menu

მხატვარი დამალული თაობიდან

თემო ჯაფარიძე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში. იგი მიეკუთვნება 1960-70-იანელთა თაობას, თუმცა რადიკალურად განსხვავდება მის თანამედროვეთაგან- გამბედაობით, ძიებებით, დროსთან მიმართებაში ინტუიციური თანხვედრით, უკიდურესი ინდივიდუალიზმით. 1950-იანი წლებიდან დამოუკიდებელი საქართველოს ფორმაციამდე, საბჭოთა ხელოვნებაში რამდენიმე ხელოვანმა გაიარა „არტისტული ჯვარცმა“ თუ „გოლგოთა“, და მათ შორის თამამად შეიძლება მოვიხმოთ თემო ჯაფარიძე, რომელიც თავისი შემოქმედებით თანამედროვე თუ  უახლესი ქართული ხელოვნების „წანამძღვრად“ აღიქმება ერთიან სისტემატიზირებულ ქსოვილში. არტისტი 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ქმნიდა წარმოუდგენლად ატიპურ ნამუშევრებს- თითქოს მან საერთოდ არ იცხოვრა საბჭოთა ყოფაში და მას არ შეხებია კოლექტივისტური იდეოლოგიური ცენზურა. უმთავრესად თემოსთან ყველაზე მომნუსხველი და დღემდე ცოცხალი არის მისი არტისტული შიმშილი, სტიქიური ქმნადობა, მოდერნულობის მისეული აღქმა. თემო პროფესიით არ იყო მხატვარი, იგი ინგლისური ენის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და სწორედ ამიტომაც იყო ამოვარდნილი მხატვრთა თაობებისთვის დამახასიათებელი საერთო ხელწერიდან თუ სტილური ზეგავლენებიდან. მის შემოქმედებაში იყო უხვად: ნარატივი-პროზა და პოეზია, სამოქალაქო პოზიცია ურბანულ-სოციალურ სცენებში და ადამიანის ინტროვერტულ-ეგზისტენციალისტური ფსიქოლოგიზმით შთანთქმული  დრო-სივრცე...


თემო ჯაფრიძე. ნადიმი. ზეთი, მუყაო. 40x50 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


თემო ჯაფარიძე დაიბადა თბილისში 1937 წლის 27 მარტს. ხატვა და პოეზია ბავშვობიდანვე იტაცებდა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ხელოვანი მხატვრობის მიღმა იყო მწერალი(ნიკო ფიროსმანი: ცხოვრება და შემოქმედება, 1999წ.), პოეტი(შეშლილი ქალის ვნებები: ლექსების კრებული, 2000წ.) და ესეისტი(ნახატის სიჩუმე: ესეების კრებული, 2010წ.). მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა „ვერის ბაღმა“, რომელიც ერთგვარ ანტისაბჭოთა კლუბს, ურბანულ სუბკულტურას წარმოადგენდა. იქ იკრიბებოდა არაერთი საზოგადო და კულტურული მოღვაწე, მათ შორის იყვნენ: ანზორ სალუქვაძე, შოთა ჩანტლაძე, ერლომ ახვლედიანი, გურამ რჩეულიშვილი, რეზო კიკნაძე და სხვები. თემოში ანტისაბჭოთა ცნობიერება ამ პერიოდში ყალიბდება, რაც შემდგომ გამოიკვეთება მის ტექსტებსა და ხელოვნების ნიმუშებში. მან პირველად ლექსები დასაბეჭდად მიიტანა ჟურნალი „ცისკარის“ რედაქციაში, ლექსები მოეწონათ, თუმცა არ დაუბეჭდეს; ისინი საბჭოთა ოპტიმიზმს  არ ასხივებდა და პირქუშად აღიქვა ცენზურამ.  თემოს ნიჭიერებას გრძნობდნენ მისი მეგობრები და თანამოაზრეები- შოთა ჩანტლაძე, ანზორ სალუქვაძე და გურამ რჩეულიშვილი. ამავე რედაქციაში არ დაიბეჭდა თემოს მოთხრობა, „პატრიოტი“... ლიტერატურის მიღმა, მხატვრის შთაგონება გახდება სახვითი ხელოვნება, რომელსაც განაპირობებს კინოთეატრ „სპარტაკში“ ნანახი ფილმი „მოდილიანი“. 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე  ხელოვანი ქმნის ურიცხვ ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებასა თუ კოლაჟს. მას ჰქონდა გამოფენები: მხატვრის სახლში(1968), მხატვრის კავშირში(1965), თსუ-ს სააქტო დარბაზში(1964), პარიზსა და ბრეტანში(1991). თემო გარდაიცვალა 2012 წლის 27 სექტემბერს,  75 წლის ასაკში.


თემო ჯაფრიძე. წითელი ქალი. ზეთი, ტილო. 118x46 სმ. 1960-ები. ათინათის კერძო კოლექცია


თემო ჯაფარიძის შემოქმედებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორი ბიოგრაფიული ფაქტი-  უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის გამოფენა(1964) და სამოქალაქო ომის დროს მხატვრის სახლში დამწვარი ნამუშევარი, „საიდუმლო სერობა“(შეიქმნა 1972 წელს). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში თემო ჯაფარიძე 1964 წელს მართავს პირველ გამოფენას. მთელს პოსტსაბჭოთა სახელოვნებო სივრცეში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნონკონფორმისტული გამოფენა. ეს უკანასკნელი 10 წლით  უსწრებს 1974 წლის „ბულდოზერის გამოფენას“, რისი საშუალებითაც მსოფლიომ გაიგო საბჭოთა სოციალისტური მანკიერი წყობის შესახებ მძიმე ცენზურის სახით. თემოს გამოფენა იყო ამბივალენტური, რეზონანსული, ანუ ცოცხალი... არსებული გამოფენით ხელოვანი უპირისპირდებოდა საბჭოთა ოფიციოზს, სალონური და სოციალისტური ხელოვნების რაობას. გამოფენა შეაფასეს შემდეგი განმსაზღვრელებით-ანაქრონისტული, ბურჟუაზიული, ანტისაბჭოთა და არაქართული, რაც საბჭოთა ვიზუალურ-იდეოლოგიური პროგრამისთვის „მიზანშეუწონელს“ აღნიშვადა, რამდენადმე დასავლურსაც კი. თემო ჯაფარიძეს ერთგვარი პროტექცია გაუწია ლადო გუდიაშვილმა და შალვა ამირანაშვილმა და მისი გამომსახველობითი ენა შეფასდა, როგორც ძალიან ქართული, ეროვნული, ახალი, ძირეულად ასიმილირებული ევროპულ მხატვრულ ტრადიციებთან. ოფიციოზის მედეგ პოზიციას და მიუღებლობას გამოხატავს მათ მიერ თქმული შემდეგი ფრაზა- „დააკვირდით თემოს ნახატებს. მის ადამიანებს-ასეთი გამხდარი, უსუსური ადამიანები სოციალიზმს და კომუნიზმს ააშენებენ?!“. 1968 წელს შედგა თემოს აბსტრაქტული ნამუშევრების გამოფენა საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული  ურთიერთობის კომიტეტის შენობაში.




თემო ჯაფრიძე. ქალის პორტრეტი. ზეთი, მუყაო. 70x50  სმ. 1965. დიპტიქი. ათინათის კერძო კოლექცია

თემო ჯაფრიძე. აბსტრაქცია. ზეთი, მუყაო. 70x50 სმ. 1965. დიპტიქი. ათინათის კერძო კოლექცია


აბსტრაქცია საბჭოთა ხელოვნებაში იგივდებოდა ფორმალიზმთან, რაც აიკრძალა დავით კაკაბაძის მაგალითზე.  სუკის ჩარევით გამოფენა 3 დღეში დაიხურა, თუმცა მანამდე აზვირთებულმა ხალხმა კარები შეამტვრია და ისე იხილეს ნამუშევრები. მსგავსი სახალხო უკუგება მეტყველბდა სოციალისტური წყობის სიმყიფესა და მოსახლეობის ცნობიერებაში მის ცვეთაზე. ზემოხსენებული 2  რეზონანსული გამოფენისა და ზოგადად თავისუფალი შემოქმედებითი ძიებების ფონზე, თემო ჯაფარიძეს აკვირდებოდა „კა-გე-ბე“, შესაბამისად  ისეთი იმერსიული და მოცულობითი ასამბლაჟი, როგორიც „საიდუმლო სერობაა“, უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა 1972 წელს ხილიანზე, თამაზ ჩხენკელის ბინაში, შემდგომ გადაიტანეს მალხაზ გორგაძის ავტოფარეხში. ნამუშევრის ასეთმა უცნაურმა მობილობამ, გერმანულ გაზეთში ჰპოვა გამოხმაურება და აჟიტირებულმა მნახველმა ჯურნალისტმა დაბეჭდა სტატია „ქრისტე ავტოფახეში“.  1991-1992 წლებში „საიდუმლო სერობა“ დაიწვა მხატვრის სახლთან ერთად სამოქალაქო ომის ფონზე. მხატვრის სახლის დირექტორმა, თემო გოცაძემ, იგი გამოფინა ჯაფარიძის პერსონალურ გამოფენაზე.  არსებული ფაქტებით განპირობებული ხელოვანის ბიოგრაფიული დრამატურგია, თამამად შეიძლება დასურათხატდეს, როგორც „საბჭოთა გოლგოთა“ თუ „არტისტული ჯვარცმა“. სისტემამ მხატვარს არ აპატია  სოციალისტურ აზროვნებაში დასავლური, ეროვნული, ჰუმანისტური, ინდივიდუალისტური და ფორმალისტური ელემენტების დანერგვა, ანუ სახელოვნებო იზოლაციონიზმის მოშლა...


თემო ჯაფრიძე. ნატიურმორტი ჩიბუხით. შერეული ტექნიკა, მუყაო. 27x25,7 სმ. 1978. ათინათის კერძო კოლექცია


თემო ჯაფარიძის შემოქმედება ზედაპირულად ატარებს ნონკონფორმისტული ხელოვნების გრიფს, რომელიც სტილურად უკიდურესად პლურალისტურია, მასში იკითხება: კუბიზმი, პუანტელიზმი, ეგზისტენციალიზმი, აბსტრაქციონიზმი, პოპ-არტი, ნეოექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი... სტილთა ჩამონათვალი დაუსრულებელია. იგი არ იყო  ადეპტი და  ორთოდოქსი რომელიმე კონკრეტულის, პირიქით აქუცმაცებდა მათ, როგორც ავტორი და ასევე „აქართულებდა“ ზომიერების სრული შეგრძნებით, რათა გამოჩენილიყო ხელოვანი თავის მართებული ბედისწერით- დროსა და სივრცეში, რომელსაც არ ირჩევდა; ებრძოდა და ხშირად მარცხდებოდა... დღევანდელი  მიკუთნებულობით, თემო დასავლურ  ხელოვნებაში იკითხება- “Outsider art” (გარიყულთა ხელოვნების) ზოგად განმარტებაში. ხელოვნება, რომელიც უსწრებს დროს და მითუმეტეს საბჭოთა დროს... მისი მოწყვლადი, ეული, სინგულარული, ინტროვერტული, ეგზისტენციალისტური და ესკაპიზმის სინდრომით გაჯერებული სამყარო, პერსონაჟები, მიზანსცენები თუ ობიექტები უკიდეგანოდ ველურია და ნედლი. ზოგადად, გარიყულთა ხელოვნება კანონზომიერებით ხდება პოპულარული და საჯარო, ამ სტილში მოღვაწე ხელოვანების გარდაცვალების შემდგომ და ალბათ, ასეც მოხდა თემოსთან.


თემო ჯაფრიძე. კაცის პორტრეტი. ზეთი, მუყაო. 34x40 სმ. 1978. ათინათის კერძო კოლექცია


თემო ჯაფარიძე 1960-იან წლებში ქმნის უმთავრესად სიურრეალისტურ და აბსტრაქტულ ნამუშევრებს. ამ პერიოდის სერიას აერთიანებს: ფორმალისტური ძიებები, სიზმრისეული დენადობა თუ აბსურდი, უფრო გარიყულობის, ვიდრე მარტოობის შეგრძნება, ადამიანთა იერსახის  უტრირება.


თემო ჯაფრიძე. პეიზაჟი. ზეთი, მუყაო. 70x50 სმ. 1965. ათინათის კერძო კოლექცია


1970-იანი წლების ობიექტებში, ქანდაკებებსა და ასამბლაჟებში იკითხება: მრუმე-პირქუში ქრომა, სტილიზებული პლასტიკა, ინდივიდის საზოგადოებასთან გაუცხოების საკითხები. 1970-იან წლებში  ფერწერაშიც იდენტური ნიუანსები იჩენს თავს, თუმცა მის მუქ მოყავისფრო ფერწერაში დომინირებს თბილისური ფერწერული სკოლისთვის დამახასიათებელი- თემები, სცენები, სტილისტიკა და  პორტრეტები.


თემო ჯაფრიძე. დაბრუნება. ზეთი, ტილო. 90x49 სმ. 1967. ათინათის კერძო კოლექცია


1980-90-იან წლებში ჯაფარიძის ნამუშევრები ხდება-ფერში გახსნილი, ეროტიული, ნეოექსპრესიული, ზოგჯერ პრიმიტივისტულად მოდელირებულიც კი. ამ  დეკადების ნამუშევრებში უფრო ცხადდება პარიზულ სკოლასთან ტრადიციების წყვეტა და “Art Brut”- ისა თუ “Outsider art”-ის გამოძახილები.


თემო ჯაფრიძე. კაცის პორტრეტი. ზეთი, შერეული ტექნიკა, ფირფიცარი. 64x38 სმ. 1971. ათინათის კერძო კოლექცია


ადამიანთა პლასტიკას ეცლება ხორციელება და გადაიღვრება იგი  ბრუტალურ ქვისმიერ მასაში; ტილოების დაჭმუჭნული ფაქტურა აძლიერებს მოწყვლადობას, სამყაროს ქაოსურ სულს და მასში ადამიანის სიმყიფეს, გამოგონილ პერსონაჟებსა და  სოციალურ არსებებს რამდენადმე სურთ  სასურათო სიბრტყის ანუ სამყაროს დატოვება...


თემო ჯაფრიძე. ოჯახი. ზეთი, ტილო. 118x70 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


P.S.

თემო ჯაფარიძე ხშირად მოიხსენიებდა საკუთარ თავს დამალული თაობის, უცხო კასტის წარმომადგენლად. თემოს, როგორც არსტისტის თუ უბრალოდ მოქალაქის ან კიდევ მისი თაობის(ვერის კლუბის) „გადამალვა“ და იგნორი, წარმოადგენდა საბჭოთა ოფიციოზის დამსჯელობით ქმედებას. ხელოვანში უცხო და გადასამალი არაფერი იყო, პირიქით იგი თავისი ხელოვნებით უზომოდ კეთილშობილურს, ალალს და ადამიანურს ემსახურებოდა...  ამ მოსაზრებას ნათლად ცხადყოფს მხატვრის კრედოდ ქცეული ფრაზა, „ჩუმი ნახატიდან“: „თუკი, თუნდაც ერთი ადამიანის წინაშე გავიხსენი ჩემი მხატვრობით ისე, რომ თვალთმაქცობას არ დაინახავს ჩემში, ნდობით აღივსება და დამითმობს ყურადღებას, ჩავთვლი, რომ ჩემი პიროვნების შემოქმედებითი  განხორციელება შედგა. ვოცნებობ, ერთ ადამიანს მაინც მივცე ჩემს მხატვრობაში ყოველგვარი მზაკვრობისგან განწმენდილი თავშესაფარი, სითბო და სიყვარული“.