menu

მერაბ ბერძენიშვილი

მერაბ ბერძენიშვილის (1929-2016) ქანდაკებები მრავლადაა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. თითოეული მათგანი, ცალკე აღებული  მოქანდაკის ინდივიდუალური ხელწერის სხვადასხვა მახასიათებელს გამოხატავს, დროისა და ეპოქის ყველა ნიშანს ირეკლავს და  XXს.-ის ქართულ სახელოვნებო სივრცეში, არსებულ სხავადსხვა მხატვრულ ტენდენციას, სიახლესა თუ ცვლილებას ააშკარავებს. 

პირველად მერაბ ბერძენიშვილი XXს.-ის 1950-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა ქართველ ხელოვანთა შორის. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი კი XXIს.-ის დასაწყისით თარიღდება. ეს დროითი არეალი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, ისტორიულ-პოლიტიკური და სოციალურ-კულტურული სპექტრის უამრავი ცვლილებით გამოირჩა. იყო რადიკალური გარდატეხებიც: პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლა, ხრუშოვისეული „დათბობა“, სოციალისტური რეალიზმის დამკვიდრება-აღიარება, მოგვიანებით მისი სრული უარყოფა, ახლის ძიება, პოსტსაბჭოური პოსტმოდერნი და ა.შ. მერაბ ბერძენიშვილის, ისევე როგორც მისი თაობის სხვა არაერთი წარმომადგენლის შემოქმედებით-გამომსახველობითი ენის ფორმირება ამ პროცესებმა  განაპირობა დიდწილად. 


მერაბ ბერძენიშვილი. მედეა. ბრინჯაო. 1967-70. მხატვრის სახელოსნო


მერაბ ბერძენიშვილი. მედეა.ბრინჯაო. 1967-70. ბიჭვინთა


თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში დაბადებული მოქანდაკე, მეორე მსოფლიო ომის წლებში, მშობლებმა, ძმასთან, ელგუჯა ბერძენიშვილთან ერთად (ასევე ცნობილი ქართველი ხელოვანი) დროებით სოფელში გაუშვეს საცხოვრებლად. იმხანად სოფლად თავის გატანა და ყოველდღიური საზრდოს შოვნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ქალაქში. სოფელში ნახა მერაბ ბერძენიშვილმა პირველად სამჭედლო. ლითონი, მისი სტრუქტურა, თვისებები და შესაძლებლობები - ლითონი როგორც სტიქია, როგორც მასალა, როგორც იარაღი და ბოლოს, როგორც ხელოვნება - მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა.

მისთვის ბრინჯაო მეტად მისაღები და მიმზიდველი მასალა აღმოჩნდა მოცულობით ფორმაზე მუშაობისას. ამ ფაქტორს ეპოქისეული მონუმენტური ქანდაკების პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ხაზიც დაემატა. უფრო მეტიც,  მონუმენტური ქანაკების შექმნა, იმხანად, სახელმწიფოებრივი დაკვეთა და მოთხოვნა იყო. ბრინჯაო, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მასალად იქცა. მსგავსი ზომისა და მასშტაბის ნამუშევრების შესრულება ქვაში მეტ სირთულეს უკავშირდებოდა და უმეტესად ტექნიკურადაც შეუძლებელი იყო. აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მერაბ ბერძენიშვილი ქვაში არ თლიდა სკულპტურებს („შემოდგომა“1978; ნიუ 1969; „მიქელანჯელო“ 1976;). მეტიც, ქვა ის მასალაა, რომელსაც ხელოვანი სრულიად მორჩილებს, მიჰყვება, მისი ფაქტურით, სრტუქტურულობითა და მოცულობითობით შთაგონებული, თითქოს ცდილობს ზედმეტად არ ჩაერიოს, შეინარჩუნოს ამ ფერადოვანი მასის აღქმის მთლიანობა  და ის, ნაწარმოების მთავარ გამომსახველობით ხერხადაც კი აქციოს. ამიტომაც ქვაში ნაკვეთი მისი ნამუშევრები, შედარებით მცირე ზომისაა და თვალშისაცემი მონუმენტურობის მიუხედავად, უჩვეულო კამერულობით ხასიათდება („ბიჭი ჭუნირით“ 1960; „მთიელის პორტრეტი“ 1971) .  ბრინჯაოს კი სრულად თავად ძერწავს. შლის და აქრობს ამ მასალასთან ყველა ბარიერს, ამ ლითონისთვის თავისთავად სიხისტეს, სტატიკას და მოუქნელ-მოუხეშაობას („მედეა“ 1970; „კიდევაც დაიზრდებიან“1975; „ჯარისკაცის მამა“ 1978; ზაქარია ფალიაშვილის ქანდაკება 1972; „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“ 1986).


 

მერაბ ბერძენიშვილი. ნოდარ დუმბაძის მემორიალი. ბრინჯაო. 1986. თბილისი


1955 წელს მერაბ ბერძენიშვილი მუშაობას იწყებს შოთა რუსთაველის ქანდაკებაზე (სადიპლომო ნამუშევარი). შედეგად, ქართულ რეალობაში,  შოთა რუსთაველის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული სახე იქმნება. პოეტის მანამდე არსებულ გამოსახულებებთან შედარებთ, სხვაობრივია არა იმდენად ფიგურის გარეგნული მხარე, რამდენადაც მისი ემოციური მახასიათებლები. 


მერაბ ბერძენიშვილი. შოთა რუსთაველი. 1956. ბრინჯაო. თბილისი


მერაბ ბერძენიშვილი. შოთა რუსთაველი. 1956. ბრინჯაო. თბილისი


მერაბ ბერძენიშვილისეულ რუსთაველის ფიგურას ათლეტური აღნაგობა, უსაზღვრო თავშეკავება და დაუფარავი მოწიწება გამოარჩევს. აქ ბევრი რამაა წინააღმდეგობრივი. ფორმისმიერად ეს თავისა და მხრების წინ მიმართული მოძრაობა და უკან გადადგმული ნაბიჯია; შინაარსობრივად კი - მიჯნური/მგოსანი, რომელმაც იცის, რომ ჭეშმარიტი ტრფიალება საკუთარი საწადელის დათმობაშია; მოაზროვნე, რომლის ბადალი არა თუ ქართული გონის, კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტაა, და ამასთან - თავმდაბალი, სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილი მარტოსულია. ნებისა და ემოციის პოლარულობის ხერხი და ძლიერი ემოციური კონფლიქტი ის ხაზია, რომლითაც ავტორი პერსონაჟის სახის გახსნას ცდილობს. ამ ქანდაკების პირველი მომცრო ზომის ვერსია, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი შესასვლელის წინაა განთავსებული. რუსთაველის თემას მოქანდაკე კიდევ არაერთგზის დაუბრუნდება და შემოქმედების მიწურულს პოეტის უკიდურესად სტილიზებულ ფორმისმიერ ინტერპრეტაციასაც კი შექმნის, სადაც ისტორიული რეალობისა და ნამდვილობის განცდას საბოლოოდ მანერულად განზოგადებულ კატეგორიაში გადაიყვანს. 

შემოქმედების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება დავით გურამიშვილის ქანდაკებაც (1959-1965). აქ მინიმალისტურია გარეგნული მინიშნებები მოძრაობაზე. სიბრტყისკენ მიდრეკილი სხეულის ერთიანი სტრუქტურული კარკასი იმდენად ზუსტადაა გათვლილი, მისი საკვანძო ადგილები კი მონიშნულ-„მიმაგრებული“, რომ სრულადაა დაძლეული სიხისტის, მოუქნელობის, გაშეშებულობის განცდა. ოდნავი კუთხოვანება, პოზის სტილისტური მახასიათებლების კვალდაკვალ, შუასაუკუნეების ქტიტორთა გამოსახულებებისთვის ჩვეული აბრისის ვარიაციული ნაირგვარობის ასოციაციებს ბადებს. შესაძლოა სიბრტყობრიობისთვის უპირატესობის მინიჭების რეალური მიზეზიც, ამავე კონტექსტით აიხსნას. გურამიშვილის ქანდაკების შექმნა მნიშვნელოვან ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებს დაემთხვა. საბჭოთა სივცეში საზღვრებს მიღმა მიმდინარე პროცესები, ფრაგმენტულად, თუმც კი მეტად ხელმისაწვდომი გახდა. გაჩნდა საკუთარი ისტორიული გამოცდილებისადმი მიბრუნება-წვდომის შესაძლებლობაც, რამაც ხშირ შემთხვევაში ბოლომდე გაუაზრებლად, სპონტანურად და ფორმალურადაც კი, თუმცა, მაინც ბევრი ხელოვანის შემოქომედებაში იჩინა თავი.


მერაბ ბერძენიშვილი. დავით გურამიშვილის ქანდაკება. თუჯი. 1959-1965. თბილისი


ზომისა და მასშტაბის მიუხედავად დავით გურამიშვილის ქანდაკება არ არის ოდიოზური, დამთრგუნველი ფიგურა. ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს მორგებულ-მისადაგებული ვიზუალური აგრესიის ყველა ნიშნისგან თავისუფალია. გამომსახველობის ამ ხერხს ოსტატურად იყენებს მერაბ ბერძენიშვილი თავის სხვა ნაწარმოებებშიც („მუზა“ 1971). თუმცა მისთვის არც გარემოსთან ფორმისმიერი განსხვავებულობით შობილი აგრესიული დიფერნცირებულობაა უცხო, როცა გამოსახულების დისონანსური ხელოვნურობა, არაორგანულობა გამომსახველობითობის მთავარი ხერხი ხდება ( „მედეა“ 1970; „კიდევაც დაიზრდებიან“ 1975; დიდგორის მემორიალი 1986). 


მერაბ ბერძენიშვილი. დიდგორის მემორიალი. 1986. ბრინჯაო. (არქიტექტორი - თამაზ გუნია)


მერაბ ბერძენიშვილი. დიდგორის მემორიალი. 1986. ბრინჯაო. (არქიტექტორი - თამაზ გუნია)


შემოქმედების სხავდასხვა ეტაპზე ის სხვადასხვანაირად აანალიზებს სხეულის მახასიათებლებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მისი ნიუების სერია შესრულებული განსხვავებული მასალით. მერაბ ბერძენიშვილი ბევრს მუშაობს დაზგურ პორტრეტებზეც. 


მერაბ ბერძენიშვილი. მუზა. ბრინჯაო. 1972. თბილისი


1988 წ. თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მერაბ ბერძნიშვილის გიორგი სააკაძის ქანდაკება დაიდგა. ცხენიანი ქანდაკება, ურთულესი ამოცანა და გამოწვევა იყო ყველა დროისა და ეპოქის მოქანდაკისათვის. ხელოვნების ისტორიაში უკვე არსებული მდიდარი გამოცდილების მიუხედავად ამ სირთულეებს ყველა ოსტატი, ყოველ ჯერზე, თავიდან, მხოლოდ მისთვის და მისებურად უმკლავდება. მერაბ ბერძენიშვილი ამ თვალსაზრისით ქართულ სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მან არაერთხელ იმუშავა ცხენოსან ფიგურაზე. ჯერ იყო კომპოზიცია - მეფე ვახტანგ გორგასალი (1958. საკონკურსო ვარიანტი), შემდგომ გიორგი სააკაძე (1970/კასპი; 1985/თბილისი), მოგვიანებით ქუთაისის გამარჯვების მემორიალის ცენტრალური ფიგურა (1981) და ბოლოს დავით აღმაშენებლის ქანდაკება (1996). 

გიორგი სააკაძის ქანდაკება, რომელიც თბილისშია აღმართული მოედნის შუაგულში, ქალაქის იმჟამინდელ მასშტაბებთან მიმართებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტამენტზე განათავსეს. მოედნის ვიზუალურ აქცენტად ქცეული ფიგურა, რადიალურად გაშლილი სივრცის მთავარ  მაორგანიზებელ ელემენტად იქცა. დღეს ეს სურათი რადიკალურადაა შეცვლილი. გიორგი სააკაძის ქანდაკება ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად უკვე იმის მაგალითიცაა, თუ როგორ განაპრობებს ქალაქის ურბანული ქსოვილის გადასხვაფერება, ქანდაკების აღქმის მახასიათებლების რადიკალურ ცვლას. 


მერაბ ბერძენიშვილი. გიორგი სააკაძე. ბრინჯაო.  1985. თბილისი


ქანდაკების პარლელურად ავტორის შემოქმედებით მემკვიდრეობას მრავალრიცხოვანი ფერწერული და გრფიკული ნამუშევრები ქმნის, მათ შორის წიგნის ილუსტრაციის მიმართულებითაც ( გურიის პეიზაჟები, 1970-1980-იანი წლები; „ზამთარი გურიაში“, 1982; „ძმის პორტრეტი“, 1959; ლაოსური ჩანახატები, 1974; „მწყემსი ბიჭი“, 1960; „კირა“1979; მუსიკალური სპექტაკლის „კომბლეს“ დეკორაციების და კოსტუმების ესკიები, 1963; ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისთვის, 1970-იანი წლები; პლაკატები სხვადასხვა სპექტაკლისთვის და ა.შ.)


მერაბ ბერძენიშვილი. ქალის პორტრეტი.  ტილო, ზეთი. 35x29. 1998


მერაბ ბერძენიშვილი. გურიის პეიზაჟი. ქაღალდი, ფლომასტერი. 25x30. 1982


მერაბ ბერძენიშვილი. ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაცია. მუყაო, გუაში. 40x30.  1970-იანი წლები


მერაბ ბერძენიშვილი. ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაცია. მუყაო, გუაში.  1970-იანი წლები


მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედებითი მემკვდრეობა მრავალფეროვანია. ის ერთ-ერთი გამორჩეული მოქანდაკეა XX ს.- ის ქართულ ხელოვნებაში. აქ მნიშვნელოვნია მისი მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ინდივიდუალური მხატვრულ-გამომსახველობითი ენის სპეციფიკა. ასევე გასათვალისწინებელია ის ისტორიული კონტექსტი, რომელზეც მოქანდაკე, მუდმივად რეფლექსირებს და რაც ნამუშევრების შეფასებით კატეგორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.