menu

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ თბილისში

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, თბილისის განაპირას. ის დაარსდა 1966 წელს, მაგრამ მის სრულად მოწყობას დიდი დრო დასჭირდა - მუზეუმი გაიხსნა 1976 წელს. თავიდან მას ერქვა ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი. ეს პირველი ამ ტიპის მუზეუმია კავკასიაში.


ორმა ადამიანმა შეიტანა განსაკუთრებული წვლილი მუზეუმის შექმნაში. პირველი იყო მისი  დაარსების იდეისა და კონცეფციის ავტორი - ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. ამჟამად მუზეუმი მისი სახელობისაა. მეორე იყო არქიტექტორი, ქართული ხალხური საცხოვრებლის მკვლევარი ლონგინოზ სუმბაძე, რომელმაც მუზეუმის გენერალური გეგმა შეადგინა. ის ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა მხარიდან გადმოსატანად ობიექტების შერჩევას და შემდეგ გადმოტანისა და მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის პროცესს, რომელმაც საერთო ჯამში ათი წელი გასტანა.


ხალხური საცხოვრებლები დასავლეთ საქართველოდან

ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა სკანდინავიაში, როგორც პასუხი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესში წარმოქმნილ საფრთხეზე ტრადიციული საცხოვრისებისა და ყოფითი კულტურის გაქრობისა. XX საუკუნის მეორე ნახევარში ეს პრობლემა მწვავედ დადგა საქართველოშიც. 1950-იანი წლებიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM-ის) მონაწილეობით მოხდა ასეთი მუზეუმების მიზნებისა და ფუნქციონირების პრინციპების ჩამოყალიბება. გიორგი ჩიტაია კარგად იცნობდა საერთაშორისო გამოცდილებას. მისი ხედვა გულისხმობდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოღებას ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ეხებოდა არა მხოლოდ თავად ხალხურ არქიტექტურასა და ყოფით კულტურას, არამედ ლანდშაფტისა და გარემოს თავისებურებებსაც.


თელიანის (ყოფილი ყარაღაჯის) დარბაზის ინტერიერი

მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰექტარზე მეტ ფართობს და დაყოფილია 11 ზონად. აქედან 10 ისტორიულ-ეთნოგრაფიულ  ზონაში, საქართველოს რეგიონების შესაბამისად, წარმოდგენილია ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები. მათგან ხუთი ეთმობა აღმოსავლეთ საქართველოს, ხუთიც — დასავლეთს. სულ მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა. მათში დაცული 8000-ზე მეტი არტეფაქტი - შრომის იარაღები, ქსოვილები, ლითონისა და თიხის ჭურჭელი და სხვა - ასახავს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ყოფას, მხატვრულ პრაქტიკასა და სოციალურ ტრადიციებს.


თელიანის (ყოფილი ყარაღაჯის) დარბაზის გვირგვინი

იმ ნაგებობებს შორის, რომლებიც წარმოაჩენს აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ ხუროთმოძღვრებას, ღია ცის ქვეშ მუზეუმის გამორჩეული ობიექტია სახლი, გადმოტანილი სოფელ ყარაღაჯიდან (ახლანდელი თელიანი, შიდა ქართლში). ეს არის დარბაზის ტიპის საცხოვრისის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, თორმეტწახნაგა გვირგვინით, რომელიც 400-ზე მეტი კოჭისგანაა აწყობილი.


ოდა სახლი მარანიდან

ზონებში, რომლებიც წარმოაჩენს დასავლეთ საქართველოს, არის ტრადიციული ოდა სახლის კარგი ნიმუშები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან.


თიანეთის სიონის ბაზილიკა

მეთერთმეტე ზონა  ეთმობა არქეოლოგიურ ძეგლებს. მათ შორის გამოირჩევა მეექვსე საუკუნის ეკლესია თიანეთის სოფელ სიონიდან. ის მუზეუმში გადმოიტანეს ჯერ კიდევ 1966 წელს, ვინაიდან წყალსაცავის მშენებლობის გამო განადგურების საფრთხე ემუქრებოდა. ეს არის დიდრონი ქვებით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკა წახნაგოვანი შვერილი აფსიდითა და სვეტების ორი წყვილით.


აკლდამა თიანეთის სიონიდან

აქვეა გადმოტანილი აკლდამა იმავე სოფელ სიონიდან. ის სიონის ეკლესიასთან, მდებარეობდა და მუზეუმშიც ეკლესიის უშუალო სიახლოვეს არის რეკონსტრუირებული.


დოლმენი აფხაზეთიდან

არქეოლოგიურ ზონაში ასევე წარმოდგენილია ძვ.წ. II ათასწლეულის დოლმენი - დასაკრძალავი ფუნქციის მეგალითური ნაგებობა აფხაზეთის სოფელ ეშერადან. აქვე არის ადრეული შუა საუკუნეების სტელები და გვიანი შუა საუკუნეების რელიეფებიანი ან წარწერებიანი საფლავის ქვების კოლექცია.