„საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების 8000-წლოვანი მეთოდები არამხოლოდ არ იქნა დავიწყებული, არამედ დღესაც რჩება მრავალი თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკად.“
ენდრიუ ჯეფორდი, 2013
ღვინო საქართველოში უბრალოდ სასმელი არაა, ის ისტორიის, ტრადიციისა და მეხსიერების ნაზავი, ღვთიური ნექტარია, რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან პატივისცემით ამზადებს, რიტუალებით ამკობს, რელიგიურ შინაარსს ანიჭებს, შვილივით უვლის და ბატონივით ემსახურება.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ცდილობს დაამტკიცოს, რომ სწორედ ის არის ღვინის სამშობლო. ძნელია კონკურენცია გაუწიო ძველ საბერძნეთს, სადაც ღვინო წყალზე უფრო ჯანსაღ სასმელად ითვლებოდა; იტალიას, საფრანგეთს — ქვეყნებს, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ღვინის საკუთარი ისტორია, ხასიათი, გემო, მითოლოგია. მაგრამ არსებობს ერთი ამბავი, რომელიც საგულისხმოდ უსვამს ხაზს საქართველოს ადგილს ამ ისტორიაში.
2013 წელს იტალიელმა არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, აღედგინათ რომაული წითელი ღვინის დამზადების უძველესი მეთოდი. მათ სპეციალურად გააშენეს ძველი ჯიშის ვაზი სიცილიაში, დაამზადეს ტრადიციული ჭურჭელი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოიყვანეს და დაწურეს ყურძენი და „ექსპერიმენტული არქეოლოგიის“ სახელით დააყენეს ძველრომაული წითელი ღვინო.

რომაელი მეღვინე ანტიკური მოზაიკა
სავარაუდოდ, ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი შთაგონება იუნესკოს მიერ აღიარებული ნომინაცია „ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული, ქართული მეთოდი“ გახდა.
***
“იგი ნაკლი ჩვენის ღვინისა, რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნს უთვლიან სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენის ღვინისა, და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზრისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის.”
ილია ჭავჭავაძე, 1887
საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება უწყვეტად გადმოცემული ტრადიციაა. საუკუნეებია, ქართველი გლეხი საოჯახო მარანში, მამა-პაპისეულ ქვევრში საკუთარ ღვინოს აყენებს. მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს ამაყად სთავაზობს მის დაგემოვნებას, დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი ვაზის ნაჟურია საუკეთესო. მზისა და ქარის თანხმობაში დაბადებული ეს სითხე ქართული სულის, ყოფის, ცხოვრების, დაბადებისა და სიკვდილის თანმხლებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიწაზე ღვინომ პიროვნულობა შეიძინა, ქართველობა შეგვინარჩუნა და დღესაც აგრძელებს ჩვენი სახელის გატანას მსოფლიოში.
ამბავი ასე დაიწყო:

შულავერის არქეოლოგიური გათხრები

უფლისციხე, ძვ,წ. I ათასწლეული, ქვის საწნახელი.
1965 წელს სიმონ ჯანაშიას ისტორიის მუზეუმისა და თბილისის უნივერსიტეტის ექსპედიციამ შულავერის მდელოზე (ქვემო ქართლი) უძველესი თიხის ჭურჭლის ნამსხვრევები და მათში დალექილი ყურძნის წიპწები აღმოაჩინა. ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ისინი ჩვ. წ-მდე 5000–7000 წლით თარიღდება და მსოფლიოს უძველეს მოშინაურებულ, კულტურულ ყურძენს მიეკუთვნება.
მოგვიანებით, ანაკლიაში ნაპოვნმა ნაშთებმა დაადასტურა, რომ უკვე ნეოლითის ხანაში ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთამდე ვრცელდებოდა. ამას ცხადყოფს უამრავი არტეფაქტი — საღვინე ჭურჭლის ნაირგვარობა, ველური და ენდემური კულტურული ვაზის ნაირსახეობა, ღვინის დაწურვის, შენახვის და მირთმევის წეს-ჩვეულებები, რელიგიურ და საერო რიტუალებში ღვინის განსაკუთრებული როლი და სხვა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ასევე შულავერის სიახლოვეს, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი თიხის საღვინე ჭურჭელია (ძვ. წ. VI–V ათასწლეულები), ხოლო მისი დღევანდელი კვერცხისებური ფორმა ძვ. წ. III–II ათასწლეულში ჩამოყალიბდა.

ძველი საწნახელი. გ.ბარისაშვილი

ღვინის დოქები. გ. ბარისაშვილი

ყურძნის ტკბილი საწნახელიდან. გ. ბარისაშვილი
გზა მსოფლიო აღიარებისკენ
ქვევრში ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიცია ის ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც წინაპრებიდან მოდის და დღემდე გამოიყენება, არასდროს დაკარგულა და დღემდე აქტუალურია. სწორედ ამის გამო გადაწყდა მისი წარდგენა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში.
ნომინაციის მომზადება რთული და მრავალმხრივი სამუშაო იყო. 2010 წლიდან მასში ერთდროულად ჩაერთვნენ სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები, მეწარმეები, მეღვინეები, მექვევრეები, საოჯახო მარნების მფლობელები. ინიციატივას სწრაფადვე გამოეხმაურნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ფერმერთა ასოციაციის, მეღვინეთა და მექვევრეთა სხვადასხვა გაერთიანების წარმომადგენლები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი გახლდათ, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა არა მხოლოდ ღვინის დამზადების ჩვენებური ტექნოლოგია, არამედ ღვინის დამზადების ერთიანი პროცესის ცოცხალი კულტურა.
რთველი. ზ. ცერცვაძე
გ. ბარისაშვილი
2012 წელს იუნესკოს ექსპერტებს განსახილველად წარვუდგინეთ ვრცელი დოსიე, რომელიც მოიცავდა ქვევრის ღვინის ტექნოლოგიურ, კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ ასპექტებს. მას ერთვოდა ფოტომასალა და 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ხელმძღვანელობით. ფილმი მეტყველად წარმოაჩენდა ტრადიციის თანამედროვე აქტუალობასა და სოციალურ მნიშვნელობას. დოსიეს განსაკუთრებული ნაწილი კი ადგილობრივი მეღვინეების, მექვევრეებისა და თემის სხვა წარმომადგენელთა წერილები იყო, სადაც ადასტურებდნენ, რომ ქვევრის ღვინის დაყენება მხოლოდ მეთოდი კი არა, ცოცხალი კულტურული პრაქტიკა და მათი ცხოვრების თანმხლებია.
დოკუმენტის განხილვა ბაქოში, კომიტეტის მერვე სესიაზე გაიმართა.
2013 წლის 4 დეკემბერს „ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული, ქართული მეთოდი“ კომიტეტმა ერთხმად აღიარა მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად.
გ. ბარისაშვილი
აღიარებამ მრავალმხრივი შედეგი მოიტანა:
* ქვევრის ღვინომ საერთაშორისო ასპარეზზე დაიმკვიდრა ადგილი;
* ქვევრმა, როგორც ჭურჭელმა, მიიღო დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის (PGI) სტატუსი;
* მკვეთრად გაიზარდა ქართული ღვინის მარკეტინგული და ეკონომიკური შესაძლებლობები;
* საოჯახო წარმოებიდან ქვევრის ღვინო თანამედროვე, სტილურად განსხვავებულ, ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა;
* მარანი და ქვევრში ღვინის დაყენების პროცესი ტურისტულ პროდუქტად იქცა: გაჩნდა თემატური ტურები, დეგუსტაციები, ღვინის ინსტალაციები;
* ღვინის ტურიზმის მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით ე.წ. ღვინის რეგიონებში — კახეთსა და იმერეთში — შეინიშნება;
* გაიზარდა ეკონომიკური სარგებელი საოჯახო მარნებისთვის, მეღვინე გლეხებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის;
* გაიზარდა ინტერესი ვაზის ადგილობრივი, მივიწყებული ჯიშების მიმართ; დაიწყო მათი მოძიება-აღდგენა;
* დღეს ქართულ მიწაზე გაშენებულია 527 ჯიშის ყურძენი;
* გაიზარდა ინტერესი მექვევრეობის ძველი პროფესიიის მიმართ; კახელი, იმერელი და ქართლელი მექვევრეები კვლავ ეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო ხარისხის ქვევრის დამზადებაში.
დილა სოფელში
ტყის ყურძენა
ხოფათური (გ. ბარისაშვილის ფოტოები)
იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარება მხოლოდ ერთი პროდუქტის წარმატება არაა — ეს ქართული ნიჭის, ქართული ღვინის სულის და მთელი ქართული კულტურის საერთაშორისო დაფასებაა. სწორედ ამიტომ, ქვევრის ღვინო მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არა, ცოცხალი, განვითარებადი და მომავალ თაობებზე გადასაცემი ხელოვნებაა.