menu

დიმიტრი ერისთავი

როდესაც ახალი დროის ქართულ სახვით ხელოვნებაზე ვიწყებთ ფიქრს, ჩვენ მეხსიერებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სახე ამოტივტივდება ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი სახე დიმიტრი ერისთავია. დღეს, როდესაც თითქმის 70 წელი გავიდა რაც ის შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩნდა, ჩვენ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ მისი მხატვრობის მნიშვნელობას.


დიმიტრი ერისთავი 1931 წელს თბილისში დაიბადა და მთელი თავისი შემოქმედება მან ამ ქალაქს მიუძღვნა. თბილისი გახდა მისი შთაგონების წყარო. 1952-1956 წლებში დ. ერისთავი თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ლ. გრიგოლია და ს. ქობულაძე. ამ მხატვრების შემოქმედებამ, საქართველოში გრაფიკის ხელოვნების ძალიან მაღალი პროფესიული დონე განსაზღვრა. ეს კულტურა შეითვისა და გაითავისა დ. ერისთავმა.


დიმიტრი ერისთავი. ძველი თბილისი. ქაღალდი, ფანქარი. 44x37სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია

ქაღალდი, ფანქარი, ტუში, კალამი, ეს ის სახვითი საშუალებებია, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებს დიმიტრი ერისთავი. ხაზი მხატვრის გამომსახველობის ძირითადი ხერხია. ფურცლის სითეთრე, მისი ერთგვარი განყენებული ხასიათი,მხატვრის სამოქმედო ასპარეზია. დ.ერისთავის კამერული ხასიათის დაზგური კომპოზიციები გასაოცარი ადამიანური სითბოთი და მშობლიური გარემოს სიყვარულითაა გაჟღენთილი.


დიმიტრი ერისთავი. მანანა გედევანიშვილის პორტრეტი. ქაღალდი, ფანქარი. 63x41სმ. 1961

1966 წელს, მოსკოვში ჟურნალ ‘’Юность’’-ის რედაქციაში სამი ქართველი მხატვრის ჯგუფური გამოფენა მოეწყო. გამოფენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან საბჭოთა ხელოვნების რეგლამენტირებულ გარემოში, ეს მოვლენა აღქმული იყო როგორც ახალგაზრდების თავისუფალი აზროვნების, ეროვნული თვითმყოფადობისა და თანამედროვეობის ახლებური შეგრძნების გამომსახველი. რა იყო ამ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა განუმეორებლობის დამახასიათებელი? რით მოახდინეს მათ შეგუბებული, იმპერიული აზროვნების განცვიფრება და შესაძლოა გამორკვევაც კი. მათ შემოქმედებაში არაფერი იყო მეამბოხე და რადიკალური ხასიათის. ყოველი მათგანი საოცარი მოკრძალებითა და უსაზღვრო სიყვარულით აღწერდა თანამედროვე ქართულ სამყაროს. მათთვის ეს იყო ტრადიციულისა და დღევანდელობის უშუალო თანაარსებობის ძალდაუტანებელი, ყოველგვარ პარტიულ პროპაგანდას მოკლებული თვითკმარი გარემო,რომელიც მოულოდნელად ოფიციალურ ხელოვნებას შეუპირისპირდა.


დიმიტრი ერისთავი. ბალერინები. ქაღალდი, ფერადი ფანქრები. 39x54სმ. 1973

დიმიტრი ერისთავი. ცეკვა. ქაღალდი, ფერადი ფანქრები. 28x20სმ. 1976.

დიმიტრი ერისთავი თავისი ნამუშევრებით მუდმივად თავის ნაცნობ თბილისურ ცხოვრებაზე გვიყვება. მან შეგვაყვარა ქუჩებში, ეზოებსა თუ ძველ უბნებში ახალგაზრდა თაობის ცხოვრება. მათი არსებობა ყველაფერს გარდაქმნის და ოპტიმიზმის უშრეტი ენერგიით მუხტავს. დ. ერისთავის შემოქმედება გვაბრუნებს სიყმაწვილის რომანტიკულ ატმოსფეროში.

დიმიტრი ერისთავის სურათებზე ყოველთვის რაღაცა ხდება. თბილისელები ხან ტანაშოლტილი ქალიშვილები არიან, რომლებიც მომცინარე სახეებითა და ხალისიანი რიტმით სადღაც მიიჩქარიან, ხან ხანდაზმული ადამიანები ბაღში, დიდი ჭადრის ქვეშ ისვენებენ, ხან მამაკაცების რიგს ვხედავთ ლუდის ფარდულის წინ ჩამწკრივებულებს, ხან ძველ თბილისურ ეზოში ქალები აივნიდან ერთმანეთს ეჭორავებიან. ეს მთელი თავგადასავალია, რომელიც არასდროს სწყინდება მაყურებელს, ვინაიდან ყოველი სურათი მშვიდობიანი თანაარსებობის უკვდავ თემას ეხება.


დიმიტრი ერისთავი. უსათაურო. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 35x49სმ. 1989. ათინათის კერძო კოლექცია

დიმიტრი ერისთავი. ასკინკილა. ქაღალდი, ფერადი ფანქრები. 40x35სმ. 1978


 დ. ერისთავის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხაზია. ზოგ ნახატზე ხაზი მკვეთრი და კონტურულია. ამგვარი ხაზით სიბრტყეები შემოისაზღვრება, რომლებსაც მხატვარი ლოკალური ფერებით ავსებს. წარმოიქმნება ფერადოვან-სიბრტყობრივი რიტმის მქონე კომპოზიციები, რომლებიც დეკორატიული ხასიათისაა. 

ზოგ სურათზე შტრიხი ფაქიზად ედება ფურცლის ზედაპირს და მშვენიერი ქალიშვილების ხორცსავსე სხეულებს პლასტიკურ მიმზიდველობას უმკვეთრებს. ზოგჯერ შტრიხები ერთმანეთს კვეთენ და მოცულობის სიმკვრივესა და სკულპტურულობას გადმოსცემენ. 

დიმიტრი ერისთავი თავის კომპოზიციებში ხშირად ფერადოვან დანამატებს იყენებს. ეს მართლაც დანამატებია, რადგან ყოველ მათგანში წამყვანი ნახატის გრაფიკული მეტყველება რჩება. ფერი, იქნება ეს ფერადი ფანქრები, პასტელი, აკვარელი თუ გუაში, ერთგვარი პლასტიკის გამამდიდრებელი საშუალებაა, რომელიც ნახატს მეტ გამომსახველობას სძენს.


დიმიტრი ერისთავი კვიმატი და ზოგჯერ სარკასტული მთხრობელია. იგი არ ერიდება ფორმის გაზვიადებას, ცალკეული დეტალების ხაზგასმულ დეფორმაციასა და პერსონაჟთა მიმიკის გამოკვეთას. ეს ელემენტები შარჟში არ გადადის. მათში დაცულია ადამიანის პერსონის მნიშვნელობისა და თანაგრძნობის განცდა.


დიმიტრი ერისთავი არამარტო თბილისური ყოფის ამსახველ სურათებს ქმნიდა, არამედ თბილისის ძველი უბნების პეიზაჟებსაც. მათში კარგად ჩანს მხატვრის უნარი შენიშნოს არამარტო შენობების ხასიათი, არამედ განაზოგადოს მათი სახე, დეკორატიულ-სიბრტყობრივად გაშალოს ისინი ფურცლის ზედაპირზე და მათ ეპიკური ხასიათი შესძინოს. ქალაქი მხატვრისთვის ის დედა აზრია, რომელიც მის მცხოვრებლებზე აისახება. უსწორმასწორო, მთების კალთებს შეფენილი, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი, შუშაბანდიანი თბილისური სახლები, ადამიანური სითბოთია გამთბარი. ეს პეიზაჟები ჟანრულ სურათებთან ერთად დ. ერისთავის მხატრული სამყაროს ერთიანობას ქმნის.


დიმიტრი ერისთავი. გარდერობი. ქაღალდი, ფანქარი. 36x48სმ. 2005. ათინათის კერძო კოლექცია

არ არსებობს ისეთი ყოფითი დეტალი, რომლის ამეტყველებასაც მხატვარი ვერ შეძლებს. ასეთია ‘’გარდერობი’’, სადაც პალტოები კიდია. ეს ალბათ თეატრის გარდერობია. ყოველი პალტო განსხვავებული ფორმით, მოძრაობითა თუ ფაქტორით განსხვავებულია, ისე როგორც მათი მფლობელები. მათში ჩვენ ადამიანების ხასიათს ვხედავთ. 


დ. ერისთავი შესანიშნავი ილუსტრატორია. მას არაერთი წიგნი აქვს დასურათებული. მათი დიაპაზონი დიდია ი. ჭავჭავაძიდან - შექსპირამდე. ილუსტრაციებში იგი გაზვიადებისა და გროტესკის ენასაც იყენებს. ეს მის ნამუშევრებს მეტ დაძაბულობასა და ენერგეტიკას სძენს. ნახატი ყოველთვის ემოციური და ექსპრესიულია. ილუსტრაციებში ის კარგად გრძნობს მკითხველს, რომელსაც დეტალების სიმრავლე იზიდავს.


დიმიტრი ერისთავი. ილუსტრაციები ი.ჭავჭავაძის მოთხრობისთვის "კაცია-ადამიანი?!". ქაღალდი, ფანქარი. 1978

დიმიტრი ერისთავი. ილუსტრაციები ი.ჭავჭავაძის მოთხრობისთვის "კაცია-ადამიანი?!". ქაღალდი, ფანქარი. 1978

 დიმიტრი ერისთავი. ილუსტრაცია უილიამ შექსპირის ტრაფედიისთვის "ჰამლეტი". ქაღალდი, აკვარელი, ფანქარი.  30x37სმ. 1976


დიმიტრი ერისთავის გრაფიკული ფურცლები ფართოდაა ცნობილი. მის ნამუშევრებს გამორჩეული მიმზიდველობა ახასიათებს. მათ ყველა მოყვარული სცნობს, ამიტომაც გახდა იგი ქართული საზოგადოებისთვის დამსახურებული მხატვარი, რომელსაც არაერთი სახელმწიფო წოდება და ჯილდო აქვს მიღებული.