გოგი ჩაგელიშვილი (1945) თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ჟანრსა და სტილში, სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით. მისი შთაგონების წყარო გარშემომყოფი ბუნებაა, რის გამოც ჩაგელიშვილი ქმნის ნამუშევრებს მრავალფეროვან ჟანრსა და სტილში, მათ შორის პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებსა და აბსტრაქციებს.
გოგი ჩაგელიშვილი ასევე რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია (2015 წელს იგი ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა).
1970-იანი წლებიდან დღემდე მხატვარს ჰქონდა მრავალი პერსონალური გამოფენა თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში — მოსკოვში, ანკარაში, ნიმში, დიუსელდორფში, მონრეალში, ქრაისტჩერჩსა და ნიუ-იორკში.