ოთარ ჩხარტიშვილი 1938 წელს ქობულეთში დაიბადა. ბავშვობის წლები აფხაზეთში გაატარა. შეეძლო საათები გაეტარებინა ნაპირზე ზღვის ცქერაში. ეს მას განსაკუთრებულ თავისუფლების შეგრძნებას აძლევდა. ამაზე წერს კიდეც თავის მოგონებებში. ზღვა და ზღვისპირეთი მის ნამუშევრებში ხშირად ჩნდება.

ოთარ ჩხარტიშვილი. ავტოპორტრეტი. ტილო,ზეთი. 80X58. 1967. ათინათის კერძო კოლექცია
1960 წელს ჩხარტიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. 1961 წლის გაზაფხულზე კი, მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად, რუსთაველის პროსპექტზე, ღია ცის ქვეშ, არასანქცირებული გამოფენა მოაწყო. ამ სახელდახელო ვერნისაჟზე გამოფენილი ნამუშევრები, შესაძლოა, არც იყო განსაკუთრებული ორიგინალობით გამორჩეული, მაგრამ ამ აქციით მხატვარმა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატა. მათ გვერდიდან არ შორდებოდნენ ლადო გუდიაშვილი და ელენე ახვლედიანი. ხელისუფლება ამ აქციას, რასაკვირველია, მტრულად შეხვდა და შესაფერისი ზომებიც გაატარა, მაგრამ მკაცრ სასჯელს ახალგაზრდა მხატვრები მაინც ასცდნენ. „ბუნტარი“ მხატვარი რამდენჯერმე გარიცხეს, მაგრამ აკადემია მაინც დაასრულა.

ოთარ ჩხარტიშვილი მეუღლის პორტრეტთან
ოთარ ჩხარტიშვილი საბჭოთა ანდერგრაუნდის მხატვარია, რომლის ხელოვნებაში მკაფიოდ გამოვლინდა არაოფიციალური ხელოვნების სოციალურ-ესთეტიკური, თვისებრივი მახასიათებლები. ანდერგრაუნდის ხელოვანთა მსოფლხედველობა და სახვითი ენა რადიკალურად განსხვავდებოდა სოცრეალიზმის, თუმცა კი უკვე ოდნავ შესუსტებული და შრეებად დაშლილი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი და იდეოლოგიზირებული მხატვრული სისტემისგან.

ოთარ ჩხარტიშვილი. ჯინსები. ტილო მუყაოზე, ჯინსის შარვალი, ზეთი 110x69სმ. 1965. ათინათის კერძო კოლექცია
ანდერგრაუნდის/ნონკონფორმისტული ხელოვნება პოსტსტალინურ საბჭოთა სივრცეში მხატვრული მოვლენების კალეიდოსკოპში გარდამტეხი მხატვრული მოვლენა იყო, რომელმაც მთლიანად შეცვალა საბჭოთა პერიოდის ხელოვნების განვითარების ვექტორი 1960-იანი წლებიდან და დღეს ის XX საუკუნის მხატვრული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. 1974 წელს, მოსკოვში ბელიაევოს უკაცრიელ მინდორზე ალექსანდრე გლეზერისა და ოსკარ რაბინის მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომელიც ხელისუფლებამ ბულდოზერების საშუალებით დაარბია, სოცრეალიზმის იდეოლოგიური და ფორმალური კლიშეს საწინააღმდეგოდ მოწყობილი მხატვრული აქცია იყო და მასში მონაწილე მხატვრები თავისთავად იქცნენ ნონკონფორმისტული ხელოვნების ისტორიულ პერსონაჟებად. ჩვენი შემეცნება იმდენად ეგუება დეფორმირებულ სივრცეს, რომ ის ნორმა ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ნორმალურობის ჩანაცვლებაა – ამბობდა სოც-არტის ერთ-ერთი წარმატებული ფიგურა ერიკ ბულატოვი. რეალობის სწორედ ეს ნორმალიზება, მოვლენათა ადეკვატური ინტერპრეტაცია და სახვითი ენის კანონიკური სქემებისგან გათავისუფლება იყო ლეგენდად ქცეული ბულდოზერის გამოფენის ორგანიზატორ და მონაწილე მხატვართა მიზანი. ოთარ ჩხარტიშვილიც ქართულ ხელოვნებაში ბულდოზერის გამოფენის მონაწილე ლეგენდარულ მხატვრად ჩაეწერა.

ნონკონფორმისტი მხატვრები მარცხნიდან ოთარ ჩხარტიშვილი, ნატალია აბალაკოვა, ანატოლი ჟიგალოვი, ლარისა პიატნიცკაია, ალექსანდრე გლეზერი, ალეკო გოგუაძე, ალიონა კირცოვა. მოსკოვი. 1970-იანი წლები
ოთარ ჩხარტიშვილმა უაღრესად საინტერესო, დიდი მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა - პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, კოლაჟი, ასამბლაჟი, ობიექტი - ნებისმიერ შემთხვევაშიჟანრი თუ იდეა, როგორც ამბობს, უბრალოდ მიზეზია. სურათის სინამდვილეში იმ ობიექტში ის თავად მონაწილეობს და ქმნის მისეულ სამყაროს, რომელშიც მთავარი სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება, საკუთარი მეს წარმოსახვაა. პეიზაჟებში მხატვარი გადმოსცემს სტატიკური, უძრავი სამყაროს მოდულს. აქ სივრცე უმეტესად ჩაკეტილია, დრო - გაჩერებული. იშვიათად ჩანს ჰორიზონტი.

ოთარ ჩხარტიშვილი. ქვემო ქართლი, გაზაფხული. ტილო, ზეთი, 61X81. 2002. ათინათის კერძო კოლექცია

ოთარ ჩხარტიშვილო. კვიპაროსები. ზეთი, მუყაო. 69x66სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია
ჩაკეტილი, უძრავი სამყარო - ესეც ეპოქის მანიშნებელი – საბჭოეთის „მთავარი მონაპოვარია“, პოლიტიკური და შემოქმედებითი იზოლაცია. მხატვრის პესიმიზმი პეიზაჟებში არსებითად იდეოლოგიური და ტექნოკრატიული აგრესიის სამყაროში რეალობის შეუცვლელობის პერსპექტივაა. ამიტომ, მისი სამყარო თითქოს დაუსახლებელია, ცარიელი, ადამიანი - უმნიშვნელო. ჩხარტიშვილის პეიზაჟები თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიის, პათეტიკისა და დიდაქტიკისაგან, რაც სოცრეალისტური ხელოვნების განმსაზღვრელი აზრობრივ-სემანტიკური აუცილებლობა იყო. მისი ნამუშევრების იდეა სწორედ ამ კლიშეს წინააღმდეგ მიმართული შემოქმედებითი აქტია, არა მოდური, ფორმალური გატაცება, არამედ რეალობის სიღრმისეული გააზრება და არსის წვდომის უნარი. არსებული რეალობის მიმართ გაუცხოება, ამ რეალობის მიღმა არსებობა განაპირობებს მხატვრის პეიზაჟების იერატიულობას.

ოთარ ჩხარტიშვილი. აბსტრაქცია ზამთრის თემაზე. მუყაო, ზეთი. 40x47. 1984. ათინათის კერძო კოლექცია
„წელიწადის ოთხი დრო“ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შექმნილი ფერწერული სერიაა, რომელიც ერთი და იმავე მოტივის, რუსთავში საკუთარი ბინის ფანჯრიდან წელიწადის სხვადასხვა დროს დანახული ეზოს ფრაგმენტის ფერწერული სურათებია. წელიწადის დროების მონაცვლეობასთან ერთად, მხატვარი ცვლის ხედვისა და გამოსახვის სტილსა და მანერას და რეალისტურად დაწერილი ეზოს ფრაგმენტი თავისი ყოფითა და განწყობით, თავისი პოეტიკით, მატერიის დენატურალიზაციით, აბსტრაქტულ კომპოზიციებად გარდაიქმნება. ეს ყოველდღიური ცხოვრების რუტინის ერთგვარი პოეტური კადრებია.

ოთარ ჩხარტიშვილი. ჩემი ეზო, თებერვლის თვე. მუყაო,ზეთი 42x60. 1984. ათინათის კერძო კოლექცია

ოთარ ჩხარტიშვილის ნატურმორტები ყოველგვარი ყოფითისგან დაცლილი და ყოველდღიურობისგან განყენებულია. სახვითი მოტივების შერჩევა შემთხვევითი არ არის. ეს მოტივები ხშირად მეორდება და განწყობის სხვადასხვა ნიუანსით იცვლება. კონცეპტუალური და სიმბოლური დატვირთვის თვალსაზრისით განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბროწეულისა და თეთრი ფერის ქსოვილის მოგზაურობაა სხვადასხვა კომპოზიციაში. თეთრი ფერი აქ სულიერების, სიწმინდისა და მორალური ღირებულებების სიმბოლური გამოსახულებაა. ლაკონური კომპოზიციური სტრუქტურა, საგნის გადმოცემის ილუზორული მანერა, თავშეკავებული კოლორიტი და არათანაბარი განათების ეფექტები ბიბლიური სიმბოლიკით დატვირთულ არქეტიპულ მხატვრულ სახეებს (ბზა, ბროწეული, ვაშლი, თეთრი საფარი) მისტიკურობასა და მნიშვნელოვნებას ანიჭებს. ეს გარეგნულად სტატიკური კომპოზიციები დიდი შინაგანი მუხტის მქონეა და დასაწყისისა და დასასრულის ფილოსოფიურ კონტექსტს იძენს.
ჩხარტიშვილის შემოქმედებაში პოსტმოდერნისტული დისკურსი, წარსული ეპოქების შემოქმედებით ფიგურებთან, შესაძლოა, თავდაპირველად ქვეცნობიერად არსებობდა, შემდეგ კი მხატვრულ ხერხად ჩამოყალიბდა და აშკარა მინიშნების სახით მის კომპოზიციებში გამოვლინდა. ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტები სტილური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მხატვარი იყენებს ახალ მასალას და ახალ გამომსახველობით ხერხებს, მაგრამ, იმავდროულად,არასდროს კარგავს თავად ნატურის ხასიათს, მის ინდივიდუალიზმს.

ოთარ ჩხარტიშვილი. ტრიპტიქი. ქრისტეს ცხოვრება. ეძღვნება დედ-მამის ხსოვნას. ხე, ზეთი. 52X112. 1999. ათინათის კერძო კოლექცია. Otar Chkhartishvili. Triptych
მოსკოვისა და ლენინგრადის ანდერგრაუნდის ლიდერებთან მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები ოთარ ჩხარტიშვილის ხელოვნებისთვის ძლიერი იმპულსი იყო. ნონკონფორმისტული ხელოვნება, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, სოციოკულტურული მოვლენაა. სინამდვილის კრიტიკულ-ირონიზებული აღქმით იქმნება მხატვრული ფორმის სრულიად განსხვავებული მოდიფიკაცია, პოპ-არტიდან ახალ რეალობამდე. ნონკონფორმისტებმა შეძლეს სოცრეალიზმის კანონიკური, რეგლამენტებული სქემების დეცენტრალიზაცია. საბჭოთა ხელოვნებაში დოგმატური მხატვრული სახეებისა და კანონიკური სქემების ახალ კონცეპტუალურ ქსოვილში გაერთიანებით მათ შექმნეს განწყობითა და პლასტიკური თვალსაზრისით სრულიად ახალი სამყარო, რომელიც ასახავს დროის მხატვრულ და იდეოლოგიურ სპეციფიკას. მარსელ დიუშანმა განსაზღვრა მომავლის ხელოვნების „მხატვრული სტრატეგია“. ის მიმართავდა კომერციული კულტურის მზა ფორმებით ირონიულ თამაშსა და ჩვეულებრივი ყოფითი ნივთების საკრალიზაციას, რითაც საზოგადოების ღირებულებათა პირობითობასა და ტრადიციულ ხელოვნებას უპირისპირდებოდა. სოც-არტი კი საბჭოთა იდეოლოგიური პროდუქციის ესთეტიკის გროტესკულ ვარიანტს ქმნის და იდეოლოგიური ხელოვნების კლიშეების ირონიზირებით აპელირებს. ოთარ ჩხარტიშვილის სოც-არტი ატარებს სტილის ზოგად, კონცეპტუალურ-სახვით ნიშნებს და, იმავდროულად, მკაფიო ინდივიდუალიზმითაც გამოირჩევა. იგი ქართულ სახელოვნებო სივრცეში ერთადერთია, რომლის შემოქმედებაში სოც-არტი მხატვრული მთლიანობის დასრულებულ ნიმუშად ყალიბდება.
სოციალისტური იდეოლოგიისა და გარემოს შეგრძნება ოთარ ჩხარტიშვილისთვის განსაკუთრებით მძაფრი იქნებოდა. რუსთავი, სადაც ის ცხოვრობდა, ხომ თავად იყო სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისა და იდეოლოგიის ფენომენალური მოვლენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაღაც ათიოდე წლის მანძილზე, თითქმის უდაბნოში აღმოცენებული, ძირითადად, ომში დამარცხებული გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ქალაქი გიგანტური საწარმოებითა და ქარხნებით, ცამდე აწვდილი საკვამურებით, კომუნიზმის მშენებელი მრავალეროვანი მოსახლეობით, საერთო საცხოვრებლების, კულტურის სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ტიპური ნაგებობებით, დიდი ბელადის ძეგლით, უზარმაზარი ტრანსპარანტ-ლოზუნგებით, თავად იყო საბჭოთა სოციალისტური სამყაროს არტეფაქტი. აქ ალბათ განსაკუთრებით იგრძნობოდა ლოზუნგსა და სინამდვილეს შორის განსხვავება. კომუნისტური ატრიბუტიკა, საკრალური სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშა, ვიმპელი, სამკერდე ნიშნები, ბელადის პორტრეტი, გერბი) ოთარ ჩხარტიშვილის შემოქმედებაში ახლებურ ინტერპრეტაციასა და სრულიად საწინააღმდეგო კონცეპტუალურ დატვირთვას იძენს. აქ ნაწარმოების ახალი ტექსტი კი არ იქმნება, არამედ უკვე არსებულის ირონიზებული კომენტირება ხდება. საბჭოთა ხელოვნების სერიული პროდუქციის ფრაგმენტების სინთეზით იქმნება სრულიად ახალი კონცეფციის მქონე მხატვრული მთლიანობა. საბჭოთა სიმბოლოები, სისტემისა და იდეოლოგიის მითოლოგიზებული პერსონაჟები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ქვეყნის უძლეველობისა და უზრუნველი ცხოვრების „გარანტი“ იყო, მათი გროტესკული ვარიანტით შეიცვალა. თამაშის შეუთავსებლის შეთავსების „რიტუალური ქმედება“ ჩხარტიშვილის ამ ნამუშევრების ესთეტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ხერხია. მნიშვნელოვანი კომპოზიციურ-ემოციური დატვირთვა სოცარტის ხელოვნებაში წითელი ფერის სიმბოლიკას გააჩნია. წითელი ფერი ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. სისხლისა და ცეცხლის ფერი აქტიური და ცხოველმყოფელია. იგი ასოცირდება ვნებასა და ბრძოლასთან. ის აგრესიული ფერია და ამიტომაც XX საუკუნის ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია მას თავის სიმბოლოდ იყენებს. კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრულად გამოიყენა ადამიანის ფსიქიკაზე წითელი ფერის ზემოქმედების ეფექტი, რაც უყურადღებოდ არც სოც-არტის მხატვრებს დარჩენიათ, მითუმეტეს, რომ კომუნისტური სიმბოლიკა სოც-არტის ხელოვნების მთავარი ვიზუალური მოტივი, უმეტესად, წითელი ფერისა იყო. საინტერესო ფორმალურ გადაწყვეტას ეს კავშირი (ლინგვისტურ-სახვით-ფერისმიერი) იღებს ჩხარტიშვილის ნამუშევართა სერიაში - „სკკპ. ლენინის ტომები“. კომუნისტური იდეოლოგიური გაზეთისა და ლენინის მრავალტომეულის ყდის კოლაჟით კონსტრუირებული კომპოზიციის აზრობრივი თვალსაზრისით ადეკვატურობას, აბსურდულობას სძენს ყდაზე მხატვრის მიერ ფართო, თავისუფალი მონასმებით შესრულებული ჩანახატები: კაფე-შანტანის მოცეკვავე ქალი, ბელადის ხელის არტიკულაცია, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ჯვარი, გუმბათჩაქცეული ეკლესია, ჩხარტიშვილის ღია პოზიცია საგაზეთო ინფორმაციის სიცრუისა და ლენინის მოძღვრების უტოპიაზე. ყველა ნამუშევარში სისხლისფერი წითელი გამოიყენება ხან ვიზუალური მოტივის, ხან კი ხელმოწერის სახით. კომპოზიციური წყობით ეს კოლაჟები გარკვეულ მინიშნებასაც შეიცავს მალევიჩის პროგრამულ ნამუშევრებზე („შავი კვადრატი თეთრ ფონზე“, „წითელი კვადრატი თეთრ ფონზე“).

ოთარ ჩხარტიშვილის ფერწერისა და სხვადასხვა საგნის კომბინირებით შექმნილი ნამუშევრები, ასამბლაჟები შეიცავენ განსაზღვრულ ინფორმაციას და სხვადასხვაგვარ ასოციაციებსა და ემოციებს აღძრავენ. მხატვარი როგორც „არქეოლოგი“ ეძებს და აგროვებს მოხმარების საგნებს (საბჭოთა სახეობრივი და კულტუროლოგიური სიმბოლოები, მხატვრის პირადი არქივი, ყოფითი საგნები, ტექნიკური დეტალები), რომლებიც მხატვრის ჩანაფიქრის კონტექსტში კარგავენ უტილიტარულ დანიშნულებას და მხატვრული ნიშნის სახეს იღებენ, სხვა ინფორმაციით იტვირთებიან. ამ ნამუშევართა კომპოზიციები რთული სტრუქტურის მქონე მხატვრული მთლიანობაა, სადაც ყოველი დეტალი (ნივთი), ერთი შეხედვით, თითქოს ქაოსური საწყისიდან ჩნდება, მაგრამ რეალურად მხატვრის მიერ შექმნილი მიკროსამყაროს თვითკმარი ნაწილია.

ოთარ ჩხარტიშვილი. უსათაურო. პლასტმასი, ზეთი, ხე, წებო. 60.5×69 სმ. ათინათის კერძო კოლექცია
ოთარ ჩხარტიშვილს ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ის ქართულ ხელოვნებაში ამკვიდრებდა პოსტმოდერნისტულ მსოფლხედველობას. ჩხარტიშვილის მხატვრული ენა, ბევრისთვის იმ დროს გაუგებარი და მტრულიც კი, ეფუძნებოდა საბჭოთა იდეოლოგიურ-ესთეტიკური კლიშეს უარყოფასა და ახალ, თავისუფალ ძიებებზე დამყარებულ მხატვრული სისტემის შექმნას. თავის მოგონებებში მხატვარი წერდა: ოცდაათი წელი ჯიუტად ვიდექი ჩემს პოზიციაზე და არასოდეს ერთი წუთითაც არ მიღალატია მისთვის… ჩემი შემოქმედება უპირველესად იყო იარაღი ტოტალიტარიზმთან და ათეისტებთან დასაპირისპირებლად, რასაც დიდი სიყვარულით ვაკეთებდი, რადგან ეს ჩემი წილი საკეთებელი იყო და ჩემს სათქმელს სხვა ვერ იტყოდა…