menu

დიმიტრი შევარდნაძე

აღარავინ დაობს იმაზე, რომ ეპოქებს უდიდესი პიროვნებები ქმნიან, ტიტანები, რომლებიც თავიანთი მხრებით ზიდავენ მძლავრ ეპოქათა ქარტეხილიან ბედისწერას. აზრთამპყრობელნი მეოცე საუკუნესაც არ აკლდა, თუმცა ამ საუკუნემ ყველაზე მეტად, სწორედ გამორჩეულ პიროვნებებს მოუვლინა მრავალი განსაცდელი. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი, ქართული კულტურის მებაირახტრე დიმიტრი შევარდნაძე გახლდათ.



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937). 1912 წ. (საქართველოს ეროვნული მუზეუმი - შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი)


"მე არაფრის მეშინია, რადგან ბრალი არაფერში მიმიძღვის" ამ სიტყვებით გამოეთხოვა 1937 წლის 10 ივნისს, თავის უახლოეს მეგობარს - მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი დიმიტრი შევარდნაძე. ამ საბედისწერო დღეს საქართველოს იმჟამინდელი უმაღლესი ხელისუფლების სანქციით დააპატიმრეს და სულ მალე, როგორც "ხალხის მტერი" დახვრიტეს ადამიანი, რომლის "დანაშაულიც" მხოლოდ ის იყო, რომ მან თავისი სიცოცხლე ქართული კულტურის სამსხვერპლოზე მიიტანა.


ალექსანდრე წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე. 1930წ


დიმიტრი შევარდნაძემ, თავისი ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად აქტიური მოღვაწეობით, ისეთი ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კულტურის განვითარებას, რომ დღეს ქართული ხელოვნების ისტორია წარმოუდგენელია ამ არაჩვეულებრივი პიროვნების ნაღვაწის გათვალისწინების გარეშე. დიმიტრი შევარდნაძე იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დამაარსებელი, ეროვნული სამხატვრო გალერეის შექმნის ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის - “მეტეხის” დაარსების სულისჩამდგმელი და პირველი დირექტორი. სწორედ მის ბაზაზე შეიქმნა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. მის სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის სამუზეუმო კოლექციის შექმნა და მისი შემოქმედების ფართოდ პოპულარიზაცია. დიმიტრი შევარდნაძე იყო აგრეთვე საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან ასევე დიდი ღვაწლი დასდო სამხატვრო აკადემიის დაარსებას.  


საქართველოს სურათების ეროვნული გალერეის - ახალი ქართული ხელოვნების დარბაზი; სემ-ხელოვნების მუზეუმი



თბილისის სამხატვრო აკადემია


დიმიტრი შევარდნაძე დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს სოფელ - ბახვში (ოზურგეთის რაიონი). ბახვის პირველდაწყებითი სასწავლებლის შემდეგ, ქუთაისის რეალურ გიმნაზიაში წარმატებით აგრძელებს სწავლას, ამ სასწავლებლის კედლებში გამჟღავნებული ცოდნის დაუფლების წყურვილი და ხატვის განსაკუთრებული ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სასწავლებლის პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგებს, რომელთაც 1906 წელს, რეკომენდაცია გაუწიეს მომავალ მხატვარს ჭიათურის მანგანუმის დამამუშავებელი შავი ქვის საბჭოს წინაშე, რათა მათ მატერიალური მხარდაჭერა აღმოეჩინათ დიმიტრი შევარდნაძისთვის მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში შემდგომი პროფესიული დაოსტატებისთვის. სწორედ ამ საბჭოს დავალებით შეასრულებს მხატვარი ჭიათურის ეკლესიის კანკელის მოხატულობას. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას და სამშობლოში დაბრუნების შემდგომაც.


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ჭიათურის სამთო - ტექნიკური სასწავლებლის კანკელის ესკიზები


დიმიტრი შევარდნაძის შემოქმედებისათვის განმსაზღვრელი აღმოჩნდა პორტრეტული ჟანრი. განსაკუთრებით ავტოპორტრეტი იზიდავდა, როგორც საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საუკეთესო საშუალება. 


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) “ავტოპორტრეტი” 1910 წ. 42x35, ტ.ზ. (სემ - ხელოვნების მუზეუმი)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) “ავტოპორტრეტი” 1916 წ. 38x46, ტ.ზ. (სემ - ხელოვნების მუზეუმი)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) “ავტოპორტრეტი” მეგობართან ერთად (ფრაგმენტი) 33x51, მუყაო,ზ. (სემ - ხელოვნების მუზეუმი)


ავტოპორტრეტების სერიაში, საკუთარი ეგოს სხვადასხვა სიტუაციაში გამოვლენა კი, დაეხმარა მხატვარს უკეთ შეეგრძნო და საერთო ნაცრისფერი მასიდან ამოერჩია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის მქონე პიროვნებანი, გაეხსნა სხვადასხვა ხასიათი. 


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ქალი მოსასხამით, 70x47, ტ.ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) მოხუცი ,1908, 63x46, მუყაო,.ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) მხატვარი მოლბერტთან. 34x27, მუყაო,ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


მიუნხენში მხატვრის მიერ შესრულებული ბავარიელ მშრომელთა, მიწაზე მომუშავე მამაკათა მზისგან დამწვარი სახეები მჟღერი, კონტრასტული 

ფერთა გამით და ლაღი კომპოზიციური გადაწყვეტით, ოპტიმისტურ განწყობას ამკვიდრებენ.  


 

დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ბავარიელი, 19.5 x31.5, მუყაო.ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


ოდნავ განსხვავებულია ბავარიელ ქალთა პორტრეტული გალერეა. დიმიტრი შევარდნაძე ყურადღებას მათ გულღია, ზოგჯერ მიამიტ გამომეტყველებაზე, მათი თვალების ნათელ მზერასა და სხეულის სისხლსავსე ფორმებზე ამახვილებს. აღნიშნული პორტრეტების კომპოზიციური აგების სისადავე, თავშეკავებული, ნატიფი ფერწერა, ფაქტურის დამუშავება და ფორმათა მოდელირება მხატვრის მიერ მიუნხენში შეთვისებულ აკადემიზმზე მეტყველებს. (ასეთია: "ახალგაზრდა ბავარიელი ქალის პორტრეტი", "ქალი წნული თმით", "ბავარიელი შუახნის ქალბატონი").  


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ბავარიელი ქალი, 1914 წ. 50x34, ტ.ზ. (სემ.ხელ მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ბავარიელი ქალი მძივებით, 50x34, მუყაო,ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


მხატვრის მიერ ცხოვრების პოეტური შეგრძნების უნარი გამოჩნდა პორტრეტულ ეტიუდებში, რომლებიც დაწერილია მღელვარე, 

უშუალო განცდით. იმპრესიონისტულ, წუთიერ შთაბეჭდილებათა ასეთ აღქმას ხელს უწყობს ფერთა პალიტრის ერთგვარი სიმსუბუქე. 

ფერი მდიდარი ნიუანსებით, მსუბუქი ტონალური გადასვლებით გამჭვირვალებას ანიჭებს მხატვრის მიერ ამ ეტიუდებისათვის შერჩეულ 

საერთო კოლორიტს.



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) „ქალი საკერავით 50x39, ტ,ზ. (სემ - ხელოვნების მუზეუმი)


მიუნხენში მყოფი დიმიტრი შევარდნაძე, ბუნებრივია, ინტერესდება იმ მოდერნისტული ტენდენციებით, რომლებშიც საინტერესო ასახვა ჰპოვა პოსტიმპრესიონიზმის, კერძოდ კი, სეზანის მხატვრულმა გამოცდილებამ ასეთია, დიმიტრი შევარდნაძის ნატურმორტების სერია.


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ნატურმორტი, 62x70, ტ.ზ. (სემ.ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ნატურმორტი, 40x50, ტ.ზ. (სემ. ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) შემოდგომა,24x17, მუყაო,ზ. (სემ.ხელ. მუზ.)


ხოლო, პეიზაჟის ჟანრში გამოხატულება ჰპოვა ფოვიზმთან ნიშანდობლივმა ინტენსიურმა ფერადოვნებამ. ბოლოს ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელმა ფორმათა დეფორმაცია-უტრირებამ კი, ორიგინალური ასახვა ჰპოვა ფერწერულ კომპოზიციაში „მსახიობი-არლეკინი“.



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) არლეკინი, 52x36, მუყაო,.ზ. (სემ.ხელ. მუზ.)  


შემოქმედებითი დაოსტატების მისაღწევად მხატვარი ბევრს მუშაობდა შიშველი ნატურების გამოსახულებათა სერიაზე. მუყაოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ ეტიუდებში დიმიტრი შევარდნაძე ეძებს სხეულის პლასტიკის გადმოცემის სხვადასხვა ხერხს, ხან კონურული ხაზი მკვეთრად გამოჰყოფს ფონიდან სხეულის ფორმებს, ხანაც ფუნჯის თხელი, მსუბუქი გრადაციით ერწყმის ფონს.                                   


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ნიუ, 66x56, ტ.ზ. (სემ. ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) შიშველი ნატურა, 68x49, მუყაო,ზ.


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) შიშველი ნატურა. 69x51, მუყაოზე, ზ. 1914. ATINATI-ს პირადი კოლექცია


1914 წელს, დიმიტრი შევარდნაძე სამშობლოში ბრუნდება და 1916 წელს, მხატვართა პირველი პროფესიული კავშირის ჩამოყალიბებასთან და ფართოდ გაშლილ საზოგადოებრი მოღვაწეობასთან ერთად, აქტიურ შემოქმედებით საქმიანობასაც აგრძელებს. 1918 წელს განეკუთვნება მათემატიკის 

მასწავლებლის კონსტანტინე ვასილიევის რეალისტური პორტრეტი. ამავე წლებში შესრულებული უფრო ღია, ნათელი კოლორიტით რომანტიკული 

ელფერის ქალთა პორტრეტები. 


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) მათემატიკის მასწავლებელი კ. ვასილიევი, 1918 წ. 128x78, ტ.ზ. (სემ.ხელ.მუზ)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ქალი ეროვნულ სამოსში. 72x53, ტ.ზ. (სემ-ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ლიდა ჯაფარიძის პორტრეტი. 49x39, ტ.ზ. (სემ.-ხელ. მუზ.)


ასევე, ფაქიზად არის დამუშავებული გრაფიკული პორტრეტები. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ გრაფიკული ჩანახატები მხატვრისათვის უძვირფასესი 

ადამიანის და ზოგადად, ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი პორტრეტისტი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის გამოსახულებებით.  


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ტახტზე მჯდომარე ქალი (ქეთევან მაღალაშვილი) 1916, 63x48, ქაღალდი, ნახშირი. (სემ.ხელ. მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ტახტზე წამოწოლილი ქალი (ქეთევან მაღალაშვილი) 63x48, ქაღალდი, ნახშირი. (სემ.ხელ. მუზ.)


1918 წელს, როდესაც საქართველოს ნანატრი დამოუკიდებლობის ხანა დაუდგა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობა 

მიეცა, დიმიტრი შევარდნაძემ შეასრულა ივანე ჯავახიშვილის დაკვეთით თბილისის ახლადგახსნილი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ემბლემა და 

ბეჭედი, რომლის მხატვრული გადაწყვეტა დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. 



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. 1918წ. (სემ.ხელ.მუზ.)


აღსანიშნავია, ისიც, რომ დიმიტრი შევარდნაძის ესკიზებით შესრულდა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცთა ფორმები, დამოუკიდებელი საქართველოს 

ფასიანი ქაღალდების და საფოსტო მარკების დიზაინი.



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ქართული ეროვნული ფულის ნიშნები და საფოსტო მარკები. 1918-1921 წწ (კერძო კოლ. ვარაზაშვილების)


დიმიტრი შევარდნაძის გრაფიკული ნაწარმოებების შესახებ საუბარი არ შეიძლება იმ უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი დაკვეთის გათვალისწინების 

გარეშე, რომელიც ქართული შრიფტის რეფორმასთან არის დაკავშირებული.1925 წელს მხატვარი, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის 

დავალებით, იწყებს ქართული შრიფტის რეფორმაზე მუშაობას.  



დიმიტრი შევარდნაძის (1885-1937) მიერ შექმნილი ქართული შრიფტი


ოცდაათიან წლებს განეკუთვნება არა მარტო მხატვრისათვის, არამედ ქართული კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი სცენოგრაფიული 

და კინო დაკვეთები, რამაც კიდევ ფრო გაუთქვა სახელი დიმიტრი შევარდნაძეს.


1924 წელს, როდესაც ქართული თეატრის რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მას შესთავაზა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერის” 

განახლებული დადგმისათვის დეკორაციების და კოსტიუმების ესკიზების შესრულება, მხატვარმა ისტორიზმის პრინციპის დაცვით, შუასაუკუნეების 

ქართული და აღმოსავლური სტილისტური ელემენტების ურთიერთ შეჯერებით უაღრესად საინტერესო მხატვრული გადაწყვეტა მოუძებნა საოპერო 

წარმოდგენას. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერის ერთ-ერთი ესკიზი 1925 წელს წარმოდგენილი ყოფილა დეკორატიული ხელოვნების პარიზის 

საერთაშორისო გამოფენის საბჭოთა პავილიონში. 


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) თეატრის ფარდის ესკიზი. 55x45 ქაღალდი, აკვარელი, გუაში.

(სემ. ხელ.მუზ.)


დიმიტრი შევარდნაძეს განუხორციელებია აგრეთვე, მელიტონ ბალანჩივაძის ოთხმოქმედებიანი ოპერის თამარ ცბიერის მხატვრული გაფორმება და 

დიმიტრი არაყიშვილის ოპერა "შოთა რუსთაველის "განახლებული დადგმის კოსტიუმების ესკიზები. აღსანიშნავია, დიმიტრი შევარდნაძისა და ლადო 

გუდიაშვილის თანამონაწილეობით შესრულებული სცენოგრაფია კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის პირველი ქართული პანტომიმისთვის “მზეთამზე”.   



დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) დედოფლის ტანსაცმლის ესკიზი („მზეთამზე“) 22x16, ქაღალდი, აკვარელი, გუაში. (კერძო კოლექცია)


დიმიტრი შევარდნაძე იმ ქართველ მხატვართა რიცხვში აღმოჩნდა, რომელნიც ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან იდგნენ. მას ეკუთვნის 

პირველი ქართული მხატვრული ფილმის “ქრისტინე”-ს (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა) მხატვრობა. 


დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) ესკიზი ფილმისთვის „ქრისტინე“(სემ-ხელ. მუზ.)


აგრეთვე, ამავე რეჟისორის მიერ ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი „ვინ არის დამნაშავე?" და ეგნატე ნინოშვილის ისტორიული რომანის "ჯანყი გურიაში" მიხედვით შექმნილი ფილმის მხატვრული გაფორმება. დიმიტრი შევარდნაძე იყო მხატვარი, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას 

მიერ, ალ. ყაზბეგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმისა „ელისო“. მხატვრისათვის საბედისწერო 1937 წელს დიმიტრი შევარდნაძე კვლავ 

დაუკავშირდა კინოს, ამჯერად იგი მიიწვიეს ალექსანდრე პუშკინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მხატვრული ფილმის „მოგზაურობა 

ერზურუმში" სამხატვრო კონსულტანტად. ეს იყო ბოლო აკორდი მხატვრის შემოქმედებისა, ვინაიდან საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დიმიტრი 

შევარდნაძე დააპატიმრეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მან არ მისცა საშუალება ლავრენტი ბერიას ამჟამინდელი თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობა მე-VI საუკუნის მეტეხის ტაძარი აეფეთქებინა. იმ ადგილას შოთა რუსთაველის გიგანტური ძეგლის დადგმის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს 

წინ უსწრებდა, დიდი პოეტის ხსოვნის პატივსაცემად მხატვრის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტი.    




დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) „შოთა რუსთაველი“22x17. ქაღალდი, ფანქარი, გუაში. 1936 (კერძო კოლექცია)


ამრიგად, მხატვრის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტერესთა მრავალგვარობით, პროფესიული დაოსტატებისაკენ სწრაფვით 

აღინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი შევარდნაძეს, როგორც ქართული კულტურის ჭეშმარიტ კულტურტრეგერს, საკუთარი შემოქმედებისათვის 

აღარც ეცალა,მაინც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მხატვრის შემოქმედებითი გზა ეს იყო საკუთარი შესაძლებლობების თანდათანობით გაღრმავების, ოსტატობის სრულყოფის შედეგად, კონკრეტული ცხოვრებისეული მასალის ღრმა ცოდნაზე დაფუძნებული, სამყაროს ფაქიზი, პოეტური აღქმა.