menu

ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი

როდესაც ვარლას ნამუშევრებს თანმიმდევრობით ათვალიერებ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ერთი გაბმული, სევდიანი მელოდია ჩაგესმის… იცვლება თემები: ნადირობა, მოსავლის აღება, გასეირნება, თევზაობა… მაგრამ განწყობა ერთი რჩება… ადამიანები ნახირს ერეკებიან, ფიჩხს აგროვებენ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, გოდრებს ეზიდებიან,  ცეკვავენ… ცხენები მიქრიან, ისვენებენ, ბალახს ძოვენ, ერთმანეთს ეთამაშებიან…- ფიგურები მოქმედებენ. ისინი ხშირად ერთმანეთისკენ არიან მიმართულნი: ერთი მებადური ნადავლს აწვდის მეორეს, დედა და მამა ცხენზე სვამენ ბავშვს, გონდოლაზე ჩაჩოქილი ერთი მუსიკოსი მეორეს შესცქერის და მასთან ერთად აჟღერებს მანდოლინას… მაგრამ მათ შორის აქტიური კონტაქტი არასოდეს მყარდება. ერთი თუ მეორეს უყურებს, ის - მეორე, უმეტსად სხვაგან იცქირება, სივრცეში. სახეები კონკრეტულ მდგომარეობას არ გამოხატავენ. ფიგურები თითქოს განსაზღვრულ პოზებში შეჩერებულან და ყოველი მათგანი მარტოა, საკუთარ თავთან არის დარჩენილი. ეს განცალკევება ქმნის გარინდებას. ხოლო ერთი ფიგურიდან მეორეზე გარდამავალი მოძრაობა (ჟესტით, თავის მიბრუნებით) წარმოშობს ერთიან რიტმს. 

ვარლა პოეტურ სამყაროს ქმნის, რომელიც ფიგურატიულია, მაგრამ წარმოსახვითი.



ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “მეთევზეთა პორტი”. 37,5x45,5. ტილო, ზეთი.  ATINATI-ს კერძო კოლექცია



ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “მეთევზეთა კვება”. 38,5x46,5. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია



1920 წელს, ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ფელიქსმა საქართველოს უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, მაგრამ ორ წელიწადში, როგორც კი სამხატვრო აკადემია გაიხსნა, იქ გადავიდა სასწავლებლად. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან კერძო სამხატვრო სკოლა გახსნა. 

1928 წელს, ფელიქსმა და მისმა თანაკურსელმა - ლუკა ხითარიშვილმა, თურქეთის საზღვარი ფეხით, მალვით გადაკვეთეს და სტამბოლში ჩავიდნენ. იქ სამუშაო იშოვეს, სამგზავრო თანხა შეაგროვეს და თავიანთი ოცნება განახორციელეს - პარიზში ჩავიდნენ.  

პარიზში ცხოვრების დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა. დასაწყისში, ვარლამიშვილის ნაწარმოებებს ქართველი ემიგრანტები ყიდულობდნენ. მათთვის ძვირფასი იყო მოგონებები საქართველოზე, ტფილისზე, რომელთაც ვარლა ასახავდა ნამუშევრებში.


ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “შეშის შეგროვება”. 28x36. შერეული ტექნიკა ტილოზე, მუყაოზე. 1940-იანი წლები. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “ხის მჭრელები”. 27x35. ტილო, ზეთი. მაისი 1974.  ATINATI-ს კერძო კოლექცია



ფელიქსს ბინა მონპარნასის რაიონში ჰქონდა დაქირავებული. აქ გაიცნო დანიელი მხატვარი ზირე ბინდერი, რომელზეც 1934 წელს დაქორწინდა. 1945 წელს, ფელიქს ვარლამიშვილი პარიზის „შემოდგომის სალონის“ წევრი გახდა. მას სალონში ნამუშევრების კონკურსის გარეშე გამოფენის უფლებაც მიეცა და შემდეგ ჟიურის წევრადაც აირჩიეს. 1947 წელს სახელმწიფომ მისი ნამუშევრები შეისყიდა. მაგრამ ახალგაზრდებს მაინც უჭირდათ და 1948 წელს წყვილი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ფელიქსი ავეჯის დეკორატორად მუშაობდა და მატერიალურად მომძლავრდნენ. ისინი პარიზში 1952 წელს დაბრუნდნენ. ფელიქსი „შემოდგომის სალონს“ დაუბრუნდა. მისი შემოქმედებით დაინტერესდა გალერეა „დრუანის“ მეპატრონე. ის ყიდულობდა და ფენდა ვარლას ნამუშევრებს. ასევე გაფართოვდა მისი კონტაქტი სხვა გალერეებთან როგორც პარიზში, ისე მის გარეთ. მის შესახებ არაერთ ჟურნალსა და გაზეთში დაიწერა. 1954 წელს, ვარლას ნამუშევრები პარიზის მუნიციპალიტეტმაც შეიძინა. მოგვიანებით, უკვე 1980-იან წლებში, ვარლას ყოველი გამოფენა წინასწარ მთლიანად გაყიდული იყო. დღესდღეობით მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გაფანტული.


ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “ვენეცია”. 53x65. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “ხედი სეგოვიაზე”. 46x55. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


საქართველოში ვარლამიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს მოეწყო. მხატვარმა 10 ნამუშევარი საქართველოს უანდერძა. ვარლას ერთგულმა მეუღლემ ყველა დაბრკოლება გადალახა, რათა საბჭოთა ბიუროკრატიის პირობებში ამ ნამუშევრებს საბოლოოდ შ.ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში დაედოთ ბინა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით შეკრიბა მუზეუმმა მის ფონდებსა და საქართველოში, კერძო კოლექციებში არსებული ყველა ნამუშევარი, რომლებიც აღნიშნულ ათ ნამუშევართან ერთად გამოიფინა ჯერ თბილისში და შემდეგ ქუთაისში.

ვარლას შემოქმედებაში ერთმანეთს შეერწყა საქართველოში მიღებული პროფესიული ცოდნა, სამშობლოდან „წაღებული“ მოგონებები, და საზღვაგარეთ მიღებული ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მხატვარი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხატავდა სცენებს, რომლებიც მოგონებას უფრო ჰგავს, ფიქრივით უფრო არის და ნატურის აღწერას არასოდეს წარმოადგენს, თუმცა თავად გამოსახულებები რეალურად აღქმადია. სურათებში ადამიანები თითქოს მიწას წყდებიან. ოდნავ წელში მოხრილნი, ვერტიკალურად განზიდულნი, გრძელი კიდურების დამახასიათებელი პლასტიკით, მსგავსი სახეებით, უბრალო სამოსით, რომლის ნაკეცები ხაზს უსვამს სხეულის აღნაგობას, განყენებული მზერით - ისინი ვარლას მხატვრული სამყაროს მოქმედი პირები არიან. დამახასიათებელია პირობითი ფერები: ოქროსფერი წყალი, ოქროსფერი ცა, წითელი ნაპირი, ლურჯი თმები…- თითქოს სიზმარში ნანახი სცენები ღრმა ლირიზმის, სევდის მატარებელია.


ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “საუზმე”. 41x33. ზეთი ტილოზე. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “საფო”. 41x33. ტილო, ზეთი. 1960-იანი წლები. ATINATI-ს კერძო კოლექცია



კომპოზიციებისთვის დამახასიათებელი რიტმი და მელოდიურობა ვარლას ადრეულ ნამუშევრებშიც გამჟღავნებულია, მაგრამ მისი მხატვრული სტილი, რომელსაც დღეს შეუცდომლად ამოვიცნობთ, საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი კომპოზიციები იბადება მხატვრის შინაგანი განწყობიდან. მათში იკითხება ბუნებისა და ადამიანების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება, ნოსტალგიის ღრმა გრძნობა. ვარლა ფერებითა და ხაზებით თხზავდა სურათებს, რომლებიც ლექსებთან ან მუსიკალურ ჩანახატებთან ასოცირდება.