menu

მესტიის საკურთხევლისწინა ჯვარი


ჯვრის თაყვანისცემას საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ადრექრისტიანული ეპოქიდან მოყოლებული, განსაკუთრებული ადგილი უკავია. წმ. ნინოს მიერ აღმართული ჯვრები თავისებური ფორმით აისახა შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ კულტურაში. საუკუნეების განმავლობაში მოქანდაკეთა, ფერმწერთა და ოქრომქანდაკებელთა მიერ იქმნებოდა სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ჯვრები.

წმ. ნინოს მიერ აღმართული მონუმენტური ხის ჯვრებით არის შთაგონებული შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებული განსაკუთრებული ფუნქციის მქონე ჯვრების უნიკალური ფორმა - ე.წ. საკურთხევლისწინა ჯვრები. ორი ხის ძელით შექმნილი, ვერცხლის რელიეფური ფირფიტებით დაფარული დიდი ზომის ჯვარი ეკლესიის ცენტრში, აღსავლის კარის წინ საგანგებოდ შექმნილ პოსტამენტზე აღიმართებოდა. ჯვრის წინაპირს, რომელიც მლოცველებისკენ იყო მიმართული,  რელიეფურ კომპოზიციებიანი ფირფიტები ამკობს, საკურთხევლისკენ  მიქცეულ ზურგის მხარეს და ჯვრის მკლავების წახნაგებს ჭედური ორნამენტი ფარავს.

ეკლესიაში საკურთხევლის წინ  ქვის კვარცხლბეკზე აღმართული მონუმენტური ჯვარი  საკრალური სივრცის ორგანიზებას და აქცენტების დასმას ემსახურებოდა. ამგვარი საკულტო ობიექტები გოლგოთის ჯვრის განმეორებად მოიაზრებოდა. შესაძლოა, საკურთხევლისწინა ჯვრებთან გარკვეული რიტუალი აღესრულებოდა.  


საკურთხევლისწინა ჯვრების გამორჩეული მაგალითია მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში შექმნილი მესტიის წმ. გიორგის ეკლესიის ცენტრში საგანგებო პოსტამენტზე დაფუძნებული დიდი ჯვარი (სიმაღლე 125სმ.). ვერცხლის მოჭედილობა მთლიანად ფარავს  ჯვრის ზედაპირს.  ჯვარი დიდმოწამეს, წმ. გიორგის ეძღვნება. ჯვარს მოოქრული ვერცხლის ფირფიტებზე გამოჭედილი წმინდანის ცხოვრების ამსახველი ნარატიული კომპოზიციები ამკობს. 


მესტიის საკურთხევლისწინა ჯვარი

ძვირფასი ლითონის რელიეფური კომპოზიციები შუა საუკუნეების გამორჩეული ოსტატის ქმნილებას წარმოადგენს. რელიეფური კომპოზიციები პლასტიკური ხელოვნების განვითარების მაღალ დონეს წარმოაჩენს.

ჯვრის ჭედური ფირფიტების ნაწილი დაკარგულია, დარჩენილია ცხრა სცენა, რომელთა მიხედვით შესაძლებელია ჯვრის საერთო იკონოგრაფიული პროგრამის აღდგენა. რელიეფური კომპოზიციების ანალიზით დადგინდა, რომ ჯვრის რთული ჭედური დეკორის შესაქმნელად ოსტატის შთაგონების წყარო იყო საქართველოში ადრიდანვე არსებული წმ. გიორგის „ცხოვრება“, რომლის ყველაზე ადრეული მაგალითი საქართველოსი მე-10-11-ში ნათარგმნი ტექსტია.  


ოქროფერილი ვერცხლის ჭედურ ფირფიტებზე წმ. გიორგის ცხოვრებისა და მარტვილობის სცენებია გამოსახული. ჯვრის რელიეფური დეკორის კომპოზიციური ცენტრია მკლავების გადაკვეთაზე განთავსებული დიდი ფირფიტა, რომელზეც წმინდანის ძელზე გაკვრა და ლახვრით „ხუეტა“ არის გამოსახული. სცენის სტრუქტურა ქრისტეს ჯვარცმის კომპოზიციურ სქემას იმეორებს. ჯვრის ცენტრალური კომპოზიციიდან იშლება ქანდაკების ენით გადმოცემული წმ. გიორგის ცხოვრების  ეპიზოდები. ჯვრის ზედაპირზე სცენების ოსტატური განთავსება ქმნის წმინდანის ცხოვრებისა და მარტვილობის განსაკუთრებით შთამბეჭდავ სურათს. 


ძელზე გაკვრა


ყოველ ჭედურ ფირფიტაზე წამების სხვადასხვა სცენაა წარმოდგენილი. რელიეფური კომპოზიციების სტრუქტურა ქმნის ჯვრის რთული რელიეფური დეკორის იდეური და მხატვრულ ერთიანობას.

ჯვრის ზედა  ვერტიკალურ მკლავზე წმ. გიორგის „ურმის თვალზე გაკვრა“ და „შოლტებით  ცემააა“ გამოსახული, ქვედა მკლავზე - „კირის ორმოში ჩასმა“ და „წმ. გიორგი საპყრობილეში“.


ურმის თვალზე გაკვრა


შოლტებით ცემა


კირის ორმოში ჩასმა


ჯვრის ჰორიზონტალურ მკლავებზე ორ-ორი სცენაა განთავსებული: მარცხნივ - წმ. გიორგის „ქველის საქმე“ და „დიოკლეტიანე და წმ. გიორგი“, მარჯვნივ  წმ. გლიკერის მარტვილობის ორი სცენა. კომპოზიციებს ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებული განმარტებითი წარწერები ახლავს.


ჯვრის ქვედა მკლავის დაზიანებულ ადგილას მოგვიანებით დამატებულია გაბრიელ მთავარანგელოზის ვერცხლის ჭედური ფიგურა, რომელიც თავისი მხატვრული ნიშნებით ასევე მე-11 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.


წმ. გიორგის ქველი საქმეები


წმ. გლიკერის თავის კვეთა


მთავარანგელოზი გაბრიელი


მესტიის საკურთხევლისწინა ჯვარი შუა საუკუნეების რელიგიურობის თავისებური გამომჟღავნებაა, რაც ერთი მხრივ ჯვრის ზოგადქრისტიანული მნიშვნელობითა და მეორე მხრივ, ლოკალური საეკლესიო ტრადიციით არის ნასაზრდოები. საგულისხმოა, რომ მესტიის ჯვარი წმ. გიორგის აგიოგრაფიული ციკლის ვიზუალიზაციის უადრეს ნიმუშად გვევლინება. მონუმენტურ ჯვარზე წმ. გიორგის გავრცობილი აგიოგრაფული ციკლი ამ წმინდა მეომრის თაყვანისცემის მნიშვნელობაზე მიუთითებს, ასევე წმინდანის, როგორც მეოხისა და მფარველის როლზე სვანეთსა და ზოგადად საქართველოში.