საქართველოს სახალხო მხატვარი აპოლონ ქუთათელაძე დაიბადა 1899 წლის 25 დეკემბერს, სოფელ ივანდიდში, იმერეთში, ყარამან ქუთათელაძისა და ბარბარე გიგიბერიას ოჯახში.
მისთვის დარქმეული სახელი აპოლონი თითქოს სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან აპოლონმა მართლაც ხელოვნებას მიუძღვნა თავისი სიცოცხლე და უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. მისი ეს ღვაწლი მრავალმხრივ იქნა აღნიშნული, დაფასებული და აღიარებული სხვადასხვა წოდებებითა და მინიჭებული საპატიო ორდენებით.[1]

აპოლონ ქუთათელაძე
ყველა ვინც პირადად იცნობდა აპოლონ ქუთათელაძეს, ან თუნდაც კონტაქტის უნებლიე, შემთხვევითი შესაძლებლობა ჰქონდა, განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი იხსენებს შეხვედრის თითოეულ ეპიზოდს. იგი გარეგნული ხიბლითა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოვებული. საოცარი ღირსებით გამოხატული კეთილგანწყობით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ამგვარი პიროვნული ხასიათით ყველაზე რთულად დაძლევად პრობლემებსაც წარმატებით უმკლავდებოდა.

აპოლონ ქუთათელაძე

აპოლონ ქუთათელაძე
თავდაპირველად, 1906 წლიდან აპოლონი ქალაქ ფოთის გიმნაზიაში სწავლობდა. 1914 წელს ქუთათელაძეების ოჯახი თბილისში გადადის საცხოვრებლად. სწორედ თბილისში იწყებს იგი ხატვის ხელოვნების დაუფლებას. თავდაპირველად 1915 წელს ნიკოლოზ სკლიფასოვსკის ფერწერის და ხატვის სკოლაში, შესანიშნავი პედაგოგების ნიკოლოზ სკლიფასოვსკის, ბორის ფოგელის, ბორის შებუევის ხელმძღვანელობით ხდება მისი ხელოვნების სამყაროში შესვლა.
მაგრამ, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1915 წელს, ახალგაზრდული აღტკინებით, მოხალისედ ეწერება ჯარში. 1918-1921 წლებში კი აპოლონ ქუთათელაძე დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის არმიაში მსახურობს.
სამხედრო სამსახურის წარმოუდგენელი სიძნელეების გარდა აპოლონ ქუთათელაძემ რთული შემოქმედებითი გზა გაიარა. როგორც აღინიშნა მისი სამხატვრო კარიერის დასაწყისის დრო XX საუკუნის დასაწყისის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ემთხვევა. რუსეთის რევოლუციის შედეგად გამოწვეულ დევნას გამოქცეული ხელოვანები თბილისში პოულობენ თავშესაფარს. ამ დროს ხდება „ქართული მოდერნიზმის“ ჩამოყალიბებაც. თუმცა აპოლონი არ უერთდება მათ წრეს. ვერც საზღვარგარეთ ახერხებს სასწავლებლად წასვლას.
იარაღის გადატანა. ტილო, ზეთი. 120 X 200, 1958 საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი

ზღვა. მუყაო, ზეთი. 15,5 X 28,5, 1957 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი
ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც იგივე სცენარით ვითარდება პოლიტიკური მდგომარეობა და საბოლოოდ საბჭოთა რეჟიმი მყარდება.
ამ პერიოდის სასიკეთო მოვლენას წარმოადგენს ის, რომ მრავალწლიანი წინმსწრები მცდელობების შემდეგ, 1922 წლის 14 მაისს, თბილისში საქართველოს სამხატვრო აკადემია დაარსდა. ამ უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის გახსნისთანავე აპოლონ ქუთათელაძე ფერწერის ფაკულტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი გახდა. იგი აქტიურად ებმება თბილისის სამხატვრო აკადემიაში განვითარებულ მხატვრულ პროცესებში. 1929 წელს მისი უშუალო თაოსნობით არსდება „საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა ასოციაცია“ („სარმა“).
აპოლონ ქუთათელაძეზე, პედაგოგებიდან, სწავლის წლებში განსაკუთრებული გავლენა გიგო გაბაშვილმა მოახდინა, რაც შემდგომ მის მხატვრობაში ბატალური ჟანრის სიყვარულში გამოიხატა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე ევგენი ლანსერესთან. მათ თანაავტორობით რამდენიმე მონუმენტური ნამუშევარიც კი შექმნეს („აჯანყებულები“ - ფრესკა სოფელ მათხოჯის სახალხო სახლისთვის (1928 წ.); პლაკატები: „სწავლით კვალიფიკაციის ამაღლება“ (1924 წ.), „პარტიის მოწოდება“ (1929 წ.).
1920-იანი წლების დასაწყისში, აპოლონ ქუთათელაძის შემოქმედებაში მთავარი ადგილი გრაფიკის დარგს ეკავა. იგი მუშაობდა წიგნის ილუსტრაციის სფეროში, აფორმებდა ქართული კლასიკური ლიტერატურის, ფოლკლორის ნიმუშებს, ასურათებდა საბავშვო წიგნებს.

ვაჟა ფშაველას პორტრეტი. ტილო, ზეთი. 70 X 50, 1926
1922 წელს ერთვება ერთ-ერთი პირველი ქართული საბჭოთა ილუსტრირებული გამოცემის, ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა I ტომის (1924 წ.) გაფორმებაში. ქმნის ილუსტრაციებს და შმუცტიტულებს მოთხრობისთვის: „მოსე მწერალი“; „ცოლი და ქმარი“.
ამავე ათწლეულში უერთდება რევოლუციური პლაკატის სახელოსნო „გრუზკავროსტ“-ს (რუსული „Российское Телеграфное Агентство“-ს – ქართული ანალოგი) და ქმნის პოლიტიკურ პლაკატებს. თანამშრომლობს საქართველოში არსებულ ქართულ, ასევე რუსულენოვან ჟურნალ-გაზეთებთანაც. აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალთან „ნიანგი“. 1923-1924 წლებში კი ამ ჟურნალის მხატვრული რედაქტორის პოზიციას იკავებს.
ამავე წლებში, აპოლონ ქუთათელაძე ახალგაზრდა მოქანდაკეებთან, ფერმწერებთან და გრაფიკოსებთან ერთად აფორმებს აღლუმებს, ქმნის მონუმენტურ პანოებს, ასრულებს სააგიტაციო მატარებლის ვაგონებისა და ავტომობილების მოხატვას.
ამ პერიოდში შესრულებული ფერწერული ნამუშევრებიც რევოლუციური შინაარსისაა: „1905 წელი გურიაში“ (1923 წ.), „წითელი დროშა“ (1924 წ.), „დახვრეტა ალექსანდრეს ბაღში“ (1925 წ.). თუმცა პარალელურად საქართველოს ისტორიის თემასაც ეხება: „შაჰ-აბასის შემოსევა კახეთში“ (1923 წ.). თამარ მეფის თემას კი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მრავალჯერ უბრუნდება.
1929 წლის ბოლოდან აპოლონ ქუთათელაძე მოსკოვში გადადის საცხოვრებლად და მუშაობს ОГИЗ-ში[2], აფორმებს საბავშვო წიგნებს. ასევე არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ქმნის დაზგურ სურათებს და მონუმენტურ პანოებს, ბატალური ჟანრის ნაწარმოებებს, ხშირად კვლავ ეხმიანება ისტორიულ-რევოლუციური თემატიკას: ,,პირველი კომუნა”, „რადიო სვანეთის სოფელში“, არ ივიწყებს არც საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ წარსულს: „თურქების შემოსევა დასავლეთ საქართველოში“, „რუხის ბრძოლა“ და სხვ. ასრულებს ასევე კომპოზიციებს მუზეუმების დაკვეთით, რომლებზეც ასახავს ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ეპიზოდებს. ქმნის რამდენიმე დიდი ზომის სურათს სტალინის გამოსახულებით. ამ პერიოდის ნამუშევრები ძირითადად რევოლუციის მუზეუმის ექსპოზიციისთვის იყო შესრულებული.
მნიშვნელოვანია აპოლონ ქუთათელაძის მიერ შეტანილი წვლილი პორტრეტის ჟანრის განვითარებაშიც. შემოქმედებითი მუშაობის ადრეულ ეტაპზევე იგი ქმნის საკუთარ „ავტოპორტრეტს“ (1930 წ.), მხატვარ თამარ აბაკელიას პორტრეტს (1930 წ.), ამ პერიოდშივე ასრულებს კარლო კალაძის გრაფიკული პორტრეტს. 1942 წელს შექმნა თამარ აბაკელიას მეორე პორტრეტი და ამავე პერიოდს მიეკუთვნება „მუსიკოს ნინო მესხი-ბაგრატიონის პორტრეტი“.
1957 წელს ქმნის ასევე ესკიზებს ქ. ოზურგეთის დრამატული თეატრის პლაფონისათვის.
ესკიზი ქ. ოზურგეთის თეატრის პლაფონისთვის. ქაღალდი, ტემპერა. 78 X 75, 1957
1950-იან 1970-იან წლებში მხატვარი ქმნის ე.წ. საბჭოთა სინამდვილის ამსახველ სხვადასხვა სურათებს: „ჩაის კრეფა“ (1957), „მოსავლის აღება“ (1957), „იარაღის გადატანა“ (1958), „რთველი. ყურძნის კრეფა“ (1959), „ამხანაგი ორჯონიკიძე მცირე ყაბარდოში“ (1970) და სხვ. მხატვარი ასრულებს ფიგურულ, ჟანრულ კომპოზიციებსაც: „ლერმონტოვი საქართველოში“ (1959), „პაემანი“ (1966), „ნესტორ კალანდარიშვილი ლენინთან“ (1968) და სხვ. რეალისტური ნახატით შექმნილი ეს კომპოზიციებიც ემოციური მუხტითაა დატვირთული.

ამხანაგი ორჯონიკიძე მცირე ყაბარდოში. ტილო.ზეთი. 95 X 87,5, 1970
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი #3308
აპოლონ ქუთათელაძის ფერწერული ოსტატობა კარგად ჩანს 1950-60-იანი წლებში შესრულებულ იმპრესიონისტული მანერით შექმნილ პეიზაჟებში, რომელთა აღქმისას, ერთგვარად ლირიკული საწყისი დომინირებს და პარალელურად, მათი მცირე ზომის მიუხედავად, საოცარი მონუმენტურობის განცდა ეუფლება მნახველს. ამგვარია ფერწერული ნამუშევრები: „შავიზღვისპირეთის სანაპიროსთან“ (1956); „ზღვის ტალღა“ (1958), „ზღვა“ (1957); ასევე მნიშვნელოვანია: „ალაზნის ველი“ (1965), „საღამო სოფელში„ (1969), „ხოსტა“ (1970).
1970-იან წლებში ა. ქუთათელაძე კვლავ უბრუნდება საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ თემებსა და ქმნის კომპოზიციებს: „თამარის ლაშქრობა“ და „თამარ მეფის ნადირობა“ (1970). ეს ნამუშევრები, მხატვრული და ფერწერული ღირსებით, ქართული დაზგური ფერწერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა. მხატვარმა გამოხატა საქართველოს ისტორიისადმი ინტერესი, სამშობლოსადმი სიყვარული და მოწიწებითი დამოკიდებულება.
აპოლონ ქუთათელაძეს მოუწია, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტარებინა, თუმცა მუდამ აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის სამხატვრო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე პედაგოგად იწყებს მუშაობას (1942 წ.). ასევე სათავეში უდგება სახელოსნოებს, რომელთა პროგრამაც ბატალური და ჟანრული თემატიკით შესრულებულ მონუმენტური ფერწერის ნამუშევრების შესრულებას ითვალისწინებს. სახელოსნოებში მუშაობას სტუდენტები III კურსიდან იწყებდნენ და სასწავლებლის დამთავრებამდე აგრძელებდნენ. სახელოსნოში პედაგოგი სტუდენტებთან ერთად თავადაც მუშაობდა. აქვე შეასრულა ფერწერული ტილოები: „სატანკო ბრძოლა“, „გიორგი სააკაძე“, „გენერალი კონსტანტინე ლესელიძე მთებში“, „მხატვარ თამარ აბაკელიას პორტრეტი“.
მეუღლის მირელ ზდანევიჩის პორტრეტი. 1940-იანი წწ.
პაემანი. ტილო, ზეთი. 100 X 80, 1966. საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი
1959 წელს აპოლონ ქუთათელაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორად დაინიშნა. მისი რექტორობის პერიოდი დაემთხვა ისეთ დროს, როდესაც იდგა ამ უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. აკადემიის შესანარჩუნებლად აპოლონმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო და თავისი დახვეწილი, დიპლომატიური მიდგომით დაარწმუნა იმდროინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა რომ თბილისის აკადემია არამც თუ უნდა დახურულიყო, პირიქით უნდა გაფართოვებულიყო და გარდა არსებული ფაკულტეტებისა უნდა დამატებოდა დეკორატიულ გამოყენებითი დარგი, თავისი ფართო მიმართულებებით. ამ თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად დაარსდა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. „თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ჩამოყალიბდა მხატვრული კერამიკის ქარხანა, სასწავლო საწარმო, ლითონის, ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნოებით, არქიტექტურის, სახვითი და დეკორაციული ხელოვნების ექსპერიმენტული ბიურო და სხვა. ყველა ამასთან ერთად, ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა დიდ საამშენებლო სამუშაოებსაც. მისი თაოსნობით აიგო ახალი მრავალსართულიანი სასწავლო კორპუსი და რესტავრაცია გაუკეთდა ძველ შენობას, რომელსაც დაუბრუნდა დაკარგული მხატვრულ-ისტორიული ღირსება.“[3]

თამარის ლაშქრობა. ქაღალდი, ზეთი. 32 X 65,5, 1970. საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი
ბუნებრივია რექტორობის საპასუხისმგებლო და თავდაუზოგავმა შრომამ რამდენადმე შეაფერხა მხატვრის შემოქმედებითი მუშაობა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვან და გამორჩეულ ნამუშევარს მაინც ქმნის, მათ შორის გამორჩეულია „თამარის ლაშქრობა“, „თამარ მეფის ნადირობა“ და აბსტრაქტული კომპოზიცია „დეკორატიული მოტივი“.

თამარ მეფის ნადირობა. ტილო, ზეთი 160 X 128, 1970

დეკორატიული მოტივი. 1970
აპოლონ ქუთათელაძე გარდაიცალა 1972 წლის 25 ივნისს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
[1] 1929 წლიდან იყო მხატვართა გაერთიანება „სარმას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
1942 წ.-დან იყო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის ბატალური და ჟანრული სახელოსნოს ხელმძღვანელი; ამავე წლიდან ასრულებდა საქართველოს მხატვართა კავშირის სამხატვრო ფონდის თავმჯდომარის მოვალეობას.
1943 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება; ამავე წლიდან ყყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წარმმართველი ორგანოების და საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი.
1956-1972 წლებში ასრულებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობას
1958 წლიდან იყო ყოფილი სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
1967 წლიდან იყო ყოფილი სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი
1970 მიენიჭა ყოფილი სსრკ სახალხო მხატვარს წოდება
1972 საქართველოს სახალხო მხატვარი; ამავე წელს მიენიჭა აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება
[2] სახელმწიფო წიგნებისა და ჟურნალების გამომცემლობების გაერთიანება (Объединение государственных книжно-журнальных издательств (ОГИЗ) შეიქმნა 1930 წლის ივლისში
[3] 1972 წ. ტელეგადაცემის ტექსტიდან