ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის კარნავალური სამყარო მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში კოკა იგნატოვი (1937-2002) ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა ქართული კულტურისა და ზოგადად მაშინდელი საბჭოთა კავშირის სახელოვნებო სცენაზე. პირველი აღიარება მას მოუტანა სპექტაკლმა „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სულხან საბა ორბელიანის იგავების მიხედვით დადგეს რეჟისორებმა ნანა ხატისკაცმა და თენგიზ მაღალაშვილმა. მხატვრის მიერ ამ სპექტაკლისთვის შექმნილი უკანა პანო, რომელიც საქართველოს ლანდშაფტის ზღაპრულ ალეგორიას წარმოადგენდა, თავისი ფერადოვნებით და მხატვრული გამომსახველობით სცენის ფარდის გახსნისთანავე მაყურებლის ოვაციებს იწვევდა.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა. სპექტაკლის უკანა პანოს ესკიზი შ. რუსთაველის სახ. თეატრი. ქაღალდი, დიქტი, გუაში. 119x165. 1965
აღნიშნული პანოსთვის, ისევე როგორც იგნატოვის მხატვრობისთვის ზოგადად, დამახასიათებელია მრავალსიუჟეტურობა. აქ ხდება მრავალი ამბავი, ძირითადად ზღაპრულ-ალეგორიული შინაარსისა და ეს ამბები ოსტატურად არის მოყვანილი კომპოზიციურ ერთიანობაში. ფიგურების - ადამიანების და ყოფითი ნივთების, ზღვისა და ცის, ტბების და მდინარეების მასშტაბური შეფარდება პირობითია. ეს თითქოს საქართველოს ლანდშაფტია, ღრუბლებიდან დანახული.
ორი წლის შემდეგ იგნატოვი ბიჭვინთის ახლად აშენებული არქიტექტურული კომპლექსის რესტორნის დიდი დარბაზის მოსახატად მიიწვიეს. ამ შემთხვევაში, მის მიერ თეატრის სცენისთვის შექმნილი პანო მხატვარმა ფართო მასშტაბში გადაიტანა და უზარმაზარი კედლის ზედაპირზე გაშალა. ამ შთამბეჭდავი ნაწარმოების გამო იგნატოვის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
კოკა იგნატოვს მრავალმხრივი მხატვრული განათლება ჰქონდა მიღებული. ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1956 წელს ჩააბარა, ჯერ გრაფიკის განყოფილებაზე სწავლობდა, ხოლო მესამე კურსიდან თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების განყოფილებაზე გადავიდა. სასწავლებელი მან 1962 წელს დაამთავრა. შეძენილი ცოდნიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სცენოგრაფიის და მონუმენტური მხატვრობის პარალელურად კოკა იგნატოვი ნაყოფიერად მუშაობდა გრაფიკის დარგში. მან არაერთი საბავშვო წიგნი გააფორმა. ამგვარად, მისი მოღვაწეობა მრავალფეროვანი და მრავალდარგობრივი იყო. თუმცა, მისი ხელწერა ყველა შემთხვევაში მის ინდივიდუალურ ხედვას ამჟღავნებდა. იგნატოვის მხატვრული სტილისთვის - როგორც ფერწერაში, ისე გრაფიკაში, - დამახასიათებელია დეტალების სიმკვეთრე, კომპოზიციის არქიტექტურულ - კონსტრუქციული სიმწყობრე, საერთო ფერადოვნება და დეკორატიულობა. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ერთგვარი კარნავალურობა, დროითი და სივრცითი განზოგადება, ალეგორიულობა, სინამდვილის ფართო მასშტაბში გააზრება.
.jpeg)
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. თბილისური მოტივები. მუყაო, პასტელი. 64x44. ATINATI-ს კოლექცია.
_Ignatov._Feast._Mixed_media_on_paper._48_x_36_cm._1979._ATINATI_Private_Collection__Large.jpeg)
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ნადიმი. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 48x36. 1979. ATINATI-ს კოლექცია
_Ignatov__Mozart._Trivia__stage_design_Mixed_media_on_paper_51_x_73_cm_1984._ATINATI_Private_Collection_Large.jpeg)
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. მოცარტი - ტრივია. დეკორაციის ესკიზი. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 51x73. 1984. ATINATI-ს კოლექცია
საყოველთაო პოპულარობის ფონზე, გასაკვირი არ იყო, რომ 1971 წელს სწორედ კოკა იგნატოვი მიიწვიეს მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის ზედა პავილიონში თბილისის საქალაქო საბჭოს საბანკეტო დარბაზის მოსახატად. მან აქ წარმოადგინა მასშტაბური კომპოზიცია სახელწოდებით - „ფიროსმანის მონატრება“ . ჩვენ ვხედავთ ზემოდან დანახული ქალაქის პანორამას, მისი აღმართ-ჩაღმართებით, აივნიანი სახლებით, მეარღნეებით, გაშლილი სუფრებით, ფაეტონებით და სხვ. ეს არის მოგონება ძველ ქალაქზე მისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით, რომლის ცენტრში დგას მხატვარი (ფიროსმანი!) და ხატავს თავის „გოგონას ბუშტით“ . 1990-იან წლებში, როდესაც ფუნიკულიორის ზედა შენობა მიტოვებული და გაძარცვული იყო, პანოს ცენტრალური ნაწილი უცნობმა პირებმა ამოჭრეს და მოიპარეს, მაგრამ 21-ე საუკუნის დასაწყისში ის აღადგინეს და ახლა ეს შთამბეჭდავი მოხატულობა კვლავ ამშვენებს რესტორნის დარბაზს.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ფიროსმანის მონატრება. დეტალი კედლის მოხატულობიდან. მოხატულობის ზომაა 600x1200. 1971-72. ფოტოს ავტორი - გ. წიბახაშვილი
„პერესტროიკის“ შემდგომ კოკა იგნატოვი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ის გარკვეული პერიოდებით ცხოვრობდა საფრანგეთში და აშშ-ში. ორივე ქვეყანაში მან განაგრძო აქტიური სამხატვრო მოღვაწეობა. მისი ამ პერიოდის მხატვრობა ნაკლებად არის საჯარო ხასიათის. ის ხატავს თავისთვის და პერიოდულად ფენს საკუთარ ნამუშევრებს კერძო გალერეებში.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ფასადი - აბსტრაქცია. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 37x48. ATINATI-ს კოლექცია
ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელიც განვითარებას პოვებს მის შემოქმედებაში მისი ცხოვრების ბოლო მონაკვეთში, დაკავშირებულია ზღვის სანაპიროსთან და კერძოდ მის მიერ საქართველოდან წაღებულ პირადულ შთაბეჭდილებებთან. კოკა იგნატოვს გონიოში, ზღვის პირას სახლი ჰქონდა აშენებული, სადაც მისი სახელოსნო მდებარეობდა და სადაც ხშირად მუშაობდა. ამ სახლში, რომელშიც ამჟამად მუზეუმია გახსნილი, დღესაც ინახება მხატვრის მიერ სანაპიროზე შეგროვებული ქვები, რომლებსაც ის სხვადასხვაფრად ღებავდა.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ქვა. ქაღალდი, პასტელი. 28x46,5. 1993. ATINATI-ს კოლექცია

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. თეთრი ქვა ჩრდილით. მუყაო, შერეული ტექნიკა. 57,7x40. 1992 ATINATI-ს კოლექცია

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. სერიიდან "ქვები". მუყაო, პასტელი. 38.5x56. ATINATI-ს კოლექცია
აქვეა ნაპირიდან მოტანილი, ზღვის მიერ გამორიყული დაჟანგული ნივთები, რომლებიდანაც მხატვარი ნატურმორტებს აგებდა. ეს მცირე ზომის ქვები, როგორც ჩანს, მისი დაკვირვებული კვლევის საგანს წარმოადგენდა და ფილოსოფიურ აზრებს ბადებდა მასში. იგნატოვის უბის წიგნაკებში ჩვენ ვხვდებით მცირე ზომის ჩანახატებს, სადაც ის კენჭების ზომებსაც მიანიშნებს. აი ეს მცირე ზომის ობიექტები მის ფერწერულ ტილოებზე მონუმენტურ ფორმებს და ახალ მხატვრულ-შინაარსობრივ დატვირთვას იძენენ. აქ ქვა ხდება მთავრი მოქმედი პირი. ბუნების მიერ შექმნილი მცირე ზომის ობიექტები, ტილოზე ჰიპერთროპულად გაზრდილნი, მაყურებელში აძლიერებენ ფიქრს დროის და სივრცის განზომილებებზე, სუბიექტის გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. სერიიდან „ქვები“. ქვა და ხე. ტილო, ზეთი, 196,5x99. 1991. ATINATI-ს კოლექცია
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ქვები. ტილო, ზეთი, 196x103სმ. 1991. ATINATI-ს კოლექცია
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. სერიიდან „ქვები“. ეკლესია ქვით. ტილო, ზეთი, 196,5x99,5. 1991. ATINATI-ს კოლექცია
კოკა იგნატოვი ყველა ჟანრში ხატავდა და გრაფიკის და ფერწერის თითქმის ყველა საშუალებას ოსტატურად ფლობდა. როგორც დიდი მასშტაბის კედლის მოხატულობის, ისე მცირე ზომის ჩანახატის შექმნის დროს ის მონუმენტალისტად რჩებოდა, რადგან ფორმის განსაკუთრებულად მძაფრი შეგრძნება ჰქონდა. მაგრამ შემოქმედების პირველ ეტაპზე თუ მრავალი სიუჟეტის დიდი ზომის კომპოზიციაში გაერთიანებას ახდენდა, რომელთა საშუალებით ის მრავალ ადამიანს ესაუბრებოდა (შემთხვევით არ იყო ეს ნამუშევრები განკუთვნილი საჯარო სივრცისთვის), მის გვიანდელ ნამუშევრებში ის თითქოს ნამუშევრის წინ მდგარ ერთ ადამიანს ესაუბრება, მას ანდობს თავის ფიქრებს, ან საფიქრად განაწყობს. პირველ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია, სიუჟეტი „პლაკატურად“ იხსნება მნახველთა წინაშე, ხოლო მეორე შემთხვევაში მხატვარს მნახველი ფიქრის სამყაროში შეჰყავს.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ყვავილები. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 37x48. 1999. ATINATI-ს კოლექცია

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ყვავილები. ტექსტურირებული ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 33x28,7. 1999. ATINATI-ს კოლექცია
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ტექსტურირებული ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 33,5x28,5. ATINATI-ს კოლექცია

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. ყვავილები. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 37x48. 1999. ATINATI-ს კოლექცია
მითითებულის გარდა, კოკა იგანატოვს კიდევ არაერთი მონუმენტური მხატვრობის ნიმუში აქვს შექმნილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შ. რუსთაველის თეატრის ფოიეში შესრულებული კომპოზიცია. ეს არის სურათი, რომელშიც თავს იყრის ამ თეატრის მთელი ისტორია.

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი. მოხატულობა რუსთაველის თეატრის ფოიეში. ესკიზი. მუყაო, გუაში. 55x92. 1987-88
კოკა იგნატოვი გარდაიცვალა 2002 წელს თბილისში - ქალაქში, რომელშიც მისი მხატვრობა დღესაც ცოცხლობს სხვადასხვა საჯარო ნაგებობაში, მუზეუმებში, გალერეებში, კერძო კოლექციებში, და ბიბლიოთეკებში დაცულ წიგნებში.