1930-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სოციალისტური რეალიზმი საბჭოთა ხელოვნების განვითარების ოფიციალურ მიმართულებად განისაზღვრა, ამ სფეროში რევოლუციური ცვლილებების მოლოდინს, ფაქტობრივად, ბოლო მოეღო. მაგრამ, ბუნებრივია, მხატვრული ტრადიცია, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, უკვალოდ არ გამქრალა. ის არსებობას განაგრძობდა საგამოფენო სივრცეების მიღმა — სახელოსნოებსა და სამუზეუმო საცავებში. წლების შემდეგ ეს მემკვიდრეობა და რეპრესიებს გადარჩენილი მხატვრების გამოცდილება, სხვა ფაქტორებთან ერთად, საბჭოთა სივრცეში არაოფიციალური, ე. წ. ნონკონფორმისტული ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.
ნონკონფორმისტული/არაოფიციალური კულტურა იყო გააზრებული მხატვრულ-კონცეპტუალური და საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის წარმომადგენლები — თავისუფალი შემოქმედები — საბჭოთა საზოგადოების ცხოვრების წესისგან განსხვავებულ, საკუთარ, ავტონომიურ მხატვრულ და საარსებო სამყაროს ქმნიდნენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების სტილითაც ამკვიდრებდნენ საბჭოთა საზოგადოებისგან განსხვავებულობას და თანმიმდევრულად უარყოფდნენ ხელოვნების უტილიტარიზაციასა და იდეისადმი მორჩილებას.
1960-იანი წლებიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ქართული ნონკონფორმისტული ხელოვნება არაპროფესიონალ მხატვართა წრეში ჩამოყალიბდა. ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, რადგან მოყვარულ მხატვართა ეს სახელოვნებო სივრცე არ იზღუდებოდა პროფესიული სკოლის აკადემიური დოგმატებითა თუ სავალდებულო იდეოლოგიური ნარატივებით. საკუთარ წრეში არსებობდა ლიტერატურაც და სახვითი ხელოვნებაც, ვიდრე ეს პროცესი თავის თავდაპირველ საზღვრებს არ გასცდა და მნიშვნელოვან მოვლენად არ იქცა ქართულ კულტურაში.
ვახტანგ
(ვატი) დავითაშვილი
1946 წელს თელავში
დაიბადა. სკოლის
დასრულების შემდეგ
სწავლა კიევის
საავიაციო ინსტიტუტში,
მფრინავის სპეციალობით
განაგრძო. სწორედ
კიევში ყოფნისას,
სერგო ფარაჯანოვისა
და მის
გარშემო შემოკრებილი
არაფორმალური შემოქმედებითი წრის
წყალობით, ეზიარა
ხელოვნებას. თუმცა
მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო
გატაცებული, მაესტროსთან
შეხვედრამ და
მისმა გარემოცვამ
ვატის შემოქმედებით
ხედვაზე გადამწყვეტი
გავლენა მოახდინა.
თბილისში დაბრუნების
შემდეგ მან
ერთი წელი
ავთო ვარაზის
სახელოსნოში იმუშავა,
მოგვიანებით კი
თითქმის მთელი
ცხოვრება მშობლიურ
თელავს დაუკავშირა.

ქართველ არაფორმალ მხატვართა ერთი ნაწილისთვის შთაგონების წყარო დასავლური ხელოვნება იყო, რომელიც, რკინის ფარდის მიუხედავად, სხვადასხვა ჟურნალისა და გამოცემის სახით, მწირი რაოდენობით, მაგრამ მაინც აღწევდა სახელოვნებო წრეებში; მეორე ნაწილისთვის კი ამოსავალი ადგილობრივი მხატვრული ტრადიცია, ხალხური ხელოვნება და ფიროსმანი გახლდათ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ორი საწყისის ინტერპრეტაციისა და ურთიერთშერწყმის მცდელობები. ვატი დავითაშვილის ესთეტიკა სწორედ ამ უკანასკნელ საწყისს ეყრდნობა — ფიროსმანის მსგავსად, იგი სამყაროს ჰარმონიულ პირველწყაროდ აღიქვამს. მის უაღრესად ინდივიდუალურ მხატვრულ ენას, ერთი მხრივ, XIX–XX საუკუნეებში განსაკუთრებით პოპულარული ნაივური ხელოვნების ტრადიცია, ხოლო, მეორე მხრივ, XX საუკუნის ფრანგი მოდერნისტების სახვითი ენის დეკორატიულობა განსაზღვრავს.
_Davitashvili._Purmarili._Oil_on_board._74x58cm._1991._ATINATI_Private_Collection.jpg)
ვატი დავითაშვილის შემოქმედებაში ვერ დავინახავთ ნონკონფორმისტული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ პლასტიკურ ფორმათა ექსპერიმენტულ ძიებებს, ახალ კონცეფციებსა თუ ახალი მასალების კომბინაციებს. მისთვის უცხოა აგრეთვე საბჭოთა წყობის სოციალური ასპექტების გააზრება და მათი გროტესკული გადმოცემა. საბჭოური ხელოვნების პათეტიკასა და ჰეროიზმს ვატი დავითაშვილი უპირისპირებს საკუთარი კუთხის — კახეთის — ბუნების, ყოფისა და სუფრის ვიზუალურ პოეზიას.
ვატი დავითაშვილის სურათების სიუჟეტები, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ყოფისა და გარემოს ამსახველი პეიზაჟებია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხედვისა და აღქმის თავისებურებებით, შესრულების მანერითა და განწყობით. მხატვარი ქალაქის ხედებსა და ბუნების სურათებს ხან საკმაოდ რეალისტურად გამოსახავს და, ამგვარად, „თბილისური სკოლის“ მხატვრებს უახლოვდება, ხან კი მკვეთრად პირობით და დეკორატიულ გადაწყვეტას მიმართავს. სწორედ ამგვარ კომპოზიციებში განსაკუთრებით იკვეთება მისი ინდივიდუალობა — ფერისა და ფორმის დეკორატიული განცდა, სიბრტყის, როგორც დამოუკიდებელი გამომსახველობითი საშუალების, მნიშვნელობა.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._75x71cm._1991._ATINATI_Private_Collection.jpg)
ვატი დავითაშვილის ფერწერული კომპოზიციის აზრობრივი ცენტრი, მთავარი მოტივი, უმეტესად პეიზაჟი ან ნატურმორტია, რომელთაც ხშირად რამდენიმე რიგად, ჩარჩოს მსგავსად, ევლება ორნამენტულ-დეკორატიული მოტივების ზოლები. გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები ერთმანეთს ენაცვლება. სხვადასხვა ორნამენტული მოტივის განმეორებადობა დავითაშვილის კომპოზიციებს განსაკუთრებულ დეკორატიულობას ანიჭებს. ლოკალური კოლორიტი, მოტივთა ორნამენტალიზაცია, თანაბარი განათება და საერთო განწყობა განსაკუთრებული ინდივიდუალობით გამორჩეული შემოქმედის მხატვრულ სამყაროს წარმოგვიდგენს. ეს მშვიდი სამყაროა, დაცლილი აგრესიისა და ძალადობისგან.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._59x50cm._1995._ATINATI_Private_Collection._ATINATI_Private_Collection._ATINATI_Private_Collection.jpg)
ვატის სურათებში კედელზე მხატვრის ერთი ნამუშევარი კიდია, რომელიც, იმავდროულად, სარკმელიცაა იმ სამყაროში, საიდანაც ვატი დავითაშვილი რეალობას აღიქვამს. ამასთანავე, კედელზე დაკიდებული სურათის მოტივები მაგიდაზე გაშლილ ნატურმორტს იმეორებს. ვატი ამ სამყაროს ერთდროულად მჭვრეტელიცაა და მისი ნაწილიც. იგი თითქმის ყოველთვის თავის უშუალო გარემოს ხატავს — სამყაროს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს: კახეთის სოფელს, სოფლის ქუჩებს, სოფლის ეკლესიას. ხატავს წელიწადის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაკურსით, მაგრამ მუდამ უბრუნდება ერთსა და იმავე მოტივებს.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._81x66cm._1993._ATINATI_Private_Collection.jpg)
მისი სამყარო ძალიან ლამაზია, ოდნავ ნოსტალგიური — ისეთი, რომელიც კარგ დროს გვახსენებს. ამ დეკორატიულ, ფერადოვან ქსოვილში სიმბოლურ ნიშნებად აღიქმება შოთის პური და დოქით ღვინო. სწორედ აქ ჩნდება სივრცე ფიქრისა და ინტერპრეტაციისთვის. მწირი, მაგრამ ესთეტიკურად გაშლილი სუფრა კომპოზიციებში უთუოდ იმ მრავალრიცხოვანი შეხვედრების გამოძახილია, რომლებიც თანამოაზრეებსა და მეგობრებთან — ბაადურ ბალარჯიშვილთან, ზურა სეხნიაშვილთან, ვახტანგ რურუასთან და სხვებთან — ერთად იმართებოდა და სადაც ქართულ კულტურაზე, ლიტერატურასა და ქვეყნის მომავალზე მსჯელობა მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა.
_Davitashvili._Purmarili._Oil_on_board._74x58cm._ATINATI_Private_Collection.jpg)
საბჭოთა ანდერგრაუნდის მხატვრებისთვის აბსტრაქცია არ იყო უბრალოდ ფორმის ძიება. ის იყო სოცრეალიზმის იდეოლოგიური დიქტატისგან თავის დაღწევისა და პლასტიკური თავისუფლების ალტერნატიული სივრცე, რომელიც რეალური სამყაროს ვიზუალურად საცნობი ხატის ჩარჩოებიდან გამოსვლისა და განწყობათა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ანდერგრაუნდის თითქმის ყველა შემოქმედმა სცადა ბედი აბსტრაქტულ ხელოვნებაში. გამონაკლისი არც ვატი დავითაშვილი იყო. მის შემოქმედებაში ეს პროცესი ბუნებრივად, ყოველგვარი ფილოსოფიური დამძიმების გარეშე ვითარდება: კომპოზიციების შემომსაზღვრელი გეომეტრიულ-ორნამენტული ჩარჩოები თანდათან იცლება მიმეტური საწყისისგან და სიბრტყეზე რეგისტრებად განლაგებულ დეკორატიულ აბსტრაქციად გარდაიქმნება.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._50x59cm._1995._ATINATI_Private_Collection.jpg)
აქ მთავარი არა საგნის სტრუქტურული დაშლა, არამედ უფრო ფერით, გეომეტრიული ფორმითა თუ მცენარეული ორნამენტით შემოქმედებითი „თამაშია“ — ფორმის ტრანსფორმაცია ატარებს ინტუიციური და თავისუფალი მანიპულაციის ხასიათს, სადაც სიბრტყე განწყობებისა და ვიზუალური რიტმების მსუბუქ, დეკორატიულ სივრცედ გარდაიქმნება.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._92x98,5cm._ATINATI_Private_Collection.jpg)
თელავში ვატი დავითაშვილის სახელოსნო ნონკონფორმისტული/არაოფიციალური ხელოვნების ერთგვარი მატიანეა. ფოტოები, აფიშები და კედლებზე გაკეთებული მინაწერები ამ რთული და უაღრესად საინტერესო მხატვრული მოვლენის ისტორიას თვალსაჩინოს ხდის და მნახველს თითქოს თავად ამ მოვლენების ცენტრში ამყოფებს.
მხატვრის სიცოცხლეში თბილისში მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1991 წელს გაიმართა. ჯგუფურ გამოფენებში იგი 1960-იანი წლებიდან მონაწილეობდა, თუმცა ზოგადი მხატვრული ტენდენციებისგან მკვეთრად განსხვავებული მისი ფერწერული კომპოზიციები ფართო საზოგადოებისთვის მაინც უცნობი ან გაუგებარი რჩებოდა. მის განსაკუთრებულ ნიჭს მხოლოდ მხატვრის უახლოესი წრე აღიარებდა.
_Davitashvili._Untitled._Oil_on_board._47x33cm._1991._ATINATI_Private_Collection.jpg)
იგი ერთგვარ ლეგენდად იქცა — განმარტოებულ მხატვრად, რომელიც სამყაროს თავისებურად აღიქვამდა და გამოსახავდა: მის ნამუშევრებში უმეტესად ადამიანებისგან დაცლილი სივრცები, უკაცრიელი ქუჩები და დაცარიელებული ეკლესიები გვხვდება. დავითაშვილის მიერ შექმნილი ეს სამყარო თითქოს გაუცხოებულია მისი თანამედროვე საზოგადოებისგან და მასში საბჭოთა ადამიანის ყოფნა თითქმის არ იკითხება. შესაძლოა, სწორედ ამ განცალკევებული, ადამიანთა ფიგურებისგან დაცლილი სამყაროს გამო, ვატი დავითაშვილის შემოქმედებაში პორტრეტი შედარებით იშვიათად გვხვდება.
ვატი დავითაშვილის ფერწერა, ისევე როგორც ზოგადად ნონკონფორმისტული კულტურა, საბჭოთა სივრცეში თავისუფალი სამყაროს ღირებულებებთან ზიარებისთვის ერთგვარი სარკმელი იყო. იგი წარმოადგენდა ალტერნატივას საზოგადოებისთვის, რომელიც ხელოვნებაში ეძებდა არა კლიშესა და „მოგონილ რეალობას“, არამედ შემოქმედის უშუალო განცდას, გამოცდილებასა და ოსტატობას — მხატვრის განუმეორებელ სამყაროს.