menu

შუა საუკუნეების საქართველოს ჯვრის სანაწილეები


იესო ქრისტეს ვნების იარაღის, გოლგოთის ჯვრის თაყვანისცემა, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროიდან იწყება. საეკლესიო ტრადიცია გოლგოთის ჯვრის აღმოჩენას, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, იმპერატორის დედას, ელენე დედოფალს უკავშირებს. გადმოცემის თანახმად, ელენე დედოფალმა გოლგოთის ჯვრის ნაწილი იერუსალიმიდან თავის ვაჟს გაუგზავნა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ჯვრის (ძელი ცხოვლის) წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა საყოველთაოდ დამკვიდრებული პრაქტიკა ხდება. ნიშანდობლივია, რომ ისტორიული ნარატივების თანახმად, მეოთხე საუკუნეში (326წ) ქართლის სამეფოს გაქრისტიანებისას, მეფე მირიან მესამემ, კონსტანტინეპოლიდან მიიღო გოლგოთის ჯვრის ნაწილები.


ამ ძვირფასი რელიკვიებისთვის სანაწილეების შექმნა ძელი ცხოვლის თაყვანისცემის გავრცელებული ფორმას წარმოადგენდა. დღეისთვის საქართველოში შემორჩენილია სხვადსხვა ფორმის, მასალისა და სტრუქტურის ჯვრის სანაწილეები, რომლებიც მმართველი ელიტისა და არისტოკრატიის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ძელი ცხოვლის რელიკვარიუმები რელიგიურ ფუნქციასთან ერთად ძალაუფლებისა და სტატუსის მნიშვნელოვანი მარკერი იყო. შუა საუკუნეების ქართული ძელი ცხოვლის სანაწილეები სხვადასხვა დროს არის შექმნილი და გამოირჩევა განსხვავებული კონცეპტუალური და მხატვრულ-კომპოზიციური თავისებურებით. დამკვეთთა სავედრებელი წარწერები ათვალსაჩინოებს სანაწილეთა ფუნქციას, მათ თეოლოგიურ-სიმბოლურ საზრისსა და ისტორიულ კონტექსტს.


ყველაზე ადრეული შემორჩენილი ჯვრის სანაწილე მარტვილის მონასტრიდან წარმომდგარი გულსაკიდი ჯვარი-რელიკვარიუმია, რომელიც მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება. მასიური გულსაკიდი ჯვარი საოქრომჭედლო ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. სევადის შავ პრიალა ფონზე გამოსახული ჯვარცმა მაცხოვრის დომინანტი ფიგურით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ექსპრესიულობითა და დრამატული დეკორატიული ეფექტით. ჯვრის ზურგის წარწერაში მისი დამკვეთი/მფლობელი, ხოსროვანუშ „დედოფალი“, წმ. იოანე ნათლისმცემელს მიმართავს მფარველობისთვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯვარში ამ წმინდანის ნაწილებიც ყოფილა განთავსებული.


მარტვილის ჯვარი, მე-9-10 სს.


იმავე ეპოქას მიეკუთვნება ე.წ. ზნაკვა ჯვარისას (რაჭა) რელიკვარიუმი, რომელიც დღეს ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში ინახება. სანაწილეში სახელურიანი მოოქრული ვერცხლის ჯვარი ასვენია, რომლის მკლავების გადაკვეთაზე, ბროლის ქვეშ, მცირე ზომის გოლგოთის ჯვრის ხის ნაწილია მოთავსებული. სანაწილე მთლიანად ჭედური ვერცხლის ფურცლებით არის დაფარული. წინა პირზე განთავსებულია მესამე საუკუნის წმინდანის გრიგოლ ნეოკესარიელის/საკვირველმოქმედის, რელიეფური ფიგურა. წმინდანისკენ მიმართული წარწერიდან ვიგებთ მფლობელის ვინაობას - ეს ვინმე საჰაკდუხტი ყოფილა, რომელიც სხვა წყაროებიდან ჩვენთვის უცნობია.



ზნაკვა-ჯვარისას სანაწილე, მე-9-10 სს.


სახელოვანი ქართველი მეფის, თამარის (1160-1213) კუთვნილ ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული ჯვარი გამოირჩევა დიდებულებითა და ფერადოვანი ჰარმონიით. სხვადასხვა ზომის ძვირფასი ქვებისა და მარგალიტების კარგად გააზრებული, დაბალანსებული კომბინაცია ჯვრის ტრიუმფალურ საზრისს უსვამს ხაზს. ესთეტიკური ეფექტის გარდა, ძვირფას ქვებს სიმბოლურ-იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. საკუთრივ, ძვირფასი თვლებით გაბრწყინებული ტრიუმფალური ჯვარი მეორედ მოსვლისა და ხსნის ზედროულ ნიშნად აღიქმება.



თამარ მეფის ჯვარი, მე-12-13 სს მიჯნა (წინა მხარე)



თამარ მეფის ჯვარი, მე-12-13 სს მიჯნა (უკანა მხარე)


თამარის დედასთან არის გაიგივებული ბორდუხან დედოფალი (გარდ. 1181-1182 წწ.), რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულ სანაწილის წარწერაში არის მოხსენიებული. მოგვიანებით, მე-15 საუკუნეში სანაწილის ზურგი მოუჭედავთ. როგორც წარწერიდან ირკვევა, 1640 წელს ლევან დადიანმა, მანუჩარის ძემ დაზიანებული სანაწილე თავიდან შეუმკია.



ბორდუხანის სანაწილე, მე-12 ს.


მე-11-12 საუკუნეების ჯვარცმის ხატი მესტიის ფერწერული სანაწილეების იშვიათი ნიმუშია. ჯვრისა და სხვა წმინდა ნაწილებისთვის განკუთვნილი ბუდეებიანი დაფა ჯვარცმის კომპოზიციით შემკული ფირფიტით არის დაფარული. ოქროს ფონზე გამოსახული კომპოზიცია დახვეწილი ოსტატობითა და ფერადოვნებით ახდენს შთაბეჭდილებას. მკაფიო ფერები, რომლებიც მინანქართან გარკვეულ ასოციაციას იწვევს და გეომეტრიული ორნამენტით დამშვენებული მოოქრული ვერცხლის ჩარჩო კომპოზიციას ტრანსცენდენტურ ხასიათს სძენს.



ჯვარცმის ხატი-სანაწილე, მე-11-12 სს. (წინა მხარე)



ჯვარცმის ხატი-სანაწილე, მე-11-12 სს. (უკანა მხარე)


მესტიის მუზეუმშივეა დაცული ორიგინალური ხატი-სანაწილე (მე-13 საუკუნის პირველი ათწლეული), რომელზეც სახარებისეულ ოთხ კომპოზიციას აჩარჩოებს ხატის აშიებზე გამოსახული ანგელოზები და წმინდანები. ხატის წარწერები ეკუთვნის „დედოფალთ დედოფლ რუსუდანის“ გაზრდილ სილიხანს. სავარაუდოდ, რუსუდანი თამარი მეფის ქალიშვილი უნდა იყოს. ჯვრის ნაწილები ხატის ზედა, ცენტრალურ ნაწილში იყო განთავსებული. ჯვრის ნაწილების ქვემოთ აღსრულებული ქრისტეს გამოსახულებაა, რომელიც „მეუფე დიდებისა“-ს სახელწოდებით არის ცნობილი.



სილიხანი ხატი-სანაწილე, მე-13 ს-ის პირველი ნახევარი


ძელი ცხოვლის ნაწილები, ისევე როგორც მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა სიწმინდეები და მათი თაყვანისცემა წარმოაჩენს წმინდა მიწისა როლსა და მნიშვნელობას კონკრეტულ კულტურულ სისტემაში. ჯვარი, უფლის ვნებისა და ხსნის სიმბოლო, ქრისტიანული აღმსარებლობის მრავალ დოგმატურ და სემანტიკურ საზრისს აერთიანებს. ძელი ცხოვლის ნაწილთა ფლობა და თაყვანისცემა უფლის თაყვანისცემის ტოლფასად იგულვება და მასთან მისტიკური კავშირის და მიახლოების გზად და საშუალებად ისახება.