მარქსისტებთან პოლემიკას ეძღვნება. მარქსიზმი იმდენად პოპულარული გახდა განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდობაში, რომ ილიას მკვლელობას ბევრი მათგანი ღიად მიესალმა კიდეც, რადგან, მათი აზრით სწორედ ილია აბრკოლებდა ისტორიის მარქსისტულ დიალექტიკას საქართველოში, იმით, რომ კლასობრივი დაპირისპირების წაქეზების ნაცვლად, პირიქით, წოდებებს შორის მშვიდობასა და სოლიდარობას ქადაგებდა. სავსებით შესაძლებელია, პოპულარული ვარაუდი, რომ ილიას მკვლელობა სწორედ სოციალ-დემოკრატების რადიკალური ფრთის წარმომადგენლებმა დაგეგმეს, სრული სიმართლე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელთა ბინძური და ტყუილებზე აგებული ჟურნალისტური კამპანია ილიას წინააღმდეგ ამის საფუძველს იძლევა.
ირონიულია, რომ ილია მოკლეს მაშინ, როცა ის ემზადებოდა პეტერბურგში სახელმწიფო დუმაში გამოსასვლელად, სიტყვით, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულიყო მთელს რუსეთის იმპერიაში, იმ ლოგიკით, რომ ადამიანს არ აქვს უფლება განკარგოს სხვისი, თუნდაც კრიმინალის სიცოცხლე, რომელიც მას ღვთისაგან აქვს მინიჭებული. ისიც საგულისხმოა, რომ ილიას მოთხრობის „სარჩობელაზედ“ - სადაც სწორედ ეს იდეაა გამოხატული - გამოქვეყნების მერე თბილისში, მანამდე სანამ ბოლშევიკური ხელისუფლება არ მოვიდა, არავინ დაუსჯიათ სიკვდილით.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1987 წელს. ილია დღესაც ისევე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც თავისი სიცოცხლის დროს, რადგან ბევრწილად ქართველების მიერ საკუთარი თავის აღქმა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის და ამავე დროს ევროპული განმანათლებლობის ცნობიერების მატარებლებად, რაც დღესაც ლაიტმოტივურია ქართველების ეროვნული იდენტობისთვის, ბევრწილად სწორედ ილიას მოღვაწეობას და იდეებს ეფუძნება და მათით საზრდოობს.