menu

უშანგი ხუმარაშვილი - ქართული აბსტრაქციის პარტიზანი

ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში არსებობს აბსტრაქციის აზვირთების  ორი ტალღა. პირველი ტალღა 1950-60-იანელთა თაობაში ხდება აქტუალური, როგორც პროტესტის ფორმა პოსტსტალნისტური ხელოვნების მიმართ. აბსტრაქტული სტილისა თუ სკოლის წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან: ალექსანდრე ბანძელაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, თემო ჯაფარიძე და გურამ (ხიტა) ქუთათელაძე. მეორე ტალღა კი ვითარდება 1980-90-იანელთა თაობაში, ესენი არიან: გია ეძგვერაძე, ილიკო ზაუტაშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ლუკა ლასარეიშვილი, ლევან ლაღიძე, იურა ბერიშვილი და სხვები. ორივე ტალღის მხატვრები ცდილობდნენ ქართულ ფერწერაში აბსტრაქციით ერთფეროვანი და სტილურ-ჟანრულად ერთგვაროვანი საბჭოთა ხელოვნების განთავისუფლებას და ამოვსებას იმ ღიობების, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიის გამო გენერირდა. აბსტრაქცია სოცრეალისტურ ხელოვნებაში იდენტიფიცირდებოდა ბურჟუაზიულ  და დასვლურ მხატვრულ აზროვნებასთან. ქართული აბსტრაქციის პიონერს, დავით კაკაბაძეს ფორმალისტი მხატვარი უწოდეს და ამ დამღამ დიდი პრობლემები მოუტანა მას. დავით კაკაბაძის მაგალითი ხდება ერთგვარი სტიგმა, როლური მოდელი და მიჯნაც ზოგადად ქართველი ხელოვანების აბსტრაქციასთან. აბსტრაქტული სტილის შემოდინება მხატვართა ორივე ტალღაში ანაქრონისტულად ხდება, ანუ ქართული მეინსტრიმი არ ემთხვეოდა დასავლურ არტსცენას დროში; საქართველოში დამკვიდრებული ტრენდი დასავლეთში უკვე მოდიდან გადასული იყო. ქართული აბსტრაქციის კონტექსტი უმთავრესად ეფუძნება - პროტესტს საბჭოთა ხელოვნების მიმართ, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობასთან სინთეზს, რაც ფერში ეროვნულ იდენტობად ითარგმნა და ასევე, 1980-90-იანელთა თაობებში საბჭოთა მონუმენტური სკოლის ზეგავლენას (მოზაიკა, ვიტრაჟი). ჩამოთვლილი თავისებურებებიდან გამომდინარე, ქართული აბსტრაქტული ფერწერა მკვეთრად განსხვავდებოდა აღმოცენების პრინციპით დასავლურისგან, მათ მხოლოდ აერთიანებთ ერთგვარი „წინასწარმეტყველება“ და სოციო-პოლიტიკური ჩიხი.


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 50x85. შერეული ტექნიკა. 1990. ATINATI-ს კერძო კოლექცია


აბსტრაქციის ერთ-ერთი გარდამტეხი ფიგურა, ვასილი კანდინსკი ამბობდა- „რაც უფრო საშიში ხდება სამყარო, მით უფრო აბსტრაქტულია ხელოვნება“ (“The more frightening the world becomes… the more art becomes abstract”). ევროპაში (1910-20-იანები) აბსტრაქტული თუ უსაგნო ხელოვნება ერთგვარი „წინასიტყვაობა“ იყო პირველი-მეორე მსოფლიო ომის, ხოლო ამერიკაში (1940-50-იანები) კი მეორე მსოფლიო ომით განპირობებული პოსტტრავმული კონდიცია, რომელმაც ასევე ითამაშა გარდამავალი როლი პოსტმოდერნიზმში. საქართველოშიც იგივე კანონზომიერებით ჩნდება აბსტრაქცია, როგორც სტალინისტური ხელოვნების პოსტტრავმული  გამოვლინება და „წინასწარმეტყველება“-დამოუკიდებელი საქართველოს ფორმაციის სამოქალაქო ომის ფონზე...


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 145x105. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 145x105. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილი პარტიზანია ქართული აბსტრაქციის ჭრილში. მისთვის აბსტრაქტული ხელოვნება ცხოვრებაზე ფილოსოფიური დაკვირვების საგანია; იგი ემპირიულად, ყოველდღიურობაში განზოგადებულ ხატოვანებაში ცდილობს რეალიზმის გადმოცემას. ხუმარაშვილი არ იყო ამ სტილის თუ სკოლის მიმდევარი, ანუ  მისთვის აბსტრაქცია არ იგივდებოდა პოლიტიკურ პროტესტთან ან ზემოხსენებულ ქართველ არტისთებთან. ფერწერის ეს „სტილური ერთეული“ მასში ჩაბუდებული და პირველადი მდგომარეობა იყო, მისი ფსიქოსომატური შლეიფია...

ხელოვანი აკადემიაში სწავლობდა 1967-1973 წლებში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1980-იან წლებში თელავის საგამოფენო დარბაზში იმართება მისი პირველი გამოფენა. ფერწერის მიღმა,  იგი ქმნიდა კოლაჟებს, გრაფიკებს, ასამბლაჟებს, პერფორმანსებს, არტ ობიექტებსა და ვიდეოარტს. 

უშანგი ხუმარაშვილის არტისტული ფენომენის აღსაქმელად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი დღიური. ამონარიდები პირადი დღიურიდან არტისტის ფერწერული ტილოების განუყოფელი ნაწილია. უდროო, უსიტყვო და იმპერსონალური ტილოები თითქოს ამონარიდების ილუსტრაციაა, ხოლო ამონარიდები - ტილოების კონცეპტუალიზაცია. დღიურისა და ფერწერის სინქრონი ცვლის კლასიკური უტყვი, ძუნწი აბსტრაქტული ფერწერის ხასიათს და ვაცნობიერებთ, რომ უსაგნო გამოსახულება ზოგჯერ რეალიზმზე მეტია; მეტარეალობაა. უშანგის ამონარიდები ირაციონალურ-რეფლექსიურია, ანუ მასში არის ქაოსიც და წესრიგიც, როგორც ერთმანეთის შუქ-ჩრდილი. ციტატები უაღრესად პირადულია და, ამავდროულად, საზოგადოც. ინდივიდუალური სამყარო ხუმარაშვილის სახით, ქართული საზოგადოების სარკეა. 


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 160x200. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 160x200. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი ხუმარაშვილის ფერწერაში მნიშვნელოვანია ლაქობრივი აბსტრაქცია, სადაც ექსპრესია და ბრუტალიზმი ბადებს ნამუშევრების დრამატურგიას. სტილისტურად და ტექნიკურად უშანგის მხატვრობაში იკვეთება შემდეგი ნიშნები: უხეში ტრაექტორიები, რამდენიმე ლაქის ერთმანეთთან შეჯერება, ლაქების ტიხრული განლაგება, ფონის კონფლიქტი ლაქასთან და აბსტრაქტულ მონასმებთან, პოლიცენტრიზმი, აქრომატულობა, ექსპრესიული ფიგურატიული გამოსახულება აბსტრაქტულ ფონზე და სხვა. უშანგი ხუმარაშვილის ფერწერა დასავლური სახელოვნებო სივრცის კონტექსტში ბადებს გამოძახილს - გერმანულ ნეოფიგურატივიზმთან, ტაშიზმთან, არტბრუტთან, ინფორმელთან და აბსტრქატულ ექსპრესიონიზმთან. ხუმარაშვილის ფერეწრულ-გრაფიკული ნამუშევრები ესთეტიკური თუ სტილისტური ნიუანსირების კუთხით მონიშნულია  შემდეგი არტისტების თანავარსკვლავედში: ჟან ფოტრიე, ფრანც კლაინი, პიერ სულაჟი, ფილიპ გუსტონი...


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 120x110. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 140x130. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ზოგადად უშანგი ხუმარაშვილის ფერწერა უაღრესად თვითნაბადი და ქართულია; ლოკალურ კონტექსტში გაგვიჭირდება მისი სტილური მისადაგება რომელიმე კლასიკოს და თანამედროვე აბსტრაქციონისტთან. არტისტი თავისი ფერწერული თუ მულტიმედიური გამოხატულებით „კონფორმისტული-ნონკონფორმისტული“ აბსტრაქტული ხელოვნების მიღმაა. მისი არტისტული შიმშილი იყო საკუთარი თავის და რაიმეს შექმნის არქეოლოგია. ზემოხსენებულ დასავლურ აბსტრაქტულ მიმართულებებთან კორელაციაც, რომლებიც 1940-50-იან წლებში იყო აქტუალური, უშანგი ხუმარაშვილის შემთხვევაში ვლინდება, როგორც „ციტატები“ დიდი რომანიდან... ხუმრაშვილის ხატოვანი უსაგნო ქიმერები მხოლოდ მხატვრის ავტო- ბიოგრაფიული რომანიდან გამომდინარეობს.


უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 200x170. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


უშანგი ხუმარაშვილი თავის დღიურში წერს: “კენტავრის სილუეტია ჩემს არსებაში. უკაცრიელ ფანჯრებში ნაყარი სივრცე. სარეცელი მზარავს. ქარია ფანჯრებში. ვპოულობ ღამის ფარდულებს. მთელი გზა ჩაბნელებულია თელავი“, (2000წ. 18 ივლისი). ხუმარაშვილის „ავტოპორტრეტული“ ამონარიდი ყველაზე უშუალოდ და ძალდაუტანებლად გამოხატავს მისი ფერწერის არსს. მითოლოგიური არსება ყოველდღიურობაში  სულ სხვა სხეულითა და მეხსიერებით...  თითქმის მსგავსი რამ ხდება მის  ყველა ფერწრულ ტილოში - ბურუსში გახვეული ხილული სამყარო,  შეჯერებულ - კონტრასტული ლაქები,  როგორც ბუნდოვანი რეალობა. მხატვარი საკუთარ თავს აიგივებდა კენტავრთან; მითოლოგიური აზროვნება, ფერადოვნება და დრამატიზმი  მისი ფერწერის შებირთვული „სამებაა“.



უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023). “აბსტრაქცია”. 40x50. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია


P.S.

თანამედროვე ხელოვნებისა და დროების ამსახველი არტისტი, აბსტრაქტულ ხელოვნებაში მოხეტიალე კენტავრის სილუეტს გავს, რომელიც ფერადოვნებაში  არქაულსა და თანამედროვეს, მითოლოგიურსა და ყოველდღიურს თანაბარი დრამატურგიით ასურათხატებს.