თბილისის ისტორიის მუზეუმს ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობა უკავია. ეს ყოფილი ქარვასლაა, შესაბამისად, თავად მუზეუმიც ქარვასლის სახელით არის ცნობილი.
1650 წელს როსტომ მეფემ სიონის ტაძრის გვერდით ქარვასლა ააშენებინა. ექვს წელიწადში მეფემ ის სიონს უბოძა. XVIII საუკუნის დასაწყისში შენობა თბილისის ეპისკოპოსმა - მიტროპოლიტმა დომენტიმ აღადგინა და ამის შემდეგ მას თბილელის ქარვასლას ეძახდნენ.
შემდეგ პერიოდში ქარვასლამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი. უკვე XIX
საუკუნეში, 1820 წელს ის მდიდარმა სომეხმა ვაჭარმა გევორქ არწრუნიმ შეიძინა და განაახლა.
1855 წელს აქ დიდი ხანძარი მოხდა. დაიწვა ყველაფერი, რაც ქარვასლაში ინახებოდა.
თვით შენობაც ძლიერ დაზიანდა და არწრუნის კიდევ ერთხელ მოუხდა მისი აღდგენა.
XIX საუკუნის ბოლოდან ქარვასლის შენობის მფლობელები კვლავ იცვლებოდნენ. 1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, მას სახელმწიფო დაესაკუთრა. საბჭოთა პერიოდში შენობა სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, ერთხანს საწყობიც იყო. 1984 წლიდან მასში განთავსებულია თბილისის ისტორიის მუზეუმი.
შენობის რთული ისტორია აისახა მის არქიტექტურაზე. მის ქვეშ არის ორსართულიანი სარდაფი, რომლის უძველესი ნაწილი - დასავლეთით, სიონის ქუჩის მხარეს - დროში წინ უსწრებს როსტომ მეფის ქარვასლას და რაღაც უფრო ადრინდელი საქალაქო ნაგებობის ნაშთი უნდა იყოს. როსტომისდროინდელი სარდაფი ქარვასლის შენობის აღმოსავლეთი ნაწილის ქვეშ არის. ის წარმოადგენს მართკუთხა სივრცეს, რომელშიც აგურით ნაგები 12 ბურჯი დგას. მათზე აგურითვე გადაყვანილია ბრტყელი ისრული თაღები და კამარა. სარდაფების ნაწილი XVIII-XIX საუკუნეებისაა და უკავშირდება ჯერ მიტროპოლიტ დომენტისა და შემდეგ გევორქ არწრუნის მიერ ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს.
.jpg)
ქარვასლის შენობის ბირთვს შეადგენს შიდა ეზო, რომლის ირგვლივ სათავსები სამ სართულად არის განლაგებული. ინტერიერის მასშტაბებსა და გაფორმების სიმდიდრეზე წარმოდგენას გვიქმნის 1850 წლის ნახატი, რომელზეც ნაჩვენებია შიდა ეზოს დასავლეთით მდებარე დიდი რვაწახნაგა დარბაზი, მთლიანად გადახურული რვანაწილიანი შეკრული კამარით. კედლებიცა და კამარაც უხვად არის დეკორირებული ფერწერული და ნაძერწი ორნამენტებით. ეს დარბაზი არ შემორჩა.
.jpg)
შენობის ფასადები ასევე სხვადასხვა დროინდელია. აღმოსავლეთი ფასადი 1820-იანი წლებით თარიღდება. სანაპიროს მოწყობამდე ის უშუალოდ მტკვარს გადაჰყურებდა. ძველ ფოტოსურათებზე ჩანს მდინარის პირას აღმართული საყრდენი კედელი, მის ზემოთ ცოკოლის მაღალი სართული და დიდი კოლონადა რვა ტოსკანური სვეტით. საბჭოთა პერიოდში სანაპირო ქუჩის მოწყობის შემდეგ აღმოსავლეთი კედლის ქვედა ნაწილი ქუჩის დონის ქვემოთ მოექცა.
დასავლეთი ფასადი, რომელიც სიონის ქუჩაზე გამოდის, მთლიანად გადაკეთდა 1912 წელს და გვიანი მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტებით შეიმკო.
დეკორის დეტალები შენობის თავდაპირველ
ფუნქციაზე მიგვანიშნებს - მაგალითად კადუცეუსი (კვერთხი ზედ შემოხვეული ორი
გველით) და ფრთებიანი მუზარადი, რომლებიც ჰერმესის ატრიბუტებია და სიმბოლიზირებს
მეწარმეობასა და ვაჭრობას.
1912 წლის რეკონსტრუქცია შეეხო შენობის ინტერიერსაც. მაშინ გაკეთდა ლითონის აივნები შიდა ეზოს ირგვლივ, თუჯის სვეტებითა და მოაჯირებით.