ამირ კაკაბაძე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამხატვრო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ის დაიბადა 1941 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში. მხატვარი იყო მისი დედაც - ეთერ ანდრონიკაშვილი- კაკაბაძისა. ამიტომ, სულ ადრეული ასაკიდან, ხატვა მისთვის ბუნებრივ, საყვარელ საქმიანობად იქცა. ამირ კაკაბაძემ 1961 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლი და იმ წელსვე ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჯერ ფერწერის ფაკულტეტის თეატრის მხატვრობის განყოფილებაზე ისწავლა (1967, ხელმძღვანელი ფ. ლაპიაშვილი) და შემდეგ ასპირანტურაში (1972).
.jpg)
პირველი აღიარება მხატვარს სადიპლომო ნამუშევარმა მოუტანა. ეს იყო სპექტაკლის - „წმინდანები ჯოჯოხეთში“ - სცენოგრაფია (ა. გეწაძის პიესა. დაიდგა კ. მარჯანიშილის სახ. თეატრში 1967 წელს). ამირ კაკაბაძის მიერ შექმნილი ლაკონური დეკორაცია ზუსტად პასუხობდა 1960-იანი წლების სცენოგრაფიის მოწინავე ტენდენციებს - მიდრეკლებას მინიმალიზმისკენ და ბუნებრივი („უხეში“) მასალის გამოყენებისკენ. ასევე სახელი გაუთქვა მხატვარს ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილმა ფილმმა (რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1969 წ.), რომელშიც ის ერთ-ერთ როლს ასრულებდა. მართალია, პროფესიით მსახიობი არ იყო, თავისებურ „თამაშს“ ამირ კაკაბაძის ყოფით ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რაც მის პიროვნებას განსაკუთრებულ შტრიხს სძენდა. მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა მის მიერ თითქოს „დადგმული“ იყო და თანაც მისთვის ორგანული. მისი გარეგნული სტილი ორგანულად ერწყმოდა მის მიერვე შექმნილ ნამუშევრებს, კოლაჟებს და ასამბლჟებს, რომლებშიც მისთვის ახლობელ ახალ რეალობას თხზავდა. ის ამ სამყაროსთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენდა.

ფერმწერი და გრაფიკოსი, ამირ კაკაბაძე განსაკუთრებით ცნობილი იყო მისი შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების - კოლაჟების და ასამბლაჟების გამო. 1970-იან წლების საქართველოში ეს „პოპ არტული“ ნამუშევრები ავტორის ავანგარდულ აზროვნებას, დაკანონებული მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, სიახლის დამკვიდრების მოთხოვნილებას მოწმობდნენ. მრავალგვარი ნივთი თუ სხვადასხვა საგნის ფრაგმენტი მის კომპოზიციებში მათთვის უჩვეულო, ახალ, ზოგჯერ მოულოდნელ შინაარსს იძენენ. თუმცა, ის კოლაჟებს მხოლოდ საგნების გამოყენებით არ ქმნიდა. ამირ კაკაბაძეს შექმნილი აქვს დახვეწილი გრაფიკული კომპოზიციები, რომელთა შესაქმნელად ის იყენებს ძველი ნოტებიდან ან სხვა სახის გამოცემებიდან ამოღებულ ფურცლებს, რომლებზეც ხატავს (ძირითადად გუაშით) ფანტაზიით შეთხზულ „კოლაჟურ“ კომპოზიციებს. ამ სურათებში ერთმანეთს უცნაურად, „სიურეალისტურად“ ერწყმის სხვადასხვა კონტექსტიდან ამოღებული უამრავი დეტალი - ბუმბული და პეპლის ფრთა, საფოსტო მარკა და ჭიკარტი, ფოთოლი და როიალი, ძველი სკამი და ქალაქის პანორამა, ზამბარა და მრავალი სხვ. ერთიანობაში ეს დეტალები სიზმრისეულ პეიზაჟებს ქმნიან, ხოლო შესრულების ტექნიკა ავტორის ავანგარდულ აზროვნებასთან ერთად მისი მაღალი აკადემიური ოსტატობის გამომხატველია.


ასეთივეა ამირ კაკაბაძის გრაფიკული „მეტამორფოზები“ და სხვა სერიები. ეს არის მეტაფიზიკური მხატვრობით და სიურეალიზმით (განსაკუთრებით სალვადორ დალის ხელოვნებით) შთაგონებული შემოქმედება, სადაც აღნიშნული მიმდინარეობები ბიძგს იძლევიან ავტორის ფანტაზიის გასახსნელად, წარმართავენ მას გარკვეული მიმართულებით. თუმცა, სამყარო, რომელსაც ის ამ შთაგონების ქვეშ ქმნის, სრულიად ორიგინალურია და პირადად მისი პოეზიის გამომხატველია. ქსოვილის ნაჭრებში, მაქმანებში, საათებში, ძველ ფეხსაცმელებში, ინსტრუმენტების ფრაგმენტებში, ხელთათმანებსა და გასაღებებში , მათ ურთიერთკავშირში ჩაქსოვილია ამირ კაკაბაძის ფიქრები რეალობაზე. ან უფრო სწორად, ამ გზით ის უღრმავდება ძველსა და გარდასულს, რომელსაც ასე, ფრაგმენტების საშუალებით შეთხზული რეალობის შესაქმნელად იყენებს - იმ რეალობის, რომლის საშუალებითაც მხატვარი განუდგება ყოველდღიურ ყოფას და მასში (უარყოფილ ყოფაში) თანამედროვე შეხედულებებს ამკვიდრებს.


ამირ კაკაბაძის ერთ-ერთი საუკეთესო „ტილო“ ან გამორჩეული „კოლაჟი“ არის მისი ნამუშევარი ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმისთვის „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1987), სადაც მხატვარი საუკეთესო თანამშროლობას უწევს რეჟისორს გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მაღალმხატვრული ფილმის შესაქმნელად.

ცხოვრების მანძილზე ამირ კაკაბაძე პერიოდულად საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა (მოსკოვში, პარიზში) და ყველგან საკუთარ გამორჩეულ მხატვრულ სამყაროს ამკვიდრებდა. მაგრამ თავისი შემოქმედებით და პიროვნული თვისებებით თუ „იმიჯით“ ის განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სწორედ მშობლიური ქალაქის - თბილისის არტისტულ სამყაროს. ის იყო პოპ არტისტი და სიურეალისტი საბჭოთა კავშირში, რაც ადასტურებს, რომ ამირ კაკაბაძე იმ პერიოდის ავანგარდისტ მხატვართა მცირე წრის წარმომადგენელი იყო, რომელიც საკუთარი შემოქმედებით „კლიშეებს“ არღვევდა და სიახლეს ამკვიდრებდა.


დღესდღეობით ამირ კაკაბაძის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალ კერძო კოლექციასა და მუზეუმში. მან სამუდამო განსასვენებელი პოვა დიდუბის მწერალთა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა პანთეონში, თბილისში (გარდაიცვალა 2015 წელს).