menu

ოქონის კარედი ხატი


2001 წელს ჟენევაში, კრისტის ცნობილ აუქციონზე, გამოჩნდა საქართველოს კუთვნილი უძვირფასესი ნივთი, რომელიც 1991 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა:  სპილოს ძვლის ეს უბრწყინვალესი ნიმუში, ოქონის სამკარედ ხატად რომაა ცნობილი, უკვალოდ გამქრალიყო ცხინვალის მუზეუმიდან. ეს ის მძიმე პერიოდია, როცა ამ ტერიტორიაზე აღარ მოქმედებდა საქართველოს იურისდიქცია, და ამ სავალალო ფაქტის შესახებ არც ცხინვალის მუზეუმს განუცხადებია. შემდგომ, კარგა ხანი, ეს ნივთი დატყვევებული იყო ჟენევის იუსტიციის სასახლის კარგად დაცულ საცავში, და მართალია, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერდახმარების შესახებ 1959 წლის კონვენციის თანახმად, იგი უნდა გადასცემოდა იმ ქვეყანას, საიდანაც გაიტაცეს და რომლის კუთვნილებასაც წარმოადგენდა, მაგრამ სამშობლოში მის დაბრუნებას წინ უძღოდა მრავალი სირთულე და დაბრკოლება. ასე რომ ამ უნიკალურ ძეგლს მრავალი თავგადასავალი გადახდა თავს, ვიდრე საბოლოოდ თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების მუზეუმში დაიმკვიდრებდა ადგილს.


ოქონის ხატის სახელწოდებით არაერთი ძეგლია ცნობილი და ამ ნაწარმოების იდენტიფიცირება არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა. მაგ. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, მეფე ბაგრატ IV-ის ბიზანტიელ მეუღლეს, ელენეს, მზითვად სხვა განძეულთან ერთად,  თითქოს ეს ხატიც ჩამოჰყოლია (მოსცა სამსჭვალი უფლისა, ხატი ოქონისა და საუნჯე მრავალი ზითვად). თუკი ზოგიერთი მკვლევარი ამ აზრს იზიარებს (უვაროვა, ფლორენსკი, გოლდშმიდტი, ვაიცმანი, მიშაკოვა), სხვები მას ღმრთისმშობლისა (ბაქრაძე) ან კიდევ ჯვარცმის (თაყაიშვილი) ხატად მიიჩნევენ. სავარაუდოდ, იგი შესრულებული უნდა იყოს საქართველოში, თუმც მისი სტილი, უთუოდ, ბიზანტიურ პრინციპებს ეხმიანება.


ოქონის კარედი ხატი 


როდის და როგორ მოხვდა ბიზანტიური ხელოვნების ეს ბრწყინვალე ნიმუში საქართველოში, კერძოდ, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონაში, იდუმალებითაა მოცული. საგულისხმოა, რომ უვაროვას იგი ოქონის ახალ ეკლესიაში დახვდა მის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, ხატი ოქონიდან ლეკებს გაეტაცათ, შემდგომ ხელთ ჩავარდნია თავად წერეთელს, ბოლოს კი კვლავ ოქონის ეკლესიაში დავანებულა. ხოლო 1924 წელს აქედან მოხვედრილა ცხინვალის მუზეუმში. 1984 წელს აქ მოხერხდა მისი ადგილზე შესწავლაცა და ფოტოგრაფიულად დოკუმენტირებაც: ასე გახდა ოქონოს ხატი ლეილა ხუსკივაძის კვლევითი ინტერესისა და სამეცნიერო გამოკვლევის საგანი, ხოლო ოთარ ცქვიტინიძის მიერ შესრულებული შესანიშნავი ფოტოები უტყუარი მოწმობაა იმისა, თუ რას წარმოადგენდა ეს ხატი გაძარცვამდე. თუმც არც ეს ყოფილა ამ ძეგლის თავდაპირველი სახე: მხოლოდ მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ჩაუსვენებიათ იგი სამი წაგრძელებული თხელი ჯვრით შემკულ ვერცხლის ბუდეში. ცენტრალური ჯვრის მკლავების ქვეშ სივრცეს კი ერთ დროს ამშვენებდა ასომთავრული წარწერა: ოქონის ხატო, შეიწყალე კათალიკოზი ევდემონ, უღირსი, ამინ“.


სწორედ ამ წარწერაში მოხსენიებულ კათალიკოს ევდემონს, რომელსაც თეიმურაზ I  (1630-1642) ხანაში მოღვაწე ევდემონ დიასამიძესთან აიგივებენ, უნდა უკავშირდებოდეს ტრიპტიქონის მოოქრული თხელი ფირფიტებით დაფარვაცა და ძვირფასი ქვებით მისი მორთვაც: გამოყენებულია ერთი მოზრდილი სარდიონი, ოცდახუთი ძოწი, ერთი ფირუზი და მისი სამი იმიტაცია.


ევდემონ I დიასამიძე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1632-1642 წლებში


როგორც ჩანს, ხატი ამ დროისათვის უკვე საკმაოდ შელახული იყო, და ვერცხლის შთასასვენებელიც მას მეტი და მეტი დაზიანებებისგან დასაცავად გაუკეთდა. სავარაუდოდ, სწორედ დაზიანებების დასაფარად მოხდა მისი მოოქრული ფირფიტებით მორთვაც. მაგრამ პატიოსანი თვლების ბუდეების ლურსმნებით ჩაჭედებამ სპილოს ძვლის იშვიათი ცენტრალური ფირფიტა კიდევ უფრო მეტად შელახა. გამტაცებლებისგან ვერცხლის გარსაკრავისა და მოოქრული ფირფიტების ბარბაროსულად აგლეჯამ ხატი უფრო მეტად დააზიანა, თუმც ამავე დროს ხელი შეუწყო მისი თავდაპირველი სახის აღდგენასა და ძეგლის ყოველი დეტალის გულდასმით შესწავლას. ყველა დაზიანების პროფესიონალური აღნუსხვა ჟენევაშივე მოახდინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის გამოცდილმა თანამშრომელმა, ქალბატონმა ელენე კავლელიშვილმა. დღეს ხატი შემოძარცულია ამ გვიანდელი დანამატებისგან და თავდაპირველი სახითაა წარმოდგენილი, რამაც შესაძლებელი გახადა მისი დეტალურად შესწავლა. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ გარსაკრავი, როგორც ჩანს, ტრიპტიქონის გამაგრების ერთადერთი საშუალებაა, და სწორედ ამიტომ გამოთქვა უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II  2004 წლის 26 მაისის საზეიმო ცერემონიალზე მოსაზრება და სურვილი, რომ ხატს დაცვის მიზნით კვლავ გაკეთებოდა გარსაკრავი: ეს ზეიმი კი ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ძვირფასი განძის საქართველოში ჩამობრძანებას ეძღვნებოდა.


მაინც რა მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა ეს ძეგლი და რატომ უკავია მას სრულიად განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო საგანძურში?


ოქონის სამკარედი ხატი X საუკუნის ტრიპტიქონთა გარკვეულ ჯგუფს განეკუთვნება ცენტრალურ ნაწილში ვედრების სცენითა და ფრთებზე წმიდანთა გამოსახულებებითა და პოსტამენტიანი ჯვრებით, და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, იგი ამ ნიმუშთა შორის ყველაზე დახვეწილი ჩანს. მათგან მას არა მარტო შესრულების მაღალი დონე და განსაკუთრებული სინატიფე გამოარჩევს, არამედ ზომებიც: მისთვის უცხოა სიტლანქე და სქემატიზირება, და ამდენად, იგი უფრო მეტად რომანოზის ჯგუფის ნაწარმოებებს ენათესავება. ხოლო მისი მხატვრული ღირსების შესაფასებლად ალბათ სპილოს ძვლის ჯვრებიც კი იკმარებდა. რაც შეეხება ზომებს, ოქონის ხატის სიმაღლე 23 სმ, მაშინ როცა მისი მონათესავე კარედები ჰილდესჰაიმის, ლონდონისა და ნიუ იორკისა 14,5 ან 15,5 სმ. მისი სიგანე დახურული სახით 14,5 სმ, ხოლო მისი ზემოთხსენებეული ანალოგებისა 10,32 სმ, 12სმ და 13 სმ. მაცხოვრის გამოსახულების სიმაღლე შეადგენს 15,5 სმ ფეხსადგამის გარეშე, მაშინ როცა ლონდონისა და ნიუ იორკის ტრიპტიქონებზე იგი კარედის მთელი სიმაღლის ტოლია.


ხატის დანამატების გარეშე შესწავლით გამართლდა ვარაუდი, რომ სპილოს ძვლის ცენტრალური ნაწილის ზურგის მხარე სადა უნდა ყოფილიყო, მისი ზედაპირი კი სპილოს ძვლის ოვალური შრეების აგებულებას ამჟღავნებს. ფრთების უკანა მხარეზე გამოსახული ჯვრები მეორდება ჭედურ გარსაკრავზე. ჭედურობის ოსტატი ასევე იმეორებს სპილოს ძვლის საფეხურიანი კვარცხლბეკების ფორმას, ხოლო საფეხურების რაოდენობა ხატის მარჯვენა ფრთაზე შვიდია, მარცხენაზე ექვსი. კომპოზიცია გაწონასწორებულია, თავდაპირველი ხატის ვედრების კომპოზიცია, როგორც ეტყობა, შეიცავდა საჩრდილობელს. ასეთი ვარიანტი ამ ხანის ტრიპტიქონებში უფრო გავრცელებულია. ხოლო ტიპის მიხედვით იგი ენათესავება ლონდონისა და ნიუ იორკის ცნობილ ტრიპტიქონთა საჩრდილობლებს. ოქონის ჩარდახი, გიორგი ჩუბინაშვილის განმარტებით, უნდა გამოხატავდეს ელინისტურ,  ბაროკალურ სახეობას, ... და იგი შეიძლება უფრო დავუკავშიროთ სწორედ ბიზანტიას. მისი ფუნქციაა გამოსახულების მოჩარჩოება, რაც მას მდგრადობასა და წონას ჰმატებს. დღეს ხატი ჩარდახის გარეშეა, და მარჯვენა ფრთაზე  წმიდა პავლეს, იოანესა და თევდორეს გამოსახულებების მარჯვენა მხარეც გამოთეთრებულია.



ვედრების კომპოზიცია, ოქონის კარედის ცენტრალური ნაწილი


ოქონის ხატის წინაპირის ვერცხლის ფირფიტებისგან გამოთავისუფლებამ გამოსახულებათა განმარტებითი წარწერები გამოავლინა. ბერძნული წარწერები შესრულებულია მუქი მოყავისფრო საღებავით, რაც გავრცელებულია ამ ხანის სპილოს ძვლის ნაწარმოებებზე. ცენტრალურ ნაწილში წარწერებიდან მხოლოდ ქრისტეს მონოგრამაა, ისიც ნაწილობრივ (ΙC), შემორჩენილი მაცხოვრის თავთან, მარცხნივ, სადაც შარავანდი მთავრდება. წარწერის მეორე ნაწილი მარჯვენა მხარეს არ განირჩევა. წარწერები თან ახლავს კარედის ორივე მხარეს წარმოდგენილ წმიდანთა ნახევარფიგურებსაც: ყველა წარწერა იწყება ზედა კუთხიდან, წრეში ჩასმული ΑΓΙΟΣ; დღეს წარწერის გარეშეა წმიდა გიორგის ნახევარფიგურა, ხოლო წმიდა ნიკოლოზისგან შემორჩენილია C. სრული წარწერა შემორჩა მხოლოდ წმიდა პავლეს, დანარჩენს აკლია დაბოლოება. მარცხნივ პავლე, არ იკითხება იოანე ღმრთისმეტყველი და თევდორე. მარჯვნივ არ იკითხება პეტრე.



ბერძნული წარწერა წმ. პავლესთვის


ტრიპტიქონის ფრთებზე გამოიკვეთა წმიდანთა ნახევარფიგურების გამყოფი ხაზი, რომელიც რიტმულად იკვეთება ნასკვებით. სხვაგვარად წარმოჩნდა გაშიშვლებული ფონისა და გამოსახულებების ურთიერმიმართებაც შეემატა მოცულობითი აღქმა, რასაც უწინ ვერცხლის ფირფიტები აბრკოლებდა.


კარედის მარჯვენა ფრთა, წმინდანები პავლე, იოანე და თევდორე


ანტიკური ფორმების აშკარა ზეგავლენა იგრძნობა ფიგურების ელეგანტურ შესრულებაში, ცალკეული დეტალის დახვეწილ, ნატურალისტურ დამუშავებაში. წმიდანთა ნაოჭების წარმოჩენისას ოსტატი კოლორისტულ ხერხს მიმართავს: წმიდა იოანესა და წმიდა ნიკოლოზის თბილი ყავისფრით დაფერილ შუბლზე დელიკატურადაა გამოყვანილი ღია ყვითელი ნაოჭები, წმიდანთა კულულებში შეინიშნება ოქროსფერ-ყვითელი გამონათებები, და სხვა.


კარედის მარცხენა ფრთა, წმინდანები გიორგი, ნიკოლოზი და პეტრე


ოქონის ხატის დაფერვა განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. იგი ძალზე ახლოსაა ქართული წარმომავლობის ეგრეთ წოდებულ რაჭის ტრიპტიქონთან, რომელიც იმავე პერიოდისაა, X საუკუნისა. სავარაუდოდ უფრო მოყვითალო შეფერილობა ექნებოდა ოქონის ხატის სპილოს ძვალს.


განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ოქონის ხატმა სრული სახით მოაღწია ჩვენამდე, ყველა ნაწილით, იმ დროს როცა მისი ჯგუფის სხვა ნაწარმოებები დაშლილი ან ნაკლული სახითაა მხოლოდ შემონახული. მას შემორჩენილი ჰქონდა ცენტრალური ნაწილის გვერდით ფრთებთან მიკავშირება შარნირების სახით, ისე როგორც ეს არბავილეს ან ვატიკანის კარედებზეა.


ოქონის კარედი ხატის სტილში ასახვა ჰპოვა იმ ხანის ბიზანტიური პლასტიკის მხატვრულმა ტენდენციებმა. მიუხედავად იმისა, რომ მის შესრულებაში იკვეთება ანტიკური ელინისტური ილუზიონიზმის გავლენის კვალი, მასში ფორმების ისეთ ტრანსფორმაციას ვხვდებით, რაც მას ჭეშმარიტად შუა საუკუნეების ნაწარმოებად აქცევს. ეს კი დიდწილად მიღწეულია ფიგურათა დემატერიალიზაციითა და სახეების განსულიერებით.