menu

ქეთევან მაღალაშვილი

ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიამ შემოგვინახა ორი დიდი მხატვრის სევდიანი სიყვარულის ამბავი, სიყვარული, რომელსაც გაგრძელება არ ეწერა და მისი ტრაგიკული დასასრული მოუშუშებელ იარად დააჩნდა არამხოლოდ ქეთევან მაღალაშვილის კეთილშობილ სულს, არამედ მთელი საქართველოს კულტურულ ელიტას. ეს იყო ქართული კულტურის ერთ-ერთი მებაირახტრის  მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის „ხალხის მტრად“ შერაცხვა და 1938 წელს მისი რეპრესირება. ამბობენ, მაშინ ქეთევან მაღალაშვილი სახლში ჩაიკეტა, უახლოეს ადამიანთა (და-ძმა) გადმოცემით, მან შემოქმედებით მუშაობასაც  კი, გარკვეული პერიოდით თავი დაანება და სრულ გაურკვევლობაში მყოფი,   გაოგნებული კითხულობდა: “რატომ?“, „რისთვის?“..., თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი არავის ჰქონდა, არც მაშინ და არც ახლა.



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973) “დიმიტრი შევარდნაძის პორტრეტი”


ქეთევან მაღალაშვილი დაიბადა 1894 წლის 19 აპრილს ქუთაისში ფინანსისტი და მოყვარული მხატვრის კონსტანტინე მაღალაშვილის და სათნო ქალბატონის ტასო კანდელაკის მრავალშვილიან (3 ვაჟი და 2 ქალი) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ უფროსი თაობის გამორჩეულმა მხატვარმა-რომანოზ გველესიანმა შემოგვინახა ქეთევანის მამის-კონსტანტინეს ახალგაზრდობის პერიოდის პორტრეტი. მაღალაშვილების ოჯახი მალე საცხოვრებლად თბილისში გადმოდის, სადაც ქეთევანი შეჰყავთ თბილისის მესამე ქალთა გიმნაზიაში სასწავლებლად.


ქეთევან მაღალაშვილის მამა კონსტანტინე მაღალაშვილი. ტილო,ზეთი. რომანოზ გველესიანის პორტრეტის რეპროდუქცია


მხატვრობისადმი გამოვლენილმა ძლიერმა ლტოლვამ განსაზღვრა ქეთევანის სწავლის გაგრძელება ტფილისის ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწობი საზოგადოების ფერწერის და ქანდაკების სკოლაში, სადაც მხატვრობის საფუძვლებს პატარა ქეთევანი შესანიშნავ ხელოვანთა: ოსკარ შმერლინგის, იაკობ ნიკოლაძის, ლუდვიგ ლონგოს, მოსე თოიძის და ჰენრიკ ჰრინევსკის ხელმძღვანელობით ეზიარა. 

1914 წელს სამხატვრო განათლების სრულყოფის მიზნით, ქეთევან მაღალაშვილი მიემგზავრება მოსკოვს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების   სამხატვრო სასწავლებელში“, 1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული ქეთევანი  დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით ჩამოყალიბებული „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ წევრი გახდა, ხოლო 1918 წელს გიორგი ჯაბადარის სათეატრო სტუდიასთან იწყებს თანამშრომლობას, სადაც ქეთევანი ეროვნული კოსტიუმების ესკიზებს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ იმავე წლებში, უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის დავალებით, რომელიც „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარედ იყო არჩეული, ქეთევან მაღალაშვილი  იწყებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემონახული ტრადიციული  ეროვნული სამოსის შესახებ მასალის მოძიებას. სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება მხატვრის მიერ, აწყურში საკუთარი მამიდის-ნუცა მაღალაშვილი-სულხანიშვილის ეროვნული თავსაბურავით და ჩიხტი-კოპით დამშვენებული პორტრეტის შესრულება.  

ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედების ადრეულ ეტაპზე, როდესაც მისი ტექნიკური არსენალი ჩამოყალიბების პერიოდში იყო, დამწყები მხატვრისთვის პორტრეტირებული, თითქოს ჯერ კიდევ უფრო ასასახ ობიექტს წარმოადგენდა, ვიდრე ფსიქოლოგიური შეცნობის სუბიექტს. სუბიექტივიზმის ამეტყველებისკენ მიმართული ცვლილება კი, მხატვართან მალე, 1922 წლიდან მოვა, იმ დღიდან,  როდესაც ქეთევან მაღალაშვილი იაკობ ნიკოლაძის საიუბილეო საღამოზე,  მოქანდაკის სრულიად უჩვეულო პორტრეტს წარმოადგენს. დიდი ზომის ფერწერულმა პორტრეტმა, რომელზეც ცნობილი მოქანდაკე ნეორომანტიკულ სტილშია ასახული, განსაზღვრა ის ფაქტი, რომ ქეთევან მაღალაშვილის  შემოქმედებაში პორტრეტის ჟანრი წამყვან ადგილს დაიკავებს. ახალგაზრდა მხატვარმა ამ პორტრეტით, არამხოლოდ აღიარება მოიპოვა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული პორტრეტული მხატვრობის, ჟანრობრივი განვითარების გზაზე ახალი ფურცელი გადაშალა. აღნიშნულ პორტრეტში მაღალაშვილმა მოახერხა ტიპიურის და განზოგადოებულის-კონკრეტულთან შერწყმა.  მოქანდაკის პიროვნული ინდივიდუალიზმის ამოცნობაც და ზოგადად,  ხელოვანის-არტისტული ბუნების ხაზგასმაც.


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი”. ტილო, ზეთი


როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1919 წლიდან დამოუკიდებელ საქართველოში,  აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფოს მიერ, სხვადასხვა სფეროში უცხოეთის წამყვან ცენტრებში, ახალგაზრდა კადრების მომზადების მიზნით, სტიპენდიატების გაგზავნის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში“ ობიექტური კენჭისყრის შედეგად ნიჭის და შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით, 1919 წლის მიწურულში შედგა     ევროპაში გასაგზავნ მხატვარ-სტიპენდიატთა სია, რომელშიც ქეთევან  მაღალაშვილი მეოთხე იყო. ვინაიდან 1921 წლის თებერვალში საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, უცხოეთში ახალგაზრდების გაგზავნის საკითხიც შეფერხდა. თუმცა, 1923 წელს, ამჯერად საბჭოთა საქართველოსგან  წარგზავნილ სტიპენდიატად ქეთევან მაღალაშვილი ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში მიემგზავრება. პარიზში, იგი ელენე ახვლედიანთან ერთად ჩაირიცხა ფილიპო კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში. ქეთევან მაღალაშვილი, როგორც კოლაროსის აკადემიის მსმენელი ქმნის სტუდიურ ჩანახატებს, შიშველი ნატურის „ნიუ“ს გამოსახულებებით. სხვადასხვა პოზაში წარმოდგენილი ქალის სხეულის პლასტიკის გადმოცემას მხატვარი ფანქრის სწრაფ მონახაზებს ანდობს. 


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). ესკიზი. ფანქარი, ქაღალდი. 44,5x32. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). ესკიზი. ფანქარი, ქაღალდი. 33x25. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). ესკიზი. ფანქარი, ქაღალდი. 33x24,5. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). პორტრეტი. 58X44. ნახშირი, ფანქარი, ფრანგული ქაღალდი. 1920. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). პილოტი. 57X47. ნახშირი, ფანქარი, ფრანგული ქაღალდი. 1920. ATINATI-ს კერძო კოლექცია


სტუდიური მუშაობიდან თავისუფალ დროს, ქეთევან მაღალაშვილი კვლავაც პორტრეტების შექმნას ანდომებს. აქ, ევროპული მხატვრობის მექადწოდებულ პარიზში, იგი დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან ერთად მონაწილეობს გამოფენებში. ქეთევან მაღალაშვილის მიერ, პარიზში შექმნილ პორტრეტებს: ირაკლი ორბელიანის, ტანია კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილის, სუნანა ღამბაშიძის და სხვა პორტრეტებს გამოარჩევს სწრაფი ერთგვარად „alla prima“-ს ტექნიკით  შესრულებული, საოცრად პოეტური და თავისუფლების შეგრძნებით აღსავსე, მსუბუქი და ლაღი ფერწერა. 


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). პიანისტ ი.ორბელიანის პორტრეტი



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973).  ტატიანა კაკაბაძე


ამ პერიოდს განეკუთვნება ქეთევან მაღალაშვილის უახლოესი მეგობრის ელენე ახვლედიანის ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტი. აღნიშნული პორტრეტი  მეტყველებს ზოგადად შემოქმედის და კონკრეტულად კი, მხატვრის ადგილზე საზოგადოებაში. ამისათვის ქეთევან მაღალაშვილი სპეციალურ მარკერებსაც იშველიებს, მაგალითად, ელენე ახვლედიანის პორტრეტის ფონზე, კედელზე ჩამოკიდებული სურათის ჩარჩოს ქვედა ნაწილი მოსჩანს, ხოლო ხელში,  პორტრეტირებულს, მისთვის ძვირფასი მხატვრის-ელ-გრეკოს შემოქმედების  ამსახველი ალბომი უჭირავს.  


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ელენე ახვლედიანის პორტრეტი”. ტილო, ზეთი


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ელენე ახვლედიანის პორტრეტი”. ტილო, ზეთი. 1960. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი


1926 წლიდან ქეთევან მაღალაშვილი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს ჯერ ბიბლიოთეკარად სურათების ეროვნულ გალერეაში, ხოლო 1933 წლიდან მხატვარ-რესტავრატორად „მეტეხი“-ს მუზეუმში. ქეთევან მაღალაშვილის 1928 წლის ავტოპორტრეტში კარგად ჩანს მკვეთრად  ინდივიდუალური ხელწერის გამომუშავებისკენ მიმართული მხატვრის ურყევი ნება, მაყურებლისკენ მომართული გამჭოლი მზერით გამოხატული. ავტოპორტრეტის თბილი ფერთა გამა, ფუნჯის თავისუფალი მონასმი, ერთდროულად ქალური სინაზის, მედიდურობის, დახვეწილი არისტოკრატიზმის გამოვლენას ემსახურება და ამავდროულად, უშუალობის განცდასაც ბადებს. 



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ავტოპორტრეტი”




ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ავტოპორტრეტი”. ტილო, ზეთი. 1969. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი


30-იანი წლების დასაწყისის პერიოდს, განეკუთვნება ქეთევან მაღალაშვილის  მიერ, შესრულებული ცნობილი ელინოლოგის, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სკოლის დამფუძნებლის გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის ფერწერული პორტრეტი-ეტიუდი. სამწუხაროდ, ეს დიდი მეცნიერიც და ქეთევან მაღალაშვილის ნიჭის დიდი დამფასებელი, დიმიტრი შევარდნაძის მსგავსად, 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “გრიგოლ წერეთელი”. 38х31. ტილო, ზეთი. 1933. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ა.იშხნელის პორტრეტი”. ტილო, ზეთი. 1957. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი


აღსანიშნავია, რომ სოცრეალიზმის ზეობის ხანაში (30-40-იან წწ.), საბჭოთა რეჟიმის სოცრეალიზმის იმპერატივით ნაკარნახევი იძულებით კომპრომისებზე წასვლა ქეთევან მაღალაშვილსაც მოუხდა, როდესაც შექმნა სამგორის   ერთ-ერთი საწარმოს მუშათა, სტახანოველთა და ბრიგადირთა პორტრეტები. აშკარა იყო, რომ მხატვრის შემოქმედებითი ბუნებისათვის ნიშანდობლივი პოეტური სულისკვეთება ერთიანობაში ვერ მოვიდა ასასახი ობიექტის პროზაულობასთან. შედეგად, ნატურალისტურმა აღქმამ იმძლავრა, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უფრო თემატური ხასიათის პორტრეტული სურათები, ვიდრე ინდივიდუალური, პიროვნული ნიშნით აღბეჭდილი მხატვრული სახეები. თუმცა, სულ მალე, მხატვარმა შესძლო ახალ გარემოსთან ადაპტირება. ერთგვარ „მაშველ რგოლად“ კი, მხატვარს ამ პერიოდში ნატიურმორტის ჟანრი მოევლინა, რომელსაც ხანდახან პეიზაჟიც შეეხიდებოდა ხოლმე. ქეთევან მაღალაშვილის ამ პერიოდის ნატურმორტები ძირითადად კონცენტრირებულია მინდვრის ყვავილების, ვარდების, ასკილის ტოტების, ეროვნული ფორმის კერამიკის ნაწარმის, მინის ლარნაკების ასახვაზე. აქაც, მხატვარი თითქოს ეძებს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მარტივ ფორმაში  ჩამალულ სინატიფეს. სისადავისკენ მიდრეკილი მხატვრისთვის სილამაზე, სწორედ დაფარულშია და მას დანახვა სჭირდება.  



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ნატურმორტი”. 38X30. ფერადი ფანქარი, ქაღალდი. 1956.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ნატურმორტი ვარდებით”. 37x48. ზეთი, ტილო. 1960-იანი წლები. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედებაში ნატიურმორტის გარდა არის  პეიზაჟებიც, სადაც მხატვარი ერთგვარი ნოსტალგიური ლირიზმით განმსჭვალული წარმოაჩენს ძველი თბილისის, თუ მშობლიური კახეთის სანახებს-ძირითადად, ხედვის ზედა წერტილიდან დანახულს, ფერისა და  ხაზის დეკორატიული რიტმულობით გაჯერებულს. თუმცა, ქეთევან მაღალაშვილი, საკუთარ თავს უპირატესად, პორტრეტისტად  მიიჩნევდა და ამიტომაც არ უღალატნია ამ ჟანრისათვის. ეს კარგად გამოჩნდა მხატვრის მიერ, 50-იანი წლებიდან-სიცოცხლის ბოლომდე შექმნილ შემოქმედ ადამიანთა პორტრეტული გალერეის მაგალითზე. იმისათვის, რომ  ერთფეროვნება გადაელახა, ქეთევან მაღალაშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა მოდელის სხეულის დაყენებას, მისი მზერის ტრაექტორიას, ხელების მდგომარეობას, ფონს, სხვადასხვა ანტურაჟის გამოყენებას, მაგრამ, როგორც წესი, ზომიერების დაცვით. ამიტომაა, რომ მხატვრის ყურადღება და შესაბამისად მაყურებლის აღქმა ყოველთვის მიმართულია პორტრეტირებულის  სულის შინაგანი მოძრაობის ამოხსნასა და ემოციათა გადმოცემის ნიუანსირებაზე.


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “გრემი”. 50X68. პასტელი, ტილო. 1961. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “პეიზაჟი”. 25X31. ზეთი მუყაოზე. 1963. ATINATI-ს კერძო კოლექცია


პოსტსტალინური ლიბერალიზაციის პირობებში, ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედებამ ცხადჰყო, რაოდენ პროდუქტული აღმოჩნდა ღვაწლმოსილი  მხატვრის შემოქმედება. წლიდან-წლამდე მხატვარი სულ უფრო ამდიდრებდა ტექნიკურ არსენალს. იგი, როგორც შემოქმედი კიდევ უფრო ართულებდა  პორტრეტის კომპოზიციური აგების ფორმებს (ხშირია კომპოზიციის  დიაგონალზე ორიენტირების შემთხვევები). მხატვარი სულ უფრო აქტიურად ქმნიდა პორტრეტებს პლენერზე, რომლის დროსაც დიდ ყურადღებას ფერ-სინათლის რეჟისურას უთმობდა. 


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “თინა, მოსასხამით”. 70х51. ტილო, ზეთი. 1966. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ქეთუნა”. 70X50. ზეთი, ტილო. 1969. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ყველგან, იქნება ეს ექსტერიერში, თუ ინტერიერში შექმნილ პორტრეტებში, მხატვრის მიერ, აქსესუარებისა და ანტურაჟის ფაქტურული დამუშავების ხელოვნება უზადოა. ფაქიზად შერჩეული ფერწერული ნიუანსებით კიდევ უფრო იხვეწება ამა თუ იმ პორტრეტის პლასტიკური გამომსახველობა. ასეთია: შალვა დადიანის, სვიატოსლავ რიხტერის, კონსტანტინე გამსახურდიას, სერგო ზაქარიაძის და სხვათა პორტრეტები. 

აღნიშნული პორტრეტული გალერეის ქალთა სახეები გვხიბლავს ფაიუმის პორტრეტების მსგავსი გულწრფელობით, დახვეწილი არისტოკრატიზმით, არტისტული მედიდურობით, წარმოსადეგი გარეგნობის სათეატრო მხატვრის, სოლომონ ვირსალაძის თვითდაჯერებულობით, კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის სევდაშეპარული გამომეტყველებით თუ ხალისიანი, გახსნილი ბუნების  ქალთა სახეებით.



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ნატო ვაჩნაძის პორტრეტი”. 40x30. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “თინათინ ვირსალაძის პორტრეტი”. ტილო, ზეთი.



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “თინა მაღალაშვილის პორტრეტი”. 60х41. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “მანანას პორტრეტი”. 60x81. ზეთი, ტილო. 1963. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “მართა”. 74х53. ტილო, ზეთი. ATINATI-ს პირადი კოლექცია


განსაკუთრებით უნდა გამოვყო ქართული კულტურის ძეგლების მკვლევარის, არქეოლოგ ბორის კუფტინის მეუღლის, პიანისტი ვერა   სტეშენკო-კუფტინას ერთგვარად წინასწარმეტყველური პორტრეტი. სკამზე, მჯდომი პიანისტი ქალის ერთი შეხედვით, თითქოს თავისუფალი პოზა კონტრასტს ქმნის ქალის სახის და ერთმანეთზე გადაჭდობილი გრძელი თითების მდგომარეობასთან, რასაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენზე მომართული ქალის მზერის შინაგანი დაძაბულობის, შფოთისა და მღელვარების ამსახველი გამომეტყველებით. აღსანიშნავია, რომ ქეთევან მაღალაშვილის მიერ, ამ პორტრეტის დახატვიდან, სულ მალე პიანისტი ქალის სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულდა.


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ვ.კუფტინა-სტეშენკოს პორტრეტი”. 1941. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი


ამავე პერიოდს განეკუთვნება აღნიშნული პორტრეტის სრული ანტიპოდი, სიმშვიდითა და ჰარმონიულობით აღსავსე სახე თამარ მეფისა. ქეთევან მაღალაშვილმა, რომელსაც არაერთგზის ჰქონდა ნანახი თამარ მეფის ოთხი შესანიშნავი პორტრეტი ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის   ფრესკული გამოსახულებების სახით, მაყურებელს შესთავაზა თამარ მეფის სრულიად თანამედროვე გააზრება. მან შუა საუკუნეების ქართული   მონუმენტური მხატვრობის პრინციპების გათავისებით, დენადი ხაზობრივი რიტმით, სიმშვიდისა და ჰაეროვნების დამამკვიდრებელი ნათელი კოლორიტის გამოყენებით შექმნა საოცარი გაცისკროვნებული სახე დიდებული მეფისა. 


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “თამარ მეფე”. ტილო, ზეთი. 1944. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი


ქეთევან მაღალაშვილის მიერ, მისი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი პორტრეტების ხიბლი კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ პორტრეტის დასახატად მხატვარი მხოლოდ საინტერესო სულიერების მქონე, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს ირჩევდა. მხატვრისთვის საინტერესო იყო მათი სულის ფარული პლასტების ამეტყველება, ტემპერამენტის, ინტელექტის, სულიერი არისტოკრატიზმის გამოვლენა. ამგვარია: მანანა ხიდაშელის, ელისო ვირსალაძის, მანანა ქიქოძის და სხვათა პორტრეტები.



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “მ.ხიდაშელის პორტრეტი”. ტილო, ზეთი. 1958. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ელისო ვირსალაძის პორტრეტი”. ტილო, ზეთი. 1960. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ელისო ვირსალაძის პორტრეტი”. ტილო, ზეთი.



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “მანანას პორტრეტი”. 58x45. პასტელი, ქაღალდზე. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “დაუმთავრებელი პორტრეტი”. 41х36. ტილო, ზეთი. 1933. ATINATI-ს კერძო კოლექცია


აღსანიშნავია, რომ 60-იან წლებში მხატვარი ზეთის საღებავებზე მეტად, პასტელს ანიჭებდა უპირატესობას, როგორც ჩანს ამ მასალისათვის დამახასიათებელი ნაზი, მქრქალი ფერადოვნება და ხაზის გამომსახველობა უფრო მეტად მიესადაგა იმ შემოქმედებით ამოცანებს, რომელიც დაისახა  იმხანად ქეთევან მაღალაშვილმა. ასე შეიქმნა სრულიად გამორჩეული პორტრეტების ჯგუფი: ელენე ახვლედიანის, ნანი შალიკაშვილის, მანანა სამადაშვილის და სხვათა დასამახსოვრებელი პორტრეტული სახეებით.


ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973). “ანა შალიკაშვილის პორტრეტი“. 48X43. პასტელი, მუყაო. 1970. ATINATI-ს კერძო კოლექცია


აქვე უნდა ითქვას, რომ ქეთევან მაღალაშვილი არასოდეს წასულა სახის ექსპრესიულობის გაზვიადების მიზნით, ზედმეტი უტრირების გზით. იგი  ყოველთვის, თითქოს ნახევარტონებით, თანმიმდევრულად აგებდა პიროვნების ხასიათს, მიმოიხილავდა რა, პერსონაჟის სულის სიღრმეში ღრმად ჩაბეჭდილ განცდებსა და ემოციებს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, ის მეთოდი, რომელსაც იყენებდა ქეთევან მაღალაშვილი ამა თუ იმ პორტრეტის შესაქმნელად. მხატვარი პორტრეტზე მუშაობის დაწყებამდე, ერთგვარ მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებდა, რაც მოდელის ახლოს გაცნობას, მასთან ურთიერთობას, მის მიხვრა-მოხვრასა, ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე, ქცევაზე დაკვირვებას გულისხმობდა. მხოლოდ ყველაფერი იმის დამახსოვრების შემდეგ, რაშიც  ადამიანის ხასიათი ამოიცნობა მხატვარი იწყებდა ფერით წერის სეანსს, რომელიც არ იყო ხანგრძლივი და მოდელისთვის დამქანცავი. ხშირად, ქეთევან მაღალაშვილი მოსამზადებელ ეტიუდებსაც ქმნიდა, რაც სრულყოფილი სახით გადაჰქონდა უკვე პორტრეტის დასრულებულ ვარიანტში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე, მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა მისთვის საინტერესო ფსიქოტიპის მქონე მოდელის პორტრეტის შექმნას. ეს ადამიანები ხშირად მისთვის ახლო ნაცნობ-მეგობართა, ნათესავების წრიდან იყვნენ. როგორც ჩანს, მხატვარს მათთან ყოველი ახალი შეხვედრისა და ურთიერთობისას, რაღაც ახალი, მანამდე მისთვის უცხო ხასიათის ნიშანი შეუნიშნავს და ხასიათის უფრო ღრმა შეცნობის მიზნით, სურვილი გასჩენია, პიროვნების სულის მოძრაობის მანამდე  უხილავი შტრიხები ეტიუდის, თუ დასრულებული ფერწერული პორტრეტის სახით დაეფიქსირებინა. აღნიშნული პორტრეტები მასალის გარდა, ერთმანეთისგან იმითაც სხვაობენ, რომ ამა თუ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ესთეტიკური ტენდენციის ადეკვატური მხატვრული სტილისტიკით მეტყველებენ. ქეთევან მაღალაშვილის უაღრესად ნაყოფიერ შემოქმედებას კი, წერტილი დაუსვა 1973 წლის 30 მაისს, მხატვრის გარდაცვალებამ, იგი დასაფლავებულია თბილისში დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ამრიგად, ქეთევან მაღალაშვილის პორტრეტული შემოქმედება, რომელიც თითქოს ადამიანის სულის უფაქიზესი მოძრაობის ამსახველ ზუსტ ანაბეჭდებს წარმოაჩენს, ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობის და მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტული მატიანეა.