ეს სიტყვები განსაკუთრებულად სიმბოლურად და ისტორიულ კონტექსტში გაჟღერდა 2025 წლის დეკემბერში, როდესაც UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნიუ-დელიში გამართულ მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე.
ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ ლოგიკურად დაასრულა მეცნიერების, ცალკეული ექსპერტების, ფერმერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის ათწლიანი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომა.
2016 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წინადადებით მიმართა შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ ხელმძღვანელობამ და შესთავაზა ქართული ხორბლის თემაზე მუშაობის დაწყება. ამ დროისთვის საერთაშორისო კულტურულ სივრცეში უკვე აღიარებული იყო ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი და ქართული ანბანის სამი სახეობის კულტურა - იმ არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ერის ჩამოყალიბებასა და თვითიდენტიფიკაციაში.
მუშაობის პროცესში მალევე ჩაერთო „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქალბატონი ლალი მესხი. სწორედ ამ პერიოდიდან იგი ენერგიულად და თავდაუზოგავად იღვწოდა ქართული ხორბლის დასაცავად და მისი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქართული ენდემური ხორბლის სახეობების ნიმუშები
2018 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოგვიანებით კი ეროვნული კატეგორია განესაზღვრა და დაიწყო მზადება ელემენტის UNESCO-ს ნუსხაში წარსადგენად. თავდაპირველად ხორბლის თემაზე მომზადებული ნომინაცია გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა ნომინირებული, რაც სახელმწიფოს მხრიდან დროში გაწერილ და ფინანსურ ვალდებულებებს გულისხმობდა.
2020 წლის დეკემბერში, პანდემიის პირობებში, ხორბლის ფაილი თანდართული დოკუმენტებით ეროვნებათაშორის კომიტეტში ონლაინ ფორმატში განიხილეს და კონკრეტული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადასამუშავებლად დაუბრუნეს სახელმწიფოს. დოკუმენტაციაში ქვეტექსტად იკითხებოდა ტრიტიკოლოგების, ეთნობოტანიკოსების, სელექციონერების სურვილი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექციათ, აღედგინათ და დაეცვათ ქართული ენდემები. მათი სურვილი ბუნებრივიც იყო, რადგან ამ დროისთვის ქართული ხორბალი მხოლოდ რამდენიმე კერძო კოლექციაშიღა იყო შემორჩენილი. პრაქტიკოსების აზრით, დაბალმოსავლიანობის გამო ის არ იმსახურებდა ყურადღებას (ასე ფიქრობდნენ საბჭოთა საქართველოშიც) ხოლო, აღნიშნული პოზიცია სრულად არ ასახავდა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ 2003 წლის კონვენციის მიზნებს.
თემაზე მუშაობის შემდგომი ეტაპი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. ქართული ხორბლის თემის აქტუალიზაციამ თავისთავად გამოიწვია მეხორბლე-ფერმერების, სამთავრობო თუ პროფილური არასამთავრობო, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების დაინტერესება. პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ეთნოლოგები; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოეწყო არაერთი ექსპედიცია; ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები; ფერმერებმა დაიწყეს ადგილობრივი ხორბლის მოყვანა, ხოლო მცირე მეწარმეებმა პურ-ცხობის ტრადიციების აღდგენა.
იაპონურ-ქართული ექსპედიცია, საქართელოს მთიან რეგიონებში, ხორბლის ძირძველი ნიმუშების აღმოსაჩენად
შედეგმაც არ დააყოვნა „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ წარმატებით იქნა აღიარებული UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში.
ხორბლის უძველესი ფესვები
ქართული ხორბლის კულტურის თანამედროვე აღიარება მრავალათასწლოვანი ისტორიის გაგრძელებაა. ხორბლის ისტორია საქართველოში უხსოვარი დროიდან იწყება, რაც ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ველური ხორბლის ნაირსახეობები ბუნებრივად ხარობდა. უძველესმა მიწათმოქმედმა საუკეთესო მარცვალი შეარჩია, მოაშინაურა და, როგორც ჩანს, პურის ცხობაც დაიწყო.
არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ ხორბლის მოყვანისა და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის. ძვ. წ. VII–VI ათასწლეულის ძეგლებზე არუხლოში, შულავერში, ხრამის დიდ გორასა და გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილია კულტურული ხორბლის ცხრა სახეობა, მათ შორის რბილი ხორბალიც. ამ უძველესი ჯიშების ნაწილი დღესაც მოჰყავთ: მახა, დიკა, დოლი.

გადაჭრილი გორა

შულავერის გორა
მსოფლიოში ცნობილი 25 სახეობიდან საქართველოში 15 გვხვდება, მათგან ხუთი ენდემია. ზანდური და მახა მეცნიერების მიერ აღიარებულია ბიოლოგიურ ხიდად ველურ და თანამედროვე კულტურულ ხორბალს შორის.
ხორბალი და ტრადიციები
ქართველისთვის ხორბალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ საკვები. ის დროის საზომი, თემის ერთიანობის საფუძველი და დაბადებიდან გარდაცვალებამდე ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი იყო. პური ყოველდღიურ შრომასთან ერთად სულიერ წესრიგსაც განასახიერებდა.
ხორბალი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოჰყავდათ. მოყვანის ტექნოლოგია გარემოსა და ნიადაგს ერგებოდა, თუმცა ერთ რამეს ყველგან ერთნაირი მნიშვნელობა ჰქონდა - სოფელში პური ყველას უნდა ჰქონოდა. ამიტომ ხვნა, თესვა და მკა თემის საერთო საქმედ ითვლებოდა. თესლის გაზიარება და „პურის დედოს“ გადაცემა სოფელს ერთიან და ძლიერ საზოგადოებად აყალიბებდა; სჯეროდათ, რომ სანამ სოფელს პურის საკუთარი თესლი ჰქონდა, მტერი ვერ მოერეოდა.

გუთანი იმერეთში, 1970-იანი წწ. ეროვნული ბიბლიოთეკა
თესვისა და აღების დრო მთვარის ფაზებით განისაზღვრებოდა. პირველი ხნული განსაკუთრებული რიტუალით აღინიშნებოდა, ხოლო ძველ მთვარეზე გამომცხვარი საწესო პური, სანთელი, ღვინო და ლოცვა მომავალ მოსავალს აკურთხებდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეთ პურებს განსხვავებული სახელები ჰქონდა: ბასილები, კირინები, კოკრები, ბედის კვერები.

მოსავლის აღება სპეციალური ხელსაწყოთი (შნაკვი), ეროვნული ბიბლიოთეკა
ურთიერთდახმარება ხორბლის მოყვანის ყველა ეტაპზე აუცილებელი იყო. ამ წესს სხვადასხვა კუთხეში „მამითადს“, „ნადს“, „ალოობას“ ან „ულამს“ უწოდებდნენ. პურის ყანა წმინდა ადგილად ითვლებოდა და მისი მოვლის წესების დარღვევა თემის დაუწერელი კანონებით ისჯებოდა.

ქართული ხორბლის ყანა
დღემდე ცოცხალია საწესო პურეულის ცხობის ტრადიცია საერო და რელიგიური დღესასწაულებისთვის: ლამზირები, ხაბიზგინები, ქადები. განსაკუთრებით მრავალფეროვანი პურეულით გამოირჩევა მესხეთი, სადაც ლავაში, შოთი, კაკალა, ჩაწეკილი პური და ხმიადი სარიტუალო და ყოველდღიური საოჯახო რაციონის ნაწილია.

სარიტუალო პური
საქართველოს სხვადასხვა კუთხემ პურის ცხობის საკუთარი ტრადიცია შემოინახა. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია თონე, სადაც შეშის ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური განსაკუთრებულ არომატს იძენს, ხოლო სამხრეთ საქართველოში და სხვა რეგიონებში ხშირად ქვის ან აგურის ფურნეს იყენებენ.

დიმიტრი ერმაკოვი, კახელი ქალების პურის ცხობა, ეროვნული ბიბლიოთეკა
ზოგ სოფელში იშვიათად, თუმცა მაინც შემორჩა ერთობლივი ცხობის ტრადიცია: ერთ ოჯახში გახურებულ თონეში ან ფურნეში მეზობლების პურიც ცხვება. ასეთ დროს პური კვლავ საერთო საქმედ რჩება და ძველი ურთიერთობის ფორმას აგრძელებს.

პურის ცხობა თონეში

ძველი თბილისის თონე, ეროვნული ბიბლიოთეკა
დასკვნა
ქართული ხორბლის უნიკალური და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, რომელიც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა, დღეს კვლავ გამოცოცხლდა და გამრავლდა. ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი საერთაშორისო აღიარებისა და დაცვის გზაზე.
ამ აღიარებამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული ხორბალი საქართველოში არსებობს არა მხოლოდ როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურა, არამედ როგორც ტრადიციებით, ცოდნითა და სოციალური ურთიერთობებით გამდიდრებული ცოცხალი პრაქტიკა. მისმა დაცვამ და პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო როგორც ხორბლის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ისე მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო და პურ-ცხობის ტრადიციების გაცოცხლებას.
თუმცა, აღიარება ერთდროულად პასუხისმგებლობაც არის და ვალდებულებაც, რომ არ დავკარგოთ ხორბალთან დაკავშირებული ცოდნა და წეს-ჩვეულებები, უზრუნველვყოთ მათი უწყვეტი გადაცემა მომავალი თაობებისთვის და გავაძლიეროთ მიწასთან, პურთან და ერთმანეთთან კავშირი. ქართული ხორბლის გზა დასრულებული ამბავი არ არის; იგი კვლავ გრძელდება იმ ადამიანების ხელით, ვინც ამ ცოცხალ მემკვიდრეობას დღესაც ზრუნვით ინახავს და ავითარებს.