menu

ზურაბ ნიჟარაძის პოეტური მხატვრული სამყარო

ზურაბ ნიჟარაძე მხატვართა იმ ახალი ტალღის წარმომადგენელია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირის ოფიციალური ხელოვნების გვერდით სახვითი ხელოვნების ახალი ნაკადების ჩასახვა და განვითარება უზრუნველყო. სტალინის ეპოქის დასრულების შემდეგ ოდნავ გამოღებული სარკმელი ევროპასთან ზურაბ ნიჟარაძესთან უმეტესად მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში ნანახი წიგნებით გამოიხატებოდა, სადაც მხატვარი ევროპული ფერწერის ისტორიას ეცნობოდა. ბავშვობიდან გატაცებული იყო ხატვით, პიკასოს სიყვარულის გამო „პიკო“ შეარქვეს და ეს სახელი ბოლომდე გაჰყვა. მოგვიანებით, აკადემიაში სწავლისას, მისი საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწას, მხატვრული გემოვნებისა და ინტერესთა სპექტრის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყვეს ხელი მისმა პედაგოგებმა სერგო ქობულაძემ, კორნელი სანაძემ, აპოლონ ქუთათელაძემ.


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021)


თავიდანვე ზურაბ ნიჟარაძის მრავალმხრივი ტალანტი სრულყოფილად გაიხსნა პორტრეტულ ჟანრში. მისი ნამუშევრების პერსონაჟები მისივე თანამედროვეები, მეგობრები, 1950-1960-იანი წლების ქართველი ახალგაზრდების თაობა იყო, რომელიც ქმნიდა ახალ ქართულ კულტურას, საფუძველს უყრიდა რადიკალურ ცვლილებებს სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურასა თუ კინოში. ოთარ ჭილაძის, ნანა ხატისკაცის, მანანა კორძაიას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ლიუდმილა ბაბკოვას, ციცინო ციციშვილის, ოთარ იოსელიანის პორტრეტები სახვითი ენის გამომსახველობითა და მკაფიო სახეობრიობით ხასიათდება. სახეთა და მზერის აქცენტირება, ჟღერადი, მსუყე ფერადოვნების ლაქებით მოცულობების სკულპტურული ძერწვის პრინციპი, მოციმციმე კოლორიტი ამ პორტრეტებს განსაკუთრებულ პლასტიკურ მთლიანობას ანიჭებს. ფერი არის მხატვრის მთავარი ხერხი კომპოზიციური წყობისა თუ პერსონაჟთა ფსიქოლოგიური დახასიათების გადმოსაცემად. კოლორიტი განსაზღვრავს პორტრეტის საერთო განწყობას, ხან დრამატული, ხან მაჟორული, ხან კი ლირიული მხატვრული სახის შესაქმნელად. 1960-იანი წლების კონტრასტულ, მეტად დრამატული ხასიათის პორტრეტებს 1980-იან წლებში ენაცვლება უფრო ლირიული, ემოციურად ამაღლებული, ტონალურ ფერწერაზე აგებული პორტრეტები (გაიანე თაყაიშვილის, მ. სარიშვილის პორტრეტები). აქ ფორმა ურთიერთდაპირისპირებული კონტრასტული ფერების შეჯახებით კი არ იძერწება, არამედ ნიუანსირებული, დახვეწილი გრადაციებით. ხანდახან პლასტიკურად დამაჯერებლად ნაძერწი სახისა და პირობითად გადმოცემული სხეულის დაპირისპირებით იქმნება განსაკუთრებული გამომსახველობის ნამუშევრები (ანა ნიჟარაძის პორტრეტი). ფაიუმის პორტრეტს მოგვაგონებს ლელა პატარიძის ბრწყინვალე პორტრეტი. განსაკუთრებულ ოსტატობას აღწევს მხატვარი ფანქრისა და პასტელის ტექნიკით შესრულებულ გრაფიკულ პორტრეტებში. სახის ფსიქოლოგიზმი და შესრულების ოსტატობა, ნახატის საიდუმლოს ფლობა და პლასტიკური მოცულობის გრძნობა მხატვრის მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ციცინო ციციშვილის პორტრეტი”. 1960-1973 წ. ტ,ზ. 102X82


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ლია ელიავას პორტრეტი”. 1967-1969 წ. ტ, ზ. 100X80.5


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ოთარ ჭილაძის პორტრეტი”. 1980 წ. ქ, ფ. 75X50


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “მხატვრის ქალიშვილის, ანა ნიჟარაძის პორტრეტი”. 1981 წ. ტ,ზ. 110X80


ზურაბ ნიჟარაძის უკვე ადრეული ფერწერიდან ნათელია მისი შემოქმედებითი კრედო. ახალ ქართულ სახვით ხელოვნებაში ის პოეტური რეალიზმის გამტარებელია, ყოფითი ცხოვრების პოეტიზირებით ის გაურბის ყოველდღიურობის რუტინულობას და ცდილობს ურთიერთსაპირისპირო მოვლენებით დატვირთულ რეალობაში მონახოს ჰარმონიული სამყაროს მოდელი. მხატვრის სიტყვებით შემოქმედი ქმნის ჰარმონიული სამყაროს მოდელს - მრავალფეროვან და მრავლისმთქმელ ჰარმონიას, სადაც ჩამოყალიბებულია მხატვრის თვალსაზრისი თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო.


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ჩიტების გამყიდველი”. 1968 წ. ტ, ზ. 100X90


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “მოხუცი, რომელსაც საწოლი მიაქვს”. 2005 წ. ტ, ზ. 100X90


1961 წელსაა შესრულებული დიდი ზომის ნამუშევარი ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის გამოსახულებით, რომლებიც ხის ნერგს რგავენ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელშიც საქართველოც შედიოდა, ჯერ კიდევ მძლავრობს ხელოვნების იდეოლოგიზირების პოლიტიკა. „ხის დარგვა“ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, სოცრეალიზმისთვის დამახასიათებელი შრომის განდიდების თემაა, მაგრამ სრულიად სხვაგვარად გადაწყვეტილი. სურათი დაცლილია ყოველგვარი იდეოლოგიისა და შრომის პათეტიკისგან. ეს პოეტური, ლირიკული სურათია ახალგაზრდა, ძლიერი, ჯან-ღონითა და სილაღით აღსავსე ახალგაზრდების მომავლისადმი რწმენის. ამგვარივე პათოსით, თემის ახლებული გააზრებითა და, შესაბამისად, სრულიად განსხვავებული მხატვრული ხერხებითაა გადაწყვეტილი შესრულებული „მაღაროელები“, „ტრაქტორისტები“.


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “სახლში დაბრუნება”. შერეული ტექნიკა ქაღალდზე. 36x48 სმ. 1980. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ქალი თუთიყუშით”. ტ, ზ. 80X75. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ქუჩის სცენა”. 1979 წ. ტ,ზ. 80X60


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ახალგაზრდა წყვილი ჩიტით”. 1980. ქ, პასტელი, 73X50


ნიუ, ქალის შიშველი სხეული, როგორც პირველსაწყისის, დაბადების, ნაყოფიერების, სიწმინდის, ვნების არქეტიპული მოტივი ხელოვნების განვითარების ნებისმიერ საფეხურზე შემოქმედისთვის ერთ-ერთი მძლავრი ინსპირატორია. ზურაბ ნიჟარაძეც არ არის გამონაკლისი. ნიუს თემას განსხვავებული კონცეფციით, ხან ანტიკურ-მითოლოგიური, ბიბლიური თუ ჩვეულებრივ, ყოფით გარემოში, განსაკუთრებით ხშირად მხატვარი 1970-1980-იან წლებში მიმართავს და ფერწერულ და გრაფიკულ სერიებად აერთიანებს. ნიჟარაძის ნიუ მგრძნობიარე, ემოციურ მხატვრულ სახედ წარმოგვიდგება, ხშირად ირონიული ქვეტექსტით, ფერწერულ-პლასტიკური ფორმა განზოგადებული მოცულობებით, პირობითი, ოდნავ უტრირებული მასებით გამოისახება. ის შინაგანად სუფთა, ემოციურ და ლირიულ მხატვრულ სახეებად წარმოგვიდგება. ფიგურათა რაკურსები, საღებავის ფენის ფაქტურული სიმკვრივე, კონტრასტული თუ ტონალური ფერწერის გრადაციებით მიღწეული ფორმათა მგრძნობელობა ამ ნამუშევრებს განსაკუთრებულ სენსუალობას ანიჭებს. ნიუს მოტივს მიმართავს თუ ქალის ფიგურებს ყოფით, როგორც თავად უწოდებს „სახუმარო სცენებში“, ყოველთვის ხაზგასმულია ქალის სხეულის სენსუალობა, ესთეტიზმი. ზოგადად ესთეტიზმი, ფორმათა თუ ფერთა შეხამების ჰარმონიულობა ნიჟარაძის შემოქმედების მთავარი მახასიათებელია და ეხამება მის ფერწერის ლირიკულ ხასიათს. განსაკუთრებულია ადგილი ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებაში ჟანრულ თემებს უჭირავს. მხატვარი რეალურსა და წარმოსახულს ისე მსუბუქად, ძალდაუტანებლად აერთიანებს, რომ მაყურებელსაც აჯერებს ოცნებების სამყაროს არსებობას. „ჩიტების გამყიდველში“ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ყოფითი სცენა პოეტიზირებულია და თავისი გულუბრყვილობითაა მომხიბვლელი. სხვადასხვა სივრცულ-დროითი ორიენტირების სინთეზი, მაჟორული ფერადოვნება ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყოფით სცენას რეალურისა და ფანტაზიის ზღვარზე ამყოფებს. სიუჟეტური მოტივებისა და ფერადოვანი შეთანხმების საშუალებით მხატვარი აღწევს განსაკუთრებულ ემოციურობას და სიკეთის უცილობელი გამარჯვების იდეას ამკვიდრებს. მსუბუქი ირონიულობით, ნათელი, ჟღერადი ფერადოვნებით არის შესრულებული მხატვრის იტალიური ციკლი. 


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ნიუ”. 1979 წ. მუყაო, ზ. 82X100


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ნიუ”. 1979 წ. ქ, სანგინა, პასტელი, სოუსი, ცარცი. 75x105


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ოქროს წვიმა (დანაე)”. 2001 წ. ტ, ზ. 75X105


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ქალი”. ზეთი, ტილო. 79,5x59,5 სმ. ATINATI-ს კერძო კოლექცია


1970-1980-იან წლებში მხატვარმა შექმნა მითოლოგიური ციკლი. მისი დამოკიდებულება ამ თემისადმი განსხვავებულია. იგი მითს მიმართავს არა როგორც სიბრძნის წყაროს, არამედ მის სახალისო, ირონიზირებულ, ორიგინალურ ვარიანტს გვთავაზობს. ეს ხან ივდითია, რომელსაც ოლოფერნეს თავის მაგივრად ხელთ მოფრიალე ჭრელი ლენტებით შემკული მამაკაცის ნიღაბი უჭირავს, ხან კი დანაე, რომელსაც სახე მიუბრუნებია ოქროს წვიმის ბრწყინვალებისგან თავის დასაცავად. ორივე კომპოზიცია თავისუფალი, ფართო მონასმებითა და ფერთა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმებითაა შესრულებული.   განსხვავებული ხასიათისაა კენტავრი, გამალებული სწრაფვით, ისარივით მოძრაობით ხაზგასმულია მისი დაუდგრომელი, ველური ბუნება. კონტრასტული ფერების დაპირისპირება და პასტოზური მონასმები აძლიერებენ მხატვრული სახის ექსპერსიულობასა და დრამატიზმს. 


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “დღესასწაული”. შერეული მედია ქაღალდზე. 1980 წ. 42.7X61.3.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “უსათაურო”. ზეთი მუყაოზე. 74_48 სმ. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) "ნატურმორტი".  ტ, ზ. ATINATI-ს კერძო კოლექცია. ფოტო: გ. ჩხატარაშვილი


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “საუბარი”. 1991 წ. მუყაო, ზ. 79X50


ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021) “ეგვიპტეში გაქცევა”. 2012. ტ, ზ. 100X80


ზურაბ ნიჟარაძე მუდამ უბრუნდებოდა ნაცნობ მოტივებსა და თემებს, ახლებურ გადაწყვეტას უძებნიდა მათ, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა ინდივიდუალურ ხელწერას - ესთეტიზმსა და არტისტულობას.