menu

ნიკალა: შეძლებისდაგვარი სილუეტი

ფიროსმანი: აი, საქართველოს უგანთქმულესი მხატვარი. მისი ბიოგრაფია ბუნდოვანია, სიცოცხლის თარიღების სიზუსტე ძნელი გასარჩევი. თუმცა, შემორჩენილია მისი სამიოდე ფოტო და ორიოდე სხვაც, სავარაუდო და სადაო, თუმცა იმ სამშიც ყველას სიზუსტეზე თავს ბევრი ვერავინ დადებს.


ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918)



საბუთებით, ის ნიკოლოზ ფიროსმანაშვილია, იგივე ნიკო, ნიკალა, ნიკალაი, რომელიც დაიბადა ქიზიყში, სოფელ მირზაანში, 1862 წელს, თუმცა ეგებ 1866 წელსაც, ან სულაც 1863 ში, თუ ერთი წლის შემდეგაც. სავარაუდოდ, მაისის თვეში და გარდაიცვალა თბილისში 1918 წელს, გაზაფხულზე. 


დაკრძალულია თბილისშივე, როგორც ამბობენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, თუმცა მის საფლავს კუკიის სასაფლაოზეც ეძებენ ხოლმე.  


სახელმწიფო, ან საეკლესიო ცნობები ნიკალას დაბადების და გარდაცვალების შესახებ არ შემორჩენილა. ყველაფერი რაც ვიცით, ირიბი ქაღალდებით და უამრავი ადამიანის, ხშირად ერთმანეთის საწინაარმდეგო მონათხრობებით თუა საფიქრალი. 


ჩვენამდე მოაღწია მისმა ორასზე მეტმა ტილომ, ორას ოცმა, ცოტა მეტმა, თუ ნაკლებმა. ბევრად მეტიც დაეწერა, რაც ძველ, დანგრეულ შენობათა კედლებმა ვერ შეინახა და სხვა ვერც ნათესავები და მეგობრები მოუფრთხილდნენ ისე, როგორც სამარადისო ფასეულობას. 


დროდადრო, ალბათ ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ, პოულობენ ხოლმე ფიროსმანის ნამდვილ, თუ ნაყალბევ ნამუშევრებს, რაც იმის შეგრძნებას აჩენს, რომ მისი მემკვიდრეობა უსასრულოა.


ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). “მეთევზე წითელ პერანგში”. 112x92. ზეთი, ქსოვილზე


ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). “ჟირაფი”. 138x111. ზეთი, ქსოვილზე



ნიკალას მეგობართა წყალობით შემოგვრჩა მისი ბოლოდროინდელი იერი: უფრო ხშირად გაუპარსავი, შეიძლება ითქვას, წვეროვანი, ჭაღარაშერეული ულვაშითა და დარდიანი თვალებით; საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, მიკიტან მიხო ვარსიმაშვილის ნაქონ ლურჯ პიჯაკში, შავ ყარამანდულ შარვალში და თავზე რუსული კარტუზით, რომელიც სოსო მედუქნემ აჩუქა, მოარული ნელა და დაბნეულად, ხშირად ნასვამი, თუმცა სიმთვრალის, როგორც ყოველდღიურობის ნაწილის მატარებელი. ეგებ, მართლა ასეთი იყო ფიროსმანი ცხვორების ბოლო ათ წელიწადს.


ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). “ხუთი დიდებულის სუფრა”. 104x194. ზეთი, ქსოვილზე


ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). “ნატურმორტი”. 101.3x136. ზეთი, ქსოვილზე



ფიროსმანს არასდროს ჰყოლია ოჯახი, არც შთამომავალი დარჩენია. თუმცა, ამბობენ, რომ შთამომავალიც დარჩენია და ოჯახურადაც უცხოვრია, მაგრამ ცოლად არავინ შეურთავს. ეს მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთი სათუო მომენტია, როგორც სხვა ათასი. 

ერთადერთი საკუთარი სახლი, თავადვე ააშენა მირზაანში, მამისეულ ნაფუძარზე, ოღონდ, სიყმაწვილიდანვე ქალაქის კაცად ქცეულს, თვითონ იქ თითქმის არ უცხოვრია, ნათესავებს დარჩათ: ის ძველი თბილისის მხატვარი იყო.



ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918). “არსენალის გორა ღამით”. 111x88. ზეთი, ქსოვილზე


მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო გაუუქმა 1801 წელს, თბილისი ორსამყაროიანი ქალაქი გახდა: ძველი თბილისი და ახალი, ევროპული. თუ ახალ თბილისში, მხატვრები ჯერ ნეოკლასიციზმსა და მერე იმპრესიონისტებს ეტრფოდნენ და მისდევდნენ, ძველ თბილისში მხატვარი ერქვა ადამიანს, რომელიც უბრალოდ ყოფით სამხატვრო შეკვეთებს ასრულებდა: დუქნის გაფორმებას, წარწერას სავაჭროს თავზე, სხვა რამ სარეკლამო ნახატს. ამგვარი დაყოფა დიდხანს არსებობდა და ფიროსმანიც, სწორედ ამ სამყაროს ნაწილი იყო.



ნიკო ფიროსმანაშვილი. (1862-1918). “ვირის ხიდი”. 93x117. ზეთი, ქსოვილზე



სხვა ამბავია, რომ მისი ნახატები პირველი მსოფლიო ომის კვირას აღმოაჩინეს იმ დროს თანამედროვე ხელოვნების ტრფიალმა შემოქმედებმა, სტუდენტმა ძმებმა ზდანევიჩებმა და მათმა მეგობარმა მიხაილ ლედანტიუმ. ეს მოხდა მაშინ, როცა სამივენი ძველი თბილისის სასმელ დაწესებულებებში დაეხეტებოდნენ და სარდაფებში ფიროსმანის ტილოებს გადააწყდნენ. ახალგაზრდათა შეძახილი შთამბეჭდავი, თუმცა იმ გარემოში მხოლოდ მათთვის გასაგები იყო: „ეს ჯოტოა, ნამდვილი ჯოტო“  


იხეტიალეს, მოიკითხეს და მალევე იპოვნეს კიდეც საოცარი ტილოების ავტორი, როცა ის კიბეზე შემდგარი კედელს აწერდა სიტყვას: „სარძევე“



ნიკო ფიროსმანაშვილი (1862-1918) - “კახეთის მატარებელი”. 70x140. ზეთი, ქსოვილზე


ამ შეხვედრის შემდეგ ფიროსმანი მიხვდა, რომ ის, რაც თავად იცის მხატვრობის შესახებ, სხვებისთვისაც გასაგებია. „მე უკვე საფრანგეთშიც მიცნობენ“ - უთხრა ნაცნობ ყარაჩოღელებს, მას შემდეგ, რაც ლედანტიუმ მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა პარიზულ პრესაში. 


თუმცა ამას მისი ცხოვრება არ შეუცვლია.