წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს უძოს მთის წვერზე, კურორტ კოჯრის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 20 კმ.ზე. მონასტრიდან ფართო შთამბეჭდავი ხედი იხსნება თბილისსა და მის მიდამოებზე. ძველი დროიდან უძო პოპულარულ სალოცავს წარმოადგენდა. ადგილობრივი გადმოცემით, რომელიც მთის სახელწოდების ხალხურ ინტერპრეტაციას ეფუძნება, უძოს წმ. გიორგი უშვილო ოჯახების მფარველი და შემწე იყო.
მონასტრის ისტორია სათავეს XIII საუკუნიდან იღებს, როცა უძოს მთაზე პატარა დარბაზული ეკლესია აიგო. ეკლესიას მარტივი მართკუთხა გეგმა აქვს, მინაშენების გარეშე. აღმოსავლეთიდან ნავს საკურთხევლის აფსიდი ეკვრის. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოწყობილი. ფასადები მოპირკეთებულია ქვიშაქვის დიდი, სუფთად თლილი ბლოკებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ შემოინახა, ძირითადად კედლების ქვედა ნაწილებში. გარე ქვის წყობის ხარისხი ძალიან მაღალია. ინტერიერში გამოყენებულია უფრო მცირე ზომის, უხეშად დამუშავებული ქვები.
თავდაპირველი ეკლესიის ერთადერთი შემორჩენილი დეკორატიული ელემენტი არის საკურთხევლის სარმლის მართკუთხა საპირე აღმოსავლეთ ფასადზე. ის შემკულია ურთიერთგადახლართული ღარიანი ლენტების ორნამენტით.
XVIII საუკუნის დასაწყისში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, უძოს წმ. გიორგის ეკლესია კვლავ მოქმედი ჩანს. მოგვიანებით ის ჩაინგრა და უძოზე მსახურება შეწყდა. ეკლესია მხოლოდ 1880 წლის ახლო ხანებში აღადგინეს. ხელახლა აშენდა კედლების ზედა ნაწილები, თაღები, კამარა და კონქი. ახალი და თავდაპირველი ნაწილები ფასადებზეც და ინტერიერშიც იოლად განირჩევა, ნაწილები, ვინაიდან აღდგენისას სამშენებლო მასალად აგური გამოიყენეს. 1881 წელს თბილისის ქალთა სასწავლებლის უფროსმა ახლადგახსნილ ეკლესიას ხატები და საეკლესიო ნივთები შესწირა.
საბჭოთა პერიოდში წმ. გიორგის ეკლესიაში წირვა კვლავ შეწყდა, თუმცა ახლომახლო სოფლების მოსახლეობა უძოზე მაინც დადიოდა. მონასტრის აღორძინება 2008 წელს დაიწყო. 2010 წელს წმ. გიორგის ეკლესია განაახლეს და მის გვერდით მომცრო თაღოვანი ფანჩატურის სახის სამრეკლო ააგეს.
2015 წელს სამონასტრო ეზოს ქვედა ბაქანზე აშენდა უძოს მეორე ეკლესია, რომელიც ეკურთხა ხარების სახელობაზე. ის წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას ეგვტერით სამხრეთიდან და კარიბჭით დასავლეთიდან. დიდი სამონასტრო საცხოვრებელი შენობა ორ ეკლესიას შორის იმავე პერიოდს განეკუთვნება.