პროფესიული
რეჟისურის დაბადება და განვითარება ე. წ. ახალი დრამის შექმნას (XIX ს. 70-80-იანი წ.), თეატრში ნატურალისტური
მიმდინარეობის დამკვიდრებას ემთხვევა. მას შემდეგ რეჟისორის „ნება-სურვილს“ ექვემდებარება
ყველა და ყველაფერი: მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი,
გამნათებელი და სხვ.
მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე: ანდრე ანტუანი, ოტო ბრამი, მაქს რეინჰარდტი, გორდონ კრეგი, კონსტანტინ სტანისლავსკი, ვსევოლოდ მეიერჰოლდი, ალექსანდრ თაიროვი, ანტონენ არტო, ერვინ პისკატორი, ბერტოლდ ბრეხტი - ეს იმ შემოქმედთა მცირე ჩამონათვალია ვინც შექმნეს პროფესია რეჟისორი და თეატრში აბსოლუტურად განსხვავებული მიმდინარეობები დააფუძნეს. მათ გვერდით დგას იმ ეპოქის ორი გენიალური ქართველი რეჟისორი: კონსატანტინე (კოტე) მარჯანიშვილი და მის მიერ პროფესიაში დახელოვნებული ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი. არ ვიცი, ეს დამთხვევა იყო, თუ არა, მაგრამ ორივე, საქართველოს ულამაზესი კუთხიდან - კახეთიდან გახლდნენ. ერთი ყვარლიდან, მეორე ქიზიყის რაიონის სოფელ ანაგადან. ერთიც ბავშვობიდან იყო თეატრით „შეპყრობილი“ და მეორეც. საბჭოთა ტოტალიტარულმა მმართველობამ, განსხვავებული მეთოდებით, ერთიც მოკლა და მეორეც. მარჯანიშვილის გულმა უსამართლობას, ტერორს ვეღარ გაუძლო (დაპატიმრებული და გადასახლებული მონაზონი დის და მავანთა უმადურობის გამო), ახმეტელი დაიჭირეს და დახვრიტეს.
_ახმეტელი_სტუდენტობისას_1910_წ..jpg)
ალექსანდრე ახმეტელი დაიბადა 1886 წლის აპრილის თვეში, მღვდლის ვასილ ახმეტელაშვილის განათლებულ ოჯახში, იზრდებოდა 3 ძმასა 1 დასთან ერთად. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, იურისპრუდენციას ეუფლებოდა. იმპერიალისტური მეფის რუსეთის მიერ, სახელმწიფოებრიობა გაუქმებული და 2 გუბერნიად მიერთებული ჩვენი ქვეყნის მოწინავე, მოაზაროვნე შვილებს, სხვა გზა არ ჰქონდათ, უმაღლეს განათლებას ან, რუსეთში ან, ევროპაში იღებდნენ (საქართველოში უნივერსიტეტი ჯერ არ არსებობდა). დიპლომირებული იურისტი არ გამხდარა. ახალგაზრდობაში მრავალი ინტერესი ჰქონდა: იტაცებდა აერონავტიკა, შექმნილი აქვს მფრინავი ობიექტის მაკეტი; პუბლიცისტიკა - 1900-1910 წლებში ჯუანშერის ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში სხვადასხვა საკითხზე - პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, ზოგადად ხელოვნებაზე, თეატრზე. პოლიტიკითაც იყო დაინტერესებული, საქართველოს 3 წელიწადნახევრიანი დამოუკიდებლობის (1918 -1921) პერიოდში, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარლამენტარიც გახდა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც მოაწერა ხელი. მოკლედ, მრავალმხრივი ინტერესებისა და ნიჭის მქონე ადამიანი გახლდათ.
_ახმეტელი.jpg)
ალბათ, აღსანიშნია, კოტე მარჯანიშვილი რომ არა, ბოლშევიკური მთავრობა სიცოცხლეს 1923 წელს მოუსწრაფავდა. ტოტალიტარული მმართველობის ფორმის საბჭოთა ხელისუფლება, საქართველოს ხელახალი ოკუპაციის შემდგომ 70 წლის განმავლობაში, პერიოდულობით აწყობდა „სადამსჯელო ოპერაციებს“. განსაკუთრებული სიმწვავით: 1922-1924, შემდეგ 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში და ა. შ.[1] პირველი პერიოდის დაჭერილთა და დასახვრეტთა შორის გახლდათ სანდრო ახმეტელიც. აკაკი ვასაძე წიგნში „მოგონებები, ფიქრები“ აღწერს ამ ამბავს. ახმეტელი და მიხეილ ჯავახიშვილი (სხვებთან ერთად) ერთდროულად დაუჭერიათ და დახვრეტას უპირებდნენ. ახმეტელის პირველი მეუღლე ტასო როსტომაშვილი გულგახეთქილი მივარდნილა რუსთაველის თეატრში, მიშველეთ სანდროს დახვრეტას უპირებენო - ნაციონალური ცენტრის წევრობის ბრალდებით. კოტემ სერგო ორჯონიკიძეს (იმ პერიოდში თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობდა) სთხოვოს, მაგას პატივს სცემენო. კოტე მარჯანიშვილი, დავით ჩხეიძესთან, რუსთაველის თეატრის დირექტორთან ერთად, ეტლით გავარდნილა ჯერ მწერალთა სახლში, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების ამბავი შეიტყვეს კოტე მაყაშვილისგან,[2] მერე სერგო ორჯონიკიძესთან. როგორც ამბობენ, მარჯანიშვილი მუხლებში ჩავარდნია სერგო ორჯონიკიძეს ახმეტელის და ჯავახიშვილის დასახსნელად... მაშინ ორი დიდი შემოქმედი, დახვრეტას გადაურჩა, 2 დღეში გამოუშვიათ მეტეხის ციხიდან. ახალგაზრდა მსახიობები კი გაუფრთხილებია დავით ჩხეიძეს: „შემთხვევაზე ნაკლებად უნდა გველაპარაკა: უფრო უკეთესი იქნება ეს პატიმრებისთვისაც და ჩვენთვისაც, ასე რომ შეწყვიტეთ კითხვა-გამოკითხვა თეატრშიც და გარეთაც“.[3]
თეატროლოგია, ალბათ, სახელოვნებო მეცნიერებათა შორის, ყველაზე სუბიექტური დარგია. ჩვენი თეატროლოგები ხშირად სცოდავენ ხოლმე, გააზრებულად ან გაუაზრებლად აყალბებენ ფაქტებს. ეს, რუსთაველის ეროვნული თეატრის ისტორიას, კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის, ორი ბუმბერაზი რეჟისორის, ხელოვანის ურთიერთობა/შემოქმედებასაც ეხება. კოტე მარჯანიშვილის საქართველოში ჩამოსვლა რომ არა და რუსთაველის თეატრის სათავეში ჩადგომა, ქართული თეატრის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, მათ შორის სანდრო ახმეტელის შემოქმედებითი აღმასვლა ბევრად გადაიწევდა. დიახ, სანდრო ახმეტელი უნიკალური სარეჟისორო ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი გახლდათ. დიახ, მას ჰქონდა მოსკოვში ნანახი „სამხატვრო თეატრის“ სპექტაკლები, იცოდა გეორგ ფუქსის მიუნხენის „სამხატვრო თეატრის“ შესახებ, ნანახი ჰქონდა მეიერჰოლდის დადგმები და იცნობდა მის კვლევებს ბიომექანიკაში, აღფრთოვანებული იყო რეინჰარდტის „ოიდიპოსით“, რომელიც მოსკოვის გასტროლის დროს იხილა. დიახ, იგი იცნობდა სიმბოლისტურ დრამატურგიას, დიახ, სტუდენტობისას და მერეც, ხშირად წერდა პუბლიცისტურ/კრიტიკულ წერილებს ქართული თეატრის ბუნების შესახებ[4]. მაგრამ, რეჟისორობა, შემოქმედებასთან ერთად, ხელობაცაა, რომლის დასწავლა აუცილებელია.
მარჯანიშვილის საქართველოში დაბრუნებამდე, ახმეტელს დადგმული ჰქონდა: საოპერო სტუდიის სცენაზე დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (სარეჟისორო დებიუტი), ასევე, ქართული დრამის ხელმძღვანელობის დავალებით[5] აღადგინა ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. მათ შორის, საუკეთესო და მაყურებლის მიერ მოწონებული, მაშინაც და ახლაც, მეცნიერთა კვლევის ობიექტად ქცეული, სანდრო შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“ გახლდათ. ეს, ქართულ სცენაზე, პირველი ექსპრესიონისტული დრამა იყო სიმბოლისტურ-ექსპრესიონისტული ხერხებით განხორციელებული. „მიუხედავად ზოგიერთის უნდობლობისა პიესის და რეჟისორის მიმართ, სანდრო ახმეტელმა გაამართლა ახალგაზრდობის იმედი: მისმა დებიუტმა წარმატებით ჩაიარა და სპექტაკლმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე. [...] ამგვარი ტემპით, რიტმით აგებულ სხვა სპექტაკლს ქართულ თეატრში მაშინ ვერ დაასახელებდით...“.[6] - წერს აკაკი ვასაძე. იმ პერიოდისთვის ამ შინაარსის, ფორმის და სტრუქტურის სპექტაკლი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ქართულ თეატრში მანამდე არსებული დადგმებისგან. ანდრე ანტუანის და სტანისლავსკის[7] ნატურალისტური სკოლის მიმდევრები: გიორგი ჯაბადარი ალექსანდრე წუწუნავა, აკაკი ფაღავა და სხვ. ცდილობდნენ ქართული თეატრიც ამ მიმართულებით განევითარებინათ. ძალიან ბევრი, საინტერესოც გააკეთეს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევდნენ, თანამედროვე, წარმატებულ ქართულ თეატრს ვერ ქმნიდნენ. ახმეტელის დადგმულმა „ბერდო ზმანიამ“ კი ქართული დრამის დასის ახალგაზრდებს იმედი ჩაუსახა, რომ უინტერესო, „მკვდარი“ ქართული თეატრი შეიძლებოდა გაცოცხლებულიყო, მაგრამ, 1920 წელს ახმეტელი ტოვებს ქართულ დრამას. იმ პერიოდის ქართული თეატრის მესვეურებმა, ახალგაზრდა რეჟისორის ძიებები ნაციონალური ტემპო/რიტმის, ქართული ბუნების სადადგმო ხელოვნებასთან შედუღაბებისა, ვერ გაიგეს და ჯეროვნად ვერ დააფასეს.
საქართველოში დაბრუნებული და რუსთაველის თეატრის სათავეში ჩამდგარი კოტე მარჯანიშვილი 1923 წელს აბრუნებს ახმეტელს თეატრში, გვერდში ამოიყენებს, სულ მალე მთავარ რეჟისორად ნიშნავს. მარჯანიშვილი რამდენიმე სპექტაკლს ახმეტელთან ერთად დგამს. შეიძლება ითქვას აფრთიანებს ახმეტელსაც და მასთან ერთად, არა ერთ მსახიობს, რეჟისორს, მხატვარს, კომპოზიტორს, დრამატურგს, მოკლედ მთელ პლეადას ქმნის, რომლის შედეგიცაა თანამედროვე და უახლესი ქართული თეატრის არსებობა/წარმატება. 1923-1926 წლებში, მარჯანიშვილთან ერთად თუ დამოუკიდებლად, ახმეტელმა დადგა: ოსკარ უაილდის სიმბოლისტური დრამა „სალომეა“, ჯონ სინგის „გმირი“ და „მალშტრემი“ (მარჯანიშვილი, ახმეტელი), სანდრო შანშიაშვილის ,,ჰერეთის გმირები“ და „მათრახის პანაშვიდი“ (მარჯანიშვილი, ახმეტელი), ექსპრესიონისტი ფრანც ვრფელის „სარკის კაცი (Der Spiegelmensch)“ (მარჯანიშვილი, ახმეტელი), შექსპირის ,,უინძორელი მხიარული ქალები“ და „ჰამლეტი“ (მარჯანიშვილი, ახმეტელი), ასევე პირველი ქართული პანტომიმა თამარ ვახვახიშვილის მუსიკაზე „მზეთა მზე“ (მარჯანიშვილი, ახმეტელი).



1924 წელს, ახალგაზრდა თაობის მსახიობები და რეჟისორები ახმეტელის თაოსნობით, რუსთაველის თეატრში ქმნიან კორპორაციას - „დურუჯი“ (მანიფესტის შექმნაში გრიგოლ რობაქიძეც მონაწილეობდა). კორპორაციის მიზანი თეატრში დისციპლინის (რასაც ძველი თაობის წარმომადგენლები ძნელად ეგუებოდნენ) გამკაცრება, სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრა გახლდათ, განსაკუთრებით ებრძოდნენ ე. წ. „ბენეფისებს“. მარჯანიშვილი საპატიო თავმჯდომარე იყო და გვერდში დაუდგა ახალგაზრდებს (ამის დასტურია მისი სტატიები პრესაში). კორპორაციას, მარჯანიშვილის მშობლიურ ყვარელში არსებული, მდინარის სახელი უწოდეს (რომელიც ადიდების დროს საშიშიც კი ხდებოდა).

ახმეტელის და მარჯანიშვილის ბოლო ერთობლივი ნამუშევარი გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ გახლდათ. სწორედ იმ პერიოდში მათ შორის დაიწყო შემოქმედებითი/პირადი კონფლიქტი. ალბათ, ერთი სათეატრო შენობა და დასი, ორ დიდ რეჟისორს ვეღარ იტევდა. რაც გამონაკლისი, უნიკალური ან თუნდაც ქართული თეატრისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის, მსოფლიო თეატრის ისტორიაში მრავლადაა ასეთი შემთხვევა - დახელოვნებული შეგირდი თეატრიდან აგდებს მასწავლებელს. ბუმბერაზი რეჟისორების კონფლიქტის გაღრმავებას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყვეს ე. წ. „მაამებლებმაც“ ენების აქეთ-ექეთ ინტერპრეტირებული მიტანით. მოკლედ, დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მარჯანიშვილმა ახმეტელს აუკრძალა „ლამარას“ აფიშაზე მარჯანიშვილის გვარის მიწერა. მაშინ, თეატრის შემოქმედებითი დასი ორად გაიყო - მარჯანიშვილის და ახმეტელის მომხრეებად. საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ მარჯანიშვილი თეატრიდან გაუშვა და ახმეტელი დატოვა. ალბათ, კონფლიქტის გამწვავება მათი ხასიათიდან გამომდინარეც იყო. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ორივეს მშობლიური კუთხე კახეთი იყო. ორივეს რთული ხასიათი ჰქონდა, იყვნენ: მიზანდასახულები, ამაყები, თავმოყვარეები, პირდაპირები, მკაცრები, უკომპრომისოები, უკან დახევა არ სჩვეოდათ.
ამ პერიოდის შემდეგ, იწყება ახმეტელის შემოქმედებაში საუკეთესო პერიოდი. რეჟისორი, თითქმის 10 წლის (1926-1936) განმავლობაში რუსთაველის თეატრში ახორციელებს: ანატოლი გლებოვის - „ზაგმუკი“, ნიკო შიუკაშვილის - „ამერიკელი ძია“ და „გასაბჭოებული ამერიკელი ძია“, ნატალია აზიანის - „დეზერტირკა“, ბილ-ბელოცერკოვსკის - „საჭე მარცხნივ“, კონსტანტინ ლიპსკეროვის - ,,კარმენსიტა“, ვლადიმერ კირშონის - „ქართა ქალაქი“ და სხვ. (ხშირად კუკური პატარიძესთან ან სხვა რეჟისორთან ერთად).


ახმეტელი დგამს თავის საუკეთესო სპექტაკლებს, რომლებიც არა მარტო ქართულ, არამედ, მსოფლიო სათეატრო სივრცეებს დაამშვენებდა. მათგან მკვლევრები ხუთს გამოყოფენ, რომლებმაც ახმეტელს და რუსთაველის თეატრს საქვეყნო აღიარება მოუტანა. ბორის ლავრენიოვის „რღვევა“, სანდრო შანშიაშვილის „ანზორ“ (ვსევოლოდ ივანოვის „ჯავშნოსანი 14-69“ გადმოქართულებული ვარიანტი), გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ (აღდგენილი 1930 წელს), შალვა დადიანის „თეთნულდი“. შემოქმედების მწვერვალი კი - ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ („ინ ტირანოს!..“ (1933 წ.) გახლდათ. ლათინური დევიზი „In tyrannos“ (ლათ. „ტირანების წინააღმდეგ“), ფრიდრიხ შილერმა თავის პირველ დრამას „ყაჩაღები“ (Die Räuber, 1781წ. დაიდგა 1782-ში) ეპიგრაფად დაურთო. ფრაზა, ზოგადი მნიშვნელობით, გამოხატავს მწვავე პროტესტს დესპოტიისა და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ. ახმეტელმა დევიზი სპექტაკლის სათაურს დაურთო აფიშაზე, რაც, სხვასთან ერთად, რა თქმა უნდა, საბჭოელმა დესპოტებმა, კონკრეტულად კი, ლავრენტი ბერიამ არ აპატია.

_ახმეტელი,_სცენა_სპექტაკლიდან,_1933_(1).jpg)
აღსანიშნავია, რომ ხუთივე სპექტაკლის სცენოგრაფი ცნობილი ქართველი სათეატრო მხატვარი ირაკლი გამრეკელი გახლდათ, ხოლო მთავარ პერსონაჟებს აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე ასახიერებდნენ. ახმეტელი (მარჯანიშვილის მსგავსად) პირველ რიგში პიესის მონტაჟს აკეთებდა - კონცეფციის უკეთ წარმოსაჩენად. ასე მოიქცა იგი „ყაჩაღების“ დადგმის დროსაც, აქცენტები გადააადგილა, ზოგი რამ ამოიღო, ზოგიც ჩაამატა. აკაკი ვასაძე იხსენებს, რომ სპექტაკლმა მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია, ბილეთები არ იშოვებოდა (ერთი თვით ადრეც კი). საპრემიერო ჩვენებები ზედიზედ 16-ჯერ უთამაშიათ. „პიესის ახლებურად გახსნისათვის ძალზე პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ სპექტაკლში სტუდენტები მასობრივად გავარდნენ ტყეში ყაჩაღებად. ბოლომდე აქტიურნი იყვნენ და ყოველ სიტუაციას ისევე განიცდიდნენ, როგორც მათი წინამძღოლი. კარლ მოორისა და მისი ამხანაგების ერთი ვნებითა და მიზანსწრაფვის ასეთი შედუღაბება უშუალოდ შეესაბამებოდა თანადროულობას“.[8] მაყურებლის დასაეჭვებლად გაზეთ „კომუნისტში“ მწვავედ კრიტიკული სტატია გამოქვეყნებულა, არც სიმბოლისტ ფუტურისტ-ლეფელებს დაუნდიათ რეჟისურა და მსახიობები. მაგრამ, ვერც ოფიციოზი და ვერც სხვები, ვერაფერს გახდნენ. 1933 წლის ზაფხულში ახმეტელს - „ყაჩაღები“, „თეთნულდი“ და „ანზორი“ - საგასტროლოდ მიაქვს მოსკოვსა და ლენინგრადში. ეს იყო თეატრის ტრიუმფი. „სანდრო ახმეტელი ამ გასტროლების შედეგად უცებ აღმოჩნდა სათეატრო ხელოვნების მწვერვალზე“.[9] მანამდე, 1930 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად, სანდრო ახმეტელსა და რუსთაველის თეატრს აშშ-ში ეპატიჟებიან „ანზორით“. თითქოს ყველაფერი მზად იყო, თეატრსა და რეჟისორს დართეს რკინის ფარდის მიღმა გასვლა. მაგრამ...

_ახმეტელი,_სცენა_სპექტაკლიდან.jpg)
ამ 10 წლის განმავლობაში, ახმეტელი, ჯერ კიდევ მარჯანიშვილთან ერთად დაწყებულ, ძიებებს აგრძელებს ქართული ტრადიციული სათეატრო სანახაობათა (ყეენობა, ბერიკაობა) ხერხების თანამედროვე ფორმებთან შერწყმის. აგრეთვე, თავისი ადრინდელ თეორიულ კვლევები ე. წ. „რიტმის თეორია“ სცენაზე გადააქვს.
მოსკოვსა და ლენინგრადში გასტროლის შემდეგ, ახმეტელმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი დასის სტალინთან და ორჯონიკიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გაადიდა და რუსთაველის თეატრის მაყურებელთა ფოიეში გამოკიდა თეატრის 15 წლის იუბილეზე. ლავრენტი ბერიასთან ისედაც გამწვავებული პირადი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდა. ბერიასთვის ეს ალბათ, ბოლო წვეთი იყო (თანამედროვეები იგონებენ, რომ ახმეტელი პირად შეურაცხყოფასაც აყენებდა ხოლმე ბერიას). ამასთანავე, ამ ტრიუმფალური გასტროლის შემდეგ, რომელშიაც რეჟისორთან ერთად, უდიდესი წარმატება ხვდათ წილად, მის მთავარ მსახიობებს და შემოქმედებით თანამოაზრეებს ხორავას (ხორავა და ახმეტელი უახლოესი მეგობრებიც იყვნენ) და ვასაძეს, თეატრშივე მოშურნეები მრავლად გაუჩნდნენ. მათ არ დააყოვნეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ახმეტელი და ხორავა ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ. ახმეტელმა ხორავა თეატრიდან გაუშვა, ვასაძე გვერდით დაუდგა ხორავას და ახმეტელი ვასაძესაც უშვებს თეატრიდან. სწორედ, ამ ვითომდა ახმეტელის უერთგულესი ადამიანების ხელშეწყობით (მოთავე ოჯახის წევრი გახლდათ)[10], ბერიამ ახმეტელი ჯერ მოიშორა საქართველოდან და მერე დაახვრეტინა. 1935 წელს თეატრის შიდა კონფლიქტი საქართველოს საბჭოთა მთავრობის, ალბათ, ბერიას გადაწყვეტილებით, ახმეტელის რუსთაველის თეატრიდან მოხსნით დასრულდა. სანდრო ახმეტელი რუსეთში გაემგზავრა. ერთხანს მოსკოვის „მწვანე თეატრშიც“ მუშაობდა და დგამდა სპექტაკლებს. მაგრამ სამშობლოს ფესვებს მოწყვეტილი შემოქმედებითად ღირებულს ვერაფერს ქნის. ბერია არც იქ ანებებს თავს, ახმეტელს 1936 წელს მოსკოვში, ნოემბრის თვეში აპატიმრებენ და თბილისში ჩამოჰყავთ, რამდენიმეთვიანი არაადამიანური წამების შემდეგ 1937 წლის ივნისის მიწურულს დახვრიტეს.

ხალხთა თანასწორობის მითზე, ტყუილზე აგებული, საბჭოთა წყობილება,
რომელშიაც ტოტალიტარული მმართველობის სისტემა იყო მყარად ფესვგადგმული, ვერ იტანდა
თავისუფლად მოაზროვნე, ნიჭიერ ადამიანებს. ამ ძირმომპალმა წყობამ უამრავი ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების. ალექსანდრე (სანდრო)
ახმეტელს - თვითმყოფად, ინდივიდუალური თვისებების მქონე, უნიჭიერესი პიროვნებას, რა
თქმა უნდა, ვერასდროს დაიმორჩილებდნენ, შეაშინებდნენ, დაიმონებდნენ, ვერანაირი გზით
ვერ ჩააყენებდნენ ძირმომპალი, ფარისევლური სისტემის სამსახურში. ალბათ, ამიტომაც, ახმეტელი,
მარჯანიშვილის მსგავსად, ამ სულისშემხუთველ, დესპოტურ სამყაროში იმთავითვე განწირული
გახლდათ.
„მარჯანიშვილისა და ახმეტელის პერიოდი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ორ უბრწყინვალეს და დღემდე მიუწვდომელ მწვერვალად დარჩა.
მოხდა ის, რაც ხდება ხელოვანისა და ყოველი მოღვაწის
ცხოვრებაში: კაცი მიწას ბარდება, ხოლო სული
და ნამოღვაწარი მომავალ თაობებს გადაეცემა როგორც ტრადიცია
და როგორც ლეგენდა“.[11]
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
2. ვასაძე ა. მოგონებები, ფიქრები, თბ. „კენტავრი“ ტომი I, 2010წ.
3. კიკნაძე ვ. სივრცე თეატრისა. თბ. 1975წ.
[1] ამგვარი ტერორი
გრძელდებოდა სტალინის გარდაცვალებამდე, შემდეგ 60-იანებიდან ე. წ. „დათბობის“ პერიოდში, სიტუაცია თითქოს უფრო
შემსუბუქდა, ხალხს მასიურად აღარ ხვრეტდნენ.
[2] კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი (1876-1927) პოეტი, საქართველოს
მწერალთა კავშირის დაფუძნების ინიციატორი და პირველი თავმჯდომარე. მარო მაყაშვილის
მამა.
[3] ვასაძე ა. მოგონებები, ფიქრები. თბ. „კენტავრი“
2010 წ. გვ. 153-154
[4] ახმეტელი ა. წერილები. შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვასილ
კიკნაძემ. თბ. „ლიტერატურა და ხელოვნება“,
1964
[5] იმ პერიოდში
ქართულ დრამას აკაკი ფაღავა (1882-1962) ხელმძღვანელობდა. აკაკი ფაღავა მოსკოვის სამხატვრო თეატრ-სტუდიის სარეჟისორო
კურსების დამთავრების შემდეგ, სამხატვრო თეატრში მუშაობდა რეჟისორად. საქართველოში
დაბრუნების შემდეგ (1920) უდიდესი წვლილი მიუძღვის, როგორც დღევანდელი რუსთაველის
ეროვნული თეატრის ბაზაზე ქართული დრამის ამუშავებაში, საოპეროს სტუდიის დაარსებაში,
ასევე, მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი 1922 წელს თეატრალურ სტუდიას, რომელიც
1939 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტად, მოგვიანებით თეატრისა და კინოს ინსტიტუტად
გადაკეთდა და დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია.
[6] ვასაძე ა. მოგონებები,
ფიქრები. თბ. „კენტავრი“ 2010 წ. გვ. 110
[7] კონსტანტინ სტანისლავსკის
და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს 1898 წელს დაარსებული „სამხატვრო თეატრი“ (МХАТ) თავიდან ნატურალისტური
მიმართულების გახლდათ.
[9] იქვე. გვ. 364
[10] თამარ წულუკიძემ, ახმეტელის მეორე ცოლმა, რუსთაველის
თეატრის მსახიობმა, საბედისწერო როლი ითამაშა, ჯერ ახმეტელი ხორავას დაპირისპირებაში,
მალევე ახმეტელი ვასაძის. თანამედროვეები იხსენებენ, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად
გამართული რამდენიმე კრების შემდეგ, ამის სტენოგრამები არსებობს, ცეკ-ში პირველი დაბარების
შემდეგ (თავად ახმეტელის ცეკ-ს წევრი იყო 1930 წლიდან, ჯერ ამიერკავკასიის და მერე
საქართველოს), ახმეტელი დათანხმებულა გამწვავებული ურთიერთობის მოგვარებაზე და ხორავა-ვასაძის
თეატრში დაბრუნებაზე. თამარს ისტერიკა მოუწყვია მეუღლისთვის, აქეზებდა ისედაც გოროზი
ხასიათის ადამიანს. მერეც, როდესაც ახმეტელი მოსკოვში დაიჭირეს, მის მომხრე ნაწილ მსახიობებს
ხელი მოაწერინა საკავშირო ცეკ-სთვის მიწერილ წერილზე საქართველოს ცეკ-ს მდივნის წინააღმდეგ, თავად კი ხელი არ მოაწერა. მართალია,
ამან არ უშველა და თავადაც გადაასახლეს, მათი უდედმამოდ დარჩენილი საერთო არასრულწლოვანი
ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში. შემდეგ კიდევ ორჯერ გათხოვდა, მაგრამ რატომღაც მთელი
ცხოვრება ახმეტელის ქვრივად მოჰქონდა თავი. დღეს, მისი ცხოვრება რომანტიზებულია, სინამდვილეში
ერთი მსუბუქი ყოფაქცევის, შურიანი არსება იყო, რომელმაც ქმარიც და შვილიც დაღუპა.
[11]ვასაძე ა. მოგონებები, ფიქრები. თბ. „კენტავრი“
2010 წ. გვ. 401