menu

ქართული ჭიდაობა — ეროვნული სპორტიდან მსოფლიო მემკვიდრეობამდე


ქართველი, ჭიდაობისა და ანბანის შესწავლას, ალბათ ერთდროულად იწყებს. - შოზო სასახარა.

- მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი.



2025 წლის ოქტომბერში თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს 25 ქვეყნის 100 სპორტსმენი ფალავნის წოდებისთვის იბრძოდა. ქვეყნების გეოგრაფია მრავალფეროვანი იყო: თურქეთი, საბერძნეთი, მონღოლეთი, ეგვიპტე, ბრაზილია, იაპონია, ირანი, ესტონეთი... ეროვნული სპორტის ზეიმი უჩვეულოდ საინტერესოდ დააგვირგვინა მასტერკლასმა, სადაც ქართველმა ფალავნებმა უცხოელ სპორტსმენებს ჭიდაობის ტრადიციული ილეთები და ტექნიკური თავისებურებები გააცნეს. ამ წარმატების უკან საუკუნეების გამოცდილება და კულტურული მეხსიერება დგას.


2018 წლის ნოემბრის ბოლოს, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მე-13 სესია მავრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ პორტ-ლუისში გაიმართა.


სესია უჩვეულოდ დაიწყო: ოფიციალური დღის წესრიგის მიღებამდე, გახსნის ცერემონიალზე, ერთსულოვანი მხარდაჭერით UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში აღიარეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივი ნომინაცია ეროვნული ჭიდაობა „სსირეუმი“ (Ssireum/Ssirum). ჩრდილოეთ კორეის დელეგაციისთვის ეს მნიშვნელოვანი კულტურული აქტი მსოფლიოსთვის პოზიტიური გზავნილის მიწოდების იშვიათი შესაძლებლობა გახდა.


იუნესკოს მე-13 სესია, პორტ-ლუისში.


სწორედ ამ ატმოსფეროში, სადაც ტრადიცია საზღვრებს არღვევდა, ქართული ჭიდაობაც ერთხმად იქნა აღიარებული მსოფლიო არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. ეს იყო ისტორიული სამართლიანობა, ქართული ფალავნობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის საერთაშორისო დადასტურება. მით უფრო, რომ წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არა მხოლოდ სიმბოლურ აღიარებას ნიშნავს, არამედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო მექანიზმში ჩართვასაც გულისხმობს.


თბილისელი მოჭიდავეები. XX საუკუნის დასაწყისი. თბილისის ისტორიის მუზეუმი. 


ამ დროისთვის იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე ირიცხებოდა ყაზახური ქამრით ჭიდაობა „კურესი”; თურქეთის ფესტივალი, სადაც ზეთით გაპოხილი მოპაექრეები ჭიდაობენ; ირანის „ფეხლევანი და ზორხანეს“ დღესასწაული; აზერბაიჯანის „ფეჰლევანლიგი“. ამ კონტექსტში ქართული ჭიდაობის აღიარება ბუნებრივი და სამართლიანი ნაბიჯი იყო.


ტრადიციული ორთაბრძოლებისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გელა ბერუაშვილმა. სწორედ მისი ინიციატივით, 2013 წლის ბოლოს დაიწყო ქართული ჭიდაობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა.


ღვაწლმოსილი სპორტსმენები, სასპორტო ჟურნალისტები, ჭიდაობის ექსპერტები და არამატერიალური კულტურის მკვლევრები ერთობლივად და თავდაუზოგავად მუშაობდნენ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. შედეგად, 2014 წლის აგვისტოში ქართულ ჭიდაობას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2017 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.


თბილისელი მოჭიდავეები ჯგუფი. 1930-იანი წლები. ეროვნული ბიბლიოთეკა


ქართული ჭიდაობა ძნელბედობით სავსე ისტორიის მანძილზე მტერთან საბრძოლველ წვრთნად მოიაზრებოდა. სწრაფი ილეთები, მკვეთრი მოძრაობები, სხეულის სრული კონტროლი, ხელოვნებამდე მიყვანილი სრულყოფილება იყო თავდაცვის სკოლა, რომელსაც ჭაბუკი ბავშვობიდან ეუფლებოდა. მტრების მუდმივმა თავდასხმებმა ეს ხელოვნება განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში ეფექტურ საბრძოლო პრაქტიკად ჩამოაყალიბა. დროთა განმავლობაში მან დაკარგა საბრძოლო ორთაბრძოლის ფუნქცია და დღეისათვის თვალსასეირო, ეფექტურ სანახაობად იქცა. თუმცა, ფალავნის რაინდული ხასიათი და ზნეობრივი საფუძველი უცვლელად შეინარჩუნა: დაჩოქილ მეტოქესთან იერიში წყდება, ბრძოლა მხოლოდ წელგამართული გრძელდება, მზაკვრული ილეთი ფალავნის ღირსებას აკნინებს. ეს არა მხოლოდ სპორტული წესი, არამედ ქართული ეთიკის ნაწილია.



ჭიდაობა თბილისში. ადრეული XX საუკუნე. მანეჟის მოედანი. ხელოვნების სასახლე. 


ჭიდაობის ისტორიიდან


ქართული ჭიდაობის წარმოშობის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა მისი ფესვები უძველეს ეპოქებს უკავშირდება და ეთნოკულტურულ თვითშეგნებასთან ორგანულად არის შერწყმული. ანტიკურ მესხეთში, ბერძნების მსგავსად ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა ,,მესხური თამაშები“, სადაც ვაჟკაცობის გამოცდა ჭიდაობითაც ხდებოდა. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ჩვ. წთ. I საუკუნეში იბერიის მეფე ფარსმანმა რომში სპორტულ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა ვაჟმა მითრიდატემ ჭიდაობაში გაიმარჯვა.


ჭიდაობის შესახებ გვიამბობენ უძველესი ლეგენდები და თქმულებები. გმირი ამირანი უძლეველ ფალავნად გვევლინება. მნიშვნელოვანი ისტორიული საბუთია ალავერდის ტაძრის (XI ს.) ფრესკა, სადაც ორი მოჭიდავეა გამოსახული. პროფესორ ალექსი რობაქიძის შეფასებით, ეს ერთ- ერთი უძველესი და სანდო ვიზუალური წყაროა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის საქართველოში ქართული ჭიდაობის არსებობას ადასტურებს.


ალავერდის ფრესკის ფრაგმენტი. XI საუკუნე. 


ორთაბრძოლის უძველეს ეროვნულ სახეობაზე ცნობები მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში. საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“, იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ (XII ს.). ამ ნაწარმოებების გმირულ-რაინდული ეთიკის სულისკვეთების გათვალისწინებით ჭიდაობის ღირებულებითი საფუძველი ისტორიულადაც მყარდება. XII საუკუნის ისტორიულ ქრონიკებში ცნობილი მოგზაურის, იტალიელი ბერის ჯიოვანო პლანო კარპინის (1182-1252) მიერ აღწერილია მონღოლთა ურდოში ქართველ მორკინალთა შებრძოლება და მათი ტრაგიკული გამარჯვება.


გულდა კალაძე. ილუსტრაცია პოემისთვის მოჭიდავე. შ. ლეჟავას ფოტო.


ისტორიამ შემოგვინახა სტამბოლში, 1579 წელს გამართული პაექრობა, სადაც ქართველმა თავადმა ყვარყვარე ჯაყელმა სულთნის ფალავანი დაამარცხა. XIX საუკუნისა და შემდგომი ეპოქის გამოჩენილი ფალავნები: დავით ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, სანდრო კანდელაკი, კოლა ქვარიანი არაერთი ხალხური თუ მხატვრული ნაწარმოების გმირები არიან.



კულა გლდანელი. XX საუკუნის დასაწყისის დაუმარცხებელი მოჭიდავე. 


კოლა ქვარიანი. ეროვნული ბიბლიოთეკა.


პოსტერი თ.გოგიბედაშვილის არქივიდან. 


ფალავანი - რაინდი


ქართული ჭიდაობის ნამდვილი სივრცე სოფელია. ყმაწვილები ადრე ბავშვობიდან თამაშით ჭიდაობით უმტკიცებენ ერთმანეთს ვაჟკაცობას; დღეობები და რელიგიური დღესასწაულები ჭიდაობის გარეშე წარმოუდგენელია. ძველად ყველა სოფელს თავისი ფალავანი ჰყავდა — ძლიერი და ღირსეული. იგი მხოლოდ ძალას კი არა, სოფლის სახელსაც იცავდა.


ჭიდაობა სოფელში. 1900-იანი წლები.


დადასტურებულია, რომ საქართველოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ყოფილა ჭიდაობის თხუთმეტამდე სახეობა: ქართლურ-კახური, სვანური - ლიბრგიელ - ქამარში ჩავლებით, ლიბუნძგვალ - ჯგუფური ჭიდაობა, რაჭული - ბეჭდაბეჭ და ღოჯური, იმერული - საბეჭური, გურული - ჭედობა, მეგრული - რკინება, მოგორდა, ქიზიყური - მკლავმობმით, აჭარული - მატეკრობა, მთიულური - იღლიღორა და მაჯურა ჭიდაობა, ხევსურული - მოშდამოშ - ფეხის გარეშე ჭიდაობა და მუქასრისა, სადაც ფეხსაც ხმარობდნენ, ინგილოური - ქამარ-ქამარ, ფშაური, მესხური ჭიდაობა, მკერდაობა ხელების გამოუყენებლად, ცალხელა, თვალახვეული ჭიდაობა და სხვ.


ვანო ხოჯაბეგოვის გრაფიკა. თბილისის ისტორიის მუზეუმი. 


XX ს-იდან ჭიდაობის ტრადიცია დიდ ქალაქებში დამკვიდრდა. თბილისში საჭიდაო მოედნები იყო მთაწმინდაზე, დიდუბეში, იტალიელების ბაღში, მუშტაიდში, ფიქრის გორაზე, სადაც ქართული ჭიდაობის უსტაბაში ყოფილა მიკიტანი ბაბაჭუა-გოლა ლეჟავა, პეტრე-პავლეს ეკლესიასთან საჭიდაო წრეში ხშირად ჭიდაობდა ,,კამბეჩუა“- ვანო აბულაძე, ,,საყინულე“ ერქვა მოედანს ხარფუხში, სადაც გამოდიოდა ცნობილი „მუხა კოლა“ (ნიკო ნარგიზაშვილი) და სხვ.



ბერიკაობა. მხატვარ ნამუროვის ნამუშევრის ნაწილი. თბილისის ისტორიის მუზეუმი. 


 ოდითგან ჭიდაობისთვის დამახასიათებელია რაინდული სული. მიუღებელია სარბიელიდან გაქცევა, დაცემულთან ჭიდაობა, მოწინააღმდეგის განზრახ დაშავების მცდელობა. შერკინება პირდაპირია: ხელი-ხელს ებრძვის, ფეხი-ფეხს, თეძო-თეძოს. გამორიცხულია მიპარვა, ან მზაკვრული მოქმედება. დაუშვებელია დაცემულ მეტოქეზე მიწოლა ან მისი გადაგორება.


გივი თუშიაშვილი. ჭიდაობა. ფერადი ლინოგრავიურა. შ.ლეჟავას ფოტო. 


ტრადიციულად პაექრობა უმეტესად ღია ცის ქვეშ იმართება, ბალახით ან ნახერხით დაფარულ, ან თივამოყრილ შემოსაზღვრულ, გულშემატკივრების მიერ შეკრულ წრეში. პაექრობის დაწყებას აღნიშნავს მუსიკა (აღმოსავლური ზურნა, ქართული დოლი). რიტმი მორკინალთა მოძრაობას მიჰყვება. ამიტომ ქართული ჭიდაობა ცეკვასაც ჰგავს. 


გიგო გაბაშვილი. ჭიდაობა. ტილო,ზეთი. 1900-იანი წლები. ვ.ყენიას ფოტო. 


რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის მიერ ხალხურ საჭიდაო მუსიკალურ თემებზე შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ჭიდაობა სპორტზე მეტად კულტურული ფენომენია.


იდენტობა და კულტურული მემკვიდრეობა


როდესაც მოჭიდავე წრეში გამოდის, ჩოხას ირგებს, ქამარს იკრავს და მუსიკის ფონზე ნაბიჯს დგამს, ის მხოლოდ მეტოქეს არ ებრძვის, ის საუკუნეებს აგრძელებს. ქართული ჭიდაობა უპირველესად ღირსების ბრძოლაა. პიროვნების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებაა, მრავალფეროვნების, კრეატიულობის, ოსტატობის, მეტოქის პატივისცემის შეჯიბრია. ქართული ჭიდაობა ის ცოცხალი კულტურული მეხსიერებაა, ეროვნული იდენტობის ფორმაა, რომელიც დროს უძლებს და ახალ თაობებს ღირსების ენით ელაპარაკება.


ელგუჯა ამაშუკელი. ჭიდაობა. რელიეფი,ხე. შ.ლეჟავას ფოტო. 


თანამედროვე სამყაროში, სადაც კულტურათა საზღვრები თანდათან იშლება და ეროვნული ნიშნები ზოგჯერ გლობალურ ერთფეროვნებაში იკარგება, ქართული ჭიდაობა გვახსენებს, რომ ტრადიცია შეიძლება თანამედროვეობასთან ჰარმონიულად თანაარსებობდეს. იგი მხოლოდ სპორტული დისციპლინა არ არის, ეს არის ღირებულებათა სისტემა, რაინდული ეთიკის სკოლა და ცოცხალი კულტურული მეხსიერება. სწორედ ამიტომ მისი მსოფლიო აღიარება ფორმალური სტატუსი კი არა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებაა, ისტორიის გაგრძელებაა მომავალში.