menu

გურამ გელოვანი და მისი ეპოქა

მხატვარ გურამ გელოვანის (1928-1986) შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი ე.წ. პოსტსტალინური ეპოქაა. ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები კვლავ ტოტალიტარული სახელმწიფოს პროგრამული პოლიტიკითაა განსაზღვრული. სოცრეალიზმი რჩება იდეოლოგიურ დოქტრინად. ამავდროულად, შეინიშნება მცირე „დათბობა“.

გურამ გელოვანი 1928 წელს  თბილისში დაიბადა.  პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე, მოსე თოიძე, კორნელი სანაძე. ის 1955 წლიდან აქტიურად  იფინებოდა საკავშირო თუ საერთაშორისო გამოფენებზე. მხატვრმა იმთავითვე მოიპოვა ოფიციოზის აღიარება . 1963 წელს მონაწილეობდა  პარიზის ბიენალეზე.  მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეაში.




გურამ გელოვანი. ავტოპორტრეტი. მუყაო,ზეთი. 30x23სმ. .1948. ოჯახის საკუთრება

გურამ გელოვანი. ავტოპორტრეტი. მუყაო,ზეთი. 48x32სმ. 1960. ოჯახის საკუთრება


ნებისმიერი ისტორიული ეტაპის ობიექტურად შეფასება უცილობლად საჭიროებს დროის ინტერვალის არსებობას. 21-ე  საუკუნეში, როცა ჯერ კიდევ ცოცხალია მეხსიერება საბჭოეთთან მიმართებაში, ამავდროულად ის ნაკლებად მტკივნეული გახდა გაჩენილი დროის ინტერვალის გამო. შეიცვალა დამოკიდებულება სოცრეალიზმის კულტურისადმი. იყო კი ის მხოლოდ კიჩი, თუ ამ ეპოქაშიც იქმნებოდა ფასეული ხელოვნების ნიმუშები? უკვე ათწლეულებია შეინიშნება ავტორიტეტული კურატორების ინტერესი სოცრეალიზმისადმი, რომლებიც ცდილობენ იდეოლოგიური მხარის მიღმა განიხილონ აღნიშნული ეპოქის მხატვრული მოვლენები. ვფიქრობთ, საბჭოთა პერიოდის ქართულ მხატვრობაში განსაკუთრებულად საინტერესო ფურცელს ქმნის მხატვარი გურამ გელოვანი.

გურამ გელოვანის შემოქმედებითი გზა დაახლოებით 3 ათეულ წელს ითვლისმისი მხატვრული მემკვიდრეობა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მქონე შემოქმედს ავლენს. შთამბეჭდავ მონუმენტურ პანოებთან ერთად მხატვარი ქმნიდა სრულიად განსხვავებულ ფერწერულ მანერაში დაწერილ პორტრეტებს, ლირიკული ხასიათის პეიზაჟებს. მხატვრის თითოეული მიმართულება საყურადღებოა, რამდენადაც ამა თუ იმ სტილის, ფერწერული მანერის, სიღრმისეული ფლობისა და ორიგინალური ინტერპრეტირების ნიმუშია. იქნება ეს მაღალპროფესიული აკადემიზმი, დასავლეთ ევროპული რეალისტური ფერწერის  ტრადიცია, იმპრესიონისტული თუ პოსტიმპრესიონისტული ფერწერა... მაგრამ, მონუმენტური ფერწერა არის ის, რის გამოც გურამ გელოვანმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ისტორიაში და  ეპოქალურ მხატვრად შედგა.


გურამ გელოვანი. ძველი თბილისი. ტილო,ზეთი. 75x57სმ. 1948.  ოჯახის საკუთრება

გურამ გელოვანი. ნოემბერი. ტილო,ზეთი. 89x58სმ. 1958. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექცია




გურამ გელოვანი. მეუღლის პორტრეტი. ტილო,ზეთი. 44x21სმ. 1952. ოჯახის საკუთრება

გურამ გელოვანი. დედის პორტრეტი. ტილო,ზეთი. 51x42სმ. 1958. ოჯახის საკუთრება


ისტორიულად, ქართული მხატვრობისათვის ორგანულია მონუმენტური მხატვრული ფორმა. მე-20  საუკუნის 50-იანი წლებში კი, ის საბჭოეთის ეპოქალური ტენდენციაა. ამდენად, დროის მოთხოვნის შესაბამისად, ქართულ სახვით ხელოვნებაში ერთ-ერთ მიმართულებად იკვეთება მისთვის ტრადიციულად ორგანული ინტერესი მონუმენტური ფორმისადმი.


მხატვრის მემკვიდრეობის სწორედ  ამ ნაწილს გვინდა შევეხოთ წინამდებარე სტატიაში. გურამ გელოვანის მონუმენტური  მხატვრობა  გამოხატავს რა,  ეპოქალურ მაჯისცემას,  ამავდროულად, ის მაღალი სტანდარტის ხელოვნებაა.

სოცრეალიზმმა მოდერნიზმის გამოცდილება მიუღებელ ფორმალიზმად გამოაცხადა და   მხატვრულ-გამომსახველობით მეთოდად აკადემიზმზე დაფუძნებული ფიგურატიული მხატვრობა დაამკვიდრა. პროპაგანდისტული ხელოვნების მიზანი იყო ეფექტურად  მიეტანა სათქმელი ფართო მასამდე. ხელოვნებას საბჭოეთის მიღწევების “სიდიადის” განცდა უნდა შეექმნა. ბელადების პორტრეტებთან ერთად აქტუალური თემები იყო - შრომა, სპორტი, ინდუსტრიალიზაცია...

გურამ გელოვანიც ყველა ამ თემას ასახავს. თითოეული მისი პანო ხმამაღალი განაცხადი და მაღალპროფესიული შესრულების უზადო ნიმუშია. მათი ხიბლი  ამა თუ იმ თემის მონუმენტურ გამომსახველობასა და სათქმელის სიცხადეშია. 

საბჭოთა პერიოდში არაერთ მხატვარს უხდებოდა ხარკის გაღება იდეოლოგიური დიქტატისადმი. ხშირად ნახავთ ერთი მხატვრის შემოქმედებაში განსხვავებული მხატვრული დონის ნამუშევრებს, სახელისუფლებო დაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება ხელოვანის შემოქმედებითი ინტერესით შექმნილი ნამუშევრებისგან.  გურამ გელოვანი კი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ოფიციოზის მიერ მოთხოვნად თემებშიც უკომპრომისო შემოქმედად რჩება. ასე იქმნება მისი შინაარსით სოცრეალისტური, ფორმით კი ყოვლთვის მაღალპროფესიული მხატვრულობით გამორჩეული სამუზეუმო ფერწერა.


გურამ გელოვანი. ახალგაზრდობა. ტილო,ზეთი. 140x270სმ. 1957. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექცია


გურამ გელოვანი თავის  პირველ შედევრს-ახალგაზრდობას,  1957 წელს ქმნის. ფერწერულ პანოზე გამოსახული არიან  ახალგაზრდა გოგონები სანაპიროზე დასვენებისას. სცენა თავისი მონუმენტურ-განზოგადოებული  მეტყველებით ახალგაზრდობის ბედნიერი ყოფისა და ფიზიკური სიჯანსაღის ჰიმნია. მხატვარი ამ დროს უკვე შემდგარი მაესტროა. ფერწერული პანოს სახვით-გამომსახველობითი ენის ყველა კომპონენტი გასაოცრად მრავალწახნაგოვანია. ფრონტალურად გაშლილი ფიგურატიული კომპოზიცია  ნახატისა და ფორმის პლასტიკური გამომსახველობის ბრწყინვალე  ფლობას ავლენს. პანო არანაკლებ საინტერესოა ფერწერული თვალსაზრისით. პლენერის ეფექტით შექმნილი შუქმნათი ფერწერა  განსხვავებული წერის მანერებს იტევს, იქნება ეს პუანტელისტურად დაწერილი ფონი-გარემო, რელიეფურად ნაძერწი თუ პასტოზურად შესრულებული ზედაპირები... ნამუშევარში სრულ ჰარმონიაშია მოყვანილი ურთიერთსაპირისპირო საწყისები, როგორიცაა კომპოზიციაში სტატიკა და დინამიკა; სასურათე სიბრტყის დეკორატიულ-სიბრტყობრივი გამომსახველობა და  ჰაეროვანი პერსპექტივის შეგრძნება და ა.შ.


მალევე, 1961 წელს იქმნება მხატვრის, ალბათ, ყველაზე პროგრამული მონუმენტური ნამუშევარი-ინდუსტრიის დილა.  შთამბეჭდავია ინდუსტრიის დილა  თავისი პლაკატური ლაკონურობით,  გაბედული მხატვრული ფორმით. წარმოსახვითი, პირობითი კომპოზიცია დამაჯერებლად წარმოაჩენს თემას და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნამუშევარი საბჭოთა მხატვრობაში დამკვიდრებული ე.წ. მკაცრი სტილის საუკეთესო ნიმუშია. ვფიქრობთ, რაც არ უნდა ყალბი ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული პათოსი, ამ ძალის გამომსახველობის მქონე ნამუშევარი ვერ შეიქმნებოდა გულწრფელი რწმენის გარეშე. ამ მხრივ, ნიშანდობრივია  გურამ გელოვანის  წერილი, სადაც ის  საუბრობს თანადროული ეპოქის მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე, ახლადდამდგარ კოსმოსურ ერაზე  ... (Г. Геловани .Хочется творить. Искусство. 1962 №10)


გურამ გელოვანი. ინდუსტრიის დილა. ტილო, ზეთი.240x400.1961. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექცია


1962 წელს კი გურამ გელოვანი ქმნის თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფერწერულ პანოს სათაურით-ოჯახი დუშეთიდან. დუშელი გლეხის ოჯახური პორტრეტი რეპრეზენტაციული კომპოზიციითა წარმოდგენილი. მაყურებლის წინაშე პოზირებენ ნატურალურზე დიდი ზომის, უტრირებულად სახასიათო იერსახის მქონე, რელიეფურად ნაძერწი ფიგურები... ჯგუფური პორტრეტი ცდება კონკრეტული ოჯახური პორტრეტის გაგებას და იტევს ზოგადად ქართული ოჯახისა თუ მშრომელი ადამიანების კეთილშობილ მნიშვნელოვანებას. ამ ნამუშევარში გურამ გელოვანი თვალსაჩინოდ აღწევს ნაციონალური მხატვრული ფორმის იდენტობის განცდას. ამ და სხვა მრავალი ასპექტით გამორჩეული ოჯახი დუშეთიდან,  შეიძლება ითქვას, თავისი დროის ხელოვნების ქრესტომათიული  ნიმუშია.


გურამ გელოვანი. ოჯახი დუშეთიდან. ტილო, ზეთი. 258x100სმ. 1962. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექცია


60-იან წლებშივე იქმნება რამოდენიმე ასევე საყურადღებო ნამუშევარი: ალექსი თუშარაული, კოლმეურნე ქალი, დუშელი ქალი.


გურამ გელოვანი. ალექსი თუშარაულის პორტრეტი. ტილო,ზეთი. 100x75სმ. 1964. ადგილმდებარეობა უცნობია.

გურამ გელოვანი. კოლმეურნე ქალი. ტილო, ზეთი. 120x94სმ. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექცია

გურამ გელოვანი. დუშელი ქალი. ტილო,ზეთი. 90x90სმ.1970.ადგილმდებარეობა უცნობია


მათი კომპოზიციური წყობა ფიგურის გარემოსთან მიმართების თვალსაზრისით საინტერესო პარალელს აჩენს ქართული მოდერნისტული მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართან, როგორიცაა 1918 წელს შექმნილი დავით კაკაბაძის იმერეთი-დედაჩემი.


დავით კაკაბაძე. იმერეთი - დედაჩემი. 1918. ზეთი ტილოზე. 139სმx157 სმ. ალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექცია


მსხვილი პლანით, სახასიათო გარეგნული იერსახით აღბეჭდილი ფიგურები პანორამული ლანდშაფტის ფონზე გამოისახებიან. ისევე, როგორც დავით კაკაბაძესთან, გარემო-ფონი, ერთდროულად, სიბტყობრივ-დეკორატიულია და ამასთან სივრცობრივ-პანორამულიც. სივრცის შეგრძნება კი პერსპექტივის კანონების უგულებელყოფით, ფერადების ურთიერთმიმართებით მიიღწევა. მსგავსია მხატვრული ინტერპრეტაცია - კონკრეტულ პიროვნებათა პორტრეტები განზოგადოებულ სახე-ხატებად ტრანსფორმირდებიან. ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ნუანსებით, მხატვრული ეტაპისა და ხელოვანის მიერ დასახული ამოცანის შესაბამისად.


საბჭოეთი იყო ხანა არა მხოლოდ იდეოლოგიური დიქტატისა, არამედ სასტიკი რეპრესიების, როცა ფიზიკურად ანადგურებდნენ ადამიანებს. ამდენად, რთულია  ბელადების პორტრეტების განხილვისას გავთავისუფლდეთ მათი იდეოლოგიური მხარისგან. და მაინც, გურამ გელოვანის ლენინები აღსანიშნად მაღალმხატვრული ნამუშევრებია. მონუმენტური ფორმის შთამბეჭდავი გამომსახველობა ეფექტურად ესადაგება ლიდერისა და წინამძღოლის თემას. მაღალპროფესიულ აკადემიზმთან უნისონშია მოდერნისტული ფერწერული ტრადიცია.


გურამ გელოვანი. ლენინი რაზლივში. ტილო,ზეთი. 260x220სმ. 1960. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექცია


ისტორიული ეპოქები სრულდება, რჩება მათი ამსახველი კულტურული მემკვიდრეობა. ისტორიას რჩება ასევე ამ მემკვიდრეობის შემქმნელი ხელოვანების ბიოგრაფიები. გურამ გელოვანს განსაკუთრებით რთულ ეპოქაში მოუწია ცხოვრება. ალბათ, გამორჩეული ნიჭისა და პიროვნული თვისებების წყალობით შედგა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია. გურამ გელოვანი, მხატვარი, რომელიც  ციტირებდა ვეფხისტყაოსანს, კვირაში რამოდენიმე დღე ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმოდგენებს ესწრებოდა, მცირე ზომის სახელოსნოში ქმნიდა თავის მონუმენტურ პანოებს... სულიერად გამორჩეულად ღრმა და თვითკმარი უნდა ყოფილიყო ეს დიდი ხელოვანი,  ამიტომაცაა მისი უცნაურად მრავალფეროვანი შემოქმედება ყოველთვის  გულწრფელი და უკომპრომისო.