menu

სოლომონ გერშოვი

იყო ებრაელი მხატვარი საბჭოთა კავშირში და თანაც, არაოფიციალური მხატვრობის წარმომადგენელი, უკვე თავიდანვე ნიშნავს ცხოვრებისა და შემოქმედების დრამატულად განვითარების გარდუვალობას. ორმაგი იდენტურობა ყველა ებრაელი მხატვრისთვის არსებული მოცემულობა იყო და მათ მუდმივად უწევდათ ცხოვრების განსხვავებულ წესთან შეწყობა, განცდა იმისა, რომ ამ სივრცეში ისინი უცხონი არიან. 


1919 წელს ებრაელი ავანგარდისტი მხატვრები ისააჰარ-ბერ რიბაკი და ბარუხ არონსონი სტატიაში „ებრაული ხელოვნების გზები“ წერდნენ: „მხატვარი-მარტოსულია“. ეს ფრაზა საუკეთესოდ აღწერს სოლომონ გერშოვის ცხოვრებას. 


1906 წელს დვინში (ახლანდელი დაუგავპლისი, ლატვია), მორწმუნე ებრაელის მოვშე გერშოვის ოჯახში დაბადებული სოლომონი რელიგიურ ატმოსფეროში იზრდებოდა. გერშოვების სახლი სინაგოგისა და სასაფლაოს გვერდით იდგა და ბიჭუნა ყოველ დღე ადევნებდა თვალს სასაფლაოსკენ გაწელილ სევდიან პროცესიას. ცხოვრების ტრაგიზმის განცდა არც ვიტებსკში ოჯახის საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ განელებია. ებრაელთა დევნისა და მასობრივი მკვლელობის შესახებ მოგონებებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მხატვრის შემოქმედებაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით გამოვლინდა. „მახსოვს 40 მარხილი, რომლებზეც ჯვალოს ქვეშ ეწყო 1919 წელს თეთრების ბანდების მიერ სადღაც ვიტებსკის შემოგარენში დახოცილ ებრაელთა გვამები. თითქმის ერთ ვერსზე გაშლილ საზიდრების გრძელი მწკრივი, შეშინებული და ნაღვლიანი ებრაელების თანხლებით ზარუჩიეს სასაფლაოსკენ მიემართებოდა… არაფერი გადის უკვალოდ, განსაკუთრებით პიროვნების ჩამოყალიბების ხანაში, ერთი მეტად მოქმედებს, მეორე ნაკლებად.“ - წერდა მოგონებებში მხატვარი.


ხატვით სოლომონ გერშოვი ბავშვობიდან გატაცებული იყო, თუმცა ღრმადმორწმუნე მშობლები არ იწონებდნენ მის გატაცებას და ნახატებს ცეცხლის გასაჩაღებლად იყენებდნენ. როგორც თავად მხატვარი იგონებს, არა ბოროტი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ არ ესმოდათ ამ ნახატების მნიშვნელოვნება. გერშოვი ერთდოულად სწავლობდა რეალურ და სასულიერო სასწავლებლებში, სადაც რაბინობისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ხატვის სურვილმა გადაწონა და ვიტებსკში ცნობილ მხატვარ იუდელ პენის სკოლაში ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პენი აკადემიური სკოლის მიმდევარი იყო, სწორედ მასთან ყალიბდება ებრაელ მხატვართა ყველაზე ძლიერი ავანგარდული კერა, რომლის მიზანს უძველესი ებრაული კულტურის და ფოლკლორის ავანგარდის მხატვრულ ენასთან სინთეზი წარმოადგენდა. იუდაიზმი, როგორც მორალურ ფასეულობათა სისტემაზე დაფუძნებული კულტურული მოვლენა, ებრაელ მოდერნისტ მხატვართათვის პრიორიტეტული საწყისია. იუდეველისთვის, ათეული საუკუნის მანძილზე საკუთარი მიწიდან განდევნილისა და მისი მაძიებლისთვის, მთავარი გადარჩენა-დაღუპვის ესქატოლოგიური იდეაა. ებრაელ მოდერნისტ მხატვართა შემოქმედებაც ამ მხატვრული თუ სულიერი ფასეულობების მატარებელია. ისსახარ-ბერ რიბაკის, ბორის არონსონის, მარკ შაგალის, სოლომონ გერშოვის ნამუშევრებშიც სამყაროს მეტაფორული მსოფლაღქმა მისტიკურის, წარმოსახვისთვის, ზღაპრულობის გარსში ყოველდღიურობის გარდასახვა, ყოველი სიუჟეტის დატვირთვა რაღაც კიდევ უფრო მეტით, ვიდრე უბრალოდ სიუჟეტური მოტივია, რომელშიც უსაზღვრო სევდა, სიკეთე, ბავშვური გულწრფელობა იკვეთება, და კიდევ რაღაც ისეთი რაც ვერბალურად არ გამოითქმის, მნახველში ღრმა სულიერ სიმებს არხევს. ასე რომ, გერშოვმა ვიტებსკის თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში შესანიშნავი სამხატვრო სკოლა გაიარა, სხვა დიდ მხატვრებთან ერთად რობერტ ფალკი, კაზიმირ მალევიჩი და მარკ შაგალი ასწავლიდნენ. 1922 წელს გერშოვი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში მიემგზავრება და მხატვართა წამახალისებელი საზოგადოების სკოლაში სწავლობს, 1925-1927 წლებში კი პავლე ფილონოვის „ანალიტიკური ხელოვნების“ სკოლაში, თუმცა გერშოვს ფილონოვის „გაკეთებული სურათებისგან“ სრულიად განსხვავებული მხატვრული ხედვა ჰქონდა და სკოლიდან გარიცხეს კიდეც.


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “დილა”. 27.5x21.5. ქაღალდი, გუაში. 1970


გერშოვს მოუწია სახელისა და გვარის შეცვლა (საბჭოთა პასპორტში სოლომონ მოსეს ძე ალექსანდრე მიხეილის ძედ ეწერა.) ასევე რუსული ენის შესწავლა. თუმცა იდიშს ბოლომდე სრულყოფილად ფლობდა.


ის ბევრს მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში, პეტერბურგში მისი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, მაგრამ 1932 წელს  გერშოვი დააპატიმრეს და კურსკში გაასახლეს. ჩხრეკის დროს მისი სახლიდან წაღებული ნამუშევრები ავტორს აღარც დაბრუნებია. ცხოვრების ამ დრამატულ ქარტეხილებში გერშოვი მარტო არ იყო, კურსკში გადასახლებულთა შორის მემარცხენე პოეტები დანიილ ხარმსი და ანატოლი ვედენსკიც იყვნენ. საბჭოთა მხატვრის, იოსებ ბროდსკის, დახმარებით გერშოვი ლენინგრადში დაბრუნდა. მან უარი თქვა სახელისუფლო სტრუქტურების შეთავაზებაზე თანამშრომლობის შესახებ და მეგობრის რჩევით საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც საკმაოდ წარმატებული შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. გერშოვის მხატვრული გემოვნების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა რობერტ ფალკმა, რომელიც დიდ მხატვართან ერთად გამორჩეული ერუდიტი იყო. ათწლეულების მანძილზე ის რჩებოდა ავანგარდის პირველი ტალღის მომქმედ მხატვრად. 


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “ცირკში”. 29.5X25. ქაღალდი, გუაში. 1970


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “ცეკვა”. 29.5X25. ქაღალდი, გუაში. 1970


მიუხედავად იმისა, რომ გერშოვმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო და სამხედრო გაზეთშიც მუშაობდა 1948 წელს მეორედ დააპატიმრეს. გერშოვმა ცხრა წელი ვორკუტისა და ინტის შახტებში გაატარა. ტრაგიკული იყო რომ გერშოვის ოჯახმა უარი თქვა მასზე. სოლომონ გერშოვის სურათები მისი სახლიდან ისევ გაქრა. ამიტომ ძალიან რთულია მსჯელობა მის ავანგარდულ ნამუშევრებზე, თუმცა საფიქრებელია, რომ რადიკალური ავანგარდული ძიებებისგან შორს იყო და რეალური სამყაროს ცნობადობას ნამუშევრებში მუდამ ინარჩუნებდა. ბანაკებში გერშოვი ხატავდა ყველაფერზე რაც კი ხელთ მოხვდებოდა, ყუთების ნაგლეჯებზე, იაფფასიან ქაღალდზე და შპალერის ნაგლეჯებზე. უმეტესად ეს რეპრესიების მსხვერპლთა პორტრეტები იყო. ხატვა მისთვის იყო ბრძოლა სამყაროსთან, რომელიც მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას ართმევდა. ის სამყარო/საბჭოთა სისტემა, თავად აწესებდა ნორმას და სჯიდა მას ვინც  განსხვავებულად აზროვნებდა. ეს, ზოგადად, სხვაგვარად მოაზროვნე ან ოდნავ თავისუფალი ხალხის ბედი იყო საბჭოთა კავშირში. ის, რაც მათ აერთიანებდა. ზოგი მორალურად ეცემოდა, გერშოვმა კი შეძლო ამდენი დარტყმის ატანა. „არ წარმომედგინა რომ ყველაფერი ეს ჩემს თავს ხდებოდა. საკუთარ თავს გვერდიდან ვუცქერდი“- დაწერა მხატვარმა მოგონებებში, მაგრამ არსად წასულა სევდის შეგრძნება, რომლითაც მთელი მისი შემოქმედებაა გაჟღენთილი.  


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “ბაბელის მოთხრობის ილუსტრაცია”. 20X18.5. ქაღალდი, გუაში. 1970


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “ბეთჰოვენი და ჯულიეტა გვიჩარდი”. 68x58. ქაღალდი, ტემპერა. 1977


1956 წელს „ხრუშჩოვის ლიბერალიზაციის“ შემდეგ გერშოვი გადასახლებიდან ლენინგრადში დაბრუნდა და უკვე მერამდენედ მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება. მისი ნამუშევრების თემატიკას წარმოადგენდა ებრაული დღესასწაულები, ვიტებსკის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, ბიბლიური თემები, რომლებსაც ახალ მხატვრულ სახეებად გარდაქმნიდა. პორტრეტები, პეიზაჟები, ბალეტი, ცირკი მისი ცხოვრების, შთაბეჭდილებების, განცდების ფერწერული რეალიზებაა. შთაგონების წყარო იყო აგრეთვე შოსტაკოვიჩის მუსიკა. კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული და მცოდნე გერშოვი ხშირად გამოსახავდა დიდ კომპოზიტორებს პორტრეტების პერსონაჟებად (სერია ბეთჰოვენი, შოსტაკოვიჩი). გერშოვი იმპროვიზაციის ოსტატია. გამოსახულების გამარტივებულ, პირობით ფორმას გერშოვი უთანხმებს ფერწერულობასა და წერის ესკიზურ მანერას. მისი ნამუშევრები განწყობითი სტრუქტურა სამყაროს ემოციურ მსოფლაღქმას ემყარება. გერშოვი მუშაობს სხვადასახვა მასალით და ხშირად ერთმანეთს უთანხმებს ტემპერას, აკვარელს, გუაშს, ფოლგას, იაპონურ ქაღალდს. ექსპერსიულობას ხშირად აძლიერებს ფერწერული ზედაპირის ფაქტურულობაც.  მასალის სინთეზითა და ფერთა შეთანხმებით მხატვარი საოცარ გამომსახველობას აღწევს. ყველა მის ნამუშევარში გამოსჭვივის თვითმყოფადობა. „ებრაელი რომ არ ვყოფილიყავი, როგორც მე ეს მესმის, მხატვარიც არ ვიქნებოდი, ან სრულიად სხვაგვარი მხატვარი ვიქნებოდი“ - წერდა გერშოვი. მისი ნამუშევრები ცნობილი იყო ვიწრო წრისთვის, ეგ.წ. მოაზროვნე ინტელიგენციისთვის, მაგრამ სრულიად უცნობი ფართო საზოგადოებისთვის. გერშოვი ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში, მაგრამ მისი სახელი არასდროს ხვდებოდა პრესაში, არცერთი კრიტიკოსი არ განიხილავდა მის შემოქმედებას. ეს საბჭოთა ცენზურის ერთ-ერთი ხერხი იყო, თითქოს მხატვარი  საერთოდ არ არსებობდა.

ისევე როგორც ბევრი არაფორმალი მხატვრის შემთხვევაში გერშოვის სურათებიც დიპლომატიური გზებით, ჰერბერტ მარშალის დახმარებით, მოხვდა საზღვრებს გარეთ და მსოფლიოს ბევრ ქალაქში გამოიფინა. 


სოლომონ გერშოვის თვითმოყოფადი ხელოვნება განსხვავებული იყო. ის არ ეწერებოდა არც სოცრეალიზმში და არც სამოციანელთა თაობის მხატვრულ ძიებებში. გერშოვი თითქოს იყო მცირე რგოლი იმ ძალისმიერად გაწყვეტილ ჯაჭვში, რომელიც რუსულ ავანგარდსა და 1960-იანი წლების არაოფიციალურ ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშირებდა.


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “სამი გრაცია”. 70x68. ქაღალდი, ტემპერა. 1980



სოლომონ გერშოვი (1906-1989) “მოხუცი”. 29.5x25. ქაღალდი, გუაში. 1970


სოლომონ გერშოვს განსაკუთრებულად მჭიდრო მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოსთან. 1960-იან წლებში მხატვარი ერთხანს თბილისში ცხოვრობდა. ისევე როგორც ქართული მოდერნიზმის აყვავების ხანაში თბილისი იმ დროსაც რჩებოდა შედარებით თავისუფალ საარსებო სივრცედ. ქართული თემატიკა და მოტივები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მხატვრის ამ პერიოდის  შემოქმედებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციკლია. განწყობით, მსოფლაღქმით, ჰუმანიზმით მას ბევრი ჰქონდა საერთო დიდ ქართველ მხატვართან. საქართველომაც განსაკუთრებით შეიყვარა და დააფასა მხატვარი. გერშოვის შემოქმედების ყველა მკვლევარი აღნიშნავს მხატვრის განსაკუთრებულ სიახლოვეს საქართველოსთან. საქართველომ ყველაზე უკეთ გაიაზრა და მეტად დააფასა სოლომონ გერშოვი, როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი. ეს კი სრულიად ბუნებრივი იყო. მხატვრული ამოცანები, სახვითი ენის განახლების თვალსაზრისით, რომელიც 1960-იანი წლებიდან ქართული სახვითი ხელოვნების წინაშე იდგა თანმხვედრი იყო იმ მხატვრული პრინციპისა, რომლის გამომხატველი გერშოვის შემოქმედება და ცხოვრების გზაც იყო. 


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “კომპოზიცია ქართულ თემაზე”. 73x60. ქაღალდი, ტემპერა. 1980


სოლომონ გერშოვი (1906-1989) “ქართული ნატურმორტი”. 60x82,5. ქაღალდი, ტემპერა. 1970


1970-იანი წლებიდან თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე გამოფენა მოეწყო, მათ შორის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც. ამ გამოფენების შედეგად დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და კერძო კოლექციებში მხატვრის ბევრი ნამუშევარია დაცული.