menu

პარიზი, 1959 წლის შემოდგომა. გალერეა "შარპანტიე"  პარიზის სკოლის მხატვრების ტრადიციული გამოფენისთვის ემზადება. გალერეის ხელმძღვანელი, რაიმონდ ნასენტა, ორიგინალურ ექსპერიმენტს ატარებს - იმისათვის, რომ ობიექტურად წარმოაჩინოს პარიზის თანამედროვე არტ-სცენა, იგი ხუთ ავტორიტეტულ ხელოვნების ექსპერტს მიმართავს, რომელთაც განსხვავებული მხატვრული გემოვნება აქვთ, და სთხოვს, წარადგინონ შვიდი ხელოვანი თავიანთი ბოლო სამი ნამუშევრით.


ვანო ენუქიძე (1907-1979). ვნება. ფირფიცარი, ზეთი. 59x98.5. 1950-იანი წლები. გიორგი ბაგრატიონის კოლექცია


ვანო ენუქიძე (1907-1979). La santa Maria. ტილო, ზეთი. 62x91. 1958. ATINATI-ს კოლექცია


ექსპერტებს შორის არიან: კლოდ როჟე-მარქსი, ჟორჟ ბესონი, ჟაკ ლასენი, ჟან ბურე და მიშელ სეფორი. ნასენტას ინიციატივას ფართო გამოხმაურება მოჰყვა პარიზის პრესაში. სელექციის შედეგი ბუნებრივად მრავალფეროვანი აღმოჩნდა - ცნობილ ხელოვანებთან ერთად, როგორებიც იყვნენ მასონი, ვაზარელი, მარშანი, პინიონი და სხვები, ახალი სახელებიც გაჟღერდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჟაკ ლასენის მიერ წარდგენილი არტისტი - VANO.


VANO ამ სახელით იცნობდნენ ქართველ ემიგრანტ  მხატვარსივანე ენუქიძეს.

მისი ისტორია კი ასეთია:

დაიბადა 1907 წელს ქუთაისში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში თანამშრობლობდა არალეგალურ ორგანიზაციასთან: „ეროვნული სტუდენტური ფრონტი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“. 1929 წელს, 23 წლის ასაკში გაექცა საბჭოთა ხელისუფლებას, არალეგალურად გადალახა საქართველო-თურქეთის საზღვარი და რამოდენიმე თვეში ჩავიდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.




ვანო ენუქიძე (1907-1979)


პარიზში ახალჩასული ვანო დაუმეგობრდა ქართველი ემიგრანტების - ფაღავების ოჯახს. ცოლ-ქმარი ფაღავები, ქალიშვილ ვერასთან ერთად 7 წლით ადრე ჩასულიყვნენ  პარიზში და დედაქალაქის გარეუბანში, მონრუჟში დაფუძნებულიყვნენ.



ვანო ენუქიძე ვერა ფაღავასთან ერთად


ისე მოხდა, რომ შემდგომში ცნობილი მხატვრის, ვერა ფაღავას საცხოვრებელიცა და სახელოსნოც სიცოცხლის ბოლომდე მონრუჟში, სიტე რონდელეს ეს პატარა სახლი იყო. ამ სახლის პირველ სართულზე კი ფაღავებმა ვანოს დაუთმეს ოთახი. ვერა და ვანო ასაკით ტოლები იყვნენ. ახალგაზრდა ვერას ინტერესი მხატვრობის მიმართ უკვე გამოკვეთილიყო. ის რანსონის აკადემიაში, როჟე ბისიერის კლასში სწავლობდა, სადაც მასთან ერთად იყვნენ პარიზის სკოლის ცნობილი ხელოვანები: როჟერ ჰილტონი; მარია ელენა ვიერა დე სილვა;  ჟან ბერტოლი; ალფრედ მენასიე... 


ამ გარემოცვამ, ბუნებრივია, ვანოც პარიზული მხატვრული სცენის ნაწილად აქცია. 1937 წელს ის თავად ცდილობს მოსინჯოს თავი, როგორც მხატვარმა და ისიც რანსონის აკადემიაში ეწერება. ამ ეტაპზე ეს შესაძლოა მხოლოდ ჰობი, ან პიროვნული ძიების პროცესი იყო, რადგან ვიცით, რომ ვანოს იურისპრუდენციის მიმართულებით სწავლის გაგრძელება ჰქონდა განზრახული. და ასეც მოხდა. 1946-48 წლებში ვანომ პარიზის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ის ჯერ კიდევ 1938 წელს მიუღიათ უნივერსიტეტში, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მხოლოდ 1946 წელს აღიდგენს თავს. უნივერსიტეტის პროფესორები მას გამორჩეული ინტელექტის მქონე მკვლევრად ახასიათებდნენ. მისი სადიპლომო ნამუშევრის თემას კი იურიდიულ მეცნიერებაში ახალ სიტყვად მიიჩნევდნენ.

და სწორედ ამ პერიოდში, როდესაც წარმატებით დაასრულა საუნივერსიტეტო კურსი, ის სერიოზულად დაინტერესდა მხატვრობით. ჩვენთვის უცნობია, რა გარემოებამ უბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ, თუმცა ცხადია, რომ ეს იღბლიანი ნაბიჯი აღმოჩნდა.

50 წლის ქართველი ემიგრანტი (იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი) წარმატებული მხატვარი ხდება. ომის შემდგომი პარიზის არტ-სცენა მრავალრიცხოვანი და ინტერნაციონალურია. შესაძლოა ხმამაღლა ჟღერდეს სიტყვა წარმატებული... მაგრამ იმ მცირე მონაკვეთში, რომელზეც გვაქვს საუბარი და ეს სულ 2 ათეული წელია, ვანოს ნამუშევრებს არც დამფასებელი აკლდა და როგორც ჩანს არც მყიდველი.

ვანოს მხატვრულ მემკვიდრეობაში ყველაზე ადრინდელი ტილოები 1956-58 წლებით თარიღდება. მისი მხატვრობის ერთადერთ სამეტყველო ენად ის თავიდანვე ირჩევს აბსტრაქციას. უკვე პირველი აბსტრაქციები იმდენად სრულყოფილი კომპოზიციებია რომ სავსებით შეიძლება საუბარი მხატვრის ოსტატობაზე, საკუთარ ხელწერაზე, ლირიკული აბსტრაქციის ორიგინალურ გადაწყვეტაზე.


ვანო ენუქიძე (1907-1979). აბსტრაქტული კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 23x55.  1957. კერძო კოლექცია 


ვანო ენუქიძე (1907-1979). აბსტრაქტული კომპოზიცია. ფირფიცარი,ზეთი. 40-70. 1957. კერძო კოლექცია


მის შესახებ წერენ კრიტიკოსები:

„… შესანიშნავი კალიგრაფი ვანო წარმოგვიდგენს გამომსახველ კომპოზიციებს…“

„ვანო მონუსხულია ფორმათა რიტმული ვარიაციებით, რომლებსაც უზუსტესად მივყავართ უხილავთან და არაცნობიერთან.“ (1)

“ვანო, წარმოშობით ქართველი... 1930 წლიდან პარიზში დამკვიდრებული.. მან მიატოვა იურისტის პრაქტიკა და 1955 წლიდან დაუბრუნდა თავისი სიყრმის გატაცებას-მხატვრობას. მისი ტილოები დაშიფრულ დამწერლობას გვაგონებენ“. (2)

 „...მან 50 წლის ასაკში თავი მიუძღვნა მხატვრობას... მისი ტილოები საოცრად მუსიკალურია...“ (3)  

...ვანო ფლობდა პლასტიკური ენის გამომსახველობისმისტერიას“. სივრცე, ფერადოვანი ლაქები, სიბრტყე, სიცარიელე.... ამ ელემენტებით იქმნება ქვეცნობიერის ყველაზე საკრალურთან თანაზიარი მხატვრის ტილოები“. (4)


„..შესანიშნავი კალიგრაფი, ვანო ქმნიდა ემოციურ კომპოზიციებს ლაქებისა და წყვეტილი კონტურების საშუალებით. მისი ტილოები გვიწვევენ ღრუბლიან თუ ნისლიან სივრცეებში, ფერწერული ზედაპირი ვიბრირებს მსგავსად არაერთგვაროვანი ცისა...” (5)


ვანო ენუქიძე (1907-1979). აბსტრაქტული კომპოზიცია. ფირფიცარი, ზეთი. 70x40. 1957. კერძო კოლექცია


ვანო ენუქიძე (1907-1979). ჰელიოსი  2. ტილო, ზეთი. 130x55. 1960. კერძო კოლექცია


ზემოხსენებული გალერეა შარპანტიეს 1959 წლის გამოფენას მოყვა საგამოფენო აქტიურობა პარიზისა და არა მარტო პარიზის ცნობილ გალერეებში. 1960 წელს პერსონალური გამოფენა შედგა გალერეა კრავენში; იფინება ახალი რეალისტების სალონში - „surindependants“, მიწვეულია ესპანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში და ა.  შ.

შემორჩენილია სახელმწიფო შესყიდვების რამოდენიმე საყურადღებო დოკუმენტი:

-1961 წელს სახელმწიფო დაინტერესებულია გალერეა კრავენში გამოფენილი ვანოს ტილოს შეძენით („ნაცრისფერი კომპოზიცია“,  ფასი - 1250 ფრანკი);

-1973 წელს სახელმწიფომ შეისყიდა 1965 წელს შესრულებული ნამუშევარი („მედიტაცია“, ფასი - 8000 ფრანკი); 

-1981 წელს კი კულტურის სამინისტრომ შეიძინა 1957 წელს შესრულებული ვანოს ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური ფონდისთვის („ressac”, ფასი - 12 000 ფრანკი). ამჟამად ეს ნამუშევარი პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია (Musée d’art moderne de la Ville de Paris) დაცული.

ასევე საყურადღებოა, რომ ვანოს ერთი ნამუშევარი ინახება ცნობილი ბელგიელი კოლექციონერის და მეცენატის ფერნარდ გრენდორჟის (1903-1985) კოლექციაში. ეს არის ვანოს მიერ 1960 წელს შესრულებული ფერწერული ტილო “Uranus“.


ვანო ენუქიძე (1907-1979). თოვლი და ვარსკვლავები. ტილო, ზეთი. 72x91. 1960


ვანო ენუქიძეს ემიგრაციულ ყოფაში განმსაზღვრელი აღმოჩნდა მისი ურთიერთობა ფაღავების ოჯახთან. ფაქტობრივად ვანომ და ვერამ ერთად განვლეს მთელი ცხოვრება. აშკარაა ამ ორი მხატვრის სულიერი სიახლოვე, შემოქმედებით პრინციპთა თუ ზოგად ღირებულებათა თანხვედრა.

მხატვრის არქივში დაცულია ვანო ენუქიძის მიერ დაწერილი ტექსტი, (6 ნაბეჭდი გვერდი) სადაც მოთხრობილია საქართველოს მთელი ისტორია ქრისტეშობამდე პერიოდიდან. ტექსტი კონკრეტული მიზნითაა დაწერილი. ვანო მიმართავს მსოფლიო პოლიტიკაში წამყვან ქვეყნებს და თხოვს მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაეხმარონ მას ისტორიული საზღვრების აღდგენაში. ვერა ფაღავა იგონებდა, რომ ვანოს მთელი ძალისხმევა იურიდიული განხრით პროფესიული წინსვლისთვის ერთ მიზანს ემსახურებოდა - გამოდგომოდა თავის სამშობლოს. ასევე ამბობენ, რომ მას შეგნებულად არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა, რადგან სამშობლოში დაბრუნების იმედით ცხოვრობდა.

ვერა ფაღავა ის მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლომდე გაიზიარა მეგობრის სატკივარი. ის ზრუნავდა უკვე მძიმე სენით დაავადებულ ვანოზე და ბოლომდე სურდა სახლის პირობებში შეექმნა მისთვის შესაფერი გარემო. ვანოს ცხოვრების ბოლო პერიოდის შესახებაც ვერას ჩანაწერიდან ვიგებთ. ვერას თქმით, „ვანოს ბოლო დიდი ტილო შესრულებულია 1976 წელს, შემდეგ ის ხატავდა პასტელებითა და ფერადი ფანქრებით.... ერთ დღესაც მან შეწყვიტა მუშაობა... ეს უკვე ბოლოსკენ იყო. 1977 წლის 15 ივნისიდან ის საავადმყოფოშია.“

ვანო ენუქიძე 1979 წლის 21 თებერვალს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.