ირაკლი გამრეკელი (1894-1943) იყო ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თეატრისა და ფილმის ცნობილი მხატვარი, ფუტურისტი და კონსტრუქტივისტი.მხატვარი 1894 წლის 17 მაისს დაიბადა გორში, მღვდლის ოჯახში. მან საწყისი განათლება სასულიერო სასწავლებელში მიიღო. არსებითად თვითნასწავლი მხატვარი, ის როსტოვსა და ოდესაში სამედიცინო ინსტიტუტებშიც სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან მხატვრობა ჩათვალა თავის ძირთად მოწოდებად.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). გრიგოლ რობაქიძის პიესის - "ლონდა" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1923. ქაღალდი, გუაში, 25.5x35.5. შ.რუსთაველის თეატრი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. შ.რუსთაველის თეატრის მუზეუმი

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ერნსტ ტოლერის პიესის - „კაცი - მასა" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1923. ქაღალდი, გუაში, 19x22. შ. რუსთაველის თეატრი, რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი და მიხეილ ქორელი. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ერნსტ ტოლერის პიესის - „კაცი - მასა" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1923. ქაღალდი, გუაში, 18x24. შ. რუსთაველის თეატრი, რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი და მიხეილ ქორელი. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი
ირაკლი გამრეკელმა პირველი ნამუშევრები წიგნის გრაფიკის განხრით შექმნა და ალბათ მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე თეატრის მხატვრად ჩამოყალიბდებოდა. მის მიერ 1921 წელს ოსკარ უაილდის “სალომეს” მიხედვით შექმნილი კომპოზიციები წარმოგვიდგენენ ფიგურებს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ექსპრესიულ შინაგან განცდებს. ისინი თავის თავში აერთიანებენ სიმბოლიზმის, არტ ნუვოს და ექსპრესიონიზმის ნიშნებს. გასაკვირი არ არის, რომ რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა, რომელიც ქართული თეატრის მოდერნიზებას და ექსპრესიონისტული თეატრის შექმნას ისახავდა მიზნად, ყურადღება მიქცია ირაკლი გამრეკელის ნამუშევრებს და 1922 წელს ის თეატრში მიიპატიჟა. ეს თვითნასწავლი მხატვარი მანამდე ოდესაში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მხატვრობა იყო მისი მოწოდება. მარჯანიშვილთან შეხვედრამ განაპირობა, რომ ადრეული ნამშევრებიდან განსხვავებით, ამიერიდან გამრეკელი ძირითადად სათეატრო დეკორაციებს ქმნიდა და შედარებით იშვიათად ხატავდა ნახევრადაბსტრაქტულ პორტრეტებს.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ფრანც ვერფელის პიესის - "SPIEGELMENSCH" ("კაცი სარკეში") - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1924. მუყაო, გუაში, 32x41. შ.რუსთაველის თეატრი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ფრანც ვერფელის პიესის - "SPIEGELMENSCH" ("კაცი სარკეში") - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1924. შ.რუსთაველის თეატრი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, 25,5x35,5. ATINATI-ს კერძო კოლექცია
პირველივე სათეატრო ნამუშევარში, რომელიც ასევე უაილდის “სალომეს” მიხედვით დადგა მარჯანიშვილმა (1922), გამრეკელმა სცენაზე გადაიტანა თავისი გამოცდილება ექსპრესიონიზმის განხრით. ეს გამოცდილება ასევე ზუსტად მოერგო გრიგოლ რობაქიძის სიმბოლურ-ექსპრესიონისტული პიესების მიხედვით განხორციელებულ სპექტაკლებს - “ლონდა” და “მალშტრემი” (მეორე - კირილე ზდანევიჩთან ერთად). იმ წლებში მთელ მსოფლიოში თეატრიდან იდევნებოდა უკანა “მორიგე” ფერწერული პანოები, რომლებიც ქმნიდნენ სპექტაკლის ფონს. მათ ნაცვლად იქმნებოდა ნაგები - კონსტრუქტივისტული დეკორაციები, რომელნიც მოქმედების შესატყვის გარემოს ქმნიდნენ და არა ბრტყელ დეკორატიულ ფონს. ეს მსახიობს სამგანზომილებიან გარემოში უფრო თავისუფლად მოძრაობის და რთული პლასტიკური ამოცანების გადაწყვეტის საფუძველს უქმნიდა. ამგვარი სამუშაო, მხატვრისგან სივრცით, არქიტექტურულ აზროვნებას ითხოვდა. მას სცენაზე, ერთსა და იმავე დროს, კონკრეტული და აბსტრაქტული პირობითი გარემო უნდა შეექმნა. ჩამოთვლილ მიმდინარეობებთან ერთად, გამრეკელმა კუბიზმის, კუბო-ფუტურიზმის, რაც მთავარია, კონსტრუქტივიზმის, ხერხებიც გაიაზრა და მრავალი მიმდინარეობის გათვალისწინებით, საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა. როგორც მარჯანიშვილისთვის, ისე შემდგომ სანდრო ახმეტელისთვის, გამრეკელი შეუდარებელი თანამოაზრე იყო. ის ქმნიდა სცენოგრაფიულ კონსტრუქციებს, რომლებიც სწორედ პიესის შესატყვისად გარდაქმნიდნენ სცენის ფიცარნაგს და მოქმედების შინაარსიდან ამოიზრდებოდნენ.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ორი კომპოზიცია სერიიდან "ცირკი." 1924. ლითოგრაფია, 26.5x19. შ. რუსთაველის თეატრის მუზეუმი

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ანატოლი გლებოვის პიესის - "ზაგმუკი" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის კოსტუმის დიზაინი. 1926. ქაღალდი, ფანქარი და გუაში, 17x11. შ.რუსთაველის თეატრი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). გეორგი ვენეციანოვის პიესის - "ჯუმა მაშიდი" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1928. ქაღალდი, მუყაოზე, აკვარელი და ინდური მელანი, 29.5x40. რუსთაველის თეატრი, რეჟისორი კუკური (ივანე) პატარიძე. კერძო კოლექცია

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ბორის ლავრენიოვის პიესის - „ბრალი“ - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1928. ქაღალდი, აკვარელი და ფანქარი, 41x48. რუსთაველის თეატრი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი. შ. რუსთაველის თეატრის მუზეუმი
ამასთან, მის მიერ შექმნილი განზოგადებული სივრცე სპექტაკლის რეჟისორის ხედვას პასუხობდა. მსახიობებს კი, მის მიერ შექმნილი სასცენო დანადგარები საფუძველს უქმნიდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ სხეულის პლასტიკით და ერთმანეთთან რიტმული ურთიერთქმედებით აესახათ რეჟისორის მიერ დასახული ამოცანა. გამრეკელის ესკიზები, სპექტაკლების სცენების შემორჩენილი ფოტოები და მცირე კინომასალა მეტყველებს, თუ როგორ ეხმარებოდა მხატვარი რეჟისორსა და მსახიობს დასახული მიზნების ხორცშესხმაში. ეს განსაკუთრებით რუსთაველის თეატრის სცენაზე განხორციელებულ ისეთ სპექტაკლებს ეხება, როგორებიც იყო “ზაგმუკი,” “ანზორი,” “ლამარა,” “ყაჩაღები,” “ჰამლეტი” და სხვა. ამ სპექტაკლების ესკიზები და მაკეტები ადასტურებენ, რომ გამრეკელი ლაკონურად, სიმბოლურად მოაზროვნე მოქანდაკეც იყო. გამრეკელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც მრავალ უცხოურ გამოცემაშია მოთავსებული, არის მისი ესკიზები განუხორციელებელი სპექტაკლისთვის “მისტერია-ბუფი” (ვლადიმერ მაიაკოვსკის მიხედვით, 1924). მარჯანიშვილი სპექტაკლის დადგმას მთაწმინდის ფერდობზე აპირებდა. ეს ალბათ იმ დროის ყველაზე ამბიციური პროექტი იყო, რომელიც სახსრების ნაკლებობის გამო ვერ განხორციელდა. მაგრამ დარჩა გამრეკელის დინამიზმით აღსავსე, გაბედული ესკიზები, როგორც მოდერნიზმის ეპოქის არტეფაქტები.
რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, თეატრში გამრეკელმა მრავალი ათეული სპექტაკლი გააფორმა და უპირველეს ყოვლისა, ის ცნობილი იყო როგორც თეატრის მხატვარი. მრავალი წლის მანძილზე საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული იყო მის მიერ გაფორმებული ფილმი - “მე და ბებია” (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, 1929), რომელიც საბჭოთა ბიუროკრატიის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ირაკლი გამრეკელი (1894-1943). კადრი ფილმიდან „ბებია,“ 1929. რეჟისორი კოტე მიქაბერიძე
არანაკლებ მნიშვნელოვანია ირაკლი გამრეკელის მემკვიდრეობა გრაფიკული დიზაინის განხრით. ის იყო ფუტურისტ პოეტთა და მხატვართა გაერთიანების-“H2SO4”- წევრი და მათი ამავე სახელწოდების ჟურნალის მხატვარი (ბენო გორდეზიანთან ერთად, 1924). გარდა ამისა, ის არაერთი სხვა წიგნისა თუ ჟურნალის გაფორმების ავტორი იყო. მათში განსაკუთრებით ნათლად მჟღავნდება ირაკლი გამრეკელის ავანგარდული ხედვა. ეს გამოცემები, უპირველეს ყოვლისა სწორედ მათი დიზაინის და მხატვრული ჩანართების გამო, დღესდღეობით განსაკუთრებული ინტერესის საგანია. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში თეატრის დარგშიც დადგა სოციალისტური რეალიზმის მეთოდის გათვალისწინების აუცილებლობა. დამახასიათებელი ფაქტია, რომ იმ დროს გარკვეული „კორექტივები“ შეჰქონდათ უფრო ადრე დადგმული სპექტაკლების მხატვრულ გადაწყვეტაშიც, რათა სცენაზე რეალობასთან უფრო მიახლოებული გარემო შეექმნათ. მაგალითად, „ყაჩაღების“ ერთ-ერთ სცენაში ირაკლი გამრეკელის მიერ სცენაზე გამართული ხის ფესვი ფოთლებითაც კი შემოსეს. ზოგადად ამ პერიოდში თავად ირაკლი გამრეკელის მიერ შექმნილი დეკორაციები და კოსტუმები შედარებით უფრო „თხრობით“ ხასიათს იძენს.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ფრიდრიხ შილერის პიესის "ყაჩაღების" მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. გუაში და ფანქარი ქაღალდზე. 50x35.5. 1933. შ. რუსთაველის თეატრი, რეჟისორები სანდრო ახმეტელი და შალვა აღსაბაძე. შ.რუსთაველის თეატრის მუზეუმი
ირაკლი გამრეკელის “მე და ცირკი,” რომელიც დღესდღეობით უფრო ცნობილია შავ-თეთრი რეპროდუქციით ჟურნალიდან “H2SO4,” სინამდვილეში ფერწერული ნამუშევარია. ის ტილოზე ზეთით არის შესრულებული (1923). როგორც სათაური მეტყველებს, ეს გამრეკელის ავტოპორტრეტიც არის. კომპოზიციაში - ცირკის არენის სხვადასხვა მასშტაბში მოწოდებული ფრაგმენტებით, მსახიობთა სილუეტებით, შუქის სხივებით და ორომტრიალით, იკვეთება გამრეკელის პროფილი. მისი პირდაპირი, შემართული მზერა ავლენს, თუ მოდერნისტული ეპოქისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან, დინამიკურ, ექსპრესიულ გარემოში როგორ მყარად იკვეთებოდა გამრეკელის ფიგურა. ეს გარემო საჭიროებდა მაღალ ოსტატობას, მოქნილ, ზუსტ ხელს, რომელიც ერთ ორგანიზმად აქცევდა მრავალ წყაროს თუ საფუძველს, და აზრსა და ფორმას ერთ მთლიანობად აქცევდა. გამრეკელი სწორედ ამგვარად მოაზროვნე მხატვარი იყო.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ვიქტორიენ სარდუს პიესის - „ფლანდრია” - მიხედვით დადგმული სპექტაკლის ესკიზი. 1941. ქაღალდი, გუაში და ფანქარი, 50x74. რუსთაველის თეატრი, რეჟისორი შალვა აღსაბაძე. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). ესკიზი უცნობი დადგმისთვის. 1935-1943. ქაღალდი, გუაში და ფანქარი, 32.5x32. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ირაკლი გამრეკელი (1894-1943). გრიგოლ კილაძის პიესის - "ლადო კეცხოველი" - მიხედვით დადგმული სპექტაკლის კოსტუმების დიზაინი. 1941. ქაღალდი მუყაოზე, გუაში, 34,3x15,5. ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. რეჟისორი შალვა აღსაბაძე. ATINATI-ს კერძო კოლექცია
ირაკლი გამრეკელი 1943 წელს გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლომდე ის იყო რუსთაველის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. მისივე შექმნილია თეატრის მაშინდელი ლოგო, რომელშიც ლაკონურად, ზუსტად აისახა 1920-30-იანი წლების რუსთაველის თეატრის მისწრაფებები, ამ თეატრის სპექტაკლების მხატვრული სახე.