menu

გიორგი მაისურაძის შემოქმედება


გიორგი (გრიგოლ) მაისურაძის  შემოქმედებითი ფენომენი, ქართული კულტურული  მემკვიდრეობისათვის მრავალი ასპექტით არის მნიშვნელოვანი. პირველყოვლისა იმით, რომ იგი არის პირველი პროფესიონალი ქართველი მხატვარი, რომელმაც უმაღლესი  სამხატვრო წრთვნა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში გაიარა, ისეთ აღიარებულ  მხატვართან, როგორიც კარლ ბრიულოვი იყო; მეორეც,  იმიტომ რომ, ბედისწერამ ისე განსაზღვრა, რომ ყმადშობილი, თავისი ნიჭის წყალობით, მისმა ბატონმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ყმობიდან გაათავისუფლა. შესანიშნავმა პოეტმა,   თავისი  ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე უპატრონა გიორგი მაისურაძეს, რათა ხატვის სფეროში გამოვლენილ ყმაწვილის ნიჭს, პროფესიულ ასპარეზზე, ფართო გასაქანი მისცემოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყმობიდან ნიჭიერი ახალგაზრდის გათავისუფლება, მისთვის თავდახსნის სიგელის შედგენა, ერთ-ერთი დადასტურებაა იმ  ფაქტისა, რასაც ისტორიკოსები  აღიარებენ , რომ საქართველოში ბატონყმობა უფრო პატრონ - ყმობის ხასიათს ატარებდა, ვიდრე მისი კლასიკური გაგებით, როდესაც ყმებს მემამულეები ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარ საქონელს. 


გიორგი მაისურაძე. ავტოპორტრეტი. ქაღალდი,აკვარელი

გიორგი ივანეს ძე მაისურაძე დაიბადა 1817 წელს, ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძის მამულში, წინანდალში (კახეთი). ბავშვობა და ყრმობა მომავალმა მხატვარმა  წინანდლის ულამაზეს სანახებში გაატარა.  ალექსანდრე ჭავჭავაძის  და მისი  მეუღლის-სალომე   ორბელიანის  დახვეწილი  გემოვნება აისახა სახვითი ხელოვნების ნიმუშების იმ შესანიშნავ კოლექციაში, რომელიც წინანდლის ჭავჭავაძეთა სასახლეს ამშვენებდა.  ამგვარ   გამორჩეულ    გარემოში, ალექსანდრე ჭავჭავაძის  შვილებთან ერთად, გაიზარდა გიორგი მაისურაძე.  აღსანიშნავია, რომ  მისი ყმობიდან გათავისუფლების სიგელში, ალექსანდრე ჭავჭავაძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ   ათავისუფლებს ყოფილ ყმას, გიორგის, მის  მიერ,  გამოჩენილი მხატვრობისადმი  ნიჭის  გამო. ისტორიული საბუთები მოწმობენ, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე,  ნიჭიერ  ახალგაზრდას  2  წლის განმავლობაში  მოსკოვში  თავის ბიძასთან, გიორგი ავალიშვილთან დააბინავებს, რათა იქ, მას პროფესიონალ მხატვართა მეთვალყურეობის ქვეშ ესწავლა. ამგვარად, 2 წლის განმავლობაში,  სათანადოდ   მომზადებულ  გიორგი მაისურაძეს, მხატვრობის დიდ სარბიელზე    გადასასვლელად , ალექსანდრე ჭავჭავაძე  პეტერბურგში   ჩაიყვანს  და ნიჭიერი  ახალგაზრდის  საიმპერატორო  სამხატვრო აკადემიაში,  სახელგანთქმული მხატვრის  კარლ ბრიულოვის კლასში მოხვედრას, ყოველმხრივ ხელს შეუწყობს.  ალექსანდრე ჭავჭავაძემ  პეტერბურგში  გიორგი მაისურაძე ბატონიშვილ ბაგრატი გიორგის ძე   ბაგრატიონის ოჯახში დააბინავა. აქ, ამ ოჯახში შეასრულებს, 1839 წელს გიორგი  მაისურაძე, თავისი მასპინძლის ვაჟის და საქართველოს მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილის - ალექსანდრე  ბაგრატიონის პორტრეტს.


გიორგი მაისურაძე. ალექსანდრე ბატონიშვილის პორტრეტი. ტილო,ზეთი.1839

აღნიშნული პორტრეტი, შესრულებული ტილოზე, ზეთის საღებავებით,  რეალისტურად ასახავს ახალგაზრდა სამხედროს ახალშეღერებული ულვაშებით, ოდნავ ასიმეტრიული თვალთა განლაგებით, რომელთა მზერაც მაყურებლისკენაა მომართული.  პორტრეტირებულის სახის ნაკვთები ფერწერული   მოდელირების  კარგი  ცოდნითაა  შესრულებული  და   პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის კედლებში, მხატვრის მიერ  მიღწეულ გარკვეულ დახელოვნებაზე  მიგვითითებს.  პეტერბურგში,   გიორგი მაისურაძე  1850 წლმდე ცხოვრობდა. შუალედში,  გარკვეული დროით  (დაახლოებით 1844-45 წლებში), სამშობლოში დროებით სტუმრობისას, სავარაუდოდ,  წინანდალში ყოფნისას,  გიორგი მაისურაძეს,  მისი ქალიშვილის - ოლიმპიადა  მაისურაძის  გადმოცემით, შეუსრულებია  ალექსანდრე ჭავჭავაძის და  მისი მეუღლის, სალომე ორბელიანის  ფერწერული პორტრეტები.  აღსანიშნავია, რომ  შალვა ამირანაშვილის სახელობის  ხელოვნების სახელმწოფო მუზეუმში დაცულ  ამ პორტრეტებს, დღესაც ანონიმ ავტორს მიაწერენ. 


გიორგი მაისურაძე. ალექსანდრე ჭავჭავაძის პორტრეტი. ტილო,ზეთი
გიორგი მაისურაძე. სალომე ორბელიანი-ჭავჭავაძისა. ტილო,ზეთი

გიორგი მაისურაძის სამშობლოში ამ დროებითი ჩამოსვლის  პერიოდს  (1844-45 წწ.) უნდა განეკუთვნებოდეს მხატვრის მიერ კიდევ ერთი პორტრეტის შესრულება, კერძოდ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის პორტრეტი, რომელიც სწორედ  აღნიშნულ წლებში გახდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სიძე. მან ცოლად შეირთო  ქართველი პოეტების მუზა, სილამაზით განთქმული  ეკატერინე  ჭავჭავაძე, შემდგომში „სამეგრელოს დედოფლად„ წოდებული. დავით დადიანის აღნიშნული პორტრეტიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და მასაც დღემდე ადევს გრიფი „უცნობი მხატვარი“. 


გიორგი მაისურაძე. სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის პორტრეტი. ტილო,ზეთი

აღნიშნული პორტრეტების შესრულების შემდეგ, გიორგი მაისურაძე კვლავ ბრუნდება პეტერბურგში, თავისუფალი მხატვრის წოდების მოსაპოვებლად, რაც დამოუკიდებელ შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლის საწინდარი გახდება. 1850 წლისათვის, იგი დამოუკიდებელი მხატვრის სტატუსით დაბრუნდა სამშობლოში, სადაც  თვით მთავამართებლის,  მ.ვორონცოვის   შუამდგომლობით  გაამწესეს ხატვა-ხაზვის და კალიგრაფიის მასწავლებლად ქუთაისის ახლადგახსნილ გიმნაზიაში. ქუთაისში ჩასული მხატვარი თავის ცოდნას და ენერგიას ახალგაზრდების სწავლა-აღზრდას მოახმარს. პედაგოგობიდან თავისუფალ დროს გიორგი მაისურაძე ბევრს ხატავდა, იღებდა შეკვეთებს პორტრეტების, თუ რელიგიური ხასიათის ნაწარმოებების შექმნაზე. სამწუხაროდ, ამ ნამუშევრების  ბედი ჩვენთვის უცნობია. მხატვარი ქუთაისში დაოჯახდა პოლონეთიდან გადმოსახლებული ფორტუნატი ცეხანოვსკის ქალიშვილზე, პელაგეაზე, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი: ელისაბედი და ოლიმპიადა. მათ შთამომავლებსაც პაპის მსგავსად შემოქმედებითი ნიჭი გამოარჩევდათ, განსაკუთრებით მუსიკის ხაზით.


1858 წელს განეკუთვნება გიორგი მაისურაძის მიერ, ზეთით ტილოზე შესრულებული  სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის, ივანე ჭიჭინაძის ფერწერული  პორტრეტი. ოსტატობის მხრივ, აღნიშნული პორტრეტი გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული, ვიდრე, ჩვენს მიერ მხატვრის შემოქმედების ადრეული ეტაპის პორტრეტები. ტილოს სასურათე სიბრტყეზე, ფუნჯის თავისუფალი მონასმებით შესრულებული სახის ნაკვთების მოდელირების სიფაქიზე, სამოსის  ფაქტურული დამუშავება, პორტრეტირებულის ხასიათის ფსიქოლოგიური გახსნა,   ერთ მთლიანობად კრავს პორტრეტს და ამავდროულად, წარმოგვიდგენს მხატვარს,  რომელიც არც საკუთარ ტრადიციულ ფესვებს მოწყვეტილა და ევროპული პორტრეტული მხატვრობის მიღწევებიც გულდასმით შეუთვისებია.  ჩვენს წინაშეა,  საკუთარი ღირსების შეგრძნებით სავსე  ახალგაზრდა  პედაგოგის სახე. მაისურაძის   მიერ ქუთაისში მიღწეულ პორტრეტული მხატვრობის ამ ხაზს ღირსეულად   აგრძელებს ნიკოლოზ აბულაძის პორტრეტიც. აღნიშნულ პორტრეტს გამოარჩევს განსაკუთრებული განათების ეფექტები, შუქ-ჩრდილის მონაცვლეობა, რაც კიდევ უფრო  მკვეთრად წარმოაჩენს  კონტურის გამომსახველობას. ამ შემთხვევაშიც თავი იჩინა პეტერბურგში, კერძოდ კარლ ბრიულოვის კლასიდან ადევნებულმა   რომანტიკული განწყობის გადმოცემისკენ  მიმართულმა  მხატვრის სწრაფვამ.


გიორგი მაისურაძე. ივანე ჭიჭინაძის პორტრეტი. ტილო,ზეთი. 1858


გიორგი მაისურაძე. ნიკოლოზ აბულაძის პორტრეტი. ტილო,ზეთი


გიორგი მაისურაძის არცთუ ისე მრავალრიცხოვან, ჩვენამდე შემორჩენილ საერო ხასიათის პორტრეტულ მემკვიდრეობას აგვირგვინებს აკვარელით შესრულებული მცირე ზომის მხატვრის ავტოპორტრეტი. ეს არის არსებითად პირველი ავტოპორტრეტი ქართულ  მხატვრობაში. საოცრად თავისუფალი,  უშუალო, ოდნავ   სევდიანი, მრავალჭირნახული ადამიანის პორტრეტი. შესანიშნავია ათინათები დაცემული სახის ნაკვთებზე,  შუქ-ჩრდილის თამაში,  ნამუშევრის ტექსტურას  საოცარ დინამიზმსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ ამ  ავტოპორტრეტის ხილვისას, ცნობილ რუს მწერალს, ალექსეი ტოლსტოის უთვამს: „იშვიათად მინახავს მსგავსი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ასეთი სიმძაფრით  გადმოსცემდეს  ადამიანის სულიერი ცხოვრების დრამატიზმს“. მხატვრის შვილების და შვილიშვილების გადმოცემით, რომელიც  თავის დროზე ჩაიწერა მკვლევარმა შალვა კვასხვაძემ, გარდა საერო პორტრეტებისა, მხატვარს ჰქონია შექმნილი   რელიგიურ თემაზე შესრულებული მრავალი ნამუშევარი: სასულიერო პირთა პორტრეტები,  ფერწერული ხატები, კანკელის მხატვრობა და სხვა. სამწუხაროდ,  მრავალი მათგანი  დღეისათვის  დაკარგულად ითვლება. 

პირველი ქართველი პროფესიონალი მხატვარი, გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა 1885 წელს ქუთაისში. ის იქვე, მწვანეყვავილას სასაფლაოზე დაკრძალეს.