ლადო გუდიაშვილი (1896-1980) ქართული მოდერნისტული მხატვრობისა და თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება ორიგინალური ხედვითა და თვითმყოფადი ხელწერით გამოირჩევა. ლადო გუდიაშვილი დაიბადა და გაიზარდა XIX-XX საუკუნეთა მიჯნის მულტიკულტურული თბილისის ისტორიულ უბანში. 1910 წელს გუდიაშვილმა ჩააბარა კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების თაოსნობით 1902 წელს თბილისში დაარსებულ ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, სადაც მისი მასწავლებელი თბილისელი მხატვარი, ცნობილი კარიკატურისტი ოსკარ შმერლინგი იყო. ფერწერისა და ხატვის პარალელურად, გუდიაშვილი იაკობ ნიკოლაძესთან ქანდაკებასაც ეუფლებოდა.

ლადო გუდიაშვილი. ავტოპორტრეტი. ტილო, ზეთი. 90x72. 1919. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა გუდიაშვილი მალევე ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი შემოქმედებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ინტენსიური და მოვლენებით დატვირთული პერიოდი, როდესაც მან სრულიად გამორჩეული მხატვრული სტილი განავითარა. ლადო გუდიაშვილის მხატვრული გემოვნებისა და ხედვის ჩამოყალიბებაზე 1910-იან წლებში თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ და ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა. 20 წლის ლადო გუდიაშვილი 1916 წელს დიმიტრი შევარდნაძის ინიციტივით დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი და თანადამფუძნებელი გახდა, 1916-1917 წლებში კი იგი აქტიურად ჩაერთო ქართული ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობისათვის ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ქართველ ხელოვნათა საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ მოწყობილ ექსპედიციებში, სადაც შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლები შეასრულა.

ლადო გუდიაშვილი. სამხრეთის ზღვის სიმფონია. ტილო, ზეთი. 90x72. 1919. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა - მწერალმა, მუსიკოსმა, პოეტმა, თუ მხატვარმა აირჩია საკუთარ თავშესაფრად თბილისი, რომელიც ნამდვილ საერთაშორისო ქალაქად გადაქცეულიყო. ცნობილია, რომ გუდიაშვილი ქართველ მოდერნისტ მხატვართა შორის ყველაზე აქტიურად ჩაება 1916-1919 წლების თბილისის უაღრესად ინტენსიურ მხატვრულ ცხოვრებაში და აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში დამკვიდრებულ ფუტურისტებთან. ავანგარდული ხელოვნების საკითხები იხილებოდა ლიტერატურულ წრეებში, სალონებში, არტისტულ კაფეებში, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა „ფანტასტიკური დუქანი“, „ქიმერიონი“, „არგონავტების ნავი“, „ფარშევანგის კუდი“, „იმედი“. 1917 წელს ლადო გუდიაშვილი ალექსეი კრუჩონიხისა და ილია ზდანევიჩის ინიციტივით დაარსებულ „ფუტურისტების სინდიკატს“ შეუერთდა. 1918 წლის დასაწყისშივე შედგა ჯგუფის პირველი გამოსვლა „იმედში“. ცნობილია, რომ მხატვრებმა „იმედის“ კედლის მხატვრობა კუბისტურ სტილში შეასრულეს. ლადო გუდიაშვილმა ცისფერყანწელებისა და ფუტურისტების კიდევ ერთი ხშირი შეკრების ადგილის, 1917 წელს გახსნილი „ფანტასტიკური დუქნის“ კედლებისა და ჭერის დიდი ნაწილიც მოხატა. 1919 წელს გუდიაშვილმა დავით კაკაბაძესთან, კირილ ზდანევიჩთან, ზიგა ვალიშევსკისთან და ამ დროს თბილისში მცხოვრებ სერგეი სუდეიკინთან ერთად კედლის მხატვრობით შეამკო ცნობილი არტისტული კაფე „ქიმერიონის“ კედლები. ლადო გუდიაშვილის პარიზამდელ მხატვრულ სტილთან დაკავშირებით კირილ ზდანევიჩი აღნიშნავდა, რომ გუდიაშვილმა შეძლო შემოქმედებითად გადაემუშავებინა და საკუთარი მხატვრული აზროვნებისა და სტილისათვის დაექვემდებარებინა ქართული ფრესკის ფერწერაც, ფიროსმანის ფერწერაც და რუსული და ევროპული მოდერნიზმის მიღწევებიც.

ლადო გუდიაშვილის მოხატული კედელი, "კაფე ქიმერიონი"

ლადო გუდიაშვილი. Ortatchala Guests. ტილო, ზეთი. 1921. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
შეიძლება თამამად ითქვას, რომ 1920 წლის იანვარში პარიზში ჩასულ ლადო გუდიაშვილს უკვე სრულიად ჩამოყალიბებული, მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული სტილი ჰქონდა და მან მალევე მიიპყრო ყველაზე ცნობილ ხელოვნების კრიტიკოსთა ყურადღება. ლადო გუდიაშვილის პარიზული ცხოვრება ძალიან დატვირთული იყო. ის იოლად შეეთვისა მსოფლიოხელოვნების იმდროინდელ დედაქალაქს, მალევე დაამყარა შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა პარიზში ჩასულ და დამკვიდრებულ მხატვრებთან, პოეტებთან, მწერლებთან, მსახიობებთან.

ლადო გუდიაშვილი. პარიზელები. ტილო, ზეთი. 42x28. 1921. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
1920 წლის დეკემბერში ლადო გუდიაშვილის სურათები გამოიფინა „შემოდგომის სალონში“ (Salon d’ Automne), რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა. 1920 წლის ფრანგულ გაზეთებში მის შემოქმედებაზე არაერთი დადებითი რეცენზია დაიწერა. მომდევნო წლებშიც გუდიაშვილი მონაწილეობდა როგორც საშემოდგომო სალონის ასევე, „დამოუკიდებლების სალონის“ (Les independents) გამოფენებში. მისი ნაწარმოებები გამოიფინა მარსელში, ლიონში, ხოლო საფრანგეთს გარეთ: რომის, ბრიუსელის, ამსტერდამის, ბერლინის, ნიუ-იორკის დარბაზებში, ხოლო 1922 და 1925 წლებში „ლა ლიკორნისა“ (La Licorne) და ბილიეს (Joseph Billiet) გალერეებში გუდიაშვილის პერსონალური გამოფენები გაიხსნა.

ლადო გუდიაშვილი. "ცაფე რუო". ქაღალდი, ფანქარი. 20x14. 1917. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
მისი შემოქმედების შესახებ წერდნენ ანდრე სალმონი და მორის რენალი. 1910-20-იან წლებში საქართველოსა თუ საფრანგეთში შექმნილი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნაწარმოებები სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილის ჩანაფიქრთა არაჩვეულებრივ განხორციელებას ადასტურებს. მის შემოქმედებას, რომლის წარმმართველი, არსებითი თვისება – ხაზის მეტყველება და დეკორატიულობის სიყვარული – უდავოდ ქართული კედლის მხატვრობიდან, განსაკუთრებით კი, გვიანი ხანის ქართული და სპარსული მინიატურებიდან მომდინარეობს, მრავალი წყარო ასაზრდოებს.

ლადო გუდიაშვილი. ქრისტინე. ტილო, ზეთი. 137x107. 1919. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
გუდიაშვილის მხატვრობის ორიგინალურობის ერთ-ერთი ნიშანი თბილისური ბოჰემის თემის თავისებური, მახვილად მონახული ინტერპრეტაციაა. მიზანმიმართულად მუქ კოლორიტში გადაწყვეტილი, დანაწევრებული, კუთხოვანი, ზოგჯერ აყირავებული სიბრტყეებითა და ექსპრესიული, მრავალგვარად გამოყენებული ხაზით შექმნილი უტრირებული, გროტესკული გარემო, თითქოს ანალიტიკური კუბიზმისათვის სახასიათო ნიშნებსაც შეიცავს. გუდიაშვილის ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმი და ალეგორიზმი მას ყველაზე მეტად ქართველ სიმბოლისტ პოეტებთან - „ცისფერყანწელებთან“ ანათესავებს, სიზმრისეულ-ფანტასტიკური პერსონაჟები და გარემო კი დაკავშირებულია, როგორც ქართულ ფოლკლორთან, ზღაპართან, ასევე მხატვრის გამონაგონთან, თავისუფლად გამოვლენილ ინტუიციასა და სიურეალისტურ ხილვებთან. მხატვრის ნამუშევართა გარკვეულ ნაწილში ჭარბობს ლოკალური სიბრტყეები, ორნამენტული ხაზი, სპარსული მინიატურისადმი გამოკვეთილი ინტერესი.

ლადო გუდიაშვილი. ნატურა. ქაღალდი, ფანქარი. 25x121. 1920-იანები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
ლადო გუდიაშვილი. ნატურა. ქაღალდი, ფანქარი. 30x18. 1920-იანები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
ყოველივე ამასთან ერთად, გუდიაშვილის კომპოზიციების საერთო დეკორატიული გადაწყვეტა, ფორმათა გაზვიადება და ეროტიკულის პოეტიზირება ესადაგება ავანგარდულ, მხატვრულ მსოფლმხედველობასა და გემოვნებას.

ლადო გუდიაშვილი. ბრუნიკელი. ქაღალდი, აკვარელი. 34x25. ეს ნამუშევარი ეკუთვნის ATINATI-ს კერძო კოლექციას

ლადო გუდიაშვილი. სოფელი ბრუნიკელი. ქაღალდი, აკვარელი. 35x26. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
დიდი წარმატებისა და მისი შემოქმედების აღიარების მიუხედავად, 1925 წლის მიწურულს მხატვარმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. არა მხოლოდ პარიზელი მეგობრები, არამედ გალერისტებიც ურჩევდნენ მას დარჩენას, მაგრამ მან მაინც დატოვა პარიზი. 1926 წლის აპრილში, თბილისში რუსთაველის თეატრში მოეწყო ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, სადაც პარიზიდან ჩამოტანილი სურათები გამოიფინა. ეს თითქოს საანგარიშო გამოფენა იყო იმ ხელოვანთა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა წინაშე, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და პარიზში მოღვაწეობის საშუალება მისცეს. კიდევ ცოტა ხანს შეძლო ლადო გუდიაშვილმა, საქართველოში საბჭოთა ცენზურის საბოლოო დამკვიდრებამდე, მისთვის სახასიათო მოდერნისტულ სტილში მუშაობის გაგრძელება. საბედნიეროდ, ლადო გუდიაშვილი და მისი მოდერნისტული შემოქმედების საკმაოდ დიდი ნაწილიც, გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს. ლადო გუდიაშვილის 1910-20-იანი წლების განუმეორებელ ნამუშევრებს, შექმნილს თბილისსა და პარიზში, განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მხატვრულ მემკვიდრეობაში.