არიან მხატვრები, რომელთა შემოქმედება და ცხოვრება ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. მათ შორისაა გაიანე ხაჩატურიანი. ქალი, რომელმაც მხატვრულ ასპარეზზე გამოსვლისთანავე, გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. მისი სურათები განსაკუთრებულ ფანტასმაგორიულ გარემოს უშლიან მაყურებელს, წყვეტს მის კავშირს ყოველდღურობასთან და უთავბოლო მოგზაურობაში ითრევს.

გაიანე ხაჩატურიანი. ღვინო, თავსაბურავი. ზეთი, ტილო. 64x63.5 სმ. 1983-1985წ. ათინათის კერძი კოლექცია
გაიანეს სურათები მკვეთრ სტილისტურ ევოლუციას არ განიცდიან. მისი ოსტატობა და მხატვრული გემოვნება ადრე ჩამოყალიბდა. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 1955 წელს, როდესაც 13 წლის გაიანე დედამ თბილისის სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, იგი ნათლად გამოკვეთილ შემოქმედებით სამყაროს ფლობდა. ამიტომაა,როგორც თვითონ მხატვარი იგონებს, მისი მასწავლებელი გუგული ქურდიანი ცდილობდა არ დაეკარგა ბავშვის განუმეორებელი თვისებები. მან პატარა გაიანეს მაგიური რეალიზმის კარი გაუხსნა. შემდეგ კი იყო პოლ გოგენის შემოქმედებასთან შეხვედრა და ზოგადად მხატვრობის ისტორიის შეცნობა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლ გოგენს თვითონ მხატვარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მათ შორის ძირეული განსხვავებებია. გოგენი ყოველთვის არსებულ გარემოს ასახავდა. გოგენის განზოგადება და ფერთა სითამამე ეგზოტიკური გარემოს ზემოქმედებით ხდებოდა, ხოლო გაიანე პირუკუ იდგა რეალობასთან. მას არ აინტერესებდა ყოფითი სიუჟეტები, ან რეალური გარემოს აღწერა. იგი ბავშვობიდანვე მაგიურ სარკეში იყურებოდა სადაც მხოლოდ განცდები და ასოციაციები აირეკლებოდა: ,,მე ავირჩიე სხვა სამყარო, სამყარო მოგზაური ჯუჯის.'' ამგვარი ბიოგრაფიური ჩანაწერები გასაგებს ხდის გაიანე ხაჩატურიანის მხატვრობას.

გაიანე ხაჩატურიანი. მოცეკვავე კინტო და ვიოლონჩელისტი. ზეთი, ტილო. 1986-1987 წ. ათინათის კერძო კოლექცია
რა იყო ეს გამორჩეული სამყარო, რომლის გადმოცემაც იგი მრავალრიცხოვან ფერწერულ და გრაფიკულ სურათებზე, მოუბეზრებელი მრავალფეროვნებით გვიხატავდა.
ესაა თბილისი. ალბად არავის ასეთი იდუმალებით არ აუსახავს ჩვენი დედაქალაქი, როგორც გაიანეს. მას ჭეშმარიტად უყვარდა იგი და აღფრთვანებული იყო მისი მრავალსახეობით. გაიანესთვის ერთდროულად არსებობდა თბილისის წარსული და აწმყო.
როგორც ყველა ჩვენთაგანი, ბავშვობიდან მოვდივართ, სადაც ის განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ, რომლის წაშლას დრო ვერ ახერხებს. გაიანეც მთლიანად ბავშვობის მოგონებებში იყო გაღვრილი. ის იყო მისი თავშესაფარი. იქიდან აკვირდებოდა იგი სარკის მიღმიურ სამყაროს და ამოუწურავი მრავალფეროვნებით გვიხატავდა. ,,ჩემი ბავშვობა ესაა მუშტაიდი, მტკვრის ჩხრიალი და დედაჩემის მონათხრობი, მის მშობლიურ აგულისსა და წინაპრებზე.'' სხვაგან იგი ამბობს, რომ რეალური სამყარო საშინელებააო. გაიანეს მეგობრები იგონებენ, რომ იგი ერთდროულად მონაზონსა და შეურაცხადს გავდა. იგი ჩურჩულებდა და მღეროდა, ყვებოდა თავის განცდებზე და არაფრად აგდებდა ყოფით წვრილმანებს. მასთან ურთიერთობა რთულიც იყო და ადვილიც, ვინაიდან იგი უკეტავდა მათ რეალობისაკენ დასაბრუნებელ გზას.

გაიანე ხაჩატურიანი. თეთრი კარუსელი. ზეთი, ტილო. 43,5x48 სმ. 1995. ათინათის კერძო კოლექცია
რა ხდება გაიანე ხაჩატურიანის ტილოებზე, მაყურებელი სცენის წინაშე აღმოჩნდება, სადაც რამპის იქით შესანიშნავი სცენოგრაფიაა გაშლილი. ჩაბნელებულ, შავ გარემოში, კაშკაშა წითელი, იასამნისფერი,თეთრი და ლურჯი ლაქები კიაფობენ. მაყურებელი უმთავრესად კონტრასტულ განათებას და ფერთა კალეიდოსკოპურ მოძრაობას მიყვება. შემდეგ აღმოაჩენს, რომ უცნაური , უხეში გარეგნობის ფიგურები, ნელი სვლით ერთმანეთს ენაცვლებიან. ისინი ჩვენ რაღაც საიდუმლო რიტუალს გვიჩვენებენ და ჩვენც სულგანაბული მივყვებით ამ მელოდიას. როდის იბადება მუსიკა გაიანეს სურათებში, ეგ რთული საკითხია,მაგრამ უეჭველად, იგი მათში არსებობს ისე როგორც მოქმედების რიტმის ხმა. სიღრმე ტილოებზე ყოველთვის შეზღუდულია, თითქოს სცენის უკანა ფარდით შემოზღუდული. მოქმედება წინა პლანზე ვითარდება და პირობით პერსპექტივას ემორჩილება. სტერეოტიპული გარეგნობის ფიგურები, უმთავრესად ქალები მედიდურად ბრძანებლობენ გარემომცველ სამყაროში. მათი კოსტუმები საოცარი ფანტაზიითაა შექმნილი,ფართოდ გაშლილი კაბები, დიდი ქუდები, მათზე ათასგვარი სამკაულებით,ურიცხვი პაჟები და სხვადასხვა ცხოველები ერთ განუყოფელ კომპოზიციად იკვრება.

გაიანე ხაჩატურიანი. არტისტის დაბადება. ზეთი, ტილო. 40x50 სმ. 2006 წ. ათინათის კერძო კოლექცია

გაიანე ხაჩატურიანი. Красная ночь пурпурого слога.ზეთი, ტილო. 2006. 72x86 სმ. 2006. ათინათის კერძო კოლექცია
გაიანე ხაჩატურიანის წითელი ფერი ხომ მის სურათებს საყოველთაოდ საცნობს ხდის. ამ ფერში ჩაქსოვილია მხატვრის მთელი ძალა და მძაფრი ემოციები. გაიანე გადმოსცემს ღამეს, რომელიც მზითაა გასხივოსნებული. დროის ეს განუყოფლობა მისი მხატრობის გამორჩეული თვისებაა. ,,პირველად დავიძინე 1942 წელს 8-9 მაისს, ღამის 12 საათზე, მრგვალ ოთახში, მთვარით ხელში. ფანჯრის მიღმა წითელი მზე მიცურავდა. მე მივყავდი მათ სახლში,სადაც ლომები ცხოვრობდნენ. გადამიყვანეს ალუბლის ხის მინის ტოტებიდან შეკრულ ხიდზე. სახლიდან ჟონგლიორის სიმღერა ისმოდა, რომელიც ვიოლინოს ხმაში გადადიოდა.’’ გაიანე ხაჩატურიანის სურათები ფერადოვნების სიმდიდრითა და მათი ინტენსივობის გასაოცარი ძალით გვხიბლავენ.სურათებზე მუშტაიდის ბაღის კარუსელზე არსებულ ბუტაფორულ ცხენებს,ლომებს და სხვა ცხოველებს გამოხატავს. ამგვარ ბუტაფორულ ცხოველებთან, ყველაფერს ჟონგლიური ჯუჯები, აკრობატები და კოსტუმირებული ბანოვანები განაგებენ. მათ თითქოს ჯადოსნური ჯოხი უჭირავთ ხელში და მოულოდნელად ათასგვარი გარდარქმის მოწმედ.

გაიანე ხაჩატურიანი. ბარბითზე ვერცხლისფერ დამკვრელთა ღამის ცეკვა. დ. 50სმ. ზეთი, ფირფიცარი. 1990წ. ათინათის კერძო კოლექცია

გაიანე ხაჩატურიანი. Утро Шорох фиалки Вечер Арфовая ночь синего ореха. ზეთი, ტილო. 72,4x156 სმ. 1997. ათინათის კოლექცია
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1970-იანი წლების დასაწყისში, მის სურათებში ნათლად იკითხება მსოფლიო მხატრული გამოცდილების კარგი ცოდნა, ის მაინც არასოდეს ღალატობდა თავის მრწამს. გაიანეს საყრდენად ხელოვნებისა და ცხოვრების უკიდეგანო სივრცეში, კვლავ ძველი თბილისი რჩებოდა. მისი ამოუხსნელი მისტერიები, სომხეთის წარმოსახული იდეალით და პანორამული თხრობის უნარით. როდესაც მხატვარი ამგვარ სცენებს ხატავდა, მას უეჭველად ბოსხისეული გარემო ედგა თვალწინ. ზოგადად ნიდერლანდური მხატვრობა, თავისი ცხოველხატური განათებით, ფერისთვის შინაარსის მინიჭების უნარითა და ცხოვრების ღრმა ფილოსოფიური წვდომით, გაიანე ხაჩატურიანის მხატრობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. ასევე მასზე უდავოდ იმოქმედა ფოვისტებმა და კერძოდ, სარიანის მხატრობამ. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ გაიანეს სიახლოვე ა. მელიქოვთან, რომლის შემოქმედებამ არა ერთ მხატვარზე იქონია გავლენა.

გაიანე ხაჩატურიანი. Синяя тень айвы на барсовой струне верджинеля. ზეთი, ტილო. 48x114 სმ. 2004-2006. ათინათის კერძო კოლექცია
გ. ხაჩატურიანის მხატვრობა ფერწერული და გრაფიკული სურათებიდან შედგება. მათი ზომები განსხვავებულია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, მაგრამ ყოველ მათგანს მონუმენტალისტის ხელი ატყვია. აქვე მსურს ავღნიშნო შავი ფერის დომინირება მის ტილოებზე. შავი, როგორც უსასრულო სიღრმის, ასევე ღამის იდუმალების სიმბოლო, გასაოცარ ატმოსფეროს უქმნის გ. ხაჩატურიანის ფერადოვნებას. უნებლიე პარალელს ვხედავთ ნიკო ფიროსმანის მხატვრობასთან, რომელიც შავი ფერის გამოყენების დიდოსტატს წარმოადგენდა. არ შეიძლება თბილისში დაბადებული და გაზრდილი მხატვარი ფიროსმანის ფენომენს არ დაეფიქრებინოს.
გ. ხაჩატურიანმა კედლის მხატვრობაშიც სცადა თავი. მან შეასრულა ფრესკა ,,სომხეთი’’, აქ მან მისი გრაფიკისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და ხაზის დენადი გამომსახველობა გამოიყენა. თეთრი კედლის ფონი გამორჩეულ ძალას ანიჭებს ხაზობრივი რიტმითა და გამჭვირვალე ფერადოვნებით შესრულებულ ფრესკას, რომელზეც ხაჩატურიანის ჩვეული ქალის ტიპია გამოსახული. სწორედ აქ ვხედავთ, რომ სომეხი ქალის იერი ამ ქალშია კონცენტრირებული.

გაიანე ხაჩატურიანი. სომხეთი. ფრესკა. 1997
ამდენად, გაიანე ხაჩატურიანის შემოქმედება ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც თბილისის წიაღში წარმოიქმნა და ეროვნული ელფერიც მიიღო. მან ღრმად გაიაზრა თავისი პოეტური ბუნება და მას ხორცი მხატვრობით შეასხა. გაიანეს ფენომენი ყოველთვის იქნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად, რომელთან ერთადაც მაყურებელს არასოდეს მობეზრდება ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა.