menu

საქართველოს გერმანული დასახლებები


მიგრაციული პროცესები მხოლოდ 21-ე საუკუნისთვის არ არის  დამახასიათებელი,  თუ დღეს საქართველოდან ევროპაში გადასახლებით  ცდილობენ უკეთესად იცხოვრონ, მე-19 ს-ის დასაწყისში ევროპელები მოდიოდნენ აქ ყოფითი პირობების  გასაუმჯობესებლად.  მაშინ საქართველო რუსეთის კოლონია იყო და ცარისტული ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული უცხოელთა ჩამოსახლება უპირველესად რუსიფიკაციის განმტკიცებისთვის  ხდებოდა, თუმცა იმპერია მათში ეკონომიკის გაძლიერების რესურსსაც ხედავდა და ისე გულუხვად აფინანსებდა, როგორც ამას აქ მცხოვრები რუსებისთვისაც კი არ აკეთებდა. ასე დაიწყო გერმანელთა ჩამოსახლება, ხალხის რომელთან ერთად ას წელზე მეტ ხანს ვიცხოვრეთ და რომელთა დასახლებებში დღემდე შემოგვრჩა მათი მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობა. 

საბჭოთა დროს საქართველოს გერმანელთა ამბავი სრულიად უყურადღებოდ იყო დატოვებული, თითქოს ერთგვარი ტაბუ არსებობდა ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენი უახლესი ისტორიის ეს საინტერესო  პერიოდი არც სკოლებში ისწავლებოდა და არც უნივესიტეტებში. გერმანული დასახლებების და მათი არქიტექტურის გამოვლენა, მეცნიერული შესწავლა და კვლევა მხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა 2015-2017 წლებში.          

საქართველოში 1817 წლიდან ჩამოსახლებულ გერმანელთა უმეტესობა ვიურთემბერგის სოფლებიდან წამოსული  შვაბი გლეხები იყვნენ. პირველი 31 ოჯახი 1817 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ისინი სოფელ სართიჭალასთან დაასახლეს.  სოფელს მარიენფელდი უწოდეს დედოფალ მარია ფეოდოროვნას საპატივსაცემოდ, რომელიც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის დედა და, ამასთან, ვიურთემბერგის მეფის, ფრიდრიხ პირველის  და იყო. 


1818 წელს გერმანელთა ახალი, დიდი ნაკადი ეწვია საქართველოს და კიდევ შეიქმნა ახალი დასახლებები.  1820 წელს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ექვსი გერმანული კოლონია იყო: მარიენფელდი (ს. სართიჭალა), ნოი-ტიფლისი (დავით აღმაშენებლის გამზირი და მისი მიმდებარე  ქუჩები), ალექსანდერსდორფი (წყალტუბოსა და სამტრედიის ქუჩები თბილისში), კატარინენფელდი (ქ. ბოლნისი), ელიზაბეტთალი (ს. ასურეთი) და პეტერსდორფი (ს. სართიჭალა); დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი - ჰელენენდორფი და ანენფელდი. გერმანელთა ჩამოსვლა გრძელდებოდა შემდეგ წლებშიც. 1842 წელს, აბასთუმანთან დაარსდა კოლონია ფროიდენტალი, რომელიც 1848 წელს მარიენფელდისა და პეტერსდორფის სიახლოვეს გადაიტანეს.


კატარინენფელდი. მე-19 ს-ის მეორე ნახევარი


ბოლნისი-კატარინენფელდი. საცხოვრებელი სახლი


ბოლნისი-კატარინენფელდი. საცხოვრებელი სახლი


მე-19 ს-ის შუა წლებიდან, გერმანული კოლონიების მაცხოვრებლების რაოდენობის ზრდამ და წარმატებულმა ეკონომიკურმა  განვითარებამ  უკვე ახალი კოლონიების შექმნას დაუდო სათავე. ელიზაბეტთალის უმიწო მოსახლეებისთვის 1857 წელს შეიქმნა კოლონია ალექსანდერსჰილფი (დაბა თრიალეთი). 1891 წელს კი უკვე თავად ალექსანდერსჰილფელებმა დააარსეს ჯერ კოლონია პეტროვკა ქ. ყარსთან. შემდეგ, ელიზაბეტთალის მკვიდრებთან ერთად - კოლონია  ბლუმენტალი (ს. კავთა). პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ პეტროვკის კოლონისტები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 1906 წელს დაარსებულ კოლონია აიგენფელდში გადაიყვანა.  ხელისუფლების დახმარებითა და ხელშეწყობით 1879-1884 წლებში დასავლეთ საქართველოში - აფხაზეთშიც შეიქმნა გერმანული დასახლებები.


თრიალეთი-ალექსანდერსჰილფი. ყოფილი სათემო სახლი და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია


თრიალეთი-ალექსანდერსჰილფი. ედუარდ ბრაიშის ქუჩა.


გერმანელთა ეკონომიკური წინსვლა 1850-იანი წლებიდან უკვე თვალსაჩინო გახდა და რადგან ხელისუფლებისგან მიცემული მიწა უკვე აღარ ჰყოფნიდათ, ფინანსურად მოღონიერებული კოლონიები და ზოგჯერ ცალკეული გერმანელებიც, საკუთარი სახსრებით იძენდნენ ნაკვეთებს ქართველი თავადებისგან. 


გერმანული კოლონიების დაარსება მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა და შეიქმნა ტრაუბენბერგი (ს. თამარისი), ვიზენდორფი (ს. ახალი მარაბდა), შტაინფელდი (ს. ქოთიში), ვალდჰაიმი (ს. იფნარი), მარნაული (ქ. მარნეული), გრჲუნტალი (ს. რუისბოლო), ჰოფნუნგსტალი (ს. ახალშენი), ტრაუბენტალი (ს. ამბართაფა) და როზენტალი (ს. ვარდისუბანი). 

გაჩნდა ახალჩამოსული გერმანელების დასახლებაც: 1909 წელს, ყუბანიდან წამოსულმა გერმანელების ორმოცმა ოჯახმა (მათ შორის 3 ოჯახი სამარიდან იყო),  სოფელ მუხრანთან ახლოს დააარსა კოლონია გეორგსტალი (ს. ძველი ქანდა). 


გერმანელთა დასახლებების განვითარება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა წამყვანი დარგით იყო განპირობებული, რასაც, პირველ რიგში, ამ კოლონიების მდებარეობა და იქ არსებული კლიმატი განსაზღვრავდა: სამიწათმოქმედო საქმესა და ხორბლის მოყვანას მისდევდნენ ალექსანდერსდორფში, მარიენფელდში, პეტერსდორფსა და ფოიდენტალში; მევენახეობა-მეღვინეობით და მეხილეობით დაწინაურებული იყო კატარინენფელდი,  ელიზაბეტთალი და ტრაუბენბერგი; ალექსანდერსჰილფი და ვალდჰაიმი  - მესაქონლეობითა და შვეიცარული ყველის წარმოებით.


ბოლნისი-კატარინენფელდი. საცხოვრებელი სახლის სარდაფი - ღვინის მარანი
ბოლნისი-კატარინენფელდი. საცხოვრებელი სახლის სარდაფი - ღვინის მარანი

ამ სოფლებში დღემდეა შემორჩენილი გერმანელთა აშენებული სხვადასხვა ფუნქციის  შენობები, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია მათი საცხოვრებელი სახლები, რადგან, არქიტექტურაში ნებისმიერი ერის შემოქმედებითი უნარის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ხალხური არქიტექტურაა.   ქალაქური სახლები, რომლებსაც პროფესიონალი არქიტექტორები ან მშენებელ-ინჟინრები აგებენ,   მალე ემორჩილებიან სტილებსა და მოდას,   ხალხური საცხოვრებელი სახლი კი მყარად არის მიბმული საუკუნეებით გამომუშავებულ ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებზე, რაც  ადგილობრივ პირობებსაც ითვალისწინებს - გეოგრაფიულ მდებარეობასა და კლიმატს.  სოფლური სახლები სრულად გამოხატავს გლეხთა თავისუფალ არჩევანს - ჰქონოდათ საკუთარი იდენტობისა და გემოვნების გამომხატველი საცხოვრებელი სახლი, რომელიც  მათი ყოფისა თუ მეურნეობისთვის სრულად შესაფერისი და  კომფორტული იქნებოდა.


ასურეთი-ელიზაბეტთალი. საცხოვრებელი სახლი

აქაური გერმანელები შვაბიიდან იყვნენ, ამიტომ მათი არქიტექტურის განხილვისას აუცილებელია შვაბ გლეხთა საცხოვრებელი სახლების თავისებურებების აღნიშვნა,   თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ  აქაურ შენობებს ბევრი არაფერი აქვს საერთო მათ მშობლიურ მხარეში არსებულ ნიმუშებთან -   შვარცვალდურ, ან ალგოის გლეხის სახლებთან.   ის, რაც შვაბებმა საკუთარი სამშობლოდან პირდაპირ  გადმოიტანეს - ეს არის ჭირნახულის შესანახი ღრმა სარდაფი, მაღალი სხვენი, ფანჯრების დარაბები, ქვის მასიური სვეტებით გაფორმებული საკარმიდამო ღობეები და ევროპულ ტრადიციულ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელებული მხატვრულ-კონსტრუქციული ფორმა -  ფახვერკი. 


დროთა განმავლობაში იცვლებოდა გერმანელთა სახლების  მოცულობა, გეგმარება და ფასადები. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან შვაბები საკუთარი საცხოვრებელი სახლების ქუჩისკენ მიმართულ, მთავარ ფასადებს უკვე უხვად ამკობენ ხის ნაირფერი მოაჯირების მქონე აივნებით.  აივნები კეთდება ეზოსკენ მიმართულ ფასადებზეც. რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ქართული ხალხური არქიტექტურის ზემოქმედება, თუმცა, მათზე აშკარა გავლენას აშკარად  ძველი თბილისის ხის აივნიანი სახლებიც  ახდენდა. ცხადია, ყველა ნიშნით ეს იყო ნებაყოფლობითი არჩევანი და არა „უცხოს“ მექანიკურად გამოყენება. 


ასურეთი-ელიზაბეტთალი. საცხოვრებელი სახლი


ასურეთი-ელიზაბეტთალი. საცხოვრებელი სახლი


შვაბებმა საკუთარ  საცხოვრებელში ქართული არქიტექტურის გავლენით საუკუნეებით გამომუშავებულ თავიანთ ხალხურ ხუროთმოძღვრებას ახალი განვითარება მისცეს და შექმნეს გერმანულ-ქართული არქიტექტურის სინთეზი, რაც ძირითადად საცხოვრებელი სახლების ხის აივნებში გამოიხატა. 


გერმანელთა სახლებიც თავისებურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივთა არქიტექტურაზე. ისტორიულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ გერმანელების მსგავსი სახლების შენება მეზობელ სოფლებშიც დაიწყესო, და მართლაც, ბოლნისში, იაკობ ხუცესის ქუჩაზე, მე-20 საუკუნის დსაწყისში ქართველების აშენებული რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დღესაც დგას.

ეს კულტურული ურთიერთგაცვლა, რაც თითქმის ყველა სფეროსა და დარგში იყო მაშინ ქართველებსა და გერმანელებს შორის, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, კულინარია, სპორტი თუ კულტურა, და რაც მთავარია, სრულიად  უკონფლიქტო და მეგობრული თანაცხოვრება -  1941 წელს სტალინის ბრძანებით დასრულდა, როცა საქართველოდან გერმანელების თითქმის სრული დეპორტაცია განხორციელდა.      საინტერესოა,  როგორ განვითარდებოდა გერმანელთა ხალხური არქიტექტურა დეპორტაცია რომ არ მომხდარიყო.   საგულისხმოა, რომ ამ  პერიოდში გერმანული ხალხური არქიტექტურა უკვე ძალიან შეცვლილია.  ამის კარგი მაგალითია მეღვინეობით განთქმული სოფელი ტრაუბენბერგი - ახლა ს. თამარისი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მარნებისთვის საჭირო საჭირო ღრმა, გერმანული  სარდაფები თითქმის ყველა სახლშია, თუმცა, ფასადებზე აღარც ფახვერკია და არც ძალიან მაღალი სხვენი,  აივნებიც ბევრად ფართო და „ქართულია“. 


2015 წლიდან დღემდე რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე გერმანულ შენობას, ფართო რეაბილიტაცია განხორციელდა ასურეთის ისტორიულ ცენტრშიც. ახლა მასშტაბური სამუშაობი დაიგეგმა ბოლნისშიც, რაც მართლაც სასიხარულოა, რადგან ჩვენი ევროპელი თანამემამულეების მიერ დატოვებული არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნებისთვის ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანია.