თამარ აბაკელია (1905-1953) XX საუკუნის პირველი ნახევრის — 1930-იანი და 1940-იანი წლების — ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მხატვარი იყო. იგი მრავალმხრივი შემოქმედი გახლდათ: მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი და, ბოლოს, მტკიცე ხასიათის მქონე, საზოგადოებრივად და შემოქმედებითად აქტიური პიროვნება.
თამარ აბაკელია 1905 წელს ხონში დაიბადა; ხატვა და ქანდაკება ბავშვობიდანვე დაიწყო. იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა მისი დაარსებისთანავე.
1929 წელს სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფერწერის პარალელურად, თამარ აბაკელიამ ქართველ მოქანდაკეებთან ერთად მონუმენტური ქანდაკების სფეროში განაგრძო მუშაობა. მრავალ სხვა ცნობილ ნამუშევართან ერთად, იგი ავტორია რელიეფური ფრიზისა, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის (ახლანდელი სასტუმრო „ბილტმორი“) ფასადს ამშვენებდა. ქანდაკებების შექმნასთან ერთად, 1930-იანი წლებიდან თამარ აბაკელიამ ინტენსიურად დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრაციასა და სცენოგრაფიაზე.
იგი 1953 წელს, სულ რაღაც 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.