menu

ფირუზისფერი ცის ქვეშ...


ქართული პრიმიტივიზმი უმთავრესად ებმის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელს, თუმცა მისი მხატვრული ფენომენი იმდენად მაღალ ფერწრულ ტრადიციებს მიემართება, რომ რთულია ხელოვანის მხოლოდ ამ სტილურ განსაზღვრებაში მოქცევა. ფიროსმანის მოუხელთებელად დიადი ხელოვნება ზოგად ფერწერულ გენიას გულისხმობს, ანუ მისი ხატოვანება პრიმიტივისტულ-ნაივურ ძიებებს რამდენადმე ცდება; ეს ის შემთხვევაა, როცა გენიოსი თავისი წესებით ქმნიდა ატიპურ და განუმეორებელ სახვით ენას... მიუხედავად ამ წინაპირობისა, ქართული პრიმიტივისტულ-ნაივური ფერწერის უწყვეტი ხაზი იწყება ფიროსმანით და მისი ზედნაშენი ხდება არაერთი გენიალური პრიმიტივისტის დაბადება. ქართული პრიმიტივიზმის კარედი ერთგვარი ტრიპტიქია შემედგი მხატვრების: ნიკო ფიროსმანაშვილი, კარაპეტ გრეგორიანცი და ვანო მელიაშვილი. ფიროსმანი იყო ეპიკური და ფერწერულად მასშტაბური მოვლენა  და სწორედ ეს აბათილებს ხელოვანის მხოლოდ პრიმიტივიზმთან ურთიერთმიმართებას, თუმცა მისი წიაღი მაინც პრიმიტივიზმია.


კარაპეტ გრეგორიანცის შემოქმედება და თვითობა ერთგვარ სომხურ-ქართულ სიმბიოტიკასთან იგივდება, რამდენადმე ზოგად კავკასიურ თქმულებადაც კი გარდაიქმნება, ხოლო ვანო მელიაშვილის ხელწერა გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართული კულტურა გადაურჩეეს საბჭოთა რიხს, პათოსს თუ ეგზოტიზაციას... მელიაშვილის ფენომენი წარმოაჩენს ქართული კულტურული კოდების მდგრადობას, თვითმყოფად შერწყმას დასავლურ ხელოვნებასთან და რეზისტენტულობას საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ.



ვანო მელიაშვილი. კაცი ქართული ტრადიციული სამოსით (ჩოხა).

მუყაო, ზეთი. 67,5x41სმ, ათინათის კერძო კოლექცია


ვანო მელიაშვილის შესახებ ინფორმაცია ძალზე მწირია. მან თითქმის ას წლამდე იცხოვრა და მისი შემოქმედებაც საუკუნოვანი რეფლექსიაა ქართული კულტურული ეთოსის. იგი როგორც ყველა გარიყულთა ხელოვნების წარმომადგენელი ვერ შეეზარდა ქართულ საბჭოთა მეინსტრიმს, დაგვიანებულად იგემა აღიარება და აქტუალური გახდა გარდაცვალების შემდგომ. მელიაშვილი ქრესტომათიული მაგალითია დროსთან წინსწრებადი ხელოვანების.


მხატვრის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის თენგიზ მირზაშვილს(ჩუბჩიკას) და დავით კიკნაველიძეს. მათი რჩევით ქართული ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა ვანოს 45 ნამუშევარი. 1970-1980-იან წლებში იწევს ინტერესი ნაივურ-პრიმიტივისტული თუ ზოგადად თვითნასწავლი მხატვრების მიმართ. 1970-იან წლებში იმართება ინტენსიურად ნიკო ფიროსმანის გამოფენები, მასზე  იწერება არაერთი კვლევა, რაც გვირგვინდება  ფიროსმანის მუდმივ ექსპოზიციით. თითქოს ამ მოვლენებით ქართული ხალხური და ამავდროულად ნამდვილი, შეუბღალავი კულტურის არსს მოწყურებული საზოგადოება უბრუნდება ეროვნულ ფესვებს, ცნობიერებას, რაც სრულად შთანთქმული იყო სოცრეალისტურ-კოლექტივისტური იდეოლოგიით.


ვანო მელიაშვილი, სცენა ოპერიდან აბესალომ და ეთერი, ზეთი, მუყაო, 70x50სმ, 1970-იანი წლები, კერძო კოლექცია


ნაივი და პრიმიტივიზმი განიდევნა მოდერნისტულ, ეროვნულ, ფორმალისტურ კულტურულ  მარკერებთან ერთად... საბჭოთა კავშირი ახდენს  თვითნასწავლი ხელოვანების იდეურ გარდაქმნა-მოთვინიერებას, რაც გულისხმობს სოცრეალისტური და პროპაგანდისტული თემების შემოდინებას ნაივურ-პრიმიტივისტულ მსოფლმხედველობაში, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტები იყო: სამყაროსადმი სუფთა და გულუბრყვილო დამოკიდებულება, პირველყოფილი და პირველადი სულიერი შეგრძნებები ან აღქმები და სოციუმიდან თუ ქალაქიდან გაცლა ბუნებასთან დიალოგის სახით. ამ ჩამონათვალებისგან შემდგარი მსოფლმხედველობა იცვლება სოცრეალისტური დოქტრინით, ანუ პროლეტარიატი, კოლექტივიზმი, ინდუსტრიალიზაცია და ბელადებიც კი იქცა წამყვან თემატიკად. ასე შეუქცევადად შეეზარდა პრიმიტივსტულ-ნაივური სტილი  საბჭოთა იდელოგიას. 1929 წლიდან ქრება პრიმიტივიზმის და ნაივის ცნებები და არსებულ არტისტულ კასტას, თვითანასწავლ მხატვართა გაერთიანებად(ОХС) გარდაქმნიან. 


მნიშვნელოვან ფაქტობრივ ინფორმაციას გასცემს ვანო მელიაშვილის ბიოგრაფიაზე თენიგზ მირზაშვილის ინტერვიუ. როგორც მხატვარი ყვება პირველად ვანოს ნამუშევრები სართიჭალაში ნათესავებთან აღმოაჩინა  და ეს ხდება საბაბი ჩუბჩიკასთვის უფრო სიღრმისეული მიმოკვლევის.


ვანო მელიაშვილი დაიბადა თიანეთში 1896 წელს,  გაჭირვებულ ოჯახში. მშობლები ადრე გარდაეცვალა, ის ნათესავებმა და მეზობლებმა გაზარდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იგი მოესწრო სამ გარდამტეხ პოლიტიკურ მოვლენას- რევოლუციას, დამოუკიდებელ საქრთველოს და საბჭოთა ოკუპაციას. 69 წლის ასაკში შეირთო ცოლი. ცხოვრების ბოლო 25 წელი მუშაობდა საბვშვო ბაღში დარაჯად.


1982 წელს მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა ბავშვთა სურათების გალერეაში. ამ გამოფენის შემდეგ ედმონდ კალანდაძემ, ზურა ნიჟარაძემ და თენგიზ მირზაშვილმა მელიაშვილის ნამუშევრები გამოფინეს ვენაში.




 ვანო მელიაშვილი, ქალი ბავშვებით, მუყაო, ზეთი, კერძო კოლექცია


1984 წელს გამოდის Oto Binalji-Merin Neboska და Bato Tomasevic-ის მიერ შედგენილი ნაივური ხელოვნების მსოფლიო ენციკლოპედიის ახალი გამოცემა, სადაც წარმოდგენილია მხატვრები 50 ქვეყნიდან და სსრკ-დან. ენციკლოპედიაში შედის საქართველოში მოღვაწე რამდენიმე მხატვარიც, ესენია: ალექსანდრე ალადაშვილი, ირინა გაგუა, კარაპეტ გრიგორიანცი, ჰასან ჰელიმიში, გაიანე ხაჩატურიანი, შალვა მარადიშვილი, ვანო მელიაშვილი, ნიკო ფიროსმანაშვილი, ემა ზარაფიშვილი.


შემოგვრჩა რამდენიმე ფოტო, რადგანაც მას არ უყვარდა  ფოტო-კინო გადაღება, უარს ამბობდა. იგი გარდაიცვლა 92 წლის ასაკში  1988 წელს. ვანოს საფლავი უცნობია. ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ 2000 წელს მოეწყო გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ასევე 2015 წელს გამოფენა, „სახეები“ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.


ვანო მელიაშვილი სტუდიაში


საინტერესოა ვანო მელიაშვილის შემოქმედების და მხატვრული ხელწერის განვრცობა ადგილობრივ-მსოფლიო სახელოვნებო კონტექსტში. უმთავრესად მელიაშვილი ხატვის დროს გამოიყენებდა ფანქარს, კალამს, ზეთის საღებავებს, ტუშს, ხოლო სურათის ზედაპირად- მუყაოს, ფირფიცარს, ქაღალდს, ასანთის კოლოფს  და სიგარეტის ყუთსაც. მის სახვით სამყაროში მთლიანდება ყოველდღიურად განცდილიც და სურათიდან თუ მოთხრობიდან შთაგონებულიც, რეალისტურიც და წარმოსახვითიც, ქალაქიც და სოფელიც. მხატვრის პრმიტივსტული კომპილაციებში თავს იყრის შემდეგი სტილსტური ნიშნები თუ ზეგავლენები - ქართული მინიატურის, საფლავის ქვების,  რეპროდუქციების, ფრესკაზე ქტიტორთა გამოსახულებების, ქართული მოზაიკის.



ვანო მელიაშვილი, ოჯახი, მუყაო,ზეთი, კერძო კოლექცია


ვანო მელიაშვილი თანაბარი სისუფთავით და გამობრძმედილობით ხატავს: ვაჟა ფშაველას ოჯახთან, თამარ მეფეს, მეფე ერეკლეს,  ანანურს, მცხეთას, სამთავროს, ავტოპორტრეტებს, პორტრეტებს,  ყოფით სცენებს, ბავშვებს, პეიზაჟებს, მშობლებს და ასე შემდეგ. ვანოს სურათებში ხშირად იჭრება ტექსტები, როგორც მხატვრული რემარკები, სევდიანი მოგონებებისა თუ დოკუმენტური თხრობის სახით...




ვანო მელიაშვილი, თამარ მეფე შვილებთან ერთად, მუყაო, ზეთი, კერძო კოლექცია


მსოფლიო სახელოვნებო კონტექსტში ნაივის ცნება განივრცობა  სხვადასხვა სტილური მიმართულებით, ესენია: პრიმიტივიზმი(თვითნასწავლთა ხელოვნება), უხეში ხელოვნება(art brut), გარიყულთა ხელოვნება(Outsider Art), ინტუიტიური ხელოვნება(intuitive art), ნედლი ხელოვნება(raw art).  ჩამოთვლილ სტილებში მოღვაწე არტისტთა სია ვრცელია და უსასრულო, თუმცა საკვანძო წარმომადგენლები არიან: ანა მარია რობერტსონი, ივან გენერალიჩი, ანრი რუსო, ჰენრი დარგერი, მარია პრიმაჩენკო და სხვები.


ვანო მელიაშვილის  ხელწერა არ მიემართება ზემოხსნებული არტისტებსა და სტილებს, თუმცა ხელოვანის ექსპრესია, ფერისა თუ ფორმის განცდა, იკონოგრაფია ამ თანავარსკვლავედის ზედნაშენია...


ვანო მელიაშვილის მხატვრული ხელწერა  ადგილობრივ-მსოფლიო კონტექსტში გამორჩეულია.  იგი თვითკმარია, თვითმყოფადი, რასაც შეიძლება ვუწოდოთ თამამად იდიოსინკრაზია მსოფლიო პრმიტივიზმის- ის(ვანო), რაც მთელს(მსოფლიო პრიმიტივიზმს) ვერ შეეზარდა... ვანოს ფორმათგანცდა ეფუძნება: სტატიკურობას, ლაკონიურობას, ბლოკურობას, მარტივ კონფიგურაციას, პირობითობას,  იერატიულობას ფონთან მიმართებაში, ასიმეტრიულობას, არითმიულობას...


ყოფითსა და ისტორიულ სცენებში გამოსახული ადამინთა ფიგურები ფოტოგრაფიულიცაა, ხატწერითი და რელიეფური. რაც შეეხება ფერს, მონოლითური არის მხოლოდ  ფონი- ცისა და პერსპექტივის სახით. ადამიანთა ფიგურები, უსულო საგნები, ცხოველები- სულიერი და უსულო ფიზიკა  პოლიქრომატულია, ზოგჯერ კონტრასტული, ზოგჯერ შეხამებული. ლაქები ლოკალიზებულია კომპოზიციებში ან ნაივურ ფორმებში, ხშირად მხატვარი სხვადასხვა ტექნიკური ხერხით ერთგვარ პატერნებს ქმნის(სამოსის, სამკაულების, არქიტექტურის თუ მცენარებიის ხატვის დროს)- წერტილოვან, ხაზობრივ, დენად, ორნამენტულ. ფერები კეთილშობილურად თუ ზომიერად არის გაჯერებული, რაც ერთიანი სპირიტუალური ამონათების განცადს ბადებს.


ვანო მელიაშვილი. დეიდა. მუყაო,ზეთი. 50x35. 1978. ათინათის კერძო კოლექცია


ფირუზისფერი ცისფერი და მწვანე, ზოგჯერ უნაბისფერი ფონად ედება ნამუშევრებს, რითაც ბიზანტიური ფრესკების და მოზაიკის ციალისა თუ ლიცლიცის ხატოვან გამოსახულებას ვიღებთ. ეს  ვანო მელიაშვილის სულიერი გამოცდილებითა და სოფიზმით მიღწეული ფერია, ატმოსფერო... ვანო მელიაშვილის უტოპიური საქართველო ფირუზიფერი ცის ქვეშ არსებობდა... ვანოს ხატოვან სამყაროში პრიმიტივიზმის სულისკვეთება და არსი იკვეთება კომპოზიციის თითოეულ ნიუანსში უშუალობით; იგი მუდამ დასახულ მხატვრულ ამოცანას ნედლ მდგომარეობაში ტოვებს...


 

 ვანო მელიაშვილი. ღვთისმშობელი ყრმით. მუყაო,ზეთი. 79x59სმ. ათინათის კერძო კოლექცია


P.S.

ვანო მელიაშვილს ასე იხსენებენ- „ბავშვებთან უყვარდა ურთიერთობა, იყო კეთილი და ცოტათი უცნაურიც. არ დაგიახლოვდებოდა, თვალებში არ ჩაგხედავდა, ყვებოდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო…“


ასე ყვება ჩუბჩიკა ერთ-ერთ ინტერვიუში- „ხშირად მხატვრის მეუღლე ბუფეტის უკან აგროვებდა ვანოს ნახატებს და ნაგვის მანქანას ატანდა, ზოგჯერ ყიდდა კიდეც...“

ათარბეგოვზე მიწურში ცხოვრობდა, ლამაზი მოხუცი ბნელ სარდაფში,  სიბნელეში ხატავდა, ფარდებს აფარებდა სარკმლებს...


ალბათ ვანო მელიაშვილი ბნელ მიწურში, როდესაც თავის ნამუშევრებს ქმნიდა, იგი ფირუზისფერი ცის ქვეშ იყო და  ამ ცის გაზიარება არავისთან სურდა, ამიტომაც გმანავდა ოთახს ფარდებით, სადაც მელიაშვილის კამერა ობსკურაში ფირუზისფერი სინათლის ჭავლი იღვრებოდა...

ვანო მელიაშვილის უტოპიური საქართველო ფირუზისფერი ცის ქვეშ არსებობდა...