„ქართული ანბანი ამ ენის ნაირგვარ ბგერათა მთელი სიმდიდრის გადმომცემი უაღრესად სრულყოფილი იარაღია: ასოები ზუსტად და ცხადად გამოხატავენ ყოველ ცალკეულ ბგერას და ამ მხრივ ქართულ ანბანს ვერც ერთი სხვა ანბანი ვერ შეედრება“.
დავიდ ალენი

სილამაზე ხშირად სუბიექტურ გემოვნებად მიიჩნევა, თუმცა კულტურის სივრცეში იგი გაცილებით მეტს - ფორმის, ფუნქციისა და ისტორიული მეხსიერების ჰარმონიას გულისხმობს. განსაკუთრებით აშკარაა ეს დამწერლობაში: სისტემაში, რომელიც ერთდროულად არის შექმნილი თვალისთვისაც და აზრის გადასაცემადაც. როგორც წესი, ანბანის შეფასება ვიზუალური შთაბეჭდილებით იწყება, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაცილებით ღრმაა — იგი ენობრივ სტრუქტურას, კულტურულ გამოცდილებასა და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება.
დამწერლობის ისტორია, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულიდან იწყება, კაცობრიობის მრავალფეროვან გამოცდილებას ასახავს: ზოგი მათგანი დავიწყებას მიეცა, ზოგი - მრავალ ხალხზე გავრცელდა. ეგვიპტური იეროგლიფები დღემდე რთულად გასაშიფრი სისტემაა; ჩრდილოამერიკის ინდიელები პიქტოგრაფიას XIX საუკუნის ბოლომდე იყენებდნენ; ბერძნულ ანბანს კი მთელი ევროპის ანბანური კულტურა ეყრდნობა.
საინტერესოა, რომ საერთაშორისო პლატფორმა matadornetwork.com-მა გამოავლინა მსოფლიოში ყველაზე ესთეტიკური 5 ანბანი. ბირმულ, ცეილონურ (შრი-ლანკა), ტაგალურ (ფილიპინები) და იავურ (ინდონეზია) დამწერლობებს შორის მესამე ადგილს ქართული ანბანი იკავებს — ფაქტი, რომელიც მხოლოდ ვიზუალურ აღქმაზე კი არა, ქართული ანბანის გრაფიკულ თავისებურებაზეც მიუთითებს.

ბირმული დამწერლობა

ტაგალური დამწერლობა


ცეილონური დამწერლობა

ქართული ანბანის უნიკალობა მხოლოდ მის სრულყოფილებაში არ გამოიხატება. ის სამი დამოუკიდებელი სახით — ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით — საუკუნეთა განმავლობაში თანაარსობდა და ვითარდებოდა. მსოფლიო დამწერლობათა ისტორიაში ეს იშვიათი მოვლენაა. ქართული ანბანის სამი სახეობა არა მხოლოდ წერითი ნიშნების ცვლილებას, არამედ ისტორიულ ეპოქებს, ფუნქციებსა და კულტურულ კონტექსტებს გრაფიკულ სტილსა და კულტურულ აზროვნებას ასახავს. ამიტომაც ის არა ერთჯერადი ქმნილება, არამედ ცოცხალი კულტურული ორგანიზმია, რომლის სილამაზე საერთო შთაბეჭდილებით იწყება და მნიშვნელობის, შინაარსისა და ისტორიული სიღრმის აღმოჩენით გრძელდება.
„ჩვენი დამწერლობა იმავე გზით ჩამოყალიბდა, რა გზითაც ჩვენი ერი — ნელა, მტკიცედ და თავისებურად”
აკაკი წერეთელი
ისტორია
ქართული დამწერლობის შექმნის ზუსტი თარიღი დღემდე მეცნიერთა დისკუსიის თემაა. ერთმნიშვნელოვანი წყაროები არ არსებობს, თუმცა მოსაზრებები მრავალფეროვანია. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მის შექმნას ფარნავაზ I-ს (ძვ. წ. III ს.) მიაწერდა; ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ქართული ანბანის წარმოშობა ქრისტიანობამდელ პერიოდს უკავშირდება; რამაზ პატარიძე ასომთავრული ასო-ნიშნების გრაფიკულ ანალიზზე დაყრდნობით ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებდა და ვარაუდობდა, რომ დამწერლობა ქართველმა ქურუმებმა ფინიკიური სისტემის საფუძველზე ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს შექმნეს.
XX საუკუნის 50-იანი წლებამდე უძველეს ქართულ წარწერად ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა (493–494) ითვლებოდა. მოგვიანებით პალესტინაში, იუდას უდაბნოს ქართულ მონასტერში V საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული ორი ქართული წარწერა აღმოაჩინეს. XX საუკუნის ბოლოს ნეკრესის ნაქალაქარში ნაპოვნი წერილობითი ნიმუშები წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უძველესი წარწერა, რომლის ლაბორატორიული კვლევა მას ძვ. წ. XI–X საუკუნეებს მიაკუთვნებს. ბოლოდროინდელი აღმოჩენები მნიშვნელოვნად აფართოებს წარმოდგენას ქართული დამწერლობის და ზოგადად დამწერლობის წარმოშობის სიძველეზე.


Tsunda. XII-XIII c. Hall Church

The Grakliani Hill inscription
იუნესკო და ქართული ანბანი
2016 წლის დეკემბერში, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს.
იდეა, რომ მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ წარმოჩენილიყო ქართული დამწერლობის უნიკალურობა, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციის აღიარებისთანავე გაჩნდა. იმ დროისთვის UNESCO-ს ნუსხაში არ მოიძებნებოდა ქართული დამწერლობისთვის შინაარსობრივად ახლო ელემენტი. ერთადერთი, შედარებით მსგავსი ნომინაცია მონღოლური კალიგრაფია იყო (2013), რომელიც ადამიანის გონების, ცოდნის, აზრებისა და გრძნობების ქაღალდზე გადმოტანის უძველეს ხელოვნებას წარმოაჩენდა.

ჯალაირ ბადბაიერი 2010. მონღოლური კალიგრაფია
ზ. ცერცვაძე. პრაქტიკული მეცადინეობა
ჩვენი ნომინაციის მიზანი იყო გვეჩვენებინა სრულიად უნიკალური და უპრეცედენტო ფენომენი — ქართული დამწერლობის საუკუნობრივი ევოლუცია და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული სამი ანბანური სისტემის (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული) თანაარსებობის ცოცხალი ტრადიცია. ეს თანაარსებობა გამოიხატება მათ სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ფუნქციაში, გამოყენების მრავალფეროვნებაში, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და რელიგიურ პრაქტიკაში, ასევე ტიპოგრაფიის, გრაფიკული და მედია-დიზაინის ხელოვნებასა და სამეცნიერო სფეროში.
ნომინაციაზე მუშაობა ენათმეცნიერთა, ისტორიკოსთა, ფილოლოგთა და ლიტერატურათმცოდნეთა მონაწილეობით, სამეცნიერო ინსტიტუციების აქტიური ჩართულობით მწვავე დისკუსიებით მიმდინარეობდა. კამათი ძირითადად დამწერლობის წარმოშობის საკითხს, ანბანის სამი სახეობის თანაარსებობას, უძველესი სახეობების სწავლების პრაქტიკას და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხებოდა.
UNESCO-ს მოთხოვნაა, რომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში მკაფიოდ აისახოს: - ელემენტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ კუთვნილება (2003 წლის კონვენციის შესაბამისად); - ტრადიციის ცოცხალი ხასიათი, ანუ მისი არსებობა და ფუნქციონირება თანამედროვე საზოგადოებაში; - ტრადიციის მატარებელთა არსებობა, ანუ მათი, ვინც მას პრაქტიკულად იყენებს; - წარმდგენი თემის სურვილი, რომ მათი ტრადიცია მსოფლიო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.
ერთი წლის საინტერესო, მაგრამ დაძაბული და რთული მუშაობის შედეგად ელემენტის სამუშაო ვერსია ყველასთვის მისაღები ფორმით ჩამოყალიბდა. ნიშანდობლივია, რომ საბოლოო ვერსიის რედაქტირებაზე ბატონ ავთანდილ არაბულთან და ქალბატონ რუსუდან წურწუმიასთან ერთად იმუშავა ქალბატონმა მზექალა შანიძემ. ნომინაციის თანმხლებ ფილმში აისახა ეკლესიის წიაღში ასომთავრულისა და ნუსხურის გამოყენების ცოცხალი ტრადიცია. ნომინაცია UNESCO-ს კომიტეტს განსახილველად 2015 წელს წარედგინა. ხოლო მანამდე, 2014 წელს, ქართული ანბანის სწავლების მეთოდიკას - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საანბანე სახელმძღვანელოზე დაფუძნებულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული დამწერლობის საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობას.
ზ. ცერცვაძე. მსახურება
ზ. ცერცვაძე. მიტროპოლიტი დავითი
UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ შეტანამ მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო ინტერესიც და პასუხისმგებლობაც ქართული დამწერლობის მიმართ. აღიარებამ ხელი შეუწყო ანბანის კვლევის, სწავლებისა და პოპულარიზაციის პროცესების გააქტიურებას, ტრადიციის მატარებელთა მხარდაჭერას და საზოგადოების ცნობიერებაში მისი ღირებულების კიდევ უფრო გამყარებას. ქართული დამწერლობა წარმოჩინდა არა მხოლოდ როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, არამედ როგორც ცოცხალი, განვითარებადი კულტურული სისტემა, რომელიც დღესაც აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ქართული იდენტობის ფორმირებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ნომინაციის შემდეგ UNESCO-ს ნუსხაში შევიდა სომხური დამწერლობისა და კალიგრაფიის ცოცხალი ტრადიცია, ხოლო შემდგომ წლებში სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს წერითი კულტურის მსგავსი ელემენტების წარდგენა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ანბანის ნომინაციის მნიშვნელობასა და მის გზამკვლევ როლს. ნომინაციის აღიარება ევროპის ქვეყნების ქართულმა საელჩოებმა ქართული ანბანის გამოფენებით აღნიშნეს. განსაკუთრებით დიდი რეზონანსი მოჰყვა 2018 წელს სტრასბურგში გამართულ გამოფენას.

ქართული ანბანის გამოფენისთვის მომზადებული პლაკატი

ფოტო გამოფენიდან
დასკვნა
ქართული დამწერლობა კულტურული ისტორიის გამორჩეული ფენომენია. მისი სამი სახეობა — ასომთავრული, ნუსხური და მხედრული — მხოლოდ გრაფიკული სტილის ცვლილება არაა; ეს ქართული ცივილიზაციის მრავალშრიანი კულტურული გამოცდილება, სულიერი ისტორიის მატარებელი კოდი და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. ქართული დამწერლობა ყოველთვის იყო განათლების, სულიერი ცხოვრების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და კულტურის ორგანული ნაწილი. ამიტომაც, ქართული ანბანის სილამაზე მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილება კი არა, მნიშვნელობებით დატვირთული ფორმაა, რომლის უკან უდიდესი ისტორიული გამოცდილება დგას. ის დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს არა როგორც სამუზეუმო არტეფაქტი, არამედ როგორც მოქმედი, ყოველდღიური კულტურული სისტემა და კვლავაც ინარჩუნებს უნარს ნათლად გამოხატოს აზრი, ემოცია და ენის ბუნებრივი სიღრმე. სწორედ ამ უწყვეტობისა და თვითგანახლების უნარი ხდის ქართული დამწერლობის სამსახოვნებას უნიკალურს მსოფლიო დამწერლობათა მრავალფეროვან ოჯახში.