სამნაწილიანი ხატები - ტრიპტიქები (სამკარედები), ქრისტიანული საეკლესიო გამოსახულებების განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს. ამ ტიპის ხატებზე მრავალი ფიგურისა და კომპოზიციის გამოსახვა არის შესაძლებელი, რაც კომპლექსური თეოლოგიური კონცეპტების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. ე.წ. სეტის კარედი (ხატი ზემო სვანეთის მესტიის თემის, სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო დაბრძანებული), ამ ტიპის ხატების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.

ხატის სიმაღლე 58 სმ-ია, გახსნილი კარედის სიგანე - 91 სმ. საეკლესიო ხელოვნების ეს ქმნილება XIII საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება. კარედი დღეს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ტრიპტიქზე ტემპერის ფერწერით შესრულებული ფიგურები მოოქრული ვერცხლის მოჭედილობით არის შემკული. სევადის ორნამენტულ ჩანართებს - შარავანდებსა და ხატის აშიაზე განთავსებულ ვარდულებს დამატებითი ფერადოვან-დეკორატიული აქცენტი შემოაქვს.

კარედის იდეური და კომპოზიციური ფოკუსი ცენტრალურ ნაწილში ჩაბრძანებული ხატია. დღეს მხოლოდ ღვთისმშობლისა და ყრმის ფერწრული სახეებია შემორჩენილი. ფოტოზე, რომელიც დ. ერმაკოვმა 1910 წელს ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის დროს გადაიღო, ვხედავთ ღვთისმშობლისა და ყრმის ჭედურობით შესრულებულ ფიგურებს.
_1.jpg)
ღვთისმშობლის ცენტრალური ხატი ფლანკირებულია ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში გამოწყობილი მთავარანგელოზების ფიგურებით. მთავარანგელოზი გაბრიელი წითელი ქიტონითა და ლურჯი ჰიმატიონით, მთავარანგელოზი მიქაელი კი ლურჯი ქიტონითა და მოწითალო ჰიმატიონით არის მოსილი. მთავარანგელოზების სამოსს ბიზანტიური საიმპერატორო კოსტუმის დამახასიათებელი ელემენტი ლორონი (ძვირასი ქვებით შემკული ვიწრო ქსოვილი) ამშვენებს. უფლის ზეციური მაცნეები ოდნავ შებრუნებულები არიან ცენტრალური ხატისკენ თაყვანისცემის ნიშნად დახრილი თავებით. მათი შარავენდები სევადის ორნამენტით არის შემკული.

ჩვილედი ღვთისმშობლის ხატის ზედა ნახევარწრიულ არეზე გამოსახულია ქრისტეს ბიუსტი. მაცხოვარი ყავისფერი ქიტონითა და ლურჯი ჰიმატიონით არის მოსილი. მას თავდაპირველად ჭედური ჯვრული შარავანდი ამშვენებდა. დღეს მხოლოდ მისი მოსამზადებელი წითელი ნახატი არის შემორჩენილი.

სეტის კარედის ცენტრალური ნაწილის ქვედა არეზე განთავსებულია ორი წმინდა დედის - წმინდა მარინასა და წმინდა ბარბარეს ფრონტალური ნახევარფიგურები. წმინდა დედებს მარჯვენა ხელში, მათი მარტვილობის აღმნიშვნელი ტრადიციული ჯვრები უპყრიათ.

კარედის ფრთებზე სრული სიმაღლით გამოსახული წმ. მეომრების ფიგურებია. მარჯვენა ფრთაზე წმ. გიორგი და თევდორე ტირონია (ახალწვეული), მარცხენა ფრთაზე კი მხოლოდ თევდორე სტრატილატის (მხედართმთავარი) ფიგურა არის შემორჩენილი. მას, სავარაუდოდ, წმინდა დემეტრე ახლდა. წმინდანები სრული სამხედრო აღჭურვილობით არიან გამოსახულნი. მათ მოსავთ ჯავშნის პერანგი, ტუნიკები, მოსასხამები, წაბლისფერი შარვალი და ტყავის ბიზანტიური სამხედრო ჩექმები (tzangia). წმინდანები ერთნაირ პოზებში არიან გამოსახულნი. წმინდა მეომრებს მარჯვენა ხელში შუბი უპყიათ. წმ. გიორგი და წმ. თევდორე სტრატილატი (მარცხენა ფრთაზე) მარცხენა ხელით ოდნავ ეყრდნობიან ფარებს, წმ. თევდორე ტირონს კი მარცხენა ხელში ხმალი უკავია.


კარედის ფრთების ზედა ნაწილებში ვხედავთ ანგელოზთა დასის წარმომადგენლების - სერაფიმისა და ქერუბიმის გამოსახულებებს. მათ უკავიათ ლაბარუმები ასომთავრული წარწერით: „წმიდა არს, წმიდა არს“. ჭედურობით შესრულებული ლაბარუმების მხოლოდ წითელი მოსამზადებელი ნახატი არის შემორჩენილი. წარწერა მიუყვება წინასწარმეტყველ ესაიას ტექსტს, სადაც უფლის დიდების ხილვა არის აღწერილი (ესაია: 6:3).


ფრთების გარეთა ზედაპირზე გამოსახულნი არიან ფეხზე მდგომი მოციქულები პეტრე და პავლე (მარჯვენა ფრთაზეა წმინდა პავლე, ხოლო მარცხენაზე - წმინდა პეტრეს საკმაოდ დაზიანებული ფრაგმენტული ფიგურებია). ისინი ოდნავ ცენტრისკენ არიან მიმართულნი. წმინდა პავლეს ხელში განირჩევა დახურული სახარება.
ცენტრალური ნაწილის ზედა, ნახევარწრიულ არეზე, როგორც ეს ძველ ფოტოზე ჩანს, ჭედური “ჰეტიმასია”, ანუ „საყდარი განმზადებული“ ყოფილა გამოსახული. ეს იკონოგრაფიული მოტივი, რომელიც განკითხვის დღის განუყოფელი ელემენტია, უფლის დიდებას უკავშირდება. საყდრის გარშემო მოოქრული ვერცხლის ჭედური სტილიზებული ვაზის ორნამენტი სამოთხის ალუზიას წარმოადგენს, რომლის მიღწევაც განკითხვის დღის შემდეგაა შესაძლებელი. ეს ორნამენტული მოტივი ასევე ზიარებაზე მინიშნებად გვესახება.

ცენტრალური ხატის ქვედა ნაწილზე კარედის დამკვეთთა ჭედური ასომთავრული წარწერაა: “ყოვლად წმიდაო დედოფალო, ღმრთის მშობელო, რომელსა გეტვირთა ღმერთი, მეოხ ეყვენით წინაშე ძისა და ღმრთისა ჩუენისა სულსა ვახტანგისა და მარინესა, რომელთათვის შევამკეთ ბრძანებითა მათითა ხატი შენი ვარდან ინასარიძემან და ძმათა ჩემთა, იოანე, საღირ, გაბრიელ და ბეშქენ”.

ინასარიძეები - ლეჩხუმელი ფეოდალური საგვარეულო, მოხსენიებულია XII-XVII საუკუნეების მრავალ ისტორიულ დოკუმენტსა და წერილობით წყაროში. ამ ცნობების თანახმად, ინასარიძეები მნიშვნელოვანი და გავლენიანი პირები იყვნენ. წარწერის თანახმად, ინასარიძეებმა შეამკეს დედაღვთისას ხატი მათი მშობლების სულის სახსენებლად.
ხატის იკონოგრაფიული პროგრამა კომპლექსურ თეოლოგიურ და დოგმატურ იდეებს გადმოსცემს. ჩვილედი ღვთისმშობლის ცენტრალური ხატი და თაყვანისმცემელი მთავარანგელოზები მარიამის განდიდების კომპოზიციას შეადგენენ. მაცხოვარი, ჰეტიმასია და წინასწარმეტყველთა ხილვების ელემენტები - ლაბარუმიანი სერაფიმი და ქერუბიმი, უფლის დიდების ტრადიციულ კომპოზიციას წარმოგვიდგენს.
კარედის ფერწერის მხატვრული სტილი ორ განსხვავებულ მხატვარზე მიგვანიშნებს: პირველი, ცენტრალური ხატის ავტორი, ნიჭიერი ოსტატია. სახეების რთული მოდელირება და მათი ინდივიდუალური ხასიათი კონსტანტინოპოლის დახვეწილ ხელოვნებას მოგვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი გამოსახულებების ავტორი საკმაოდ დაოსტატებული ფერმწერია, ის ადგილობრივ მხატვრულ მიმდინარეობას უნდა მიეკუთვნებოდეს.
სეტის ტრიპტიქი შეიქმნა ჩვილედი ღვთისმშობლის ცენტრალური ხატისთვის, რომელიც მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენდა. ხატზე გამოსახული მაცხოვარი, ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმინდანები ტექსტში მოხსენებულ პირთა მეოხებად გვევლინებიან. უფლის მეორედ მოსვლასა და მის დიდებასთან დაკავშირებული გამოსახულებები კარედის კომპოზიციის დამატებით სიმბოლურ შრეს ქმნიან. სეტის კარედს კომპლექსური თეოლოგიური და ფუნქციური საზრისი აქვს, რაც მორწმუნეთა ხსნაში მას მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს.