საქართველოს გაცნობისას პირველი ასოციაციები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო წარმოდგენებისა თუ შთაბეჭდილებების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: ღვინის სამშობლო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მაღალმთიანი ქვეყანა და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ძველი ქრისტიანული ქვეყანა, საკუთარი და ორიგინალური დამწერლობა, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალხმიანი ფოლკლორი და ცეცხლოვანი ცეკვები... არიან ისეთებიც, საქართველოსთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა სტალინი რომ ახსენდებათ.
რატომღაც ასე მოხდა, რომ ამ ასოციაციებმა და განსაზღვრებამ, რომ საქართველოს „ძველი ისტორია“ გააჩნია, ერთგვარად ჩაანაცვლა ერთ-ერთი მთავარი ამბავი საქართველოსთვის: როგორი კრიტერიუმებითაც არ უნდა მივუდგეთ, საქართველო დღეს არსებული 200-მდე ქვეყნიდან ერთ-ერთი უძველესია. დიახ, საქართველოს უძველესი და უმდიდრესი სახელმწიფოებრივი ტრადიცია აქვს და ქვეყნის მახასიათებლების ჩამოთვლისას ხშირად სწორედ ეს, ერთ-ერთი უმთავრესი და შესაძლოა ყველა სხვა ღირსების განმსაზღვრელი, გამოგვრჩება ხოლმე.
ზეპირი საუბრისას, საჯარო გამოსვლის დროს, უბრალოდ სუფრის სადღეგრძელოში თუ სიმღერის ტექსტშიც კი, ქართველებს გვიყვარს აღნიშვნა, რომ, როგორც ერსა და სახელმწიფოს, „3000-წლოვანი ისტორია“ გვაქვს. თანამედროვე ფოლკლორი რომ გვერდზე გადავდოთ და უძველეს წერილობით წყაროებს მივაკითხოთ, ვნახავთ, რომ მიახლოებით და „დამრგვალებულად“ ქართული სახელმწიფოებრიობა მართლაც ამ ხნოვანებისა გამოდის.
ვიდრე ასაკს დავუბრუნდებოდეთ, უნდა განვმარტოთ ცნება „ისტორიული საქართველო“. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც არსებობის 1-2-საუკუნოვანი ისტორია მაინც აქვს, საზღვრების ცვლილებას განიცდიდა. და წარმოიდგინეთ, როგორი დინამიკა იქნებოდა ათასწლეულების მანძილზე. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართულ იდენტობასთან მჭიდროდ დაკავშირებული აღქმა, დაკარგული თუ შეძენილი ტერიტორიებიდან რომელია „მისი“, „ქართული“ და რომელი არა. თუ დავაკვირდებით, „ისტორიულის“ განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ყოფილა არა იმდენად ტერიტორიების პოლიტიკურ საზღვრებში შემოსვლა, ან ეთნიკური სურათი ამა თუ იმ პროვინციაში. „ისტორიული საქართველო“ უპირველესად გულისხმობს რეგიონებსა და პროვინციებს, რომლებიც, ქართველთა წარმოდგენით, ქმნიდნენ და ასულდგმულებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ კულტურას. ამ სტატიაშიც ხშირად, როცა საქართველოს ვახსენებთ, სწორედ ამ პირობით „ისტორიულ საქართველოს“ მოვიაზრებთ.
ქვეყანა ისტორიულად სამ დიდ რეგიონად იყოფა: აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველო (ეს უკანასკნელი რეალურად სამხრეთ-დასავლეთი უფროა). თითოეულ ამ ნაწილს გეოგრაფიულის გარდა ღრმა პოლიტიკური შინაარსიც გააჩნია. ეს ის სეგმენტებია, რომლებსაც დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებად არსებობის ტრადიციები გააჩნია. დასავლეთი და აღმოსავლეთი ლიხის ქედითაა გაყოფილი. მთათა ეს სისტემა კიდევ უფრო დიდი მიჯნაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზების გამყოფიცაა და ერთ-ერთი გაგებით, ევროპისა და აზიის გასაყარიც გახლავთ. ისტორიული სამხრეთი საქართველო თავად მოიცავს ორი ზღვის აუზს - არსიანის ქედით გაყოფილ ჭოროხისა და მტკვრის ხეობებს. მისი უმეტესი ნაწილი დღეს თურქეთის, შედარებით მცირე კი საქართველოს შემადგენლობაშია.
არქეოლოგიური მასალა ბრინჯაოს ხანაში მთელი სამხრეთ კავკასიის განვითარების მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს, რაც აქ ალბათ ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობასაც გულისხმობს. თუმცა ყველა მათგანის შესახებ წერილობითი ცნობები არ გაგვაჩნია. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნის ეპიგრაფიკული ტექსტები მხოლოდ სამხრეთ საქართველოს გაერთიანებებს ასახელებენ. სწორედ აქამდე აღწევენ ასურეთისა და ურარტუს ძლევამოსილი სახელმწიფოები, ებრძვიან მათ, ცდილობენ დამორჩილებას, დროდადრო ახერხებენ კიდეც და ამის წყალობით შემოგვრჩა ინფორმაცია უადრესი ქართული წარმონაქმნების შესახებ. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობის ათვლასაც დიაოხიდან (დაიაენი) და კოლხადან ვიწყებთ, რომლებიც ლურსმულ წარწერებში ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულიდან გვხვდება.
* * *
როდესაც სახელმწიფოზე, როგორც ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელზე ვსაუბრობთ, სიძველის გარდა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელი - უწყვეტობა. ისტორიამ არაერთი ადრეული სახელმწიფო იცის, ერთ დროს საკმაოდ ძლიერებიც, მაგრამ მათი არსებობა (ხანდახან დომინანტი ხალხისა და ენისაც) რაღაც ეტაპზე შეწყდა, ან დიდი ხნით შეჩერდა. რიგითი ქართველი კი ამაყობს და ალბათ სამართლიანადაც, რომ მას სახელმწიფოებრიობის თითქმის უწყვეტი ისტორია აქვს. დროდადრო, როდესაც ერთი ერთეულის არსებობას რომელიმე დიდი სახელმწიფო მოუღებდა ბოლოს, დანარჩენებიდან ერთი მაინც აგრძელებდა ესტაფეტას. ამის შესაძლებლობას გეოგრაფიული მრავალფეროვნებაც იძლეოდა და ის გარემოებაც, რომ კავკასია ტრადიციულად იმპერიათა შეხვედრის ადგილი იყო. ქართული პოლიტიკური ერთეულები თვითგადარჩენის გზას ხშირად მათი დაპირისპირების ფონზე ლავირებით ახერხებდნენ.
ამ ფაქტორთა ერთობლიობამ ერთი პარადოქსი გამოიწვია: მიუხედავად მცირე მასშტაბისა, საქართველო, მისი ისტორიული საზღვრებით, სრულად ვერცერთმა დიდმა სახელმწიფომ ვერ დაიპყრო. მის რომელიმე ნაწილში ყოველთვის განაგრძობდა არსებობას ცალკე ქართული სამეფო თუ სამთავრო. როდესაც ასეთი პოლიტიკური ერთეულების დამოუკიდებლობა შეზღუდული იყო, იქ მაინც არსებობდა გარკვეული ფორმით ავტონომიური ხელისუფლება და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აღიდგენდნენ ხოლმე შელახულ სუვერენიტეტს.
უწყვეტ სახელმწიფოებრიობასთან სიტყვა „თითქმის“ ვიხმარეთ და ის გამონაკლისები უნდა ვახსენოთ, რომელმაც ეს ჯაჭვი გაწყვიტა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი სრულად მოაშთო, რუსეთი გახლდათ.
რუსეთის ჯარის შემოსვლა ტფილისში. 1799. გრავიურა.
ცარიზმი 1801 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს და მალევე ეუფლება მის უმეტეს ნაწილს. რამდენიმე სამთავრო, მართალია პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ ფორმალურად მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებელ სტატუსს. 1867 წელს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საბოლოო გაუქმებით რუსეთმა დაასრულა სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის პროცესი საქართველოში. თუმცა სრულად მანაც ვერასოდეს შეიერთა ყველა „ქართული მიწა“. სამხრეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილები ოსმალეთის იმპერიას დარჩა.
ნიკო დადიანი – სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853-1867). სამეგრელოს სამთავროს გაუქმებით რუსეთის იმპერიამ დაასრულა ქართული-სამეფო სამთავროების დაპყრობის პროცესი.
მეორე ასეთი წყვეტა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ოკუპაციიდან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს. ემიგრაციაში მოსახლეობის გახიზვნით და რეპრესიებით დასუსტებული დაპყრობილი ქვეყანა „დიად საბჭოურ ოჯახში“ თითქოს მცირე სახელმწიფოებრივ ნიშნებს ატარებდა (საქართველო „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად“ იწოდებოდა), თუმცა რეალურად ეს წმინდა წყლის ბუტაფორია გახლდათ.
* * *
ჩვენთვის ცნობილი პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების - დიაოხისა და კოლხას დაცემის შემდეგ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ორი, ერთმანეთისგან მეტწილად დამოუკიდებელი პოლიტიკური სივრცე ჩამოყალიბდა - დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ამ სამეფოებს ქართული ტრადიცია ეგრისად და ქართლად, ბერძნულ-ლათინური (და შესაბამისად, ევროპული) ტრადიცია კი კოლხეთად და იბერიად იცნობს. სამხრეთი აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილად, პოლიტიკურ „ქართლად“ იქცა და ასეთად დარჩა დიდხანს.
კიდევ ერთი თავისებურება, რაც მდიდარ ქართულ სახელწიფოებრიობას გააჩნია: საქართველო მხოლოდ არასრული 5 საუკუნით იყო პოლიტიკურად ერთიანი (XI-XV სს.). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ „ერთიანშიც“ ხანდახან სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულები ან ცალკეული ტერიტორიები არ შედიოდა, ერთიანობის ხანა კიდევ უფრო დავიწროვდება. ერთიანი სახელმწიფო XX საუკუნეში ორჯერ, 1918 და 1991 წლებში აღდგა, თუმცა არა ყველა „ისტორიული“ ტერიტორიით.
.jpg)
საქართველო მაქსიმალური პოლიტიკური დანაწევრების პერიოდში 

საქართველოს სამეფო ძლიერების ზენიტში
