გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წ. თბილისში ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი–მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და ამ დროიდან ის აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, 1971 წლიდან გოგი ალექსი–მესხიშვილი იყო შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის და ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი, ასევე თანამშრომლობს კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან. 1975 წელს აირჩიეს რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა.გოგი ალექსი-მესხიშვილმა შექმნა კოსტუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის (ჩეხოვის სახელობის დიდი სამხატვრო თეატრი (მოსკოვი); „ლა ფენიჩე“ (ვენეცია); „თეატრ კომუნალე“ (ბოლონია); „ბავარიის ოპერა“ (მიუნხენი); „გაბიმა“ (თელ-ავივი); „სან-მარტინის“ თეატრი (ბუენოს აირესი); ჰელსინკის ნაციონალური თეატრი; მარინისა და დიდი დრამატული თეატრები (სანკტ-პეტერბურგი); „შაუშპილეჰაუზი“ (დიუსელდორფი); „მეტროპოლიტენ ოპერა“ (ნიუ იორკი)).გოგი ალექსი-მესხიშვილი 1995 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ–ში, იყო დორტმუდის კოლეჯის პროფესორი, სადაც მიიღო საუკეთესო პედაგოგის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა.
2016 წელს თბილისის ეროვნული გალერეის დროებითი გამოფენების სივრცეში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენაზე ასზე მეტი ექსპონატი იყო წარმოდგენილი და ინტერვიუებსა და კომენტარებში აღინიშნა, რომ გალერეის მასშტაბები არ იყო საკმარისი ქრონოლოგიურად განვითარებული სრული რეტროსპექტივისთვის. გიორგი ალექსი-მესხიშვილს ყველა იცნობს როგორც დიდი გამოცდილების მქონე მრავალმხრივ ხელოვანს, თუმცა, მისი შემოქმედება ძირითადად თეატრთან არის დაკავშირებული და ამ გამოფენაზეც თეატრალური მოტივები იყო განმსაზღვრელი. რეტროსპექტივის ფორმატმა, სავსებით ბუნებრივად, ერთგვარად ჩრდილში მოაქცია ის ნამუშევრები, რომლებიც ნეიტრალურ კონტექსტში სრულიად სხვა ძალით შეიძლება გამოჩენილიყვნენ, მაგალითად, როგორიც არის სერია „Rosebud”. ეს სერია თითქოს სპონტანურად არის ფორმირებული და სავარაუდოდ, ავტორს არც აქვს გეგმაში მისი დასრულებულ კოლექციად წარმოდგენა. სერიის ღერძი ‘მოქალაქე კეინის’ ციტატაზე დგას, - ეს არის ცნობილი იკონური სცენა, სადაც მომაკვდავ მაგნატს ხელიდან უვარდება ბანალური სუვენირი ბროლის ბურთში მოქცეული ზამთრის პეიზაჟით, რომლის გადაბრუნებისას თოვლი მოდის და ამ მომენტში ის ამბობს ბოლო სიტყვას - „Rosebud ”. ეს გამოცანა მთელი ფილმის იდუმალებას და მისი მთავარი პერსონაჟის ამოუცნობ ეგზისტენციალურ დრამას განსაზღვრავს და შესაძლოა, გიორგი ალექსი-მესხიშვილმაც ეს სიმბოლო აირჩია იმ ველისთვის, რომელიც დეფინიციებში ვერ მოექცევა და რომელიც გადის იმ საზღვრებიდან, სადაც მას იცნობენ, აღიარებენ და გარკვეულ სტილთან აიგივებენ.

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი. Rosebud სერია. პლასტიკი, აკრილი. ძველი ნაძვის ხის სათამაშოები. 39x60. გია ჩხატარაშვილის ფოტო

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი. Rosebud სერია. პლასტიკი, აკრილი. გია ჩხატარაშვილის ფოტო
ეს სერია არის შესავალი მხატვრობის უკიდურესად თავისუფალი მდგომარეობისკენ, სადაც აღარ არის პირდაპირი კავშირები სცენოგრაფიასთან, თეატრთან, იმ სფეროსთან, რომელსაც ამ ხელოვანის ბიოგრაფიის ძირითადი ნაწილი უკავშირდება. ფართო აუდიტორია მას ნაკლებად იცნობს იმ ნამუშევრებით, რომლებზეც ამ წერილშია საუბარი და ისინი გიორგი ალექსი-მესხიშვილის ექსპრესიონისტული მხატვრობისკენ გაუძღვებიან მნახველს, სადაც განსხვავებული ფოკუსით არის გააზრებული და დანახული საკუთარი სუბიექტური ხედვაც და ასევე გარე სამყარო, რომელშიც ეს ხელოვანი მონაწილეობს, ან რომელსაც დისტანციიდან აკვირდება. სერია „Rosebud” კონცეპტუალური პროექტია, ფერწერული ტექნიკებისა და რედიმეიდის ფორმატის სინთეზით მიღებული. ‘რედიმეიდები’ აქ მცირე ზომის ბრჭყვიალა და ადვილად მსხვრევადი საგნებია, როგორიცაა მაგ., ნაძვის ხის სათამაშოები და ისინი უმეტესად აბსტრაქტული ფერწერული ფონის ცენტრშია ჩასმული. ლაკონიური მანერით გადმოცემული დიდი კონტრასტი - დინამიური ფერწერა და მსუბუქი, თითქმის უწონო დეკორატიული ობიექტი - მეტაფორების ფართო სპექტრს უღებს კარს: მატერიალური სამყაროს წამლეკავი ბრუნვა და სადღაც შორს მოციმციმე სინათლე, ან სინათლის ილუზია; ქაოსის პირისპირ დგომა საკუთარი უწონადობის შეგრძნებით და ა.შ... ერთ-ერთი ცენტრალური ნამუშევარი ამ სერიიდან მცირე ზომის კომპოზიციაა - ღრუბლიანი მოცისფრო-თეთრი აკვარელი ზემოდან დასმული შავი, სქელი მონასმით მონიშნული კონცეპტით - „Rosebud” და ცენტრში დიდი მარგალიტის იმიტაცია (ნაძვის ხის სათამაშო). აქ ‘ბრჭყვიალა“ ფაქტურის შინაარსი ხაზგასმულად სხვაა, ვიდრე ამ ხელოვანის სცენოგრაფიულ კომპოზიციებში, სადაც მთავარი მიზანი კონკრეტული დრამატურგიული ნაწარმოების ატმოსფერული ნიუანსების ვიზუალიზაციაა. „Rosebud” - ეს არის ძალიან ღრმა და დრამატული სერია, სადაც ამაოებისა და მსხვრევადობის განცდა უკიდურესად ექსპრესიულად არის გადმოცემული. ექსპრესიულობა კიდევ უფრო გამძაფრებულია სხვა სერიაში, რომელიც ასევე სტიქიურად შექმნილის ასოციაციებს იწვევს და ძალიან დიდი ფორმატის ფაქტურულ ტილოებზე შესრულებულ ტორსების კოლექციას წარმოადგენს. ეს ტილოები ერთგვარი პალიმფსესტებია, ზოგჯერ სამუშაო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში დარჩენილი და დავიწყებული, რომლებსაც დროთა განმავლობაში ფენებად ედებოდა შემთხვევით მოხვედრილი თუ ექსპერიმენტის სახით დადებული საღებავი, სხვადასხვა ანაბეჭდები, მტვერი და ა.შ..

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი. უსათაურო. სხეულის სერია. აკრილი ტილოზე. 90x142. 1991. გია ჩხატარაშვილის ფოტო

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი. ორი ფიგურა. სხეულის სერია. აკრილი ტილოზე. 90x190. 2010. გია ჩხატარაშვილის ფოტო
ამ მრავალშრიან კონტექსტზე გამოსახული სხეულები მოძრაობაში, უმეტესად ემოციური დაძაბულობით, ან არაკომფორტულ პოზაშია, ზოგან კი პირდაპირი მინიშნებაა ძალადობის უცნობი ფაქტის მსხვერპლზე, თითქოს ეს ჯვარცმის იკონოგრაფიის თავისუფალი ინტერპრეტაციებია. ამ სერიაში სხვა თემებისგან გამოცალკევებულია სხეული, რომლის გამოსახვისას ხელოვანი ხაზგასმულად არ მიმართავს დეტალურ მოდელირებას, - ზოგადი, ერთგვარად ბრუტალური, დაუნდობელი მანერით აჩვენებს მის შეზღუდულობას, მარტოობას, მსხვრევადობას და მის მდგომარეობას სივრცეში. აბსტრაქტული ფონი ამ ტორსებისთვის ღია კოსმოსში ვარდნის ეფექტს ქმნის და სხეულისა და სივრცის ურთიერთობის გამოსახვის იმ გამოცდილებას აგრძელებს, რომელიც თანამედროვე მხატვრობის ისტორიაში ვილემ და კუნინიგის, ფრენსის ბეკონის, გეორგ ბაზელიცის, ბრიუს ნაუმანის, მარლენ დიუმას ხედვებით არის მონიშნული.

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი. უსათაურო. სხეულის სერია. აკრილი ტილოზე. 73x93. გია ჩხატარაშვილის ფოტო



