XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი განსაკუთრებული პერიოდია ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში – საფუძველი ეყრება ძველი და ახალი ქართული ლიტერატურის, ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ქართული ფილოსოფიური აზრის და ქართული სამართლის მეცნიერულად შესწავლას.
ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების წინსვლა – განვითარებას დიდი ამაგი დასდეს ქართველმა მეცნიერებმა დიმიტრი ბაქრაძემ, დავით ჩუბინაშვილმა, ალექსანდრე ცაგარელმა, თედო ჟორდანიამ, სერგი გორგაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, აკაკი შანიძემ, გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი უზნაძემ, იოსებ ყიფშიძემ და სხვა ბევრმა მეცნიერმა. მაგრამ, ჰუმანიტარული მეცნიერების თითქმის ყველა დარგის განვითარებაში განსაკუთრებულია დიდი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის როლი. სწორედ მისი მოღვაწეობით იწყება საქართველოში ახალი ეტაპი, როგორც საისტორიო მეცნიერების, ისე მომიჯნავე დარგების განვითარებაში.
_Large.jpeg)
ივანე ჯავახიშვილი სამუშაო კაბინეტში XX ს 30-იანი წლები
1876 წლის 23 აპრილს, თბილისში, ქართველი თავადის ალექსანდრე ჯავახიშვილის და თავადის ასულ სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში დაბადებულმა ივანემ, 1895 წელს წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, სომხურ-ქართულ-ირანული ფილოლოგიის და ისტორიის მიმართულებით.
ივანე ჯავახიშვილი გიმნაზისტი

ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნოვერსიტეტის სტუდენტი
1899 წელს, უკვე სტუდენტობისას მეცნიერად ჩამოყალიბებული ივანე დატოვებულ იქნა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე საპროფესოროდ მოსამზადებლად და 1901 წლის დასაწყისში ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას ივ. ჯავახიშვილი ხანგრძლივად იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც ისმენდა გამოჩენილ გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეთა ლექციებს. გერმანიაში მეორე სამეცნიერო მივლინებაში ყოფნისას (1901), მან ცნობილ მეცნიერებთან – ა. ჰარნაკთან და კ. შულცესთან ერთად იმუშავა ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების („ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და „აბო ტფილელის წამება“) გერმანულ ენაზე თარგმანზე, კომენტირებასა და გამოცემაზე.
1902 წელს გამოჩენილ ენათმეცნიერ ნიკო მართან ერთად ივ. ჯავახიშვილი სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში, სადაც მათ აღმოაჩინეს, გადმოწერეს და ფოტოზე გადაიღეს ბევრი, მანამდე უცნობი ქართული ხელნაწერი.
1917 წლამდე ივანე ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი და სვადასხვა სალექციო კურსს კითხულობდა საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში, საქართველო-სომხეთის წყაროთმცოდნეობასა და პალეოგრაფიაში. 1907 წლიდან იგი იყო ე. თაყაიშვილის თაოსნობით, თბილისში შექმნილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი და საქართველოში ყოფნის დროს აქტიურად მონაწილეობდა ამ საზოგადოების საქმიანობაში − თბილისსა და ქუთაისში საჯარო ლექციებს კითხულობდა საქართველოს ისტორიასა და ქართული მწერლობის თუ ზოგადად კულტურის ისტორიაში.

ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფი (რეცენზია ი. სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის რეკონსტრუქციის გეგმაზე)

ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი ნაშრომის ავტოგრაფი
ივ. ჯავახიშვილის ოცნება იყო, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისში დაარსებულიყო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მყარ ნიადაგს შექმნიდა ქართული მეცნიერების განვითარება − აღმავლობისთვის. თბილისში უნივერსიტეტის შექმნისთვის აქტიური მუშაობა ივანემ გააჩაღა ჯერ კიდევ პეტერბურგში, როდესაც 1907 წელს აქ მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაარსდა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის საქმიანობა ემსახურებოდა ქართული მეცნიერების აღორძინებასა და ამავდროულად ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეას და ამისთვის პირობების მომზადებას.
ამ წრის მუშაობაში მონაწილეობდნენ და აქ მოხსენებებს კითხულობდნენ ნიჭიერი ქართველი სტუდენტები − მომავალში ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც 1918 წელს, სწორედ ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დააარსეს კავკასიაში პირველი უმაღლესი სამეცნიერო − სასწავლო დაწესებულება − თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს (1919-1926 წლებში იგი იყო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე).

ივანე ჯავახიშვილი თბილისის უნივერსიტეტის რექტორობისას
უაღრესად დიდი და მრავალფეროვანია ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობა. არ დარჩენილა არც ერთი დარგი ქართველოლოგიისა, რომლის შექმნა − განვითარების საქმეში მას არ შეეტანა თავისი წვლილი. საქართველოს ისტორია, საქართველოს საეკლესიო ისტორია, ძველი ქართული მწერლობა, წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, ნუმიზმატიკა, ენათმეცნიერება, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ისტორიოგრაფია − აი არასრული ჩამონათვალი იმ დარგებისა რომელთა განვითარება მის სახელთანაა დაკავშირებული. ფუძემდებლური ნაშრომები საქართველოს ეკონომიკურ ისტორიასა და ქართული სამართლის ისტორიაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შექმნა დღემდე სამაგიდო წიგნებია ყველასთვის ვინც ამ პრობლემატიკაზე მუშაობს. ვერც ერთი ენათმეცნიერი, რომელიც იკვლევს ქართულ ენასა და მის ბუნებას, გვერდს ვერ აუვლის ჯავახიშვილის საენათმეცნიერო ნაშრომებს, ისევე, როგორც ქართული მუსიკის მკვლევარი მის „ქართული მუსიკის ისტორიას“.
N_386-001a.jpg)
ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფი (ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხების თავფურცელი)
ივანე ჯავახიშვილი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ზემოხსენებული დარგის მესაძირკველად საქართველოში, ისევე, როგორც ქართული არმენოლოგიის, არაბისტიკის და ირანისტიკის ფუძემდებლად. არ შეიძლება არ აღინიშნოს ივ. ჯავახიშვილის დიდ წვლილი „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში.
რასაკვირველია, მისი მთავარი საზრუნავი იყო საქართველოს მეცნიერულად გამართული ისტორიის დაწერა და მან შექმნა კიდეც ნაშრომი, რომელზედაც ისტორიკოსთა თაობები გაიზარდნენ და იზრდებიან, ვგულისხმობთ მის „ქართველი ერის ისტორიას“ რომელიც მის სიცოცხლეში 2 წიგნად გამოიცა (სხვადასხვა წლებში) და მისი გარდაცვალების შემდეგ 4 წიგნად (დამატებული გაგრძელებით XIII-XIV და XV-XVI საუკუნეები).
.jpg)
ივანე ჯავახიშვილის მემორიალური კაბინეტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ივანე ჯავახიშვილის მემორიალრი კაბინეტი კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
სამაგალითოა ყველა თაობის ისტორიკოსისთვის ივანე ჯავახიშვილის შეგონება, რომ ყველა ერმა „უნდა იცოდეს თავისი წარსულის საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია; უნდა იცოდეს, რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი. ...“ სწორედ, ამ პრინციპით მუშაობდა და ქმნიდა ნაშრომებს თავად დიდი მეცნიერი.