თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისათვის განკუთნილ ფარდაზე სერგო ქობულაძე (1909-1978) მუშაობას 1954-1956 წწ.-ში იწყებს. მხატვრის მიერ შექმნილ-შესრულებულ ფარდას თეატრალურ სივრცეში, ოდითგან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. დარბაზში შესული მაყურებლისთვის ის განსაკუთრებული, საზეიმო, ამაღლებული და ხშირად ამაღელვებელიცაა. მსგავსი ფარდა არც ერთ კონკრეტულ სპექტაკლთან არ ასოცირდება. ის ერთი მხრივ რეალური, მეორე მხრივ კი მხატვრული სამყაროს ვიზუალურ-პირობითი მიჯნაა. მსგავსი ფარდა ყველაზე მართებულია ხელოვნებათა სინთეზის კონტექსტში იქნას განხილული, რადგან არქიტექტურას მისადაგებული ის, თავად მონუმენტური მხატვრობის ნიმუში, თეატრალურ-დეკორაციული მახასიათებლების გავლენასაც განიცდის ხშირად.
თბილისის ოპერის თეატრის ფარდისთვის (ფარდა-120მ2, არლეკინი- 36მ2) მხატვარმა უამრავი ესკიზი და ჩანახატი შექმნა. სამუშაოები ხუთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მომზადდა ფარდის რამდენიმე ვერსია. არსებული დოკუმენტური მასალა ცხადყოფს, რომ პირველ ეტაპზე ფარდაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ თემაზე შესრულებული კომპოზიციური დეტალი იყო დატანილი. დანარჩენი არე კი მასიურ, მძიმე, ოდნავ მოუქნელ ხალიჩისებური ფაქტურის დახატული ფარდის მონაკვეთს ეთმობოდა. მოგვიანებით მხატვარმა გადაწყვეტილება შეცვალა და სიუჟეტური კომპოზიციური ფრაგმენტი, მითიური პერსონაჟის გამოსახულებით ჩაანაცვლა. მუსიკის მუზა, ასე მონათლა ეს ფიგურა მაყურებელმა. თავად ხელოვანი მას ორფეოსად მოიხსენიებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ სხეულებრივად ქალს მინამგვანი ფიგურა, ფეხებზე ჰერმესის ფრთებით, თავზე დაფნის გვირგვინით და ხელში ჩანგით, შესაძლოა ზოგადად პარნასის ბინადართა კრებით სახედ ქცეულიყო და ასეც მოხდა. გაიზარდა განზოგადების ხარისხი, იკლო კონკრეტიკამ და შემცირდა თხრობითობის წილი. მუსიკა კი, როგორც ზოგადკულტურული აზროვნების ფორმა, ამ გამოსახულებაში მეტი სისავსით განსხეულდა.

სერგო ქობულაძე (1909-1978) - ფარდის ესკიზი. 41,7x59,5. 1954-1959 წწ
დღევანდელი გადასახედიდან, სერგო ქობულაძის შემოქმედება არაერთ კითხვას ბადებს. ჩვენს ხელთ არსებული მხატვრული მემკვიდრეობის ზედაპირული ანალიზიც კი კმარა იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ ეპოქის, ბევრი ხელოვანის, ნამუშევრისადმი ცალსახად სწორხაზოვანი შეფასებითი კრიტერიუმების გამოყენება მცდარია და არასაკმარისი. კონტექსტის, ისტორიულ-პოლიტიკური ვითარებისა და ზოგადკულტურულ ტენდენციებთან მისადაგებული, მხატვრული ანალიზი კი ნათელყოფს, რომ რეალისტური ფორმათქმნისაკენ შემოქმედის ინტერესის ერთადერთ მიზეზად, მხოლოდ ეპოქისეული მოთხოვნების დასახელება მართებული არ იქნება.
სერგო ქობულაძე (1909-1978) - ფარდის ესკიზი. 95x120. 1958-1961 წწ
ხელშესახებად მკვრივი, სავსე და სრულად სხეულებრივ-მატერიალური-ასეთია ფორმის ქობულაძისეული ინტერპრეტაცია. ხასიათის მაქსიმალიზმი, გამოვლენილი ნახატების მუდმივი განსრულება-სრულყოფის უწყვეტი და თითქმის დაუსრულებელი პროცესით. მისთვის ჩვეულია სერიებად შესრულებული ესკიზები, ჩანახატები, მოსამზადებელი ნამუშევრები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი წინასწარი მონახაზი საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ასეთია ქობულაძის მხატვრობა ზოგადად. ასე მუშაობდა ის ოპერისთვის განკუთვნილ ფარდაზეც, მაგრამ არც ერთ ამ წინასწარულ მონახაზსა თუ ესკიზში განცდის ინტენსიობა ოდნავადაც არ ნელდება, პირიქით, სწორედ ამ ძიების პროცესში ძლიერდება, მატულობს და სულ უფრო ჩამოქნილ-გამოწრთობილი, საბოლოო ვერსიაში აღარც ერთ კითხვას აღარ ტოვებს. ქობულაძისთვის მიუღებელია ქმნადობის წამიერი სპონტანურობა, ხატება ფიქრისგან დაცლილი და მხოლოდ გრძნობას მინდობილი. ამიტომაცაა მისი შემოქმედებითი ძიებები ასეთი მრავალფეროვანი. ის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, აგებს, ათავსებს ფიგურას სხვადასხვა პოზასა და მდგომარეობაში, კომპოზიციას ყოველ ჯერზე თავიდან აწყობს, თანაც უსასრულო ოდენობით. თუმცა მხატვრის ნამუშევრების საბოლოო ვარიანტები, ის რაც იყო კიდეც გათვლილი მაყურებლისთვის, ნათელყოფს, რომ ხელოვანი ყოველ ჯერზე არჩევს გამოსახულების კომპოზიციურ-სტრუქტურული და ფორმისმიერი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით მაქსიმალურად დაწნეხილ, ლამის უალტერნატივო ვერსიას.
ოპერის ფარდის შესაქმნელად მხატვარი წარსული ოსტატების გამოცდილების გათვალისწინებით „მრავალშრიანი ფერწერის“ ტექნიკას იყენებს. „ეს ცოდნა უკვე დაკარგულია. მე ახალგაზრდობიდან მოყოლებული ვცდილობდი მის ამოხსნა-შესწავლას, ბოლომდე ვერ მოვახერხე, თუმცა ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობისას გამოვიყენე, რაღაც ნიუანსები“ (ს.ქობულაძე). იგულისხმება აღორძინების ხანის იტალიელი ოსტატებისთვის ნაცნობი მრავალშრიანი ფერწერული ტექნიკა, რომელიც ფერადოვანი ფენების ოპტიკურ შერწყმა-შეზავებაზე იყო დაფუძნებული და მხატვრისგან ზუსტ კოლორისტულ თუ ფორმისმიერ გათვლებს საჭიროებდა. ამის საფუძველზე იქმნებოდა სივრცით-მოცულობითი, ლამის სტერეო მახასიათებლების მქონე გამოსახულება. ამასთან ყველა ქვედა ფერადოვანი ფენა, ზედას ერთადერთი განმაპირობებელი და განმსაზღვრელი იყო. რადგან გამოსახულება ვიზუალურ „ფორმულებს“ ეფუძნებოდა, სათანადო დისტანციის არარსებობა მხატვარსა და სასურათე ზედაპირს შორის (იატაკზე გაშლილ უზარმაზარ ტილოზე მოსიარულე მხატვარი სასურათე ზედაპირს ყველაზე დიდი 3-4 მეტრით თუ შორდებოდა კიბეზე ასული) სირთულეს აღარ წარმოადგენდა. ნამუშევარზე მუშაობისას, ასევე გათვალისწინებული იყო, ფარდის ხშირი მოძრაობისას (სპექტაკლის მსვლელობისას, ფარდის მუდმივი აწევ-დაწევა; დროთა განმავლობაში ქსოვილის დეფორმირება დაკიდებულ მდგომარეობაში საკუთარი სიმძიმით გამოწვეული დაწელვის გამო) გაჩენილი შესაძლო საფრთხეები და სირთულეები.

სერგო ქობულაძე (1909-1978) - მთავარი ფარდა. 1960 წ
1961 წელს ნამუშევარი დასრულდა და ოპერის თეატრმა ის სადღესასწაულოდ წარუდგინა მაყურებელს. მაყურებელი აღფრთოვანდა, პარტიულმა ნომენკლატურამ კი ხარვეზები მაინც აღმოაჩინა. მათი შენიშვნები ფარდაზე განთავსებულ ალეგორიულ ფიგურას ეხებოდა. ნამუშევრის სწორედ იმ ნაწილს, სადაც მხატვრის ინდივიდუალური მახასიათებლები ყველაზე ცხადად გამჟღავნდა. ფიგურის სიბრტყობრიობისკენ მიდრეკილი პროფილი, ამ ზედმიწევნით ნამდვილ გარემოში თავისუფალი მხატვრული აზროვნების დეკლარირებას ახდენდა. მსგავსი კონტრასტით განპირობებული პირობითობა საბჭოთა სოცრეალიზმს სრულად არ ესადაგებოდა, ან უფრო ზუსტად, მის სწორხაზოვნებაში ეჭვის გაჩენის საბაბს იძლეოდა. მეორეს მხრივ კი თეატრი, თავისი არსით თითქოს მსგავსი პირობითობის გამართლების საფუძველს ქმნიდა. ფარდის პრემიერას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ სერგო ქობულაძემ ქართულ საზოგადოებას შესთავაზა ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ ზოგადად XXს-ის ქართული ხელოვნების ისტორიისთვის გამორჩეული მნიშვნელობის იყო.

სერგო ქობულაძე (1909-1978) - ფარდის ესკიზი. 1975 წ
1973 წელს ოპერის თეატრში გაჩენილ ხანძარს სერგო ქობულაძის ფერწერული ფარდაც შეეწირა. დაუყოვნებლივ გადაწყდა მისი აღდგენა. აქ საგულისხმოა, რომ ამასობაში ეს ფარდა თბილისის ოპერის თეატრის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. აღდგენილი ვარიანტისთვის მხატვარმა უკვე სრულიად ახალი ესკიზი შექმნა. დახატული ფარდის ნაწილი უცვლელად რჩებოდა, კომპოზიციური დეტალი კი ახალი სიუჟეტური ელემენტით ჩანაცვლდებოდა-ფრთოსანი რაში, ზედ მუზის ალეგორიული ფიგურით. თუმცა ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. აშკარა იყო, რომ სამუშაოს იგივე ძალა, შემართება და ენერგია ესაჭიროებოდა, რაც ოდესღაც შეუძლებელის დაძლევის რწმენას ანიჭებდა სერგო ქობულაძეს. ოღონდ ფიზიკური შესაძლებლობების გარდა იყო კიდევ ერთი და ალბათ, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი - სერგო ქობულაძეს, როგორც შემოქმედს მსგავსი ნაწარმოების შექმნის და მით უფრო გამეორების ინტერესი აღარ ამოძრავებდა. მისთვის ამ კითხვას თხუთმეტი წლის წინ გაეცა პასუხი და როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ. ასე გაქრა მხატვრის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და დასრულდა ამბავი, რომელიც სამუდამოდ წარსულის კუთვნილებად იქცა.