ვალერიან სიდამონ-ერისთავის ცხოვრება საქართველოს ისტორიის რთულ და გარდამტეხ დროს დაემთხვა. იგი მთელი თავისი არსებით სამშობლოს პატრიოტი იყო, რაზეც მისი შემოქმედება მეტყველებს.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. თავადების ბჭობა. ტილო, ზეთი. 64x97,5 სმ. კერძო კოლექცია
ვალერიან სიდამონ-ერისთავი კახეთში,ყვარელში დაიბადა 1889 წელს. განათლება მოსკოვის ქანდაკების, ფერწერისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში მიიღო. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: ა.არხიპოვი, ა.ვასნეცოვი,ლ.კასატკინი და სხვები. უეჭველია,რომ ამ სხვადასხვა ხასიათის მხატვრებმა თავისი წვლილი შეიტანეს მომავალი შემოქმედის ჩამოყალიბებაში.ჩვენამდე მოღწეულ ადრეულ ნამუშევრებში მკაფიოდ იგრძნობა ა.არხიპოვის თავისუფალი და ენერგიული წერის მანერის ზეგავლენა.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. გასეირნება. ტილო, ზეთი. 35x53 სმ. 1920-იანი წწ. კერძო კოლექცია
XX საუკუნის 10-იან წლებში ვ.სიდამონ-ერისთავი ''პერედვიჟნიკური'' მოძრაობის გარემოში მოექცა, რამაც იმთავითვე მისი ყურადღება ხალხის სოციალურ ყოფასა და მის პრობლემებზე გაამახვილა. არც ა.ვასნეცოვის შემოქმედებაში არსებული თქმულებებისა და ლეგენდების ასახვა დარჩა მომავალი მხატვრის ყურადღების მიღმა.
1925 წელს,როდესაც ვ.სიდამონ-ერისთავი სამშობლოში დაბრუნდა, იგი მთელი არსებით საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ჩაება. თავდაპირველად იგი თელავში ასწავლიდა ხატვას, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. აქედან იწყება მხატვრის მრავალმხრივი მოღვაწეობა ფერწერის, გრაფიკის, თეატრისა და კინოს სფეროებში.
ვ.სიდამონ-ერისთავის შემოქმედების განმსაზღვრელი მოტივი საქართველოს გმირული წარსულის ასახვა იყო. იგი მასში ხედავდა ერისთვის საჭირბოროტო პრობლემებს. იგი ამხნევებდა თავისი სურათებით ქართულ საზოგადოებას, რათა მას არ დაეკარგა მომავლის რწმენა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. თავადების ბჭობა. ტილო, ზეთი. 64x97,5 სმ. კერძო კოლექცია
._Oil__canvas._13x21cm._1910s._ATINATI_Private_Collection.__________________________.________.___________._13x21_Large.jpeg)
ვალერიან სიდამონ ერისთავი. კალოობა. ზეთი, ტილო. 13x21 სმ. 1910-იანი წლები. ათინათის კერძო კოლექცია

ვალერიან სიდამონი – ერისთავი. სარეცხის რეცხვა. ტილო, ზეთი, მუყაო. 16x21 სმ. ათინათის კერძო კოლექცია

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. სხვენში. ქაღალდი, შერეული ტექნიკა, 10,5x11,5 სმ. 1969. კერძო კოლექცია
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ვ. სიდამონ-ერისთავმა შექმნა რამდენიმე ესკიზი საქართველოს წარსულის ისტორიის თემაზე. აქედან ნათლად ჩანს,რომ ახალგაზრდა მხატვარი თავისი მოღვაწეობის მთავარ მიზნად ისტორიულ ჟანს ირჩევდა. 1917-1919 წლებში მან შეასრულა ტილოები: ''თამარ მეფე'' (1917) '', ''კრწანისის ბრძოლა'' (1919), ''პატარა კახის პირველი ბრძოლა'', ''მეფე ერეკლე II დაღესტნელების წინააღმდეგ'' (1921-1922 წლები).
ვ.სიდამონ ერისთავი ისტორიულ თემას რომანტიკულ-ლეგენდარულ ხასიათს აძლევდა. ყოველი მისი ისტორიული სურათი ქართველი ხალხის გმირობას, მის შეუდრეკელ ბრძოლისუნარიანობასა და ბედ-იღბალის დრამატიზმს გამოსახავდა.
რამდენი ჟინი და ენერგიაა ჩადებული ''კრწანისის ბრძოლის'' ამსახველ ტილოზე. თითქოს ბუნებაც ჩართულია შეტაკების საბედისწერო მოქმედებაში. პეიზაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცა მძიმეა, მუქი ღრუბლებით დაფარული, იგი თითქოს სიღრმიდან ჩვენკენ მოიწევს, ხოლო ფართოდ გაშლილი კრწანისის ველი და მასზე უამრავი ცხენოსანი მებრძოლი, თავაღებით მიიწევენ სიღრმეში. ეს შეპირისპირება განსაკუთრებით აძლიერებს კომპოზიციის დინამიკას. ამას ემატება წერის თავისუფალი, ენერგიული მანერა. ფუნჯის ყოველი მონასმი პლასტიკური ფორმისა და მოძრაობის გამომხატველია. ამ ნამუშევარში მკაფიოდ ჩანს მხატვრის წერის მანერის ინდივიდუალურობა. ვ.სიდამონ-ერისთავმა არამარტო შემოიტანა და დაამკვიდრა ისტორიული ჟანრი ქართულ მხატვრობაში, არამედ განსაზღვრა კიდეც მისი გადაწყვეტის ზოგიერთი ასპექტი.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. კრწანისის ბრძოლა. ტილო, ზეთი, 107x161 სმ. 1910-1920-იანი წწ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვ.სიდამონ-ერისთავის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტს დაემთხვა, იგი მოწმე გახდა წითელი არმიის მიერ მისი სამშობლოს დამორჩილებისა. იგი მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მისთვის ახლობელი იყო, ამგვარ ძალადობას იგი მაინც ვერ შეეგუა. მხატვარმა 1921 წელს შეასრულა ტილო ''წითელ ცხენოსანთა შეტევა''. ეს დიდი ზომის ნამუშევარი, თავისებური ოპოზიტია კრწანისის ბრძოლისა. აქაც ჰორიზონტალურად გაშლილი სივრცეა. აქაც დიდი ყურადღება ენიჭება ცისა და მიწის შეპირისპირებას. აღნიშნულ ტილოზე გაძლიერდა ფერადოვნების პირობითი ჟღერადობა. ცა კონცენტრირებული სარტყელებითაა დასერილი, რაც მის დეკორატიულ ხასიათს აძლიერებს. ცაზე გამოყენებული ლურჯი, ნაცრისფერი და იასამნისფერი, პლაკატურ ელფერს ანიჭებს მას. ზემო აღნიშნულს ემატება ხრიოკი ბუნების გადმოცემა. მთაგორიანმა,ამწვანებულმა საქართველომ, ადგილი გაძარცულ, ქვიან მიწას დაუთმო, რომელზეც წითელ არმიელის ცხენოსანი ფიგურაა გამოკვეთილი. მისი მოძრაობა ექსპრესიული და მანერულია. ასეთივე ექსპრესია ახასიათებს ჰორიზონტიდან შემოსულ ცხენოსანთა არმიას, რომელსაც წითელი დროშების ტყე მოაქვს.წითელი დროშების კაშკაშა ზოლს მთელი ჰორიზონტი უჭირავს, ის თითქოს სისხლისა და ცეცხლის სიმბოლოდ შეგვიძლია შევიგრძნოთ. აქ ყველაფერი დაძაბული და დრამატულია.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, წითელ ცხენოსანთა შეტევა. ტილო, ზეთი, 174x300 სმ. 1921. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია
ვალერიან სიდამონ-ერისთავი ძალიან მახვილი და კრიტიკული თვალით აღიქვავდა სამყაროს. იგი რეალობაში ყოველთვის სახასიათოს, მძაფრსა და ფსიქოლოგიურ სიღრმეს ეძებდა. ამ ამოცანას მხატვარი უფრო მეტად პორტრეტულ ჟანრში გადმოცემდა. იგი აკვირდებოდა არჩეულ მოდელს და რაღაც გამორჩეულ ნიშანს უპოვიდა ხოლმე მას. ვ.სიდამონ-ერისთავმა, როგორც პორტრეტისტმა, რამდენიმე არაჩვეულებრივად სახასიათო სახე დაგვიტოვა.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 71x88 სმ. 1935 – 1942.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, პორტრეტი. ტილო, ზეთი, 50,5 x 37,4 სმ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვ.სიდამონ-ერისთავი თავის შემოქმედებაში დიდ ყურადღებას პეიზაჟს უთმობდა, რომელსაც თემატიკურ კომპოზიციებში თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.იგი ბუნებას მრავალრიცხოვანი ეტიუდებით აკვირდებოდა. პეიზაჟებში მხატვარი, ხან მკვეთრი შუქ-ჩრდილის კონტრასტებს აქცევდა ყურადღებას: ასეთია ''სოფლის ეზო'', სადაც იმპრესიონისტული სტილის გავლენას ვხედავთ. კოლორიტი მზით გასხივოსნებული ფერების რეფლექსებითაა გამდიდრებული. ზოგ შემთხვევაში მხატვარი მშვიდი, აუღელვებელი თვალით აკვირდებოდა საქართველოს ხედებს. თითქმის ყოველთვის პეიზაჟებში გამოსახული იყო ძველი კოშკი ან ეკლესია, რომელიც საქართველოს წარსულის მიმართ სიყვარულს გადმოსცემს. ვ.სიდამონ-ერისთავისთვის ძვირფასი იყო ეროვნული ყოფის ყველა დეტალი, ასეთია ეზოს კუთხეში დადებული თიხის ქვევრი. წერის მანერა აუჩქარებელი და მშვიდია, ფერადოვნებაც თავშეკავებულია. მხატვარს ყოველი დეტალის ობიექტური კულტურული ღირებულების გადმოცემა სურდა.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. პეიზაჟი. 13x19 სმ. ზეთი, მუყაო. 1920-იანი წლები. ათინათის კერძო კოლექცია

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. პეიზაჟი. ზეთი, მუყაო. 13x19 სმ. 1920-იანი წლები. ათინათი კერძო კოლექცია
ვ.სიდამონ-ერისთავის შემოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს. მან იგი თავისი სპექტაკლის ''ცხვრის წყაროს'' მხატვრად მიიწვია. ჩვენამდე მოაღწია თეატრალური კოსტიუმის არაერთმა ესკიზმა. ყოველი მათგანი დეკორატიული ხასიათისაა და ფერადოვნების დახვეწილი შეთანხმებითაა გადმოცემული.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. კოსტიუმის ესკიზი. ქაღალდი, შერეული ტექნიკა, 34x22 სმ. კერძო კოლექცია

ვალერიან სიდამონ-ერისთავი. ესკიზი. ქაღალდი, შერეული ტექნიკა, 20x16 სმ. კერძო კოლექცია
ვალერიან სიდამონ-ერისთავის შემოქმედება ამდიდრებს XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ფერწერის ისტორიას და საინტერესო ბაზას უქმნის მის მომავალ განვითარებას.