მხატვარ-გრაფიკოსი იოსებ შარლემანის დიდი ბაბუა ჟან-ბატისტ შარლემან-ბოდე (1734-1789), მოქანდაკე-დეკორატორი იყო. იგი დედოფალ ეკატერინე II დროს, საფრანგეთიდან ჩავიდა რუსეთში და სანკტ-პეტერბურგში დამკვიდრდა.
იოსების მშობლებიც მხატვრები იყვნენ. მამა - ადოლფ შარლემანი (1826-1901) საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი. ქმნიდა საბრძოლო ისტორიული ჟანრის ფერწერულ ტილოებს. მის მიერ არის შესრულებული ასევე, ყველაზე ცნობილი სათამაშო კარტის დიზაინი - ე.წ. ატლასის დასტა.

დედა - ელისაბედ ივანეს ასული, მხატვარი-პორტრეტისტი, ივანე კრამსკოის მოწაფე იყო. იოსების პირველ მასწავლებელად სწორედ დედა ითვლებოდა. 1905 წელს, იოსები, დედასთან ერთად მიემგზავრება დასავლეთ ევროპაში. პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ეცნობა XVIII და XIX საუკუნის წიგნის მხატვრობას, მოგზაურობს მილანში, ვენეციაში, ლუქსემბურგში, ვენაში; ეცნობა მუზეუმებს.
ამ წლებშივე აფორმებს და გამოფენაზე წარადგენს ლევ ტოლსტოის ნაწარმოების - „ომი და მშვიდობა“ ილუსტრაციებს.

იოსებ შარლემანი სამხატვრო განათლების მისაღებად თავდაპირველად „მხატვრობის წამახალისებელი საზოგადოების“ სკოლაში შედის, შემდგომ კი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას, ბატალისტ, პროფესორ ფრანც რუბოსთან (1856-1928). მართალია აკადემიას სრულად არ ამთავრებს, მაგრამ აქტიურად არის ჩაბმული მხატვრულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებში.
1907 წელს იოსებ შარლემანი რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად (დ.ნ. კარდოვსკი, დ.ი. მიტროხინი, ს.ვ. ჩეხონინი, არქიტექტორები: ა.ვ. შჩუსევი და ი.ა. ფომინი) აფუძნებს „მხატვართა ახალ საზოგადოებას“, რომელმაც 1914 წლამდე იარსება. ახლო ურთიერთობას ამყარებს ასევე „მირ ისკუსტვოს“ წრის მხატვრებთან. 1911-12 წწ.-ში კი თანამშრომლობს ჟურნალებთან: „აპოლონი“, „სატირიკონი“, „ლუკომორიე“. 1914 წელს ბროკჰაუზისა და ეფრონის გამომცემლობამ იოსებ შარლემანს დაუკვეთა ილუსტრაციები ლევ ტოლსტოის თხზულებათა კრებულისთვის, რომელიც არ განხორციელებულა.
შემდგომ, გიმნაზიაში სწავლის წლებშივე, იოსებ შარლემანი დაეუფლა ლითოგრაფიის ტექნიკას და დაიწყო გრაფიკის ამ რთულ მასალაში მუშაობა. ადრეული ასაკიდანვე აინტერესებდა რუსეთის ისტორიული წარსული და ეთნოგრაფია. ხშირად ეხმარებოდა მამას, რომელიც იმ დროს ასრულებდა ილუსტრაციებს ერევნის პოლკის ისტორიისათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ იოსებს თავადაც მიუღია შეკვეთა და წლების მანძილზე ქმნიდა სამხედრო შინაარსის ილუსტრაციებს. ასრულებდა ასევე დაზგურ, გრაფიკულ ნამუშევრებს, მუშაობდა გამოყენებით გრაფიკაშიც (ექსლიბრისი, საგამომცემლო მარკები, მოსაწვევი ბარათები, დიპლომები და აფიშები).
ათიან წლებში იოსებ შარლემანი თეატრშიც იწყებს მუშაობას. 1913 წელს ქმნის კოტე მარჯანიშვილის „მინიატურების თეატრის“ ფარდას. ამ წელსვე პეტერბურგის ერთ-ერთი სასტუმროს ვესტიბიულისთვის ასრულებს პანოს „სპილენძის მხედარი“. გამომცემლობა „არგუსი“-ს დაკვეთით, რუსული ეთნოგრაფიური ტიპაჟის შემნის მიზნით, აფორმებს ღია ბარათებს.
1916 წელს, იოსებ შარლემანი ჩრდილოეთ კავკასიაში, ლევ ტოლსტოის „კაზაკების“ ილუსტრაციებისთვის მასალების შესაგროვებლად მიემგზავრება (არ განხორციელებულა). მოიარა მოზდოკი, გროზნო, კავკავი; მაგრამ, უკან დაბრუნება ვეღარ მოხერხდა რადგან რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და შარლემანი 1917 წელს, დარიალის ხეობით, სამხედრო გზით, ჩამოვიდა თბილისში. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე მარიამ მუსხელიშვილი. ქორწინების შემდეგ, 1918 წლიდან, მუდმივ საცხოვრებლად დამკვიდრდა საქართველოში, თბილისში და აქტიურად ჩაერთო ქართული კულტურის სამსახურში. დიდი მონდომებითა და ინტერესით იწყებს იგი ქართული ტრადიციებისა და ხელოვნების შესწავლას, მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
გარდა ამისა, 1918 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა და იოსებ შარლემანის ავტორობით შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. ჰენრიჰ ჰრინევსკისთნ და დიმიტრი შევარდნაძესთან თანაავტორებით, იოსებ შარლემანი ქმნის აგრეთვე ქართული ფულის ნიშნებს. მხატვარმა კუპიურების გასაფორმებლად გამოიყენა ეროვნული ქვისა და ხის ორნამენტებისთვის დამახასიათებელი წნულები. კუპიურების უკანა მხარეს წმინდა გიორგის გამოსახულება იყო ჩასმული. 500 მანეთიანი კუპიურზე კი, ფონად გამოსახულ წმ. გიორგის ღერბული კომპოზიციის წინ, სავარძელში მჯდომი ქართველი მანდილოსნი იყო გამოსახული, სავარძელთან მიჯრილი საომარი ფარით. კუპიურის განმმარტებელი ტექსტი ქართული ორხაზოვანი და ოთხხაზოვანი შრიფტით იყო განხორციელებული.
1921 წელს, იოსებ შარლემანი, მხატვარ ევგენი ლანსერესთან ერთად ქმნის ასევე საბჭოთა საქართველოს გერბს.
_%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91_%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_(1880-1957).png)
1922 წელს თბილისში სამხატვრო აკადემია დაარსდა. კავკასიაში ამ პირველი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილს დაეკისრა, რომელმაც შემოიკრიბა პედაგოგთა შესანიშნავი კოლექტივი - იოსებ შარლემანი, ევგენი ლასნსერე, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ეღიშე თათევოსიანი, მოსე თოიძე, ნიკოლოზ სევეროვი, ჰენრიჰ ჰრინევსკი, ნიკოლაი კალგინი.
იოსებ შარლემანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გრაფიკის ფაკულტეტი. ევროპული განათლების მქონე მაღალი რანგის ხელოვანს, იოსებ შარლემანს, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართველ გრაფიკოს მხატვართა თაობების აღზრდის საქმეში. მისი ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ ბეჭდური წიგნის გრაფიკას, შრიფტისა და ექსლიბრისის ხელოვნებას, პლაკატს.
გარდა პედაგოგობისა, იოსებ შარლემანი საფუძვლიანად სწავლობს და ღრმად ითვისებს ქართული ხელოვნების ეროვნულ თავისებურებებს. ამის თვალნათელი მაგალითია 1922 წელს, მის მიერ გაფორმებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებათა სრული კრებული, რომლის მხატვრული სახე მარტივი ორნამენტული ელემენტებითა და ქართული შრიფტის ჩამოსხმული ფორმებითაა შექმნილი. ხელოვანი განსაკუთრებით ყდისა და ტიტულის გაფორმებაზე მუშაობს, ძირითადი მხატვრული დატვირთვა კი შრიფტზე გადააქვს. ასოთა მოხაზულობისათვის გამოყენებული წვრილი და მსხვილი კონტური, მათი სხვადასხვა სიმაღლეზე „გათამაშება“ ცოცხალ რიტმს ქმნის. ფურცლის ზედა და ქვედა ნაწილში დატოვებულია ქაღალდის თეთრი, თავისუფალი არეები, რომლებიც მარტივი ორნამენტითაა „შევსებული“. კლაკნილი კონტურისგან შექმნილი ეს სადა დეკორი ჰარმონიულად ერწყმის შრიფტის თავშეკავებულ, დახვეწილ ფორმებს.
აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე იოსებ შარლემანის ნიკოლოზ ბარათაშვილის კრებულის შესახებ წერს: „ყდისა და ტიტულის გადაწყვეტა მოწმობს მხატვრის მიერ ძველ-ქართული ხელნაწერი წიგნის მემკვიდრეობის გაცნობიერებას, იმას, რომ მან შეძლო სწორად გამოეცნო და შეეგრძნო ქართული შრიფტის სილამაზე და მისი სტილიზაციის შესაძლებლობები.“ ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნაციონალური ფორმის შემდგომი შემოქმედებითი ძიება მომდევნო წლებში ძირითადად იოსებ შარლემანის მოწაფეებმა განახორციელეს და შესანიშნავი შედეგიც მიიღეს.
ამავე წელს იოსებ შარლემანი აფორმებს ვაჟა-ფშაველას „თხზულებებს“, რომელიც ასევე სისადავითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ამ წიგნის მხატვრული სახეც, ძირითადად მარტივი, მრგვლოვანი შრიფტის ფორმებითა და ტექსტის სიმეტრიული განაწილებითაა შექმნილი.
ეგნატე ნინოშვილის საიუბილეოდ, 1922-1923 წელსაა გამოცემული ნაწარმოებთა ორტომეული, რომელთა გაფორმებაში მონაწილეობა მიიღეს უფროსი და უმცროსი თაობის მხატვრებმა: მოსე თოიძემ, ევგენი ლანსერემ, იოსებ შარლემანმა, აპოლონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ, შალვა ძნელაძემ და ირაკლი თოიძემ.


წიგნების გარეკანის კომპოზიცია იოსებ შარლემანს ეკუთვნის და იგი მწერლის გვარისა და სახელის დახვეწილი, დეკორის დონეზე გააზრებული, ნათლად აღსაქმელი შრიფტით და მცირედი, სომბოლურად გააზრებული დეკორით იქმნება. შარლემანის მიერაა შესრულებული ასევე შმუცტიტული მოთხრობისთვის - „განკარგულება“, რომლის კომპოზიციაც ასევე სადაა: ოთხკუთხა ჩარჩოთია მოსაზღვურლი კომპოზიცია, რომლის ზედა ნაწილში მოთხრობის სათაურის შრიფტია მოცემული, მის ქვევით კი წრიული მოხაზულობით მოსაზღვრული მარტივი კომპოზიცია მოთხრობის შინაარსის განმმარტებელი სიმბოლური ნახატით: ლიანდაგებთან მდგომი მატარებლის მომლოდინე მამაკაცია გამოსახული.
მოთხრობის ტექსტში განთავსებულ ილუსტრაციაში ასახულია ნაწარმოების ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, რასაც წარწერაც ერთვის: „ლიანდაგზე მიწოლილი მუნჯაძისთვის მატარებელს თავი წაუკვეთია“. კომპოზიციაზე ჩანს ლიანდაგები, წინ პლანზე - მწოლიარე მამაკაცის ფიგურა, რომლის თავი რელსებს შორისაა დავარდნილი. ნამუშევარს ლითოგრაფიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და სიფაქიზე ახლავს. გამოსახულება რეალისტურად გადმოსცემს მოთხრობის შინაარსის კულმინაციურ მომენტს და ტრაგიზმის საოცარ შეგრძნებას ბადებს მკითხველში.

იოსებ შარლემანის ხელწერა მუდმივად გამოკვეთს ინდივიდუალურ ხედვას და სრულიად თავისებური შემოქმედებითი სტილითაა გამოარჩეული.
შემდგომ წლებშიც იგი დროდადრო უბრუნდება წიგნის მხატვრულ გაფორმებას: ასურათებს დანტე ალეგიერის „ღვთაებრივ კომედიას“, ქმნის ილუსტრაციებს ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანისთვის „გიორგი სააკაძე“ (1939), ანა ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“ (1952, რუსულ ენაზე) და ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებებისთვის.



იოსებ შარლემანი მონაწილეობს აგრეთვე ხელოვნებათმცოდნეობის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშავილის ექსპედიციებში, რომელიც ქართული დარბაზის მეცნიერულ შესწავლას ემსახურება. 1927 წელს გამოვიდა გიორგი ჩუბინაშავილის რედაქციით რამდენიმე ალბომი, რომლის ნახაზების უმრავლესობა იოსებ შარლემანმა შეასრულა. ნახაზებთან ერთად იგი ხატავს ქართლის პეიზაჟებს, ქმნის ქართული ეროვნული არქიტექტურის ამსახველ გრაფიკულ კომპოზიციებს.

მნიშვნელოვანია იოისებ შარლემანის მიერ შეტანილი წვლილი ქართული კინოსა და თეატრის ხელოვნების განვითარებაში. იგი, 1923 წელს, კინოსურათ „ძინა ძაძუს“ გადაღებისთვის მოგზაურობს სვანეთში. ასრულებს ჩანახატებს, აზომვით ნახაზებს, ნამუშევრებს ქმნის აკვარელის ტექნიკით - ხატავს საცხოვრებელ სახლებს, ბუნების ხედებს, ეთნოგრაფიული ნივთებს.
მოღვაწეობს თეატრშიც - კოტე მარჯანიშვილის თეატრში სპაქტაკლზე ბერნანდ შოუს „წმინდა ქალწული“ (1928-29 წწ.). ოპერის თეატრში - „მეფის საცოლე“, „ჯავსნოსანი პოტიომკინი“, „ევგენი ონეგინი“, „დეპუტატი“, „ბორის გოდუნოვი“ და სხვ.


1927 წელს საქ. მუზეუმის ექსპედიციასთან ერთად მოგზაურობს ხევსურეთში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილებისთვის ასრულებს დიდ პანოებს. ხატავს სცენებს პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებიდან - ნადირობას გარეულ ცხოველებზე. მოამზადა წიგნი მხატვარ ანიმალისტებზე.
1929-32 წლებში საქართველოს მუზეუმის ახლადაშენებულ შენობაში აწყობს თავის პირველ გამოფენებს („ხევსურეთი“, „სვანეთი“, „საქართველოს მინერალური რესურსები“). მუზეუმისთვის განკუთვნილი მთელი ავეჯი მისი ნახატების მიხედვითაა შექმნილი. 1932-34 წლებში საქართველოს კურორტმშენის დაკვეთით ამზადებს 100-ზე მეტ სამუშაო ნახატს გაგრისა და ბაკურიანის დასავენებელი სახლებისთვის.
1930-1940-იან წლებში ასრულებს ასევე აფიშებს. მათი უმეტესობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვისაა შექმნილი. მხატვარი აფიშების კომპოზიციებში, ქართული და რუსული შრიფტის ნათლად აღსაქმელ დახვეწილ ფორმებს, ერთმანეთთან ორგანულ შესაბამისობაში იაზრებს.
იოსებ შარლემანს ეკუთვნის ასევე პლაკატი „ქართველი მწერლები“, რომელზეც საქართველოს პეიზაჟის, არქიტექტურული ნაგებობების, ქვის რელიეფებისა და ვაზის ფორმის ორნამენტით დაფარულ მქრალ ფონზე, ოვალური მოხაზულობის ჩარჩოებით მოსაზღვრული ქართველ მწერელთა პორტრეტებია განთავსებული. კომპოზიციის ცენტრში, მთავარ ფიგურად, ოთკუთხა მოხაზულობის ჩარჩოში, შოთა რუსთაველის პორტრეტია გამოყოფილი.

იოსებ შარლემანი ისტორიული შინაარსით დატვირთულ დაზგურ ნამუშევრებსაც ქმნის. რუსი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლების ფიგურათა ჩართულობით ასრულებს თემატურ კომპოზიციებსაც: „ბაგრატიონი შვეიცარიაში 1799 წელს“, „პუშკინი ა. ჭავჭავაძესთან და პ. ჩაადაევთან ერთად ცარსკოე სელოს პარკში“, „ილია ჭავჭავაძის გამოსვლა სახელმწიფო საბჭოში“; ქმნის ასევე ლითოგრაფიებს: „პ. ჩაიკოვსკი და მიზანდარი ბორჯომში“, „პ. ჩაიკოვსკი, ა. წერეთელი და მ. გორკი ბორჯომში“, „მ. ლერმონტოვი მცხეთაში“ ... ქმნის ინტელიგენციის წარმომადგენელთა პორტრეტებს: ფ. დოსტოევსკის, ა. ბლოკის, კ. გამსახურდიას, გ. ტაბიძის, ნ. სევეროვის და სხვ.


გარდა აკვარელისა, მუშაობს ზეთის საღებავებით და დაზგური გრაფიკის ტექნიკებით.
ხატავს საბჭოთა თემატიკის ნამუშევრებსაც: „წითელარმიელები ლიახვის ხეობაში“, „პირველი ელექტრომავალი აწყურში“, „ჯირითი“ და სხვ. ქმნის აღმშენებლობის ამსახველ სურათებს: რკინიგზის გაყვანა ახლციხის მიმართულებით - „აწყურთან“. ასახავს ასევე სპორტულ მოვლენებს: „მარულა“, „ისრის ტყორცნა“, „ისინდი“ და სხვ. 1944 წელს აკვარელის ტექნიკით ასრულებს ნამუშევარს „ბაგრატიონი ბოროდინოს ველზე“.


იოსებ შარლემანმა გრაფიკოსი მხატვრების მრავალი თაობა აღზარდა. მისი და ევგენი ლანსერეს დამსახურებაა, რომ გრაფიკის დარგი დღემდე იკავებს წამყვან და გამორჩეულ ადგილს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
იოსებ შარლემანი გარდაიცვალა 1957 წლის 31 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.